Accessibility links

"თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო" - გაიხსენეთ როგორ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან


ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გაკეთებული განცხადებით დატოვა.

ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგს ჟურნალისტები არ დასწრებიან. ყოფილი პრემიერის გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო. მისი გამოსვლა ჯერ ორ საათზე იყო დაანონსებული, შემდეგ ექვსზე, საბოლოოდ კი გადადგომის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა საღამოს 8 საათზე გააკეთა:

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს“ - განაცხადა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავა.

თავად ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წელს ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე 1 წლის განმავლობაში მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი 2011 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა. თუმცა, მანამდე ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის 8-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

გადადგომისას ირაკლი ღარიბაშვილს არ განუმარტავს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, მან მხოლოდ ის თქვა, რომ: „თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

თანამდებობის დატოვებისას ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი საქმიანობის მთავარ მიღწევად ქვეყანაში მშვიდობის, კანონიერების და სტაბილურობის დამკვიდრება დაასახელა. ასევე „მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის“, - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისტორიულ შედეგად კი შეაფასა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG