Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის ბოლომდე შევსებული პარლამენტი - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ივნისს


როგორი უნდა ყოფილიყო მე-10 მოწვევის პარლამენტი და როგორია

7 თვეზე მეტი დასჭირდა საკანონმდებლო ორგანოს იმ სახით დაკომპლექტებას, როგორიც დღეს არის. ბოიკოტი ყველაზე ბოლოს, გუშინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეწყვიტა.

ამ შვიდი თვის განმავლობაში შეიცვალა პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების შემადგენლობა. გარდა ამისა, ზოგიერთმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამა თუ იმ პარტიის პირველ ათეულებში იყვნენ, საპარლამენტო საქმიანობა შეწყვიტა. მხოლოდ ორი პარტიაა, რომლის წევრების შემადგენლობა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში არ შეცვლილა - „მოქალაქეები” და „ლელო”.

მნიშვნელოვნად შეიცვალა პარლამენტის უმრავლესობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება”. სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატი 29 დეკემბერს პრემიერის პოსტისთვის დათმო. აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნების გამო მანდატებზე უარი თქვეს თეა წულუკიანმა (კულტურის მინისტრმა) და მარიამ ქვრივიშვილმა (ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ). „ოცნებას“ გამოეყო ე.წ. გახარიას გუნდი.

საბოლოოდ პარლამენტი დაკომპლექტდა, თუმცა სხვა სახით. წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

„გარღვევა მოხდა, ახლა არაფერი უნდა გამოგვეპაროს“ - ინტერვიუ ნინო ლომჯარიასთან

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების ნაწილი გამოყვანილია. ნაწილი ისევ დაწესებულებაში რჩება. ისინი, ვინც ჩაკეტილი შენობა დატოვეს, ან ოჯახებს დაუბრუნდნენ, ან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ არიან. მათ უკვე გაესაუბრა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია რადიო

თავისუფლებას ეუბნება: „გარღვევა მოხდა, ახლა მთავარია ვიყოთ ფრთხილად, არაფერი გამოგვეპაროს და პანსიონიდან გამოსული ბავშვები იყვნენ კარგად“. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისი პრეტენზიის ადრესატი იყო სახელმწიფო, რომელიც საბოლოოდ იძულებული გახდა თავისი საქმე გაეკეთებინა.

რაც შეეხება ბავშვებს, სახალხო დამცველი გვეუბნება, რომ მათთან საუბრისას ბევრი ისეთი რამ გაიგო, რაც აქამდე არცერთ ანგარიშში არ მოხვედრილა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ბავშვებს რუსეთზე ცუდის თქმის უფლებას არ აძლევდნენ.

სახალხო დამცველის თქმით, აღსაზრდელები ცოტა ხნის წინ დაიბარეს პანსიონში და არწმუნებდნენ, რომ დაწესებულება არ დაეტოვებინათ, თორემ ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ:

„ამ ბავშვებს აქვთ სინდისის ქენჯნის შეგრძნებაც. მათ აქვთ მადლიერების განცდა კარგი რამეების მიმართ, რაც მომხდარა პანსიონში და ჰგონიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით, პანსიონის დატოვებით, თითქოს უმადურობას გამოხატავენ თუნდაც მეუფის ან სხვა პირების მიმართ. ამიტომ, ვინც იქ დარჩა, შესაძლოა, მათ კიდევ უფრო გაუჭირდეთ იქაურობის დატოვება“, - ამბობს ლომჯარია რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილთან ინტერვიუში.

წაიკითხე და მოისმინე მეტი აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

9 ივნისს 14:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი შს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ორივე მათგანს ამ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

16 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 2020 წლის 19 ნოემბერს წაუყენეს და უკვე 22 ნოემბერს წინასწარი პატიმრობაც შეუფარდეს. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ის 20 ივნისის მოვლენების გამო - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

16 წლის წინანდელი საქმის უეცარი გააქტუალურება მაშინვე საეჭვოდ მიიჩნიეს უფლებადამცველებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ ყველაფერი ხანდაზმულობის ვადით ახსნა.

გამყრელიძე: საქართველოში კოვიდით გარდაცვალება მესამე ადგილზეა სხვა დაავადებებს შორის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ახალი შტამებიც იყოს. მისი თქმით, დღეს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი 1,4%-ია და ის შედარებით ჩამორჩება სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებელს, რომელიც 2,1%-ს შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველო გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მსოფლიოში მეცამეტე ადგილს იკავებს:

წელს, გლობალურად, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, იმდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, რამდენიც შარშან, მთელი წლის განმავლობაში. სიკვდილიანობის ტემპი გაზრდილია ყველგან, მათ შორის, ჩვენთან. დღეს, კოვიდით სიკვდილიანობა მსოფლიოში გახლავთ მეორე ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. ჩვენთან არის მესამე ადგილზე, გულ-სისხლძარღვთა და კიბოს შემდეგ. სხვადასხვა შტამის ცირკულაციის გამო, დასაშვებია, რომ შესაძლოა, უფრო ადვილად მძიმდებოდნენ პაციენტები. ისევე, როგორც მეორე მიზეზი სიკვდილიანობისა, შესაძლოა, სამწუხაროდ, იყოს დაგვიანებული მიმართვიანობა“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხე მეტი.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს მოსახლეობასთან შეხვედრისას

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს მოსახლეობასთან შეხვედრისას ტენ-ლ’ერმიტაჟში. ინციდენტი 8 ივნისს მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში.

როგორც Le Figaro იტყობინება, დაპატიმრებულია ოფიციალური პირის მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილი ორი პირი. გაზეთის ცნობით, ეს მაკრონზე პირველი თავდასხმაა.

წაიკითხე მეტი.

წაუსვლელობა

ბიძინა ივანიშვილის წაუსვლელობაზე ვთქვათ. გვარწმუნებს, პოლიტიკიდან გავედიო, მაგრამ ცოტა უცნაურად გამოსდის ეს გასვლა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს მოულოდნელად გამოგზავნილ უსტარში, არც ურთიერთობა გაუწყვეტია საზოგადოების წარმომადგენლებთან და არც მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია დაჰკლებია ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების ძალისხმევით.

ივანიშვილის ამგვარი გასვლა ძალიან ჰგავს ერთი თბილისელი ყასბის, შავუას „გასვლას ამა სოფლიდან“, რომელიც აღწერილი აქვს ნიკა აგიაშვილს წიგნში „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, სადაც ყასბის ერთ-ერთი მეგობარი ჰყვება „დაუჯერებელ ამბავს“ იმაზე, რომ კუკიის სასაფლაოზე დამარხულ შავუას ზედ თავთან, ერთი რკინის მილი დაატანეს და, რომ ყოველ აღდგომის მეორე დღეს მიდიოდნენ, ცხვარს დაკლავდნენ, მწვადებს ააგებდნენ (მწვანილი, მოთალი, შოთი პურები ბლომად იყოო), თითო ყანწს ღვინით შეავსებდნენ და იმ მილში ჩასძახებდნენ, წამოდექ, ბიჭო შავუა, შენი დოსტები მოვსულვართ, ტიკით ღვინო მოგვიტანიაო, თან ყანწით ღვინოს მილში ჩაუსხამდნენ.

„მილის ბოლო ზედ შავუას პირთან იყო დასული და გვიხაროდა, ისიც რომ ცლიდა ყანწებსო“, - ვკითხულობთ აგიაშვილთან.

მსგავსი ცალმხრივი კომუნიკაცია, როცა მხოლოდ ამბებს გიყვებიან და „ღვინოს გასმევენ“, კიდევ შეიძლება ჩაითვალოს „გასვლად“, მაგრამ რანაირი გასვლა გამოვა, თუკი შავუას სტატიკურ (პასიურ) როლს არ დასჯერდები, წამოდგები და სამადლობელს იტყვი ან სულაც ვრცელ წერილს მოიწერები, ეს მომწონს და ის კი არაო.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგში.

ვაქცინაციის აუცილებლობაზე დღეს ის ადამიანებიც ლაპარაკობენ, ვისაც სულ ახლახან მოუხდა კოვიდთან ბრძოლა და ბოლომდე არც დაუმარცხებია. თავის ისტორიას გვიამბობს კომუნიკაციის მენეჯერი რევაზ ბარამიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG