Accessibility links

ზოსიმეზე ყველამ ყველაფერი იცოდა - გიორგი სხილაძე 31 წლის წინანდელ ამბავს ჰყვება 


რადიო თავისუფლება ესაუბრა თბილისში, რამდენიმე საათის წინ დაბრუნებულ გიორგი სხილაძეს, საფრანგეთში მოღვაწე, „ემიგრაციული ეკლესიის“ მოძღვარს, რომელმაც 4 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ზოსიმე შიოშვილს, სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორ ის სოციალურ ქსელში წერს, 1988 წელს, მეუფე ზოსიმე შიოშვილმა სექსუალურად შეავიწროვა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტი, რომლის ვინაობასაც ღიად ასახელებს.

რადიო თავისუფლება: რატომ გადაწყვიტეთ, რომ შემთხვევა, რომელიც, თქვენი თქმით, 31 წლის წინ, 1988 წელს მოხდა, ახლა გაგესაჯაროებინათ?

მღვდელი გიორგი სხილაძე: მე ამ შემთხვევის შესახებ, 1988 წლიდან მოყოლებული, წლებია ვყვები, მათ შორის საჯაროდ. ამ ფაქტის შესახებ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა მაშინვე, ჯერ კიდევ 1988 წელს შევატყობინეთ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას. დოკუმენტი - ზოსიმე შიოშვილის ხელწერილი, სადაც ის წერს, რომ ტოვებს რექტორის თანამდებობას და რომელიც გუშინ, სოციალურ ქსელში განვათავსე, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოვაქვეყნე „თბილისის ფორუმზე“, ასევე სხვადასხვა საიტზე, თუმცა, ამ ამბით დღემდე არავინ დაინტერესებულა. თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველი მედია, რომელიც დამიკავშირდით.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ საქმე ეხებოდა სექსუალურ ძალადობას, დანაშაულს, რომელიც სასულიერო აკადემიის რექტორმა ჩაიდინა სტუდენტის მიმართ. რატომ არ მიმართეთ მაშინვე სამართალდამცავ ორგანოებს? საპატრიარქოს?

გიორგი სხილაძე: რატომ არ მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს?! მაშინ ჩვენ, როგორც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრები, შეიძლება ითქვას, რომ დევნაში ვიყავით, მოძულებული ვიყავით, გვეძახდნენ არაფორმალებს. გარდა ამისა, უფლის სიტყვებია, „ვინც ჩემსკენ მომავალი ერთი ადამიანი მაინც დააბრკოლოს, ურჩევნია წისქვილის ქვა ჩაიბას კისერზე და წყალში გადავარდეს, ვიდრე ჩემს წინაშე წარსდგესო“. მაშინაც ეს სიტყვები მამოძრავებდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ამ ბინძური ისტორიით არავინ დამებრკოლებინა უფლისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამიტომ, პირადად მე და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზოსიმე ვამხილეთ, პირობა მივეცით მას, რომ თუკი ის დატოვებდა სემინარიას, არაფერს ვიტყოდით. თუმცა, ხმა მაინც გავრცელდა და მეც იძულებული გავხდი, რომ სიმართლე მეთქვა. მართალია, მაშინ რექტორი სემინარიიდან გავუშვით, მაგრამ მას შემდეგ, ის წლიდან წლამდე დაწინაურდა და დაწინაურდა.

რადიო თავისუფლება: როგორ მოვიდა თქვენამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიის რექტორი ძალადობდა სტუდენტებზე?

გიორგი სხილაძე: ეს ფაქტი ჩემმა სულიერმა ძმამ გაგვანდო. ის ჩვენზე უმცროსი იყო. 17-18 წლის. ბოლო პერიოდში ხასიათის ცვლილება შევამჩნიეთ, თითქოს აგრესიული გახდა. ადამიანი, რომელიც ჩვენმა სულიერმა საძმომ მოაქცია სარწმუნოებაში, გავაეკლესიურეთ, შეიცვალა, დაიწყო ძველი ცხოვრებისკენ მიტრიალება. ერთ დღეს, ჩვენი ერთ-ერთი ძმა, თეიმურაზ ნიქაბაძე შევიდა მასთან ოთახში და დაელაპარაკა. სწორედ მას გაენდო. უამბო ყველაფერი. ეს ბიჭი ჯარში უნდა გაეწვიათ და რექტორი დახმარებას დაპირდა, მისი მოთაფვლა გადაწყვიტა. დაუახლოვდა, სტიქაროსნად დანიშნა და მის მიმართ გარყვნილი ქმედების განხორციელება სცადა, თან არაერთხელ.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობთ, რომ მას შემდეგ, რაც შეიტყვეთ ამის შესახებ, რექტორს სემინარიის დატოვება მოსთხოვეთ...

გიორგი სხილაძე: მაშინ გავრცელდა ხმა, თითქოს ჩვენ ზოსიმეზე ვიძალადეთ - დავაშანტაჟეთ. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. როდესაც ჩვენ მასთან კაბინეტში შევედით და ვამხილეთ, საშინლად დაიბნა, ფეტვის მარცვალივით. მაგალითად, პირდაპირ მიგვანიშნა, რომ პატრიარქსაც უშიშროება მართავსო და ისიც არ ეკუთვნის თავის თავსო. დაიწყო აბდა-უბდა ლაპარაკი, თავის მოსაწყლება. ერთ-ერთმა თანასემინარიელმა, თეიმურაზ ნიქაბაძემ მას უთხრა, დაეწერა ხელწერილი და გადამდგარიყო. ეშმაკობას მიმართა, უჯრიდან გამოიღო ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი და დაიწყო წერა, მაგრამ თეიმურაზმა მოსთხოვა, ბლანკიან ფურცელზე დაწერე ხელწერილიო. თუ რაიმე ძალადობას ჰქონდა ჩვენი მხრიდან ადგილი, მხოლოდ და მხოლოდ ეს მოთხოვნა იყო, რასაც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ ძალადობას. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, სემინარიიდან გაგვრიცხეს. პედსაბჭოზე არც კი დაგვიბარეს, ისე გაგვრიცხეს. და იცით, რატომ? ეს ფაქტი არ იყო მათთვის უცხო ამბავი. მღვდელმთავრები ფაქტობრივად აღიარებდნენ, რომ ეს ამბავი იცოდნენ. მას შემდეგ, რაც ზოსიმე შიოშვილმა ხელწერილი დაწერა, წავედით პატრიარქის ძმისშვილთან, დიმიტრი შიოლაშვილთან, მაშინ ის ჩვენი პედაგოგი იყო, ახლა ბათუმის ეპარქიის მიტროპოლიტია. აკადემიის შენობაში ეძინა იმ ღამეს. გავაღვიძეთ, შევჩივლეთ და ვთხოვეთ, რომ პატრიარქთან შევეყვანეთ და ისე მოგვეგვარებინა ეს საკითხი, რომ გარეთ არ გასულიყო. მან ასეთი რამ გვითხრა, „თქვენც რა ახალი ამბავი მითხარით ზოსიმეზეო“. ანუ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ყველამ ყველაფერი იცოდა. რამდენიმე დღეში კი სემინარიაში მისულებს, კედელზე გამოკრული დაგვხვდა განცხადება, რომ ოთხივე სტუდენტი გარიცხული ვიყავით სტუდენტისათვის შეუფერებელი საქმიანობის გამო. ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტი გავლენიანი ადამიანებისათვის გვეცნობებინა, რათა არ მომხდარიყო ჩვენი ლიკვიდაცია. შევატყობინეთ ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძეს, თამრიკო ჩხეიძეს და ა.შ. ეს ამბავი, იმ დღეებში, ზვიად გამსახურდიამ მიტინგზეც კი გამოიტანა, გამოაცხადა ჩვენი გვარები, ამ წერილის შინაარსი. თქვა, რომ ეკლესიაში იყო ასეთი და ასეთი ვითარება. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ზვიად გამსახურდიას მაშინდელმა უშიშროების სამსახურმა პროვოკაცია მოუწყო.

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს პროვოკაცია?

გიორგი სხილაძე: ზვიადი საპატრიარქოს მოთხოვნით, სემინარიაში დაიბარეს, ვითომდა, პედსაბჭოზე დასასწრებად. მას სემინარიის შენობასთან შევხვდით. კიბეებზე ავდიოდით, როდესაც ზოსიმე შიოშვილის მძღოლი და სულიერი შვილი დერეფანში გამოვიდა დაშნით ხელში და ზვიადისკენ გაიწია. თითქოსდა, ზვიადმა ჩვენი დახმარებით დასწამა ცილი უმწიკვლო ზოსიმეს და თითქოსდა, ის თავს დაესხა სემინარია-აკადემიის რექტორს. ასეთი სცენარი შეიმუშავა მაშინ უშიშროებამ. ზვიადი გაოგნებული დარჩა, ვერ გაიგო რა ხდებოდა. მოვიდა მილიცია და ზვიადს დაუწერეს აქტი, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია თავს დაესხა ზოსიმეს. ეს აქტი ალბათ დღემდე უნდა ინახებოდეს შსს-ს არქივში.

რადიო თავისუფლება: ამ წლების განმავლობაში თუ მიგიმართავთ საპატრიარქოსთვის?

გიორგი სხილაძე: 2006 წელს მივმართე საპატრიარქოს, დავწერე წერილი, თუმცა უშედეგოდ, არანაირი პასუხი არ ყოფილა.

რადიო თავისუფლება: რას ითხოვთ ახლა?

გიორგი სხილაძე: ერთი მხრივ, არ მინდა, რომ ხალხი დავაბრკოლო ღმერთისკენ მიმავალ გზაზე, ჩემი მიზანი არ არის, რომ ეს საქმე საჭორაოდ გავხადო, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემი მიზანია, რომ ის ორგანიზმი, რომელსაც ქართული ეკლესია ჰქვია, განიწმინდოს და ეკლესიაში არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მსგავს ცოდვას ჩადიან. მე ამ საკითხში უკან არ დავიხევ და არც არასდროს დამიხევია. ახლა უნდათ, რომ ჩემი გააქტიურება ისე წარმოაჩინონ, თითქოს მეუფე პეტრე ცაავას გახმაურებული სკანდალის ნაწილი იყოს ეს ამბავი. ეს ასე არ არის. მე არ ვიცნობ მეუფე პეტრეს და არც არასდროს შევხვედრილვარ მას. პეტრე ცაავას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რადიო თავისუფლება: როგორ აპირებთ დაამტკიცოთ ეს მძიმე ბრალდება მეუფე ზოსიმეს მიმართ?

გიორგი სხილაძე: ის ადამიანი, რომლის მიმართაც მეუფე ზოსიმე გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობდა, დღეს საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს, ის საერო ადამიანია. დაუკავშირდით მას. ამ ფაქტების შემსწრე იყო, ასევე, დეკანოზი ზაქარია ფერაძე, რომელიც კვიპროსში მოღვაწეობს. სამწუხაროდ, თეიმურაზ ნიქაბაძე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 2000-იანი წლების დასაწყისში, ისიც ემიგრაციაში იყო, ციურიხში ცხოვრობდა. შემდეგ ის საქართველოში გადმოასვენეს. გამოიკითხონ ეს ადამიანები. დადასტურდეს იმ ხელწერილის ავთენტურობაც, რომელიც მე გამოვაქვეყნე.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი ცილისწამებას უწოდებს ბრალდებას, რომელიც მის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელდა. 6 ნოემბერს მან დუშეთის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან შეხვედრა დანიშნა.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG