Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბოლქვაძე, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, დირექტორი


ნინო ბოლქვაძე
ნინო ბოლქვაძე

კვირა, 18 ნოემბერი

კვირა დღე გათენდა. არსად მეჩქარება - მოსვენებული გონებით ვიღვიძებ და ცალი ხელით ვიზმორები, მეორეთი კი ტელეფონს ვეძებ ტუმბოზე; ვპოულობ, ვხსნი და ვიწყებ “სქროლვას” იმ იმედით, რომ მყისიერად შევიმეცნებ, რა ხდება აქტუალური სამშობლოს და, შემდეგ, მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სქროლვა, დაახლოებით, 15 წუთი გრძელდება; საყურადღებო სტატიებს შემდგომისთვის ვინახავ და კვლავ ვაგრძელებ სქროლვას უფრო საინტერესოს გადაწყდომის იმედით, არიქა, არ გამომეპაროს თუკი სადმე რაიმე უფრო მნიშვნელოვანი ხდება! რამდენი ასეთი შენახული სტატია მრჩება, საბოლოოდ, წაუკითხავი და თუკი მოვახერხებ და ყველას წავიკითხავ ხოლმე კვირის განმავლობაში, მაშინ ბეჯითი მოსწავლესავით კმაყოფილების შეგრძნება მიპყრობს.

გამუდმებით მაწვალებს ფიქრი ჩვენი თანამედროვე ყოფის ზედაპირულობაზე. პირველ რიგში, საკუთარი ზედაპირულობა მადარდებს, ის, რომ სულ სადღაც ვჩქარობ, რომ 5 წუთში მინდა სრულად გავნათლდე ქვეყნისა თუ მსოფლიოს მნიშვნელოვან სიახლეებში, კიდევ მეტი და მეტი საინტერესო ამბავი მინდა და ციყვივით ვაგროვებ გემრიელ საკნატუნო სტატიებს, რომ სიმყუდროვის საათის დროს (რაც, მცირეწლოვანი ბავშვის დედისთვის, რომელიც, ამავდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობს, უდიდესი ფუფუნებაა) გემრიელად წავიკითხო და ცოტა მეტად ჩავუღრმავდე აზრებს. ხანდახან სტუდენტობის წლები მენატრება და ამ გადასახედიდან განსაკუთრებულ ფუფუნებად მეჩვენება, რომ მთელი ჩემი არსებობის მთავარი ამოცანა იმ მოცემულ დროში მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა, ახალი ინფორმაციისა და ცოდნის მიღება, ახალი უნარების შეძენა იყო. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ახლა შევწყვიტე, მაგრამ იმდენი რუტინული რამ ხდება დღის განმავლობაში, რომ განსაკუთრებულ ძალისხმევად მიჯდება საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად დროის გამონახვა. ხშირად ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ უძილო ვრჩები, თუმცა ამაზე წუწუნს მას მერე გადავეჩვიე, რაც მარიამი შემეძინა - ისედაც, ბოლო ორი წელია, ან არ მძინავს, ან საათში ერთხელ შეღვიძებებით მძინავს.

რუტინა ვახსენე და ყველა რუტინა ერთნაირი როდია. ზოგი რუტინა სასიამოვნო და იმედის მომცემია, სიმყუდროვის განცდასაც ბადებს და იმ შეგრძნებას აღვივებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ცხოვრება მშვიდობიანად მიედინება. აი, მაგალითად, დღეს კვირაა და მთლიანად მარიამს ვეკუთვნი. რაც კი რამ მიკეთებია, თუ განვსწავლულვარ, უნდა გამოვიყენო მის აღსაზრდელად და იმედი მაქვს, ამ მცირე ასაკში მაინც ეს საკმარისი იქნება. ხანდახან რაღაცნაირად მიხარია კიდეც, რომ მარიამთან ერთად მეორე შანსი მეძლევა მეც მასთან ერთად გავიზარდო და ხელახლა ვისწავლო უკვე დავიწყებული და თავის დროზე ცუდად ან არასწორად ნასწავლი ბევრი რამ. მარიამთან დაკავშირებული რუტინა სწორედ ისეთი რუტინაა, ზემოთ რომ ვახსენე - ბედნიერებასთან, სიმყუდროვესა და იმედთან დაკავშირებული რუტინა. მიყვარს მასზე ზრუნვა და მასთან ერთად თამაში. დიდი ბედნიერებაა შაბათ-კვირას მთელი დღე ამ ფუმფულა გოგოსთან ერთად ყოფნა.

ორშაბათი, 19 ნოემბერი

შაბათ-კვირის მერე რთულია მარიამთან განშორება. დილით ნატალია მოდის და მარიამი დაინახავს თუ არა, მაშინვე ხვდება, რომ მისი მოსვლა დედას წასვლას ნიშნავს. ჭინჭყლობს და მეხუტება, არ ვეთმობი, არც მე მეთმობა. ბევრი ხუტების მერე მაინც მიშვებს, მაგრამ რომ გამოვდივარ, მისი ტირილის ხმა მესმის და გული მეთუთქება.

ნახევარ საათში, უკვე ყავის ჭიქით მომარჯვებული, ოფისში ვზივარ და კვირის გეგმებს ვალაგებ. უამრავი რამ ხდება ამ კვირაში, საქმე ბევრია, როგორც ყოველთვის, დრო კი ცოტა. ჩემი ოფისი ძალიან ლამაზია, თავისუფლების მოედანზეა, დადიანის კუთხეში, ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში. სამუშაო ოთახი პირდაპირ მოედანს გადასცქერის ფართო ფანჯრებით და ყვავილებიანი აივნით. მთელი დღის განმავლობაში, მუშაობის პარალელურად, მოედნის ხედის წყალობით ქალაქის დინამიკას შევიგრძნობ და სხვანაირად ვიმუხტები.

შუადღეზე ცნობილ უკრაინელ ბლოგერს, მიროსლავ ჰაის, შევხვდი. თბილისშია ჩამოსული, კინოს იღებს უკრაინელ პილოტებზე, რომლებმაც 8 000-მდე ქართველი გადაარჩინეს 1993 წლის აფხაზეთის ომის დროს. უცნაურია, ამის შესახებ ადრე არასოდეს მსმენია. რამდენი საინტერესო ისტორიაა კიდევ გამოსააშკარავებელი ჩვენი უახლესი ისტორიიდან. მირო მრავალმხრივი ადამიანია: ყოფილი სამხედროა, თავის დროზე მოხალისედ წასულა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად. შემდეგ სამხედრო ჟურნალისტობა დაიწყო; მთელი მისი საქმიანობა პუტინის რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. კარგა ხანს ვსაუბრობთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებზე, რუსეთის ჩარევაზე, პარალელებს ვავლებთ, უამრავი საერთოა; რა თქმა უნდა, იქ საქმე გაცილებით რთულადაა. ამბობს, რომ ომი ამჟამად მინელდა, თუმცა გაზაფხულზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გამწვავების მოლოდინში არიან. ძალიან საინტერესო ადამიანია და საოცარი ძალა აქვს მისი საუბრის მანერას, ხმას, ჟესტიკულაციასაც კი. ადამიანი, რომელსაც ომში უბრძოლია, სხვანაირი დამაჯერებლობით ლაპარაკობს - უფრო მკაცრია, მიწაზე დაშვებული და მტკიცე, არ ყოყმანობს, ეჭვი არ ეპარება და სჯერა თავისი საქმის.

აღმოჩნდა, რომ მიროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ზუსტად ეხმიანება ჩემსას: ეს ე.წ. „სტრატეგიული კომუნიკაციების“ გაძლიერებაა. მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს, თუმცა ბევრს არ ესმის, ეს რა არის. სტრაგეგიული კომუნიკაცია მიზნის მისაღწევად კარგად კოორდინირებული და სინქრონიზებული კომუნიკაციებისა და ქმედებების ნაზავს ნიშნავს, რომელიც ამჟამად რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად ერთადერთი ყველაზე იმედის მომცემი იარაღია. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია პროპაგანდას პროპაგანდითვე ვებრძოლოთ. პროპაგანდა, თავისთავად, ნეგატიური მნიშვნელობის მქონეა და ყოველთვის შეიცავს ტყუილს, მანიპულაციებს. სტრატეგიული კომუნიკაცია კი, ამის საპირისპიროდ, მხოლოდ სიმართლეზეა ორიენტირებული და ცდილობს ეს სიმართლე სამიზნე აუდიტორიებამდე ისე მიიტანოს, რომ მათი გულიც მოიგოს და გონებაც; ახლა ხომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც მშრალი ფაქტების კითხვით თავს ცოტა თუ იღლის, ამიტომაც დღევანდელი კომუნიკაცია რომ ეფექტური გამოვიდეს, მასში აუცილებლად ემოციის მარცვალიც უნდა იყოს. ასე ხდება ის უფრო ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი.

იმ პირობებში, როცა რუსეთის დეზინფორმაცია მიზანმიმართულად უთხრის ძირს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, სტრატეგიული კომუნიკაციის დაუფლება ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია. ქვეყანას მკაფიოდ უნდა ჰქონდეს თავისი მიზნები განსაზღვრული და ამ მიზნის მისაღწევად მარტივ რეაქტიულ „პიარს“ კი არ უნდა იყენებდეს მხოლოდ, არამედ უნდა განსაზღვროს საკუთარი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა და ამის შესახებ კოორდინირებული, შეთანხმებული და კარგად მოფიქრებული კომუნიკაცია აწარმოოს ფართო საზოგადოებასთან - პროაქტიულად და არა რეაქტიულად (როგორც ეს პიარის შემთხვევაში ხდება).

ასე მაგალითად, მეც და მიროც ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა რაციონალური, გაცნობიერებული და მტკიცე იყოს. გარდა იმისა, რომ ზოგადად აუცილებელია, მოსახლეობას კარგად ჰქონდეს გათავისებული რა სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის ქვეყანა და რა სიკეთის მომტანი იქნება ეს მისთვის, სტრატეგიული კომუნიკაცია კრემლის მიერ გავრცელებული მითების მოსაგერიებლადაც აუცილებელია. ცოდნის, სწორი ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელებით მოსახლეობა უკეთ იქნება ინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე; ინფორმირებული მოსახლეობა კი უფრო მომზადებული დახვდება იმ დეზინფორმაციას, რომელსაც რუსეთი ასეთი ენთუზიაზმით ავრცელებს ნატოზეც და ევროკავშირზეც.

სამშაბათი, 20 ნოემბერი

დილა ჩქარი ტემპით იწყება, ვერაფერს ვასწრებ, მარიამს ფუმფულა ლოყებს ვუკოცნი და გავრბივარ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში - შემოკლებით, DIBS. ახლა გიამბობთ, რა სკოლაა ეს: DIBS ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაიხსნა. თავისთავად, ეს არსებითი პაკეტი ნატომ 2014 წელს დაგვიმტკიცა და მისი საშუალებით ნატოსგან უდიდეს დახმარებას ვიღებთ როგორც თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე ნატოს ყველა სტანდარტის დაკმაყოფილების მიმართულებით.

DIBS, ნატოს წევრი ქვეყნების დაფინანსებით, ქართველი საჯარო მოხელეებისთვის სხვადასხვა სპეციალიზებულ კურსებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი კურსი მეც გავიარე შარშან სტრატეგიულ კომუნიკაციებში. ახლა კი მე თავად გავხდი სტრატეგიული კომუნიკაციების ტრენერი და სხვა საჯარო მოხელეებს ვუტარებ ტრენინგებს. რადგანაც სტრატეგიული კომუნიკაციები - შემოკლებით, სტრატკომი - ახალი თემაა და ჯერ ახლა ინერგება ჩვენთან (ისევე როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში), ჩემი და რამდენიმე ექსპერტის გადამზადებით ნატოელებმა ადგილობრივი საექსპერტო ბაზა შექმნეს; ახლა ჩვენ გვევალება ეს ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ და ნელ-ნელა მოვამზადოთ ნიადაგი სტრატკომის გამართული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. მიხარია, რომ პიონერებს შორის ვარ. თემა იმდენად საინტერესო და აქტუალურია, თუ ლაპარაკი დავიწყე, ვერ ვჩერდები. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ამ საკითხს, სულ უფრო „აღმაფრთოვანებს“ რუსული პროპაგანდის უდახვეწილესი მეთოდები; ღმერთო, რა კარგად იცნობენ ჩვენს ფსიქოლოგიას, მიკროსაზოგადოებების დონეზეც კი; რა კარგად გამოსდით სიცრუე სიმართლედ გაასაღონ, თან იმდენად ემოციური მესიჯებით, რომ ადვილად დასამახსოვრებელი და გულშიჩამწვდომი იყოს. როგორი დემონური განჭვრეტილობით აღვივებენ ეჭვებს და მოხერხებულად მანიპულირებენ არსებული სისუსტეებით; რა კარგად გამოსდით საზოგადოების გახლეჩა და რა დამაჯერებლად შეუძლიათ საკუთარი თვალით ნანახშიც კი შეგატანინონ ეჭვი და შემოგასაღონ თავიანთი „ალტერნატიული ფაქტი“ - თავისთავად ოქსიმორონი, რადგან თუ ფაქტია, მაშ როგორ შეიძლება ის ალტერნატიული იყოს?! ესაა სწორედ „პოსტსიმართლის“ ეპოქის გამოწვევა - მოხერხებულად ითამაშო ემოციებზე, იმგვარად, რომ ფაქტობრივ გარემოებებს აქტუალობა დაუკარგო.

შუადღისას DIBS-დან გავრბივარ კიდევ ერთ ღონისძიებაზე, რომელიც რუსულ პროპაგანდას ეხება. ამჯერად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის“ კონფერენციაა, რომელიც რენე მაგრიტის ცნობილ სიურრეალისტურ კონცეფციას მოარგეს და სახელად დაარქვეს „ეს არ არის კონფერენცია - სად ვარჩიო ტყუილ-მართალი“. სახალისო და ცოცხალი დებატები გამოგვივიდა საინფორმაციო ომზე, მტრის პროპაგანდასა და ჩვენს ქმედება/უმოქმედობაზე.

როდესაც ახალგაზრდა აუდიტორიას ვხვდები, ყოველთვის მიჩნდება განცდა, რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის. შედარება არ შეიძლება ჩემს თაობასთან; რამდენად გახსნილი, ლაღი, უკომპლექსო, გონებანათელი და გამბედავები არიან. ჩემი გაჭირვებული თავი მახსენდება მათ ასაკში: ყოფით საკითხებს რომ თავი დავანებო, ან რა მეცვა, ან რას ვგავდი, ან რას ვჭამდი და ვსვამდი, უამრავი კომპლექსი მაწუხებდა, არაფერში დარწმუნებული არ ვიყავი, ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა, პირველ რიგში კი, საკუთარ შესაძლებლობებში. თავს უამრავი კლიშე მეხვია, რომელსაც, სიამაყით უნდა აღვნიშნო, აქტიურად ვიგერიებდი და არ ვნებდებოდი. რადგან სკოლასა და შემდეგ უნივერსიტეტში ვერ ვიგებდი, რატომ და რა მიზნით მასწავლიდნენ იმას, რასაც მასწავლიდნენ, უმეტესწილად, თვითგანათლებით ვიყავი დაკავებული. და მაინც, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, „რაღაც“ გამოვიდა ჩემგან. ჰოდა, თუკი ჩემგან გამოვიდა „რაღაც“, ამ ბავშვებს, წარმომიდგენია, რამდენად ნათელი მომავალი აქვთ! სახლში ოპტიმისტური განცდით - „ყველაფერი კარგად იქნება“ - ვბრუნდები.

ოთხშაბათი, 21 ნოემბერი

ისევ DIBS-ში მივიჩქარი. ამჯერად პირველად უნდა გამოვცადო ჩემი თავი სტრატეგიული კომუნიკაციების ტრენერის როლში. ნატოელი ექსპერტები ერთგულად გვიდგანან გვერდით სტრატკომის ახლად გამომცხვარ ტრენერებს, გვამხნევებენ და რჩევებს გვაძლევენ. დღის ბოლოს ასეთი შეფასება მივიღე ერთ-ერთი მათგანისგან: - უნდა გითხრა, რომ “ალფა-ქალი” ხარ, მაგრამ არ გეწყინოსო. - რატომ უნდა მეწყინოს-მეთქი? - აბა, რა ვიცი, იქნებ გწყენოდაო. - არა, პირიქით, გამიხარდა-მეთქი. მერე ვერ მოვისვენე და ვკითხე: - კი მაგრამ, მაინც რატომ უნდა მწყენოდა-მეთქი? - აბა, რა ვიცი, დომინანტური ხარ და ლიდერის თვისებით გამოირჩევი, მაგრამ ზოგჯერ არ მოსწონთ ამას ვინმეს რომ ვეუბნებიო. ცოტა არ იყოს დავიბენი, რატომ უნდა სწყენოდა ვინმეს, თუ ეტყოდნენ, ლიდერის თვისებები გაქვსო.

ჩემს თავზე გამეცინა. რა ლიდერის თვისება, ერთი პერიოდი დამამთავრებელ კლასებში საჯარო ლაპარაკის ისეთი ისტერიული შიში დამჩემდა, კლასში გაკვეთილს ვეღარ ვყვებოდი ხეირიანად, არადა ყოველთვის მომზადებულ-ნამეცადინევი ვიყავი. ეს ის პერიოდი იყო, ყველაფერში ეჭვი რომ მეპარებოდა და საკუთარი ყველაფერი მაფრთხობდა: გარეგნობა, ხმა და ქცევა. მოვთქვამდი, რას ვგავარ, რამხელა ცხვირი მაქვს, მამაჩემივით ცისფერი თვალები რატომ არ გამომყვა, ან რა უცნაურად ავიწოწე, რანაირი აღნაგობა მაქვს-მეთქი. დედა მამშვიდებდა, ლამაზი ხარო, მაგრამ აბა, დედის კომპლიმენტი ხომ ვერ იქნებოდა ობიექტური. დავდიოდი ასე საკუთარი თავით დამფრთხალი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავზე ხმამაღლა დაცინვა არ ვისწავლე. იმდენი ვიცინე და ვაცინე ჩემი მეგობრებიც, რომ, საბოლოო ჯამში, ჩემი ცხვირი, რომელიც დღემდე საკმაოდ გრძელი მეჩვენება, ცალკე პერსონაჟი გახდა და ძალიან შემიყვარდა.

ლიდერის თვისებებს რომ მივუბრუნდეთ, როცა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორად დავინიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილება მქონდა, მაინც პირველი შეგრძნება პანიკა იყო. ჩემი წინა სამსახურებისგან განსხვავებით (უმეტესად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოურ დიპლომატიურ მისიებში), სადაც მშვიდ გარემოში ჩემს კონკრეტულ საქმეს ვაკეთებდი, მქონდა წინასწარ განჭვრეტილი რუტინა და თითქმის არაფერი ამაღელვებელი არ ხდებოდა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ამპლუაში მყისიერად მომიწია როლში შესვლა: დიდი გუნდის მართვა, საჯარო საუბრები (წინა სამსახურიდან რაიმე საჯარო გამოსვლა რომ მქონოდა, შემეძლო რამდენიმე კვირა მორალურად შევმზადებულიყავი ამისთვის), ინტერვიუების მიცემა. ეს ყველაფერი - დახვავებული და თან სანერვიულო დროც რომ არ გაქვს, ისეთი ტემპებით. თავი ზუსტად იმიტომ გავართვი, რომ ნერვიულობაზე დასაკარგი დრო არ მქონდა. თითქოს ღუმელში შემაგდეს და მკვირცხლად თუ არ ვიმოქმედებდი და გამოსასვლელს ვერ მოვძებნიდი, დავიწვებოდი. ზუსტად ეს შეგრძნება მქონდა პირველი ორი-სამი თვე. მერე შევეგუე, შემდეგ კი მივხვდი, რომ ყველა სხვა სამსახურზე მეტად ეს საქმე მომწონს და საინფორმაციო კამპანიების, ლექციებისა და ტრენინგების ჩატარების ეშხშიც შევედი. რა თქმა უნდა, ვერაფერს შევძლებდი, ცენტრის ძალიან კარგი გუნდი რომ არ დამდგომოდა გვერდში. შესაძლოა, ძალიან გაცვდა ფრაზა “თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა”, მაგრამ, მართალია და რა ვქნა. ნამდვილად ასეა. არა მხოლოდ სიმორცხვეს ვძლიე, არამედ, ლიდერის თვისებებიც აღმოვაჩინე ჩემს თავში. რამდენ რამეს მალავს ადამიანი, მთავარია გასაქანი და სარბიელი მიეცეს.

ხუთშაბათი, 22 ნოემბერი

შედარებით მშვიდი დღეა: არც შეხვედრა მაქვს, არც საჯარო ლექცია, არც ტრენინგი. სამაგიეროდ, მაქვს ახალი მეილებით გადავსებული ელ. ფოსტა, ყავის ჭიქა (ყავის აღმომჩენი ცხონდეს!) და რამდენიმე ისეთი შემოტოვებული საქმე, რომლის გაკეთებაც “ეშმაკისთვის” გადავდე რამდენჯერმე და ახლაც ეჭვის თვალით შევყურებ ფიქრით - იქნებ შეიძლება, რომ შემდეგ კვირამდეც გადავწიო და აი, შემდეგ კვირას უეჭველად მექნება ლომის ენერგია და შემართება, რომ ყველაზე მოსაწყენ საქმეებს შევეჭიდო.

მოსაწყენი საქმეების ნახევარი მაინც გავაკეთე და თანამშრომლებთან ერთად ჩემი მოადგილის, ირინას, ახლად შეძენილი ნიკუშას გასაცნობად გავეშურეთ. საერთო მხიარულებაში ყველა კმაყოფილი დარჩა ნიკუშას გარდა; თავიდან მედგრად აიტანა ამდენი ადამიანის შევარდნა მის პირად სივრცეში, მაგრამ ბოლოს შეწუხება მაინც დაეტყო და დედას ჩაეხუტა. გულისამაჩუყებლად საყვარელია.

სახლში მოსვლა შემაგვიანდა. კარი გაიღო თუ არა, მარიამი უკვე ნახტომში დამხვდა და მყისიერად შემომაფრინდა კისერზე. საოცარი შეგრძნება აქვს დროის. 6 საათიდან ცმუკავსო, დედა და ნატალია მეუბნებიან. დღის განმავლობაში ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას გაღიმებული ხვდება, მაგრამ აი, საღამოს თუ ზარი ირეკება და ეს შენ არ ხარ, მაშინ კი ძალიან ბრაზობსო. ახლაც მოუთმენლად მელოდა და ძლიერად მომიჭირა ფუნჩულა ხელები სახეზე. ამ დიდი სიყვარულის გამოხატულებას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვიმსახურებთ: მე და დათო - ყოველთვის, გამონაკლის შემთხვევებში ბებოებს, ბაბუს, ბიძიებს და ბიძაშვილებსაც ერგებათ ხოლმე.

რაც მარიამი გამიჩნდა, სოციალურად პასიურ ცხოვრებას მივდევ. საღამოობით თითქმის არასდროს გავდივარ გარეთ, მირჩევნია დრო მარიამთან გავატარო, თან ვიცი, როგორ მელოდება. ჩემი პირადი დროის დანაკლისს ასე ვივსებ: მარიამი რომ დაიძინებს (საკმაოდ გვიან, 11 საათისთვის იძინებს), უძილობას ისედაც მიჩვეული, მოვკალათდები ხოლმე ლეპტოპით და ფილმებს ვუყურებ - ისეთებს, სულ რომ მინდოდა მენახა და დროს ვერ ვპოულობდი. კრიტერიონის კოლექციის რეკომენდაციებს ვენდობი და ყოველთვის მიმართლებს ხოლმე. ამჟამად კუბრიკის კვირეული მაქვს. კუბრიკი ხელახლა აღმოვაჩინე და გადავწყვიტე, რომ ყველა სხვა რეჟისორს მირჩევნია. ახლა ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში. დღეის ფილმიც შერჩეული მაქვს - Full Metal Jacket (რკინის საფარი) უნდა ვნახო.

პარასკევი, 23 ნოემბერი

დღეს გიორგობაა, 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის იუბილე, დასვენების დღე. მეგობრები ოჯახებით ლოპოტაზე მივემგზავრებით. კარგია გონების განიავება, სუფთა ჰაერი, რომლის ნაკლებობასაც დრამატულად განვიცდით თბილისში, გარემოსა და რუტინის შეცვლა. თუმცა გონებით სამსახურებრივ თემებს მაინც ვერ ვეთიშები. ბავშვმა როგორც კი დაიძინა, საფერავით ხელში ლეპტოპთან განვმარტოვდი და ჩვეულ სქროლვას შევუდექი. დღეს ის დღე მაქვს, კვირის განმავლობაში შენახული საკნატუნო გემრიელი სტატიები რომ უნდა წავიკითხო. შევარჩიე შესანიშნავი სტატია პოსტსიმართლის ეპოქაზე, ჩვენს ახალ რეალობაზე, რომელიც ჩემი სამსახურის თემებს ეხმიანება. რამდენიც არ უნდა ვიკითხო პროპაგანდაზე, პოსტსიმართლეზე, ტყუილის ხელოვნებაზე, ინტერესი არ მინელდება და, პირიქით, უფრო მიმძაფრდება. იმის გამოც, რომ ეს საკითხები ჯერ კარგად არ არის შესწავლილი, მათგან მიყენებული ზიანი ბოლომდე გააზრებული არ არის, გამოსავალი, რომელიც მოკლე დროში ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს, ჯერ არ ჩანს.

თუკი ტოტალიტარულ რეჟიმებში ხალხს საინფორმაციო წყაროები მკაცრად შეზღუდული და გაკონტროლებული ჰქონდა, დღევანდელ დემოკრატიულ სამყაროში, სადაც ინტერნეტის ღია სივრცეში აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, პოსტსიმართლის ბოროტი გენიოსები ამ ინფორმაციის სიუხვეს თავის სასიკეთოდ იყენებენ. ასე მაგალითად, ბრიტანეთში სკრიპალების ნოვიჩოკით მოწამვლის შესახებ მოსკოვმა 20-ზე მეტი სხვადასხვა ვერსია გააჟღერა. მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე 40-მდე ვერსიას ატრიალებდნენ რუსული საინფორმაციო არხები. ინფორმაციის მოზღვავებით საბოლოოდ იმ ეფექტს ქმნიან, რომ ადამიანს თავგზა ებნევა და ტყუილ-მართალს ვეღარ არჩევს.

ამ სტატიაში პოსტსიმართლე ასეა განმარტებული: თუკი სიცრუე იმისთვისაა, რომ ტყუილი ნამდვილ ამბად შემოგვასაღოს, პოსტსიმართლე გვაჩვენებს, რომ სიმართლე ნაკლებად მნიშვნელოვანია. პოსტსიმართლე ემოციებზე აპელირებით სტერეოტიპების გაღვივებას ცდილობს. ამ “ხელოვნებას” დაუფლებულ პოლიტიკოსებს, პუტინის თამადობით, გამაოგნებელი უტიფრობაც ახასიათებთ და დომინანტურობით გამოირჩევიან. ტყუილში საჯაროდ რომც გამოიჭირონ, შეცბუნებას ვერ შეატყობთ. თითქოს, მთელი მათი სხეულის ენა დომინაციას ასხივებს და აჩვენებს - მერე რა, თუ ტყუილი ვთქვი, მთავარი ისაა, რომ მე ამის უფლებას ჩემს თავს მივცემ და არც არაფერი მოხდება, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს.

სქროლვა-სქროლვაში ვერ გავურბივარ ფიქრს იმაზე, რომ მიუხედავად ამ პრობლემის ცოდნისა და მასზე ამდენი ინფორმაციის მიღებისა, ალბათ, მეც, გარკვეულწილად, პოსტსიმართლის ეპოქის მსხვერპლი ვარ. შეიძლება ამას ვერც კი ვამჩნევდე, მაგრამ რომ დავფიქრდე, ამდენ სქროლვაში, ვინ იცის, რამდენი ემოციური სათაური მებეჭდება გონებაში ისე, რომ არც კი ვხსნი ბმულს და შიგ რა წერია, არ ვინტერესდები. საბოლოოდ კი, ალბათ, ეს დაგროვილი ემოციები ჩემს განწყობებზე აისახება და ამას, შესაძლოა, ვერც კი ვაცნობიერებდე. არ იფიქროთ, პოსტსიმართლის პოლიტიკის გამტარი მხოლოდ რუსეთია. განვითარებულ დასავლეთში მოზღვავებული პოპულიზმიც სწორედ ამ პოლიტიკის ანარეკლია.

შაბათი, 24 ნოემბერი

წვიმიანი დღე გათენდა ლოპოტაზე. ჩავითბუნეთ და საუზმის შემდეგ ეზოში დავჭყაპუნობთ მე და მარიამი. წვიმის მიუხედავად, ძალიან ლამაზია აქაურობა. დათოვლილ კავკასიონს გავყურებ და ვტკბები. მინდა რაც შეიძლება დიდხანს გამიჩერდეს თვალებში ეს სილამაზე, თორემ სახლში ნუცუბიძის პლატოდან გადმოვცქერი სხვადასხვა დროს უმოწყალოდ დამახინჯებულ ქალაქს.

თბილისის ამ იერსახესაც თითქოს შევეგუე, მაგრამ საკმარისია ცოტა ხნით დავტოვო, დაბრუნებულს თვალს მჭრის ბეტონის უსახური კორპუსები, ძველ კომუნისტურ შენობებზე მიდგმული დაუმთავრებელი მიშენებები, გადიდებული აივნები, ერთმანეთთან შეუხამებელი, სოკოებივით წამოჭიმული სახლები.

სიმღერა მიყვარს ძალიან, ბავშვობიდან ვმღერი. ამ ბოლო დროს მივხვდი: თბილისზე, ჩემს საყვარელ ქალაქზე, სიმღერა აღარ გამომდის. აბა ნახეთ, როგორი არადამაჯერებელია ახლა უმღერო თბილისს „მზის და ვარდების მხარეო“. თან მეცინება, თან ძალიან გული მტკივა.

მაინც ვერასოდეს დავთმობ თბილისს. მარიამისა და მისი მეგობრების მხიარულებას ვუყურებ, ეზოში ყიჟინით რომ დარბიან და ვფიქრობ, ნეტა ესენი როგორ თბილისში იცხოვრებენ, რომ გაიზრდებიან?

შუადღისას სტატიას ვკითხულობ ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ცენტრზე, რომელიც ჰელსინკიში შეიქმნა. სტატია ძალიან მაჟორულია და დამაიმედებლად ასახავს ჰიბრიდულ საფთხეებთან ბრძოლისთვის ნატოსა და ევროკავშირის კოორდინირებულ მუშაობას. თუმცა მე მთლად ოპტიმისტურად ვერ ვარ განწყობილი. ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიცირებაც კი გამოწვევაა დასავლეთისთვის. სულ უფრო და უფრო ფართოვდება ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდების ნუსხა, რომელსაც რუსეთი დასავლური დღის წესრიგის ასარევად იყენებს. სკრიპალების ამბის შემდეგ საფრთხეების სიას ქიმიური იარაღიც დაემატა. ისე ჩანს, რომ ამ ბრძოლაში ჯერჯერობით ერთი ნაბიჯით სულ უკან არის დასავლეთი. მთელი ეს ძალისხმევა - შეისწავლონ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, გააანალიზონ, მოამზადონ პასუხები და გააძლიერონ ის მიმართულებები, რის შესუსტებასაც რუსეთი გეგმავს, მაინც რეაქტიულია, მაშინ როცა რუსეთი სულ ახალ-ახალ ვერაგულ ხრიკებს მიმართავს. შედეგად კი გაოცებული ევროპა და აშშ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ რუსეთი მათ არჩევნებშიც ერევა, რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებსაც აფინანსებს, არსებული სოციალური უკმაყოფილების ფონზე აგორებულ შიდა საპროტესტო მოძრაობებს უფრო ამძაფრებს, კიბერთავდასხმებსაც აწყობს, თავისუფალ საინფორმაციო სივრცესა და სოციალურ ქსელებს ისე ეშმაკურად იყენებს, რომ მხოლოდ პოსტფაქტუმ ხდება ანალიზი, რამხელა დარტყმა მიაყენა თავისუფალ სამყაროს, ბოლოს კი სულაც ქიმიურ იარაღს იყენებს ევროპის გულში და არავინ იცის, რა იქნება შემდეგი, რას უნდა ველოდოთ კიდევ მათგან.

ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ, რუსეთი დემოკრატიას ებრძვის და ებრძვის დემოკრატიის გავრცელებას არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც თავისი “ლეგიტიმური” ინტერესების არეალად მოიაზრებს, არამედ თავხედურად ცდილობს დემოკრატიული წყობა ჩამოშალოს დასავლეთში, დემოკრატიის სამშობლოში.

ამ ბრძოლაში ერთადერთი პროაქტიული ნაბიჯი, რითიც დასავლეთი რუსეთს უპასუხებს, ისევ და ისევ სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოება, ცოდნის გავრცელება და დემოკრატიული ღირებულებების ხელახლა გააზრება-განმტკიცებაა. ამით უნდა დავიცვათ ჩვენი ცნობიერება რუსული რბილი ძალის შემოჭრისგან (რომელიც ხისტ ძალაზე უფრო საშიში და ვერაგია). ამ გზით კრემლი ცდილობს ჩვენ გვაკეთებინოს თავისი საქმე, თან იმგვარად, რომ სამშობლოს გულანთებულ პატრიოტებად მიგვაჩნდეს თავი. ბოლო დროს დასავლეთში მოდური გახდა სიტყვა „მედეგობა“ (resilience), რომელიც სწორედ იმას გულისხმობს, რაც ზევით ვახსენე. პოსტსიმართლისა და ცრუ ამბების ეპოქაში განსაკუთრებით გვმართებს გაძლიერება, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია თითოეულ ტყუილს უპასუხო. თუკი განვიმტკიცებთ ცოდნას, დემოკრატიული ღირებულებების რწმენას და ვიქნებით მზად ამ ახალი რეალობისთვის, ზეთით გაპოხილი კედელივით ავისხლეტთ ტალახს, რომელსაც რუსეთი გვესვრის. ეს შედარება ერთხელ მარკ ლაითიმ, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ახსენა თბილისში გამართული შეხვედრის დროს და სრულიად გავიზიარე. მეც მიმაჩნია, რომ ცოდნის გაღრმავებით, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებით მედეგობის გაძლიერება ერთადერთი ხსნაა, რომ მტერი ჩვენს გონებაში არ შემოვუშვათ. მტერს კი სწორედ ეს უნდა, სამუდამოდ აგვირიოს ღირებულებები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ფასეულობებს, მათ მიმართ სკეპტიკურად განგვაწყოს და, საბოლოო ჯამში, ჩვენვე გვათქმევინოს მათზე უარი. დემოკრატიის გადარჩენის დროა თვით ძირძველ დასავლურ დემოკრატიებშიც კი, ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის კი ეს ყოფნა-არყოფნის განმსაზღვრელი საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს ძალიან უჭირს ამ ეტაპზე რუსული ჰიბრიდული საფრთხეების ეფექტური მოგერიება, მაინც მტკიცედ მჯერა, რომ სიკეთის გამარჯვება გარდაუვალია. შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ეს ბრძოლა, მაგრამ, ისევე როგორც ცივი ომის დროს, ტყუილების პროპაგანდაზე აგებულ “რუსულ სამყაროს” საბოლოო მარცხი არ ასცდება. ასე მინდა მჯეროდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარიამის მომავალზე ვფიქრობ და იმ სამყაროზე, რომელშიც მას მოუწევს ცხოვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG