Accessibility links

თარაშ კანდელაკს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა


საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ყოფილ წევრ თარაშ კანდელაკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟს 18 წლის ე.თ-ის ცემაში ედება ბრალი.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა. პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, ბრალდებულს არ გამოუჩენია გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. არსად ჩანს კანდელაკის მობილური ტელეფონი და მაისური, რომელიც მას დანაშაულის ჩადენის დროს ეცვა. პროკურორისვე სიტყვებით, ბრალდებულს ბოლო წლებში არაერთხელ ჰქონდა საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი და არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის რისკიც და კანდელაკისთვის პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ.

თარაშ კანდელაკის ინტერესებს ხუთი ადვოკატი იცავს. მათ შორის გაგი მოსიაშვილიც, რომლის განმარტებითაც, კანდელაკს არც მიმალვა უცდია და არც ერთი ნივთი არ დაუმალავს, რომლებიც შეიძლება გამოძიებისას ნივთმტკიცებებად იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, ადვოკატმა მოსამართლეს შეახსენა, რომ ბრალდებული თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში დადადებითი წარსულის მქონე ახალგაზრდისთვის პატიმრობის შეფარდება ზედმეტად მკაცრი ზომაა.

მოსიაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აღკვეთი ღონისძიების სახით ოცი ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრებაზე. შუამდგომლობა ასევე მოიცავდა თარაშ კანდელაკისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. მათ შორის, დაზარალებულთან ან გამოძიებისთვის საინტერესო პირებთან მიახლოების აკრძალვას, პასპორტის ჩამორთმევას და ელექტრონულ მონიტორინგს.

თარაშ კანდელაკი სამართალდამცავებმა 10 ივნისს დააკავეს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული კი 9 ივნისის ღამეს მოხდა, გორში მდებარე რესტორან „ჟოზეფში". ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ე.თ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამჟამად ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 31 ივლისისთვის ჩაინიშნა - 13:00 საათზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG