Accessibility links

ზვიად კუპრავა: თავდასხმამდე შსს-ს ავტომობილიდან მითვალთვალებდნენ


„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან თებერვლის თვეში მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ ავტომანქანა, საიდანაც უთვალთვალებდნენ და გადასცემდნენ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ თავდასმხსმელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროზეა რეგისტრირებული. ის ამბობს იმასაც, რომ მისთვის საქმეზე წვდომა და მასალების ნახვის უფლება შეიზღუდა მას შემდეგ, რაც გამოძიებას ამ მანქანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კუპრავას თქმით, მას ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს, რაც გულისხმობს უფლებას, ნებისმიერ დროს ნახოს მის საქმეში არსებული მასალები.

"პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ საქმე გვაქვს, ერთის მხრივ, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მძიმე პოლიტიკურ-კრიმინალურ შემთხვევასთან და, მეორეს მხრივ, ამ დანაშაულის ძალიან თავხედურად, მტკიცებულებების მიუხედავად აშკარა დაფარვის მცდელობასთან!" - ამბობს ზვიად კუპრავა.

ზვიად კუპრავაზე თავდასხმა 27 თებერვალს განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ ის ამბობდა, რომ თავდამსხმელებს არ იცნობს, თუმცა მასზე ძალადობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

შსს საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG