Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, რუსეთთან ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი პარტნიორების მეტ ყურადღებასა და აქტიურობს საჭიროებს; რუსეთთან ურთიერთობების პროცესში პარტნიორებმა კვლავ უნდა ჩართონ საქართველოს საკითხი - ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას.

გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება! ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო.

მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით - დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად - ადამიანების გაერთიანებისკენ.

საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით წარსდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.

ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დემს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG