Romania's Revolution, Then And Now | Radio Free Europe / Radio Liberty

თბილისი ძველ და ახალ სურათებში

2018 წელს საქართველომ იზეიმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) 100 წლისთავი. სამწლიანი დამოუკიდებლობის იუბილეს არაერთი ღონისძიება მიეძღვნა. ასი წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აივნიდან ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება აცნობა - ეს დიდი ზეიმი იყო.

ირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში ექვსი პარტია მოხვდა. ხუთი ქალი დეპუტატი აირჩიეს. მართალია, პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, თუმცა იმდროინდელმა მთავრობამ რევოლუციური რეფორმები გაატარა, მათ შორის იყო სიკვდილის დასჯის გაუქმებაც. პირველ რესპუბლიკას ჰქონდა თავისი გერბი, დროშა, ჰიმნი და კონსტიტუცია.

როგორი იყო თბილისი ასი წლის წინ? ის სასახლე, სადაც ეს ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა, ყოფილი გოლოვინის გამზირი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელი სწორედ 1918 წელს დაარქვეს. როგორ გამოიყურება დღეს ამ სასახლის ისტორიული კიბე, სადაც მაშინ ცნობილი საზოგადოება, პოლიტიკოსები, უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ? როგორი იყო თბილისის მეიდანი, რიყე, თავისუფლების მოედანი... ზოგიერთი ადგილი დღესაც უცვლელი დარჩა - ზოგიც მთლიანად შეიცვალა.

Double-click/tap, drag, or use the slider below each image to fade between then and now.
რუსთაველის გამზირი (ყოფილი გოლოვინის) Interfoto/Alamy

რუსთაველის გამზირი

ადრე
დღეს

შოთა რუსთაველის გამზირს, რომლის სიცოცხლე მე-19 საუკუნეში იწყება, თავიდან თბილისის ბულვარსაც უწოდებდნენ. 1841 წლიდან მას კავკასიის მთარმართებლის, ევგენი გოლოვინის სახელი უწოდეს. ამ ქუჩაზე სახლდებოდნენ იმპერიის მოხეელეები, სამხედროები და მაშინდელი არისტოკრატიული ოჯახები. ეს ქუჩა მალე გადაიქცა პრესტიჟულ საცხოვრებელ ადგილად - იქ ააშენეს მეფისნაცვლის სასახლე, ოპერა, თეატრი, არსენალი, სტამბა... მაშინდელი ყველაზე ცნობილი სასტუმროებიც სწორედ ამ ქუჩაზე გაჩნდა.

სწორედ რუსთაველის გამზირზე, #6-ში აშენდა მთავარმართებლის რეზიდენცია - დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიული სასახლე. ეს შენობა პირველად 1802 წელს აიგო, თუმცა მას შემდეგ არაერთხელ იცვალა სახე. 1844 წლიდან, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღების შემდეგ, იმისთვის რომ სასახლე კიდევ უფრო დიდებული გამხდარიყო, რუსეთიდან საგანგებოდ მოიწვიეს ცნობილი არქიტექტორი ნიკოლოზ სემიონოვი. იმ წლებში (1845-47) სასახლემ სრულიად ახალი, კლასიციზმისთვის დამახასიათებელი იერ-სახე მიიღო. მაშინ გაშენდა ხეივნებიანი და ფანჩატურიანი ბაღიც, აიგო შადრევნებიანი აუზი. პარკს კი ,,სასახლის ბაღი" ეწოდა. იქ შესვლა მხოლოდ მაღალ საზოგადოებას შეეძლო. ამ შენობის ბოლო ვერსია კი გერმანელ არქიტექტორს ოტო იაკობ სიმონსონს ეკუთვნის, რომელმაც 1865 წელს, იქ მდგარი შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია დაიწყო და ოთხ წელიწადში დაასრულა. ის, რასაც დღეს რუსთაველის #6-ში ვხედავთ, სწორედ 1869 წელს გადაკეთებული შენობის ფასადია.”

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

ადრე
დღეს

ამ სასახლის კიბე ბაღის მხრიდან კი ის ადგილია, სადაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არაერთი ისტორიული ფოტოა გადაღებული.

მეიდანი ძველ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ადგილი იყო. ამ მოედანს სხვადასხვა დროს ხან „ციხის მოედანი“ ერქვა, ხან „სამხედრო მოედანი“, ხან „შეითან ბაზარი“, ხანაც „თათრის მოედანი“. ეს იყო სტრატეგიული ადგილი - ბევრი ვიწრო ქუჩის თავშესაყარი, სადაც ვაჭრები მარტო საქართველოს სხვადასხვა მხრიდან კი არა, უცხო ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ - დიდი აღებ-მიცემობა იმართებოდა.

მეიდანი

ადრე
დღეს

თუ ძველ დ ახალ ფოტოებს შევადარებთ, შეიძლება ვერც იცნოთ ძველი რიყე - იქ, სადაც თბილისის რიყის პარკია და საბაგირო ნარიყალას ციხემდე ადის, საუკუნის წინ, ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები ყოფილა. უფრო ადრე რიყე საასპარეზო ადგილიც იყო. თურმე, აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა.

რიყე

ადრე
დღეს

თავისუფლების მოედანზე, რომელსაც პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი ერქვა, დღესაც დგას თბილისის თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა – მაშინდელი „საქალაქო სახლი“, სადაც დღეს დედაქალაქის საკრებულოა. ეს შენობა მე-19-ე საუკუნის 40-იან წლებში აშენდა როგორც პოლიციის შენობა, რომელიც პირველად ინჟინერ ოზეროვის მიერ გადაკეთდა, 19-ე საუკუნის 70-იან წლების ბოლოს კი არქიტექტორ პაულ შტერნის კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით გადაკეთდა და ფასადმა ფსევდო-მავრიტანული სახე მიიღო. ას წელზე მეტი ხნის წინ, 1874 წლის ნოემბერში, თბილისის მოსახლეობამ 72 მანდატიანი საქალაქო სათათბირო აირჩია. თბილისის თვითმმართველობას დიმიტრი ყიფიანი სამი წელი მეთაურობდა და ეს წლები არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების წლები იყო, მათ შორის, ქალაქის გაზის ნათურებით განათება თუ თბილისის წყალსადენის პროექტი. ახლანდელი თავისუფლების მოედანს კეთილმოწყობაც მის სახელს უკავშირდება.

თბილისის საკრებულო

ადრე
დღეს

  • ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
  • 2018 წლის ფოტოები:მზია საგანელიძე
  • ავტორი: ეკა ქევანიშვილი