Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ ვდგევართ ახლა კრიტიკულ გზაგასაყარზე, იხსნება შეზღუდვები


„ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, საბოლოო წარმატება. ეს არის ეტაპური, ამ მომენტისთვის წარმატება, ჩვენ ვდგევართ ახლა კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა“, - ასე ხსნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას 9 მაისისთვის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ გადალახა ციცაბო პიკის საფრთხე.

მისი თქმით, ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში.

„11 მაისიდან გაიხსნება დიდი ქალაქები. მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპობრივი აღდგენა. გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა, რამდენადაც ვიცი.

რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება, ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და, რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ განწირულობიდან გამომდინარე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებს ამას, რადგან სხვა გზა არ აქვს.

წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, ეს იქნება წარმატება“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე. ის მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც გამოიჩინონ და შეეცადონ მთავარი რეკომენდაციების შესრულებას და საუბრობს იმაზე, როგორია ტესტირების სისტემა საქართველოში მას შემდეგ, რაც ყოველდღიურად ტესტირებულთა რაოდენობამ იმატა:

„ჩემი მოწოდებაა, როგორმე ამ მოხსნას ბოროტად ნუ გამოვიყენებთ. თუ პირველ დღეებში 2-3 ასეული გამოკვლევა ტარდებოდა, ახლა უკვე 1500-ს გადაცდა და მალე 3000 გახდება. მალე ჩვენი გამოკვლევების რიცხვები, ასე ირწმუნება სამინისტრო და NCDC, მე არ ვმონაწილეობ ამაში, რომ ევროპის ლიდერის - გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს გაუტოლდება, გერმანიაში დღეში გამოკვლეულთა ოდენობა 3000-ია. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, ჩვენთან იკვლევდნენ ცოტას, მაგრამ იკვლევდნენ იმას, ვინც საჭირო იყო, ეს სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო - სასწრაფო, ოჯახის ექიმი, „ცხელების ცენტრი“ - დამიჯერეთ, არც ერთი ევროპის ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია. „ცხელების ცენტრი“ საქართველოს ნოუჰაუა, ამან, როგორც ჩანს, იმუშავა, ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არ გაზრდილა. ეს იმას მიუთითებს, რომ იმ მცირე ტესტებითაც ვიკვლევდით იმ ავადმყოფებს, ვინც იყვნენ“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG