Accessibility links

სკოლების კაეშანი


ავტორი: გიორგი ჩაფიჩაძე​

ჩვენთან “უსწავლელობა” სირცხვილია.

ჩვენთან, თუ სკოლა არ დავამთავრეთ (კაცმა არ იცის როგორ, მაგრამ ხომ დავამთავრეთ) და მერე უნივერსიტეტში არ მოვეწყეთ, მოგვეჭრა თავი სახლში, სამეზობლოში, ქალაქში, რეგიონში, ქვეყანაში, სააქაოში და საიქიოში. სისხლში გვაქვს გამჯდარი, რომ განათლებულები უნდა ვიყოთ და შთამომავლობაში ჩვენს გარეგნულ ელემენტებთან და შინაგან თვისებებთან ერთად, დნმ-ის სახით სკოლასა და უნივერსიტეტში სიარულის სასიცოცხლო აუცილებლობაც გადაგვყვება ხოლმე.

ცხადია, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ. ჩვენდა საბედნიეროდ, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებთაც სწავლა რაციონალური გონებით გადუწყვიტავთ, სკოლაშიც ოქროს მედლის კანდიდატებიც არიან, მაგრამ… მაგრამ, “ფერი ფერსა მადლი ღმერთსა” რა ხარისხის განათლებასაც გასცემენ სკოლები, ზუსტად ამ ხარისხის პროპორციულია მათი გარეგნული სახე და სწავლების მეთოდიკა.

სკოლა არის სივრცე, სადაც მოსწავლე უნდა დაეუფლოს როგორც ცოდნის, ასევე ადამიანურობის საწყისებს და თუ ეს უკანასკნელი დეფექტებით მუშაობს, ბუნებრივია არამცთუ სასურველი, არამედ ნორმალური შედეგის მიღებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კომუნისტი მასწავლებლები თუ დირექტორები, რომლებიც კონსერვატიულ პოლიტიკას ატარებენ სკოლებში, მასალის ზედაპირული სწავლება, რომელიც მალევე ფრინდება ჩვენი გონებიდან, ლიტერატურის დეფიციტი, მასალასთან არსებული გასვლითი ექსკურსიების არ არსებობა, არაჰიგიენური კაფეტერიები, არაჰიგიენური საჭირო ოთახები, სპორტის კულტურის არ არსებობა და ბევრი სხვა ფაქტორი იწვევს განათლების სისტემის გაკიცხვას.

გული მწყდება, რომ ზემდგომი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი რამ კაპიტალის დასაბანდებლად განათლების სისტემაა…

მოდით, ავხსნათ რატომაა დღევანდელი ქართული განათლების სისტემა რეფორმების ქარცეცხლში გასატარებელი:

ინტერესი. ბუნებრივია შეუძლებელია კლასში ისხდეს ოცი ადამიანი, რომელთაც საერთო ინტერესები და შეხედულებები აქვთ. ფაქტობრივად მათში შეიძლება, მაქსიმუმ, ხუთი ადამიანი იპოვო, რომლებიც ერთსა და იმავე პროფესიას უკავშირებენ თავიანთ მომავალს (არ ვგულისხმობ ისეთ სკოლებს, რომელთაც ყურადღება კონკრეტულ საგნებზე აქვთ გამახვილებული). ჩვენი სკოლები არ არიან კონცენტრირებულნი ინტელექტზე, არამედ ისინი ცდილობენ ზედაპირული სწავლებით ფონს გასვლას. ყველა საგნის მასწავლებელი მისი სფეროს სპეციფიურობას, სწავლების აუცილებლობას აღნიშნავს და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ არც ზოგადი განათლება გვაქვს იდეალური და არც რაიმე კონკრეტულ საგანს ვეუფლებით ძირფესვიანად. წარმოიდგინეთ სწავლების რომელი სტრატეგია უფრო ეფექტური იქნება: ოცი ადამიანი, თუნდაც მცირე ასაკობრივი სხვაობით, რომელთაც აინტერესებთ მუსიკა, არიან ერთ კლასში და მათი სწავლების ამოსავალი წერტილი სწორედ მუსიკა და მასთან დაკავშირებული საგნებია, თუ, ასევე ოცი ადამიანი სხვადასხვა ინტერესით: რაგბისტს, მუსიკოსს, ლიტერატურაზე შეყვარებულ ადამიანს, ქიმიკოსს, მათემატიკოს, ფიზიკოსს, ბიოლოგს და ისტორიკოსს მათემატიკის მასწავლებელი უხსნის ტრიგონომეტრიას.

მანდ ვარ მეც.

ბევრი შემეწინააღმდეგება, ზოგადი განათლება აუცილებელიაო, მაგრამ ხომ ხედავთ, ვერ ვახერხებთ ზოგადი განათლების მიცემას ბავშვებისთვის და ისე მაინც ვქნათ, რომ ბავშვს სკოლაში წასვლა არ სძულდეს. ზ

ასე და ამგვარად, ყველაფრისდა მიუხედავად, იმედებით აღვსილი, ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე დღეს თუ არა, ხვალ მაინც შეიცვლება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG