Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს მოქალაქეების საკუთრებაა და უნდა გაკეთდეს, რაც მოქალაქეებს უნდათ"


როგორც უნდა ვითარდებოდეს ქალაქი, არის პრინციპები, რომელთა დაუცველობაც ნებისმიერ შემთხვევაში დამაზიანებელია და დამაზარალებელი მოქალაქეებისთვისაც და ბიზნესებისთვისაც. ერთ-ერთია მწვანე ზონების დაცვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. ყველამ იცის, რომ ბეტონი ჟანგბადს არ გამოყოფს, თუმცა... თუმცა, ვიღაცას მშენებლობის ინდუსტრიაში მაინც სჯერა, რომ ჟანგბადი სხვა უბნიდან, მეზობელი ეზოდან, მეზობელი ქალაქიდან, ან თუნდაც მეზობელი ქვეყნიდან მაინც მოვა და არ არის საჭირო მაქსიმალურ მოგებაზე უარის თქმა იმის გამო, რომ ან არსებული მწვანე საფარი დატოვო, სადაც მრავალი წლის განმავლობაში იყო, ან ახლის შექმნაზე იზრუნო და "ფართი დაკარგო". ოქროს უბანში, ნინოშვილის ქუჩაზე ჯერჯერობით გაუნაშენიანებელია ადგილი, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა (ძირითადად რეკრეაციული) ფუნქცია ჰქონდა, დღემდე რჩება მუნიციპალურ საკუთრებად და ბედის გადაწყვეტას ელის. ადგილი ძალიან მიმზიდველია სამშენებლო ბიზნესისთვის და ინტერესმაც არ დააყოვნა. მოსახლეობის ინტერესი - ადგილს კვლავ სარეკრეაციო ფუნქცია დაუბრუნდეს, სრულიად ბუნებრივია. მას შემდეგ, რაც წლების წინ უბნის შუაგულში გამავალი ტრამვაის ხაზი გააუქმეს, თითქოსდა საცხოვრებელი გარემოს გასაუმჯობესებლად, ისე მომრავლდა იმავე ქუჩებზე მოძრავი მსუბუქი ტრანსპორტისა და ავტობუსების რაოდენობა, დიდი ტექნიკური საშუალებები არაა საჭირო, რომ მიხვდე - იქ სუნთქვა სრულიად შეუძლებელია! უკვე ოთხ თვეზე მეტია თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურში იხილება კომპანია m2-ის განაცხადს განაშენიანების რეგულირების გეგმის პირობების აღებაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე მოქალაქეთა ჯგუფი აქტიურად ითხოვს ტერიტორიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დატოვებასა და იქ სარეკრეაციო ზონის მოწყობას. ზურაბ ბაქრაძე, ქალაქმგეგმარებელი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს ოქროს უბანში მდებარე ტერიტორიისთვის რეკრეაციული ფუნქციის დაბრუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება თბილისის მერიისთვის გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხზე იყო:

XS
SM
MD
LG