Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნის მიერ დაფუძნებული კომპანიის ტენდერებში გამარჯვება კორუფციის ეჭვს იწვევს


ზუგდიდი
ზუგდიდი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, შეისწავლოს ზუგდიდის მერიის თანამშრომლის მიერ დაფუძნებული შპს „ევრომშენი 999-ის“ მიერ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტენდერების შესწავლისას გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ.

ზუგდიდის მერია - კორუფციული ეჭვები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:17 0:00
გადმოწერა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლაშა ჯაიანის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 2016-2018 წლებში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ ტენდერში და 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. საუბარია სხვადასხვა სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებზე. „ევრომშენი 999-ის“ მიერ მოგებული სატენდერო ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 628 151 ლარია. კომპანიას 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მერიასთან აქვს გაფორმებული 29 773 ლარის გამარტივებული ხელშეკრულებაც.

კომპანია ჩემს დანიშვნამდე იყო გასხვისებული და მე ვერ ვაიძულებდი ტენდერებში არ მიიღო მონაწილეობა-მეთქი. ეს არის გამჭვირვალე. ოფიციალურ გვერდზე იტვირთება ყველა დოკუმენტაცია და გაკეთებული სამუშაოები.
ლაშა ჯაიანი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ლაშა ჯაიანმა შპს დააფუძნა 2016 წლის მაისში, როცა ჯერ კიდევ არ იყო მერიის თანამდებობის პირი. იმავე წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელე გახდა, კომპანიის 100%-იანი წილი და დირექტორის თანამდებობა უსასყიდლოდ დაუთმო მოქალაქე დიმა ჯღამაიას. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ კომპანიამ ტენდერებში გამარჯვება დაიწყო სწორედ ლაშა ჯაიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა, არჩილ თოდუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს გარემოება აჩენს შეკითხვებს და ბადებს კორუფციული გარიგების ეჭვს. არჩილ თოდუა ხაზს უსვამს, რომ მანამდე ამ შპს-ს მონაწილეობა არ მიუღია არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში.

თავად ლაშა ჯაიანი კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავს. „კომპანია ჩემს დანიშვნამდე იყო გასხვისებული და მე ვერ ვაიძულებდი ტენდერებში არ მიიღო მონაწილეობა-მეთქი. ეს არის გამჭვირვალე. ოფიციალურ გვერდზე იტვირთება ყველა დოკუმენტაცია და გაკეთებული სამუშაოები“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ჯაიანმა. მისივე თქმით, არსებობენ შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც შეუძლიათ საკითხი გამოიძიონ.

განცხადება გაავრცელა ზუგდიდის მერიამაც. მისი მტკიცებით, შპს „ევრომშენ 999“-მა გაიმარჯვა მხოლოდ იმ ტენდერებში, სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები. ზუგდიდის მერიაში ირწმუნებიან, რომ სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იცავს არადისკრიმინაციულობის და თანასწორობის პრინციპებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG