Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაუერი თუ მთაწმინდას მიწვდა, ანუ როცა ქალაქზე ძალადობენ... 


ავტორი: მარიამ ქალებაშვილი

ნამეტანი სათაურია, მაგრამ განა ასე არ არის? დილით რომ ვიღვიძებ, ჩაის ან ყავას ვისხამ და წიგნს ვკითხულობ. ფანჯარას ვაღებ, ჩიტები ჟღურტულებენ, გრილა, ცნობიერება სუნთქავს და ცდილობს სიყვარულს მეტი ადგილი დაუთმოს. საწოლიდან წამოდგომიდან სამსახურში წასვლამდე მონაკვეთში, რომელიღაც საათსა და წუთზე, სამეზობლოში მუშაობას იწყებს არქიმედეს უზარმაზარი ვერტიკალური ხრახნი - ანუ მანქანა, რომელიც დედამიწის გულ-ღვიძლს ბურღავს და რკინა-ბეტონის ჩასასხმელად ამზადებს. მანქანის გუგუნი და რახა-რუხი აყრუებს გარემოს. ჩიტები? ქალაქის (დიახ, ქალაქის) შემოდგომა მოდის და ჩიტები ალბათ გასაფრენად ემზადებიან. დაბრუნდებიან თუ არა? რა ვიცი, აბა...

რა სჭირს ქალაქს? ანუ რა გვჭირს ჩვენ, ქალაქის მაცხოვრებლებს, ვინც ქალაქში დავიბადეთ თუ გავიზარდეთ? ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ, ისე მოგვეღრუბლება განწყობა, როცა ნაცნობ თუ უცნობ ქუჩებში გამოვდივართ. ვერ ვხვდებით მიზეზს. საღამოს სახლში დაბრუნებას ვჩქარობთ და გაუნელებელი დარდი მოგვყვება. ამ სამშენებლო ციებ-ცხელების ჟამს განა მხოლოდ რკინა-ბეტონის ბატონები შესევიან ქალაქს?!შეხედეთ ერთი, არც „ნიშხა-ნიშხა“ შელოცვა შველის, არც აიაზმის სხურება და აღარც წმინდა ბარბარე. ის ბატონები ხომ მოაწია?! ეგ რა არის? - იმ არქიმედეს ხრახნს შენობებთან ერთად სულის მემკვიდრეობაც ჩააქვს ქვესკნელში. მოკლედ, მშვიდობით განისვენეთ, მუზებო! სალამი შენდა, არქიმედეს ხრახნო - მიწამც დაგეყაროს, შე, არგასაწყვეტო, შენა! განა ეს მასწავლეს? არა, ჩემი დიდი ბებია (პაპამ ომიდან ვერ გამოაღწია), ვინც სათავე დაუდო ჩემს თბილისელობას, სულ სხვანაირად იტყოდა. ბებია დაგედოს წამლადო, ასე იტყოდა. აბა, თბილის-ქალაქო, წამლად როგორ დაგედო?

სივრცეს და სადა ესტეთიკას შეჩვეული ცნობიერება სოკოებივით მზარდ მაღალსართულიან შენობებს ეჩეხება. გვერდის ავლა შეუძლებელია. დანაწევრებული სივრცე და მასში ამოზრდილი მსხვილ-მსხვილი მეჭეჭები, თუგინდ დავარქვათ ზეაღმართული ალესილი ხიშტები, თავკომბალა თაუერები, გონებას უხილავ ტკივილს აყენებენ. დიდი ბებია წამლად ვერ დამედება, და იქითურობიდან ქრისტე-ღმერთს აქეთ რომც გამოეშვა, იქნება ამ ქაოსის შემხედვარე, უმალვე უკან გაბრუნებულიყო… გაგონილაო? - წამოცდებოდა. მართლაც, სად გაგონილა, მთების სიმაღლეს შენობამ გაუსწროს და ქვაბულის უბიდან ამოხტომა სცადოს?!

მოგახსენეთ თბილისელი ვარ მეთქი, მაგრამ როცა სადაურობას მეკითხებიან, პირდაპირ არა ვპასუხობ, ჯერ დიდი პაპა-ბებიების ამბებს ვუყვები. არც კი ვიცი, მართლა ვარ თუ არა თბილისელი. ამა თუ იმ ქალაქელი, ლამაზქალაქელი, კანუდოსელი თუ სხვა მაშინ ხდები, როცა პასუხისმგებლობას გრძნობ იმ ქალაქის მიმართ, სადაც მოგნათლეს, ან რომლის ქუდიც თავად დაიხურე.

როცა ქალაქზე ძალადობენ, ძალადობენ იმ ადამიანებზე, ვინც ქალაქში ცხოვრობენ. თუ ქალაქს ართმევენ მწვანე სივრცეს, და ანაწევრებენ პრივატულ ან კომერციულ სფეროებად, კეთილ განზრახვას პირი არ უჩანს; ასეთი განზრახვის ბოლო მდგომარეობს იმაში, რომ დაყონ საზოგადოება და იბატონონ მასზე, წაართვან სივრცე და, შესაბამისად, ერთად შეკრების კონსტიტუციური უფლება. ვეწინააღმდეგები თუ არა მატერიალურ პროგრესს და კეთილდღეობას? "ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის", -გვარწმუნებს ეკონომიკის ცნობილი პროფესორი. განა რასაც ვთმობთ, ის მხოლოდ ფულია?! მე მწამს, რომ კაპიტალი, რომელიც გარემოს არ აუმჯობესებს, სპობს სულის კაპიტალს. ხოლო როცა სული კვდება, ქალაქის შემოდგომაც მოდის, ნაადრევად ფოთოლგაცვენილი, რუხი და უღიმღამო, ტყვიით დამძიმებული, სმოგით და კვამლით შეკმაზული. აი, ასე. რომელ კაპიტალს ირჩევს მოქალაქე?

დასასრულს, ორადორი პრინციპი ჩამოვაყალიბოთ:

1) ქალაქს აქვს უფლება დარჩეს იქ, სადაც უნდა და ისეთი, როგორიც უყვართ.

2) ხოლო მოქალაქეებს აქვთ უფლება, შეზღუდონ, გაკოჭონ ან გააძევონ ის სუბიექტი (კაპიტალითურთ), რომელიც ქალაქისა და მისი მოქალაქეების არამხოლოდ ცნობიერებაზე ძალადობს, არამედ ფიზიკურ არსებობასაც უქმნის საფრთხეს.

ხელს ვაწერთ: მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG