Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არინა თავაქარაშვილი - ლექტორი


არინა თავაქარაშვილი
არინა თავაქარაშვილი

შაბათი, 4 აგვისტო, 2018

ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა გორი-თბილისის მაგისტრალი. ამ გზას ვარ გაკრული და ასე დავქრივარ, წლებია, სისტემატიურად.

დღესაც დილაადრიან გავეშურე თბილისისაკენ. ამ მარშრუტზე მომუშავე თითქმის ყველა მძღოლი მცნობს და როგორც შეუძლიათ, მიწყობენ ხელს. იციან, რომ სულ მარჯვენა მხარეს ვჯდები. გზად მიმავალი მივუახლოვდები თუ არა სოფელ ხურვალეთის გადასახვევს, რაღაც გამოუთქმელი გრძნობა დამეუფლება ხოლმე...1000 მეტრამდე მანძილზე სოფელ ჩობალაურის სასაფლაო მოჩანს, სადაც, მერვე წელია, დედა განისვენებს მეუღლესთან ერთად... ჩემი ტკივილიანი სიყვარული და სიცოცხლის ბოლომდე შეულეველი განძი...ჩემი სიამაყე, ჩემი ტრაგიკული და ტრაგედიაზე ბევრჯერ ამაღლებული, ფიზიკურად სუსტი და სულით დაუძლეველი, ძალიან ლამაზი, ძალიან გატანჯული, სოვეტიკური კანონებისგან დაჩაგრული დედა, უზომოდ მოყვარული ადამიანისა, ბავშვებსა და მოსწავლეებზე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ზრუნვაში ჩაღვრილი, უკარგესი მასწავლებელი, თავისი საგნის საუკეთესო მცოდნე... ამ გზაზე მიმავალი, ასე მგონია, ყოველდღე ვხვდები და სამსახურისკენ მიმავალს მათბობს, მაძლიერებს, მლოცავს...

დედაჩემმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა...მსმენელი და მკითხველი გაიფიქრებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენააო...ჩემთვის ეს ასე არ არის...ამ თემაზე საუბარს, წლებია, გავურბოდი...ახლაც არაა იოლი... შეკითხვების გარეშე... მე დედაჩემს 34 წლისა შევხვდი... და რაც ერთად ვიცხოვრეთ, ჩემთვის ეს იყო უბედნიერესი ხანა...

ჰო, უკვე კარგა მანძილზე გავცდი ჩობალაურის შესახვევს და მალე თბილისშიც შევალ...

დიდუბიდან გადავედი მეტრო „ისნის“ ტერიტორიაზე და მოვძებნე თელავისაკენ მიმავალი ტაქსი. დიდი დრო არ დამიკარგავს, მალე შეივსო და დავეშვით კახეთისაკენ. გომბორიდან გზა უფრო მოკლეა და მალე ჩავედი თელავში. მძღოლმა ადგილამდე მიმიყვანა. ზოგმა მიცნო, ლაშა და მე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ლაშა გოგოლაძე. დანარჩენებსაც გავიცნობ. ტრენინგის თემა საარჩევნო თემატიკაა. აუდიტორია სხვადასხვა ასაკის ადამიანებითაა წარმოდგენილი - ახალგაზრდებიც არიან და ძველგაზრდებიც. გენდერული ბალანსიც დაცულია. მითხრეს, რომ მარტო თელაველები არ არიან და კახეთის სხვადასხვა კუთხიდან არიან წარმომადგენლები, ვინც არჩევნებშია ჩართული.

ვიწყებთ...

აუდიტორია ტრენინგის დაწყებამდე იმდენად თბილად განეწყო ჩემდამი, რომ ამოვიძახე: „ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო...“ ასე არასოდეს დამიწყია ტრენინგი და არა მგონია სხვა დროს როდისმე ასე დავიწყო

ძალიან ცოცხალი ტრენინგი გამოგვივიდა. ყველა დეტალი აინტერესებთ საარჩევნო თემატიკაზე. იყო შეკითხვები და მერე მივხვდი, რომ ძალიან გავაგრძელე და სადილის დროს გადავაცილე. ეს ჩვენი სურვილიც იყოო, თქვეს მონაწილეებმა.

სადილის შემდეგ - მოთელვა და ისევ არჩევნები, არჩევნები. სამ ჯგუფად გაყოფილი მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან და პაექრობაც საინტერესო გამოვიდა. შედგა გუნდური მუშაობაც და პრეზენტაციებიც.

დავასრულე ტრენინგი, შევაჯამეთ მუშაობა და ახლა უკვე ფოტოების გადაღებაზე, კერძო საუბარზე გადავედით. დღეს თელავში ვრჩები.

ურთიერთობა დამყარდა ჯგუფის წევრებს შორის. აქ ლეიბორისტიცაა და „ქოციც“, „შენების“ წევრიცაა და რესპუბლიკელიც, „ნაციცაა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრიც.

ვახშმამდე მონაზონი ივლიტა გვეწვია. რამდენ საინტერესო და კარგად დასრულებულ ამბავს მოჰყვა! გულისყურით ვუსმენდი. გადავავსეთ ფოტოებით ფეისბუქი.

და ერთი უმნიშვნელოვანესი რამ გველოდა ყველას ერთად - ლაშას მიერ ხელშეწყობილი და გადაღებული ფილმი: გასულ წელს აფხაზი ახალგაზრდების სტუმრობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ფილმი დაიწყო და რამდენიმე წუთში ყველას ცრემლები გვდიოდა. ფილმიდან ქართველთა და აფხაზთა ისტორიული ერთობის ოდა მოედინებოდა ანკარა წყაროსავით, დაცლილი ომისა და პოლიტიკისაგან, ახლგაზრდებით დამყნობილ იმედად მომზირალი და დროსა და სივრცეში მომლოდინე... იმედიანად და იმედით.

ფილმიდან მოისმის:

„სამი აფხაზი საქართველოში მოინათლა... „

და ტრაგედიას ნაზიარები ამაღლებული გრძნობა - აფხაზი ახალგაზრდის სიტყვები: „მე მებრალება ის აფხაზი, ვისაც საქართველო არ უნახავს...“

ოდოია ისმის, ოდოია...

დანარჩენი სექტემბერში, როცა ფილმის პრემიერა შედგება.

უკვე ძალიან გვიანაა. ნომერში ავედი დასაძინებლად.

5 აგვისტო კვირა

დილით საუზმის შემდეგ დავემშვიდობე ჯგუფს და თბილისისაკენ გამოვეშურე. თბილისიდან ისევ გორისკენ.

უკვე გორში ვარ.

დღეს განსაკუთრებულად უნდა გამოვეწყო. ორ ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს უნდა შევხვდე. ასეც ვქენი და ისევ თბილისისაკენ დავეშვი.

გზაში ტელეფონით ბევრი ვილაპარაკე.

რატომ მოვეშურები თბილისისაკენ ისევ, იცით?

ჩემი სკოლისა და ცხოვრების უსაყვარლესი მეგობარი ნინო ონიაშვილია ჩამოსული ისრაელიდან და ნინო მინდიაშვილიც დაბრუნდა კვიპროსიდან. ხომ ვიცი, საჩუქარიც მელის და საინტერესო ამბებიც.

ძალიან მიყვარს, როცა კარგ ადამიანებს ვაცნობ ხოლმე ერთმანეთს. ზუსტად ეს შემთხვევაა ახლა. ორი ნინო, ორი ბრწყინვალე პიროვნება, უცხოდ და განსხვავებულად მოაზროვნეები და, მოკლედ, უკარგესი ადამიანები.

ბევრი ვისაუბრეთ ადამიანურ ფილოსოფიაზე, დედაშვილობაზე. კვიპროსზე ბევრი რამ გვიამბო ნინომ, მეორე ნინომ ისრაელზე შეგვივსო ცოდნა. დეტალები ჩვენთან დარჩება.

დავგეგმეთ ისრაელში წასვლა, ნოემბერს არ გადასცდება. ნინო უკვე გველოდება.

არ გამომრჩეს: ცხოვრებამ (თუ უფალმა) ინება და ნინო მინდიაშვილს შემახვედრა. ის ჩემი ახლანდელი დოქტურანტურის ლექტორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა კარგისკენ, ვიტყოდი, უკეთესისკენ! მისი საქმიანობა და ცხოვრება (როგორც 2-3 ადამიანისა ჩემი სიცოცხლის მანძილზე) ჩემთვის ნიმუშად იქცა! ეს უკარგესი და ზნესრული ადამიანი ჩემს იდეალად გადაიქცა. რატომ და როგორ? ეს როდისმე სხვა დროს...

ვამაყობ ორივე ნინოთი!

საჩუქრები გაინტერესებთ? საუცხოო მაისური ისრაელიდან და ნინო მინდიაშვილის საავტორო წიგნი, მარტო მე რომ უნდა დავტკბე და მეხება, ისეთი წარწერით, და აფროდიტე, სიმბოლო სიყვარულისა... რა საჩუქარია!

დაიდო ბინა ჩემთვის უძვირფასეს ნივთთა შორის! მაისური მოვიცვი. როგორ მიხდება!

P.S. ღამე დავბრუნდი თბილისიდან. არ მიშვებდნენ, მაგრამ მაინც გამოვიწიე გორისკენ. გამიმართლა, ამ შუაღამისას გორის ტაქსი ერთის ნაცვლად 2 იყო და პირველივეს გამოვყევი. ეჩქარებოდა წამოსვლა. გზაში ხალისიანადაც და განცდითაც ვისაუბრეთ. ყველას უნდა წინ წასული ქვეყანა, რუსეთისა და ოკუპაციის გარეშე.

6 აგვისტო, ორშაბათი

ისევ გავყევი ჩემს უკვე ტრადიციულ გზას თბილისისაკენ. ისევ ფიქრებში დედაზე, ისევ მარჯვენა მხარეს მზერა და ისევ დედაჩემის ხმა ჩამესმის დედაშვილობის უკიდეგანო და უსაზღვრო ფილოსოფიაზე.

მივედი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მემორანდუმები მივიტანე.

ნინო მინდიაშვილის ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით, შიდა საუნივერსიტეტო გრანტი მოვიგეთ, რომელიც ეხება ე. წ. მცოცავი ოკუპაციით დაზარალებული სოფლების კვლევას და ითვალისწინებს საქმიანობაში ხელშეწყობისთვის პარტნიორ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მემორანდუმის გაფორმებას. ვისაც შევთავაზეთ, უარი არავის უთქვამს. და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტები მივიტანე უნივერსიტეტში და სესილი გოგიბერიძეს გადავეცით. კიდევ უნდა მივიტანოთ სხვა ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმებიც. კარგად გვხვდება ძალიან. ეს ის სესილი გოგიბერიძეა, 8 აპრილის ღამეს „ცეკა-ტეკას“ ხელი რომ არ მოუწერა და არ დაეთანხმა მიტინგის დარბევას, იმ მიტინგისა, 9 აპრილის მსოფლიო ტრაგედიად რომ იქცა... იმ დროში ამის გაკეთება თითქმის წარმოუდგენელი იყო...არა, მან ეს შეძლო.. როგორ? ძალიან მაინტერესებს დღემდე. აქამდე არ ვიცნობდი პირადად და ვერც შევეკითხებოდი. გავიცანი ცოტა ახლოს და შეკითხვის გარეშე მივხვდი: ის დაიბადა ქართველად, მოქალაქედ, ფართო გაგებით, და უერთგულა ქვეყანასა და ადამიანებს.

და ისევ გორისკენ. 8 აგვისტოს ომის შემდეგ მანანა მებუკე ყოველწლიურად მართავდა ღონისძიებას „ქალები მშვიდობისათვის“. ახლა ტრადიციას მისი შვილი აგრძელებს. იყო ყვავილები, სანთლები, სითბო და იმედები. არ გამოვსულვარ...მანანას შემდეგ 6 აგვისტოს მიჭირს გამოსვლა...

არ გამომრჩება: თეა თედლიაშვილი და მე მთელი ღონისძიების განმავლობაში ერთად ვიყავით.

7 აგვისტო, სამშაბათი

დილაა. რამდენიმე დღეა, მელიქიებთან არ გადავსულვარ და მათი სითბო და სიყვარული არ მიგემია. დამირეკეს და გავიქეცი უკანმოუხედავად.

შევდივარ ეზოში და ვყვირი: ანანიაშვილებო, მელიქიებო, ელიჯარაშვილებო, ავაზნელებო, მოვედიი! - ოთხივე გვარის წარმომადგენელმა გამოიხედა. მოდი, მოდი, რას გაჰკივი! - და ყველა იცინის. ყოჩაღ, შვილო, ავაზნელები რომ არ გამოგრჩა, - სოფოს მეუღლის დეიდა მეუბნება. რას ამბობთ, თინა დეიდა, რატომ უნდა გამომრჩენოდა-მეთქი, და ყავა, ყავა მინდაა. ვისაუზმეთ, ვისაუბრეთ, მოვყევით იმ 5-6 დღის ამბებს, რაც ერთმანეთს არ შევხვედრივართ, და ისევ თბილისისკენ, ჰერი-ჰერი!

კსუ - ნინო მინდიაშვილთან ერთად პროექტზე ვისაუბრეთ (ისე, ცნობისთვის, ყოველთვის „ქალბატონო ნინოთი“ მივმართავ). ნინო ძალიან კოლეგიალური და დემოკრატია და ერთი წევრის არყოფნის გამო გადაწყვეტილება გამგზავრების დაგეგმვაზე - როდის და რომელ სოფლებში - არ მივიღეთ. მომდევნო კვირაში გრაფიკს გადავხედავთ და დავეშვებით სოფლებისაკენ.

გულმა ვერ მომითმინა და ნინო მინდიაშვილს ფილმი აფხაზეთზე ვაყურებინე. ორივე ცრემლებად დავიღვარეთ... რა გინდოდა ჩემგანო, აცრემლებულმა მითხრა და თან დააყოლა, მადლობა, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ამაღლება რომ მაჩვენეო! თვითონაც დევნილია ცხინვალიდან და ტკივილი გავუახლე. ფილმს გადავუგზვნი ჩემს შვილს, შვილებს უნდა ვაჩვენო და მეუღლესთან ერთად ისევ უნდა ვუყუროო...

საღამოს ჩემს მეგობარ ნატო ბაჩიაშვილს შევხვდი. ჯერჯერობით იდეის დონეზე დავგეგმეთ ნატოს ოფისში შეხვედრები ახალგაზრდებისათვის. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი თვალით დანახულ საქართველოსა და საზარელ 8 აგვისტოს ომზე.

8 აგვისტო ოთხშაბათი

ერთი ჩვეულებრივი თვე და რიცხვი ჩემთვის და საქათველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის მეხოტბეებისთვის უმძიმეს დღედ იქცა და ვერ შეიცვლება სიცოცხლის ბოლომდე.... რადგან ეცადნენ ოკუპანტები ჩემი ქვეყნის დაპყრობასა და გაპარტახებას, მის ისევ, უკვე მერამდენედ, ოკუპაციას. დაბომბეს ქართული სოფლები, დახვრიტეს ადამიანები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, და მერე გორში შემოიჭრნენ და კასეტური ბომბიც არ დაიშურეს...

დღეს საღამოს მიწვეული ვარ ომის თემატიკაზე მოწყობილ ფოტოგამოფენასა და წიგნის პრეზენტაციაზე.

წავედი ნიკა წიქარიძესთან ერთად. გზად ორ შესანიშნავ გორელს დავემგზავრეთ: სესილი ხუციშვილს, სინდისიერების პატრიარქს ამჟამად, და მანა ხადურს. ვერც კი გავიგე საუბარში, ისე მივედით სამხატვრო სკოლასთან. გამოფენა დავათვალიერეთ, ბევრ კარგ ადამიანს შევხვდით და რატომღაც წამოსვლისას ისევ შევბრუნდით...არ გამკვირვებია, მაგრამ მაინც... სტალინისტების ქადაგება 8 აგვისტოს ტრიბუნიდან.

ტრიბუნასთან დასავლეთუმეც იდგა და რუსეთუმეც, სტალინელიც და ანტისტალინელიც, ისინიც, ვინც წრფელად მხარს მიჭერდა ყოველთვის სამართლიანობისთვის ტოტალიტარიზმთან ბრძოლაში და ისინიც, ვისაც ცინიკურად არაფერი „დაუკლია“ ჩემთვის, ლაფთან ერთად, ამ ბრძოლაში მონაწილეობისათვის.

რა საოცარი ხალხი ვართ... თუ ხელისუფლებას გამოჰკრა ხელი ადამიანმა, ნაძვის ხესავით ვუვლით და „შენა ხარ, შენა ხარ“, ვუმღერით...

ბევრჯერ გამჭირვებია, შეიძლება ბევრი რამეც მაკლია, მაგრამ იდეებისათვის, ღირსებისათვის ბრძოლას არასოდეს დავაკლებ და დავიკლებ...

„ბილწთ არ შავეკვრი ზავითა, მცნებას ვერ შემაცვლევინებთ მოზღვავებულის ავითა“.

9 აგვისტო ხუთშაბათი

ბოლოს და ბოლოს, 8აგვისტოს ომიდან მეათე წელს, გადმოვიღე ჩემი ტელეფონი, რომელმაც მთელი ომი, როგორც დაიტია, ისე გადამაღებინა. შემოინახა ბევრი ჯერ კიდევ დაუბეჭდავი კადრი, ფოტო. მაქვს მინი ვიდეოები, სმს, იმ დროს მოწერილი, ჩანაწერები და გადავწყვიტე დავწერო როგორც დავინახე და რაც მეხსიერებას შემორჩა და ვინც შემორჩა და იმ დროს ერთად ვიყავით. შეიძლება დავარქვა „სანამ ცოცხლები ვართ“ ანდა „შეხვედრა წარსულთან“.

ამ დღის ქრონიკიდან მხოლოდ ერთს ვიტყვი ახლა:

9 აგვისტოა. დაიბომბა გორი...ჯარისკაცები გამორბიან. ჩვენ გამშრლები ვდგავართ და მესმის გამგმირავი ხმა:

„რას შემოგვყურებთ, გადაგვიღეთ და დაგვიმახსოვრეთ!“....

გადავიღე. ჩემს ტელეფონს შემორჩა ამ ბიჭების ფოტოები...

თქვენ ისტორიამ დაგიმახსოვრათ, თავდადებულო ჯარისკაცებო!

ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, ოკუპაციისა და ანექსიის გარეშე, საქართველოსთვის!

10 აგვისტო, პარასკევი

მთელი დღე ჩემს პირად არქივს ვუზივარ.

ხელახლა მტკივა დაბომბილი გორი, იავარქმნილი დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, ნაწილი ფრონეს ხეობისა, თითოეული დაღუპული, თითოეული დანგრეული და გადამწვარი სახლი, დაკარგული საოჯახო ფოტოები, დაკარგული და ოკუპანტის ხელში მოქცეული საფლავები, ჩვენი ტყეები და მიწა, თითქოს მიჩუმათებული თუ მივიწყებული ქართულ-ოსური სიყვარული სამაჩაბლოში.

11 აგვისტო, შაბათი

სულ აგვისტოს მძიმე დღეები მიდგას თვალწინ და არამარტო დღეს....

მაგრამ არც მარტო ომზე ფიქრით მინდა ვიცხოვრო.

მშვიდობა მინდა ჩემს ქვეყანაში, გონიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება, მართლა მყარი კონსტიტუცია; სასამართლო, კანონების აღმსრულებელი და არა პოლიტიკური ნების გამომხატველი, ხელისუფლების მორჩილი; რეალური თვითმმართველობა, პროგრესული, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა.

დღეს შინდისის ბრძოლიდან 10 წელი გავიდა. 17 ჯარისკაცი დაიღუპა. 17 გმირით ამაყობს ქვეყანა. ამ გმირობამ აჩვენა ჩვენი სიმტკიცე, გაუტეხლობა, სწრაფვა თავისუფალი სამყაროსაკენ...

პატარა სახელმწიფოს წინააღმდეგობა იმპერიული სახელმწიფოსთვის გადაულახავი აღმოჩნდა, არც ერთი არდანებებია მტერს! დიდი ბრძოლის დღეა დღეს...

გვიახლოვდება 12 აგვისტო და დაბომბილი გორი... კასეტური ბომბისაგან გარდაცვლილები ქალაქის მთავარ მოედანსა და სახლებში და შემდეგ გორის ცენტრში გამოჩენილი რუსი სამღვდელო პირი, საქართველოს მომავალს რუსეთთან ერთად რომ ქადაგებდა. ესეც შემოინახა ჩემმა ტელეფონმა.

და კიდევ გაისმის ხმა, ომი საქართველომ დაიწყოო?!

ჩემთვის ღალატის ტოლფასია...ვფიქრობ, რა გადაგვარჩენს, რა გაგვაერთიანებს, როგორ დაბრუნდება დაკარგული მიწა, მინდა რომ მოვესწრო...

ბრძოლა და მოქმედება გრძელდება...

P. S. ძალიან ვნერვიულობ. ჩემი ცხოვრების გამოუთქმელი ნაწილი, ჩემი სულის ტკივილი თუ ყივილი გასაჯაროვდება. ვნერვიულობ, არ იყო იოლი.

მადლობა რადიო თავისუფლებას ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის

ვყოფილიყავი წრფელი და მეთქვა სიმართლე.

თქვენ ეს შემაძლებინეთ.

არინა თავაქარაშვილი - ლექტორი
please wait

No media source currently available

0:00 0:19:40 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG