Accessibility links

„თავის სახლს“


ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

საქართველოში დაახლოებით 4700 სოფელია, აქედან დაახლოებით 250 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ამდენივე სოფელი კი მთლიანად დაცარიელებულია. შიდა მიგრაციამ სოფლიდან - ქალაქში ბევრ ტერიტორიულ ერთეულს დაატყო საკუთარი კვალი. ამის გათვალისწინებით, ამბის მოყოლა პატარა სოფლის დაცლაზე რთული იქნება. ამიტომ თხრობას ასე დავიწყებ...

ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანს მოუნდება, მოყვეს ისტორია ადგილზე, რომელიც ოდესღაც მიატოვა და სანახავად დიდი ხნით აღარ დაბრუნებია.

ჩემი ბებიის ისტორია იმ ამბიდან იწყება, როდესაც ოჯახი შექმნა და დატოვა სახლი, რომელშიც ბავშვობაში იზრდებოდა. ბებია, რომელიც ახლა 65 წლისაა წლებთან ერთად უფრო და უფრო ხშირად იხსენებს თავის პირველ სახლს, ვანის რაიონის პატარა სოფელ გადიდში.

ტრადიციის მიხედვით, როდესაც ქალი ოჯახს ქმნის და მეუღლის სახლში გადადის საცხოვრებლად იმ სახლში სტუმარი ხდება, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა. თუმცა იმის აღსანიშნად, რომ ეს სახლი მას მაინც ეკუთვნის, ვანში ამბობენ, რომ ქალი წავიდა „თავისას“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი თავისი მშობლების სახლში წავიდა. ჩემი ბებიის „თავის სახლი“ არასოდეს მინახავს მიუხედავად იმისა, რომ ვანში ხშირად ჩავდივარ და ყველაფერი რაც ვიცი, მოყოლილი ამბებიდან ვიცი.

გადიდი ვანის მთიანი სოფელია, იმერეთის ამ სოფელშისიმინდის ყანა კარგად არ ხარობს რელიეფის თავისებურებების გამო, მაგრამ თხილის უხვი მოსავლით ყველა სხვა სოფლისგან გამოირჩევა. 40 წლის წინ აქ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკები იყო და ყოველწლიურად საქართველოს სხვადსხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან სკოლის აღსაზრდელები სწორედ აქ იყრიდნენ თავს. დედისგან მსმენია, რომ ერთხელ თავადაც მოუნდომებია ბანაკში დარჩენა, რადგან მისი უფროსი ძმა მიდიოდა, მაგრამ იმის გამო, რომ პატარა იყო, მალე მოსწყენია, უტირია და მშობლებს შუაღამით მისი სახლში დაბრუნება დასჭირვებიათ. წლების წინ ამ სოფელში საბაგიროც არსებობდა, რომლიც დამსვენებლებს განსაკუთრებით მოსწონდათ, თურმე. წლების წინ გადიდი იყო სოფელი, რომელსაც საკურორტო ფუნქცია ჰქონდა და ხალხმრავლობითაც გამოირჩეოდა.

ზემოთხსენებული ამბებიდან ბევრი წელი გავიდა და ქვეყანაში რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა. იმ პირობებში, როდესაც ხან დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ხან ტერიტორიების შენარჩუნებისთვის, ხან ევროპისკენ სწრაფვითა და ხან კი ერთმანეთთან ქიშპობით ვიყავით დაკავებული, ვანის პატარა სოფელი ვის გაახსენდებოდა? არადა დროსთან ერთად გადიდმა არა მარტო ფუნქცია, არამედ მოსახლეობის 98% დაკარგა.

ამჟამად სოფელში დაახლოებით იმდენი ოჯახი ცხოვრობს, რამდენიც ხელის მტევნებზე ჩამოითვლება. დღეს გადიდის სკოლა დაკეტილია და სკოლის ზარიც დიდი ხანია უფუნქციოდ დევს. საბჭოსა და სხვა ადმინისტრაციული შენობებიც ნახევრად გვერდზე გადახრილა და ფანჯრებს ზუსტად იმხელა მტვერი ადევთ, რამდენი ხანიც მათი მიტოვების შემდეგ გავიდა...

ყოველ გაზაფხულზე დადგება თუ არა აღდგომის დღესასწაული ბებია წესისამებრ გაამზადებს შეღებილ კვერცხსა და პასკას და ბაბუასთან ერთად იმ „თავის სახლს“ სტუმრობს, დიდი ხნის წინ რომ დატოვა. შემდეგ მირეკავს და დიდხანს მიყვება ამბავს, რამდენად ლამაზია სოფელი გადიდი და რომ ერთ დღეს იქ აუცილებლად უნდა წავიდე, რომ უნდა ვიცოდე სად არის ის „თავისი სახლი“.

ამ წელს მშობლების საფლავზე რომ მივიდა ბებიამ დანთებული სანთლები და საფლავზე გადაგორებული წითლად შეღებილი კვერცხი ნახა. ცოტა ხანში ბებიას ახალგაზრდობის მეგობარი გამოსულა მანქანის ხმა გავიგონე და უნდა მენახა ვინ მოვიდაო. თურმე ის ქალი არასოდეს დაქორწინებულა და მთელი ცხოვრება „თავის სახლში“ გაუტარებია. უთქვამს აქ იმისთვის დავრჩი, ეს ადგილი ვაცოცხლოო და ამ საფლავებს მიტოვებული ვერ დაერქმევა სანამ მე ვარო. მერე ბევრი უსაუბრიათ შვილებზე, შვილიშვილებზე, მშობლებსა და ახლობლებზე, მოყვრებსა და მტრებზეც კი, აწმყოსა და მომავალზე.

მეგობარს ისიც მოუყოლია, სოფელში ერთი კარგი ბიჭი მოვიდა ასე მითხრა პოლიტიკოსი ვარ, ამ სოფლის გამგებელი მინდა ვიყო და მითხარი რა გინდა რომ გაგიკეთოთო. მთიანი სოფელია და გაზის შემოყვანას ვაპირებო, თქვენ რა გჭირდებათ ყველაზე მეტადო?

გაზი არ მინდა შვილო, მთელი ცხოვრება ტყიდან შეშას ვეზიდები და საჭმელს ბუხარში ვაკეთებ... გზა, გზა გაგვიკეთე თუ ეს შეგიძლია, რომ ზაფხულში მაინც ჩამოვიდეს ის ხალხი აქ რომ ცხოვრობდნენ და აქაურობა უყვარდათო...

წინადადება რომ დაუსრულებია, ცრემლები მოუწმინდავს. მერე გულუბრყვილოდ უკითხავს გზა რომ იქნება ადამიანები ზაფხულში ხომ მაინც ჩამოვლენო?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG