Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები წრუპავენ ყავას


ავტორი: ლევან მორჩიაშვილი

“თქვენ, ჟურნალისტებს რა გიჭირთ, ადვილი პროფესია გაქვთო” მითხრა. “გადაიდეთ ფეხი ფეხზე და მოწრუპეთ ყავაო” დაამატა.

მე კიდევ უცბად გამახსენდა მინუს ორნიშნა გრადუსებში ქუჩაში გათენებული ღამეები. ისიც, აქციაზე რომ იჭყლიტები და ვერ სუნთქავ. დაბეჟილობები გამახსენდა. თოვლში ჩასველებული ფეხსაცმელებით და გაყინული ფეხებით გატარებული მთელი დღეც. გამახსენდა და ალბათ ვერ დავთვლი, რამდენჯერ, რამდენი საათი გამიტარებია რესპონდენტის მოლოდინში ქუჩაში, საუკეთესო შემთხვევაში გაუსაძლის სიცხეში, ფურცლების ქნევით. მიკროფონების ომი გამახსენდა. გამახსენდა გაყინული თითებით რომ ტექსტი მქონია დასაწერი და ვერ დამიწერია. ცხვირით რომ ამიკრიფავს ტელეფონის ეკრანზე ნომერი და ისე დამირეკავს. ქარში ღამეს რომ ათენებ, მუყაოს დახეულ ყუთზე დგახარ და ჟურნალისტები მიხუტებულები, ერთმანეთით თბებით, არც ეგ დამვიწყებია. პრესსამსახურების 34 სიტყვიანი წინადადება და ყურსასმენებივით ჩახლართული ტექსტები გამახსენდა. 15 წუთიანი კომენტარი 3 წუთში რომ უნდა გაშიფრო ეგ ადვილია და არ გამხსენებია. რამდენი სისხლი გვინახავს ასფალტზე გასხმული, რამდენი ცხედარი, რამდენჯერ მშიოდა და ვერ ვჭამდი, რამდერჯერ მწყუროდა და ვერ ვსვამდი, რამდენჯერ მციოდა და ვერ გავთბი, რამდენჯერ მეძინებოდა და ვერ ვიძინებდი, რამდენი ლექცია გამიცდენია, რამდენი დაბადების დღე გამომიტოვებია, რამდენი მეგობარი ვერ მინახავს, რამდენი პირადი ვერ მქონია, რამდენს გავულანძღივარ კამერით რომ დავუნახივართ, რამდენს უგინებია, რამდენს საცემად გამოუწევია. და კიდევ რამდენი "რამდენი" ჩემი ყოფილა და რამდენი კიდევ მათი, ვინც უფრო დიდი ხანია ამას აკეთებს.

კი, ადვილი პროფესიაა. რა გვიჭირს. ყავას სიგარეტს ვაყოლებთ. ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული. რომ დაგვეღლება მეორეთი ვანაცვლებთ. გავუღიმე და ვუპასუხე, კი, ადვილი პროფესიაა, გასართობი-მეთქი. მაგას გეუბნები მეცო მითხრა და ექსელის ფაილის ერთ-ერთ უჯრაში რიცხვები ჩაამატა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG