Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კვიჟინაძე - მოწყალების და


27 მაისი, კვირა

რატომღაც ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა... ჯერ მხოლოდ დილის 5 საათია... ვცდილობ ჩაძინებას, მარგამ ვერ ვახერხებ... ჩვეული რიტუალით ვაბრუნებ თავს გვერდზე და ვცდილობ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სუნთქვას დავაკვირდე... ღრმად სძინავს ამ „პატარა“ ქალბატონს ემბრიონის პოზაში, ისე თბილად და ტკბილად... სულ მიკვირს, როგორ ახერხებს ემბრიონის პოზაში ძილს, არადა უკვე თითქმის 80 წლისაა... მეცინება, ახალგაღვიძებულზე რომ ვკითხავ: “დე, როგორ გეძინა?”, პასუხი უცვლელი იქნება: “საერთოდ არ მძინებია”... მერე მე ვკითხავ: “რატომ, დედა, გაწუხებდა რამე?”... და პასუხად, მისი საყვარელი ფრაზა: „დედი, მოხუცს ან ტკივილი შეაწუხებს, ან უძილობა, ან, რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ. მთავარია, თქვენ მყავდეთ კარგად და მე მეტი არაფერი მინდა“.

თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ისევ ჩაძინებას.

უშედეგოდ...

ფიქრებმა წამიღო.

დღეს სულთმოფენობაა და პატარა იოანეს ნათლობა...

ჩემი მე-10 სულიერი შვილი...

მაცხოვრის სიტყვები მახსენდება:“უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“...

ნათლობისას ძველი ადამიანი კვდება და ახალი იბადებაო, ამბობენ წმინდა მამები... ღვთაებრივ ნათელს, ნათლობისას რომ ვიღებთ ამ ღვთაებრივ ძალას,მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი განახლება. ნათლისღება ხომ სწორედ განახლების დღესასწაულია და ეს დღესასწაული ათორმეტ საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს რომ ემთხვევა, ესეც ხომ საოცარია... სიხარული განუზომელი და ორმაგია...

მაღვიძარა რეკავს. ფიქრებში გართულს სულ დამავიწყდა მისი წინასწარ გათიშვა... ქალბატონი იშმუშნება... მე ხმას არ ვიღებ, ვუყურებ ასე, უხმოდ...

- დილა მშვიდობისა, - მეუბნება.

- დილა მშვიდობისა. როგორ გეძინა, დე?

და ჰოი, საოცრებავ, რიტუალი ირღვევა, ასეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდი:

კარგად, დედი, პატარა ბავშვივით, - პატარა პაუზა. და ხმადაბლა მეძახის:

თამუნა.

მე ვპასუხობ:

რა გინდა, დე?

არაფერი, რა უნდა მინდოდეს, სიზმარში სოფელში ვიყავი...

და აღარ ვამთავრებინებ, ვდგები ლოგინიდან და ოთახიდან გავდივარ...

უკვე ვიცი, რომ ამჯერადაც თავის საყვარელ სოფელში იმოგზაურა, გავიდა საფლავზე, ნახა მეზობლები, გადახედა თავის კარ-მიდამოს (როგორც თვითონ ეძახის) და იფუსფუსა ბოსტანში... ეს თემა მისთვის მტკივნეულია და არ მინდა კიდევ ერთხელ გავახსენო და ავუშალო მოგონებები...

15 საათზე უკვე ძეგვში ვართ გოგოები, ცოტა ადრე მოგვიწია ჩასვლა. ტაძარში საოცარი სიმშვიდე და მადლია... და პირველი სიტყვები, რაც თავისდაუნებურად შიგნიდან მოდის: მადლობა, ღმერთო, ყოველი დღისთვის, ყოველი განსაცდელისთვის და ყოველი საჩუქრისთვის.

ცოტა ხანში ტაძარი ხალხით ივსება და იწყება პატარა იოანეს ნათლობა...

28 მაისი, ორშაბათი

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი დილა, ჩვეული რიტუალით: 6 საათზე გაღვიძება, სააბაზანოში შესვლაზე დროულად თადარიგის დაჭერა, თუ არადა, რიგში დგომა (ჩვენ ხომ ერთი დიდი მხიარული ოჯახი ვართ - ოჯახი, სადაც ყველა ერთდროულად გადის სახლიდან: ზოგი სამსახურში, ზოგი უნივერსიტეტში. თქვენ წარმოიდგინეთ, დედაჩემიც კი, რომელიც არსად ჩქარობს, - არც სამსახურში და, აგერ, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, აღარც უნივერსიტეტში, - ისიც კი ცდილობს ყველას დაგვასწროს და პირველი შევიდეს სააბაზანოში)...

ლოცვა, კანონის კითხვა, სამზარეულო, „პატარა ქალბატონისთვის“ საუზმის მომზადება, წამლების დახარისხება დღეების მიხედვით, უმიზეზო ბუზღუნი (ვითვლი წამლებს და ვხვდები, რომ მომატყუა და რამდენიმე წამალი არ დაულევია... უფრო სწორად, კი არ მომატყუა, მისი დაავადებიდან გამომდინარე, უბრალოდ, დაავიწყდა. ჰოდა, ბუზღუნის მეტი რა დამრჩენია!)...

თითქოსდა ჩვეულებრივ დღეს ორი მიზეზი აქვს, რომ ის არაჩვეულებრივი იყოს: დღეს ჩემთვის ძვირფასი ორი ადამიანის დაბადების დღეა. ორივე ჩემთვის უძვირფასესია, ორივე უზომოდ მიყვარს და ორივესთან მისვლა კიდევაც მსურს და კიდევაც მმართებს... მთელი სულით და გულით ვთხოვ უფალს მათ ბედნიერებას და ჯანმრთელობას, ვუსურვებ სულიერ სიმშვიდეს და ცხოვრების ხალისს, რათა ყოფით წვრილმანებს, ამ სამყაროს რომ ასე ნაცრისფერსა და გაუსაძლისს ხდის, გაუძლონ და საკუთარი პიროვნული სახე ბოლომდე შეინარჩუნონ...

სულიერი სიმშვიდე და ხალისი კი თავად მეც მჭირდება, რომ შევძლო და, როგორც ყოველდღე, დღესაც ენერგიით აღსავსე, მხიარული, მოღიმარი, ახალ იდეებმოზღვავებული (ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, იუმორით. ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ტვინი ისეთი გაყინული მაქვს, იდეები კი არადა, იდეაც კი დიდი ხანია არ მომსვლია) შევუდგე მუშაობას...

დილა ბავშვთა ჰოსპისში... ჩემი მეორე სახლი, ჩემი დიდი ოჯახი, ჩემი ენერგიის წყარო, რომელიც მკვებავს, უფრო მეტს მაძლევს, ვიდრე გავცემ... მოღიმარი ჯონი, რომელიც ჩემ დანახვაზე ისე ბჟირდება, ნამდვილად მასხარად აღმიქვამს და ეს ისე მახალისებს და ისე მეამაყება... აბა, წამოიდგინეთ, 15 ადამიანში მხოლოდ თქვენ რომ გიღიმოდეთ, როგორ არ იამაყებდით...

ჰოდა, დავდივარ ასე ამაყად, თავაწეული და ბედნიერი... გოგოები ფუსფუსებენ, მოვლის გეგმას ადგენენ და დაფაზე გადააქვთ. ვის სჭირდება გასეირნება, ჩახუტება, აბაზანა, სენსორული ოთახის სეანსი და უამრავი ჩამონათვალი... დაფა მთლიანად დაფარულია ჩანაწერებით...

ეკა ბინაზე გასასვლელად ემზადება და ჩანთას ამზადებს, თან ისე ყურადღებით და მონდომებით, ვჩერდები და ვაკვირდები. მგონი, უკვე მესამედ ამოალაგა და ჩაალაგა, ეშინია რამე არ დარჩეს.

მეც დილიდან გამოყოლილი ომახიანი ხმით (დღეს მაინც ორშაბათია და ჯერ კიდევ შენარჩუნებული მაქვს ხმაში ჟღერადობა), როგორც ეს კოორდინატორს შეეფერება (ისე, რა სასაცილო ადამიანი ვარ), კიდევ ერთხელ გავდივარ მასთან ერთად დღის განრიგს: რომელ ბავშვთან რას ვაკეთებთ, ვისთან რას ვტოვებთ, საჭიროებების განსაზღვრა და ასე შემდეგ.

ისე ვარ გართული ლაპარაკში, ვერც კი ვაფიქსირებ, ჩემი ორივე ტელეფონი როგორ რეკავს.

როგორც იქნა, ვუპასუხებ ტელეფონს.

ისევ ისე ვრჩები როლში შეჭრილი და მამაკაცური, ომახიანი ხმით ვუპასუხებ:

ბატონო!!!

და სანაცვლოდ დედაჩემის პასუხი:

ხომ მშვიდობაა, გაგაბრაზა, დედა, ვინმემ?

არა, საიდან მოიტანე, სამსახურში ვარ.

დიდებში თუ პატარებში? ( დედაჩემი ყოველთვის ასე განასხვავებს ერთმანეთისგან ჩემს ორ სამსახურს).

ბავშვებში, - ვუპასუხებ.

მერე, დედი, არ გრცხვენია, ამხელა ხმაზე რომ ყროყინებ და იყეფები?

მომენტალურად დედაჩემმა ერთდროულად ორ ცხოველს, ვირს და ძაღლს, შემადარა.

ჰოდა, მეც ვირივით ყურებჩამოყრილი და ასე ბავშვივით კუთხეში ატუზული, ვუსმენ მის აღმზრდელობით ლექციას, რომელიც არა და არ მთავრდება.

ლექცია დამთავრებულია.

ვუბრუნდები სამუშაოს...

აღმოვაჩინე, რომ ეკა უკვე წასულა ბინაზე.

კიდევ რამდენიმე საათი ვრჩები ჰოსპისში და მერე მეც გავდივარ ბინაზე პაციენტთან.

მთელი დღე შემოსულ ზარებს ვუპასუხებ.

ვიღაცას მაღალი სიცხე აქვს, ვიღაცას აღებინებს...

ერთ-ერთი ბავშვი გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში.

ვრეკავ ჰოსპისის ექიმთან.

მგონი, უკვე ჩემი ზარის დანახვაზე ცუდად ხდება, მაგრამ ისეთივე მშვიდი ხმით მიპასუხებს, როგორითაც დილის პირველ ზარზე. ვთხოვ, რომ მშობელს დაურეკოს.

რეკავენ ბავშვების დედები, რომელთაც ასე ძალიან სჭირდებათ მოსმენა, თანადგომა და თანაგრძნობა და არავითარ შემთხვევაში- სიბრალული...

აი, მაშინ ვხვდები, რომ, მართლაც, ესაა მთავარი ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ეს მაგრძნობინებს, რომ ადამიანურ მოვალეობას ვასრულებ და ამქვეყნად ამაოდ არ მოვსულვარ...

სიკეთის მსახურებას თავისი მოთხოვნები აქვს, მკაცრი და შეუვალი: უანგაროდ უნდა აკეთო, დიდი სიხარულით...

ამასთან, ტკივილიცა და წყენაც უნდა აიტანო, უკან არაფერმა არ უნდა დაგხიოს, არც სირთულემ და უმადურობამ და არც დისკომფორტმა.

არ არის ადვილი.

რთულია.

თუმცა - არა შეუძლებელი.

არ მივაყენოთ ადამიანებს ტკივილი, ხომ სწორედ ეს არის სიყვარული... განა რთულია?

ჩემი იუბილარები სულ დამავიწყდნენ.

ნინოს მხოლოდ ტელეფონით მივულოცე იუბილე. ხუმრობა ხომ არაა 60 წელი. რომც არ ვუთხრა, ისედაც იცის , რომ ძალიან მიყვარს.

აი, ლენიკოსთან კი ზუსტად 20 წუთით შევირბინე, გემრიელად ჩავკოცნე, საჩუქარი გადავეცი (სამწუხაროდ, პატარა აღმოაჩნდა და უკანვე წამოვიღე), მის პატარა შვილიშვილებთან ცოტა წავითამაშე.

უნდა ნახოთ, როგორ სასაცილოდ მეძახიან ბებიას. მე ეს ისე მახალისებს და საოცრად მსიამოვნებს.

გავრბივარ მონატრებულ ადამიანთან შესახვედრად.

დღეს რაღაც სულ გადარბენაზე ვარ. ცოტა რიტმს უნდა ვუკლო, მით უმეტეს, ჩემს ასაკში.

იცით, რამხელა ბედნიერება და ფუფუნებაა, როცა შენი მეგობარი, გარდა იმისა, რომ კარგი ადამიანია, ბრწყინვალე ფსიქოლოგიცაა?!..

ოღონდ, ვაფრთხილებ, ამ საღამოს გვერდით მხოლოდ მეგობარი მჭირდება და არა ფსიქოლოგი...

29 მაისი, სამშაბათი

მთელი ღამე ვერ დავიძინე, საშინლად მახველებდა. აბა, რა მეგონა, მთელი საღამო ბედნიერი სახით რომ ვიჯექი კონდიციონერის ქვეშ და მეგობართან ერთად შევექცეოდი ღვთაებრივ სითხეს, რომელსაც ქართველები ღვინოდ მოვიხსენიებთ?!

ღამის 3 საათია, ინტერნეტი ჩავრთე და ფარაჯანოვის “ბროწეულის ფერის“ ყურება დავიწყე...

ჰოდა, სიზმრად, არც მეტი არც ნაკლები,საიათნოვა ვნახე...

გაღვიძებულს ამეკვიატა:

„შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ,

ლალის ვარდო, ყანაში ხარ, მკაში ხარ!

გაზაფხულის იასავით მთაში ხარ,

სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ,

ზღვის პირველი ჯეირანი რაში ხარ!“

მგონი, მართლა შეყვარებული ვარ ცხოვრებაზე... შენზე... თქვენზე...

და რა მაგარია, რა საოცარია, რა ადვილია ამ დროს ყველაფერი...

30 მაისი, ოთხშაბათი

ბავშვთა ჰოსპისი.

ბარბარეს დაბადების დღე.

პატარა ქალბატონი 5 წლის ხდება.

ყველას მაინც მე და ჯონიმ დავასწარით - ღამის 12 საათია და უკვე ბარბარეს პალატაში ვართ. ველოდებით გოგოებს, როდის შემოიტანენ ტორტს, ანთებული სანთლებით.

და ვიწყებთ დაბადების დღის მილოცვას ჩუმად.

ჩუმად, იცით, რატომ?

იმიტომ რომ, ბაბის ღრმად და მშვიდად სძინავს...

რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი მზეა,

იმიტომ რომ, დღეს ბარბარეს

დაბადების დღეა...

წესით, ამ დროს მე ჩუმად უნდა ვიყო ჩემი ხმის პატრონი.

ყველაზე მეტად ჯონის უხარია. ახლა დავაფიქსირე, როგორი დიდი თვალები ჰქონია, როგორი მეტყველი და თბილი... რომ ელაპარაკები, თვალს საერთოდ არ გაშორებს.

საოცარი მსმენელია, აღმოვაჩინე.

დილიდან იწყება ფუსფუსი ჰოსპისში, საჩუქრების მიღება. ბაბის ოთახის მორთვა-გალამაზება.

უნდა ნახოთ, ექთნები უფრო ხალისობენ და ერთობიან, ვიდრე ბავშვები. ერთმანეთს არ აცლიან ბურთებით და ყვავილებით ოთახის გალამაზებას. აშკარად გადაიტვირთა აქაურობა.

ბაბიც კი აღარ ჩანს თავის ლოგინში.

ეეეე... რა მაგარი ადამიანები ხართ, თქვენ, ბავშვთა ჰოსპისის თანამშრომლებო...რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ...

მათმა შემხედვარემ, მინდა ხმამაღლა ვიყვირო: მეამაყებით, ხალხნოოო!!!

მაგრამ, ამის მაგივრად,ვჩუმდები, ვიღიმები ყველის ვაჭარივით და მივდივარ...

31 მაისი, ხუთშაბათი

დილის 9 საათია. გაგიკვირდებათ და, ჩამეძინა... აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის გამეღვიძა ასე გვიან. მიჭირს გაღვიძება. ასე მძინარე გავდივარ სამზარეულოში, ჩაიდანს ვავსებ წყლით და ვდგამ გაზზე. უკნიდან მესმის ჩქარი ნაბიჯის ხმა. ვხვდები, რომ დედაჩემია. ვიცი, უთუოდ ჰგონია, გავედი სახლიდან და დავტოვე სააბაზანოში შეუსვლელი.

საოცარია ცხოვრება...

ვერც კი მივხვდი, როდის შევიცვალეთ როლები, როდის გავხდი მე დედა და დედაჩემი - ჩემი შვილი... და ამას, იცით, როდის შევიგრძნობ ყველაზე მძაფრად? - როცა სააბაზანოში შევდივართ ერთად დასაბანად პატარა ბავშვივით; როცა სადილს ან ვახშამს ვუმზადებ და სხვადასხვა მიზეზების გამო მიწუნებს; როცა კარამელის ნაყინს მთხოვს, მიტანისას კი აღმოაჩენს, რომ კარამელის ნაყინს შოკოლადისა ერჩივნა; როცა საღამოს 7 საათიდან იწყებს ტელეფონზე რეკვას და იმის კითხვას, როდის მივალ... ჩემი ტკბილი დედა...

დღეს შედარებით მშვიდი დღე მაქვს... მთელი დღე დიდების ჰოსპისში ვარ, ჩემი მოწყალების დების გარემოცვაში. თითქოს მაჩუქეს ეს დღე პაციენტებმა. ათასში ერთხელ ასეც ხდება: დროს შენ განკარგავ და დრო არ გღლის...

1 ივნისი, პარასკევი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ზაფხულის პირველი დღე, ჩემი მშობლიური ჰოსპისის (ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული) სახელობის დღე... ეს დაბადების დღეზე მეტია...

მიყვარს პირველი ივნისი, ალბათ, როგორც ყველა ქართველ მართლმადიდებელს: ამ დღეს წმინდა ნინო მცხეთაში შემოვიდა და საქართველო აღამაღლა, ქრისტეს ნათელი მოჰფინა, მარადიული ცხოვრების რწმენა მიჰმადლა, განსაცდელისას ღვთის იმედად ყოფნა ასწავლა და უფლის წყალობის დანახვა შეაძლებინა, სიმშვიდის ფასი დაანახვა...

სიმშვიდე... როგორი საჭიროა დღევანდელ ყოფიერებაში, ყოველდღიურ ქაოსში. როგორი იშვიათი სანახავია საზოგადოებაში და, ამავე დროს, როგორი საჭიროა თითოეული ადამიანისათვის..

რა უცნაურია, ადამიანებს როგორ აშინებთ სიტყვა „ჰოსპისი“. არადა, სწორედ ჰოსპისის კედლებში გრძნობ ადამიანი, როგორ იმარჯვებს სიკეთე და როგორ მარცხდება სიკვდილი სულიერად, როგორ იმარჯვებს წუთისოფლის კანონებზე ზეციური კანონები...

”ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე. ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი- ადამიანს...“

პირველი ივნისი განსაკუთრებული დღეა ბავშვთა ჰოსპისისთვისაც... დილიდან ფუსფუსი და მზადება მხატვარ თამუნა შიუკაშვილის არაჩვეულებრივი ნახატების გამოფენა-გაყიდვისთვის , სტუმრების მოლოდინი, ტკბილეულის მზადება...

მშვიდი და ლამაზი საღამო...

კაფე-რესტორანი „სტრადა“.

მეგობრების გარემოცვა, ბევრი ნაცნობი და უცნობი სახე.

საოცარი მუსიკის ჰანგები ბრწყინვალე პიანისტის ედიშერ სავიცკის შესრულებით. დაუვიწყარი საღამო, რომელიც მან ბავშვთა ჰოსპისს მიუძღვნა.

სატელეფონო ზარი.

რა უცნაურია, როგორ შეუძლია ერთ ზარს მთლიანად შეცვალოს შენი განწყობა, დადებითი ემოცია შეცვალოს უარყოფითმა...

ერთ სიტყვას, ერთ სიტყვას შეუძლია გახადოს ადამიანი ერთდროულად ბედნიერი და ლაღი, დარდიანი და სევდიანი...

თუმცა, მაინც უნდა შეძლო და დაივიწყო...

ის ერთი სიტყვა, სულს რომ აგიფორიაქებს...

მგონი, შევძელი და ნელ-ნელა ვივიწყებ.

2 ივნისი, შაბათი

როგორც კი ვწვები, მარცხენა მხარეს ვტრიალდები, თვალებს ვხუჭავ, რომ მალე ჩამეძინოს.

ჩაძინება არ გამომდის. სადღაც წამიღეს ფიქრებმა.

დღეს ჩემი დის გარდაცვალების დღეა...

29 წელი უშენოდ...

ახლა უკვე 2 ჯერ შენზე დიდი ვარ. შენ 22 წლის დარჩი. მე ახლა 44-ის ვარ.

ვიცი, რომ დედა მთელი დღე მოწყენილი იქნება. გაღვიძებისას იტყვის, რომ შენ დაესიზმრე. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებ, რომ ყოველი შენი გარდაცვალების დღეს ესიზმრები და მე უკვე აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის დამესიზმრე...

სურათს ვაკვირდები, სამი მოღიმარი სახე: მე, შენ და პაატა.

მე და შენ გვერდიგვერდ ვდგავართ. პაატა, როგორც უფროს ძმას შეეფერება, უკან გვიდგას. სურათის უკანა ფონზე კი სოხუმის სანაპიროა.

მე აშკარად სადღაც გაქცევა მინდა, თვალებში “ეშმაკები“ მითამაშებენ. შენ ჩემს მარცხენა ხელს ხარ ჩაჭიდებული და არ მიშვებ...

რომ იცოდე, როგორ მენატრება ეს ჩაჭიდება ...

თვალებს ვხუჭავ და ბავშვობას ვიგონებ. იცი, რატომ? ყოველ ჩემს ბავშვობის მოგონებებში შენ ხარ და ყოველთვის მიღიმი... თბილად მეძახი: “დაბო“( ასე მხოლოდ შენ მეძახდი). მე რატომღაც მხოლოდ მესამე დაძახებაზე ვიხედები...

მენატრები, ჩემო ფუმფულა, მუდამ მოღიმარო თეთრო გოგო...

თვალებს ვახელ და ღიღინს ვიწყებ, როგორც შენ გიყვარდა...

გამიჭირდება, მაგრამ დღეს მთელი დღე უნდა ვიღიღინო...

ოღონდ რეპერტუარი ჯერ არ ვიცი, ექსპრომტად რამეს მოვიფიქრებ...

თამარ კვიჟინაძე - თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:28 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG