რადიო თავისუფლება
იდუმალი საწამლავის ძიებაში. FBI-ს საიდუმლო დოკუმენტები

იდუმალი საწამლავის ძიებაში. FBI-ს საიდუმლო დოკუმენტები

კარლ შრეკი, მაიკ ეკელი, სერგეი დობრინნი, მარკ კრუტოვი

25 სექტემბერი, 2020

აშშ-ის მთავრობას სურს დააბრკოლოს იმ ათასზე მეტგვერდიანი დოკუმენტის გამოქვეყნება, რომელიც უკავშირდება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმირ ყარა-მურზას სავარაუდო მოწამვლას. ამ დოკუმენტების მოსაპოვებლად ბრძოლაში, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, ჩართული აღმოჩნდნენ თეთრი სახლის, ამერიკის დაზვერვისა და კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების ასობით გვერდი კი, რომელიც ექსკლუზიურად მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, ნათელს ჰფენს იმ ორი ინციდენტის გამოძიების დეტალებს, რომელიც, თავად ყარა-მურზას რწმენით, იყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ მისი მოწამვლის მცდელობა.

კერძოდ, ეს მასალები ადასტურებს, რომ FBI ეძებდა ყარა-მურზას მოწამვლის მტკიცებულებებს. გამოძიებაში ჩართული იყო აშშ –ის უდიდესი ლაბორატორია, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღს სწავლობს. გარდა ამისა, დოკუმენტები აჩვენებს, რომ გამოძიებაში, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდა FBI– ს დირექტორი კრისტოფერ რეი.

ამავე დროს, რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ დოკუმენტებში არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც ყარა-მურზას მოწამვლას ადასტურებდეს. პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მტკიცებულებებს შეიძლება შეიცავდეს ის დოკუმენტები, რომელთა გადაცემას აფერხებს ამერიკის ხელისუფლება.

დოკუმენტების პირველი ნაწილი ყარა-მურზამ გასულ კვირას აშშ-ს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიპოვა. ამერიკულ სასამართლოში თებერვალში შეტანილ სარჩელში რუსმა ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ჰქონდა უფლება ცოდნოდა, რა გაარკვიეს ამერიკულმა სამართალდამცველებმა მისი მოულოდნელი დაავადებების მიზეზთა შესახებ 2015 და 2017 წლებში და რა მოიმოქმედეს პასუხად.

ეს დოკუმენტები დღის სინათლეზე გამოდის მსოფლიო საზოგადოებაში მზარდი შეშფოთების ფონზე, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საწამლავისა და ქიმიური საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების პოლიტიკური ოპონენტებისა და სისტემიდან გაქცეულების დასასჯელად შესაძლო გამოყენების გამო. ასეთი შეშფოთის ახალი მიზეზი გახდა ალექსეი ნავალნის მოწამვლა. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ნავალნი სსრკ-ში ქიმიურ იარაღად შექმნილი „ნოვიჩოკის“ ოჯახის ნერვულ-პარალეტიკური ტოქსინით მოწამლეს.

დოკუმენტების პირველი ნაწილის - საერთო ჯამში, დაახლოებით, 400 გვერდის -გადაცემის შემდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს კიდევ 1,100-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ასევე ეხებოდა ყარა-მურზას საქმეს, მათ შორის დოკუმენტები "ლაბორატორიული ტესტების შედეგებით“. ამავე დროს, დეპარტამენტმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვადის ფარგლებში, 15 ოქტომბრისთვის, ისინი ვერ შეძლებენ დოკუმენტების რუსი ოპოზიციონერისთვის გადაცემას.

ყარა-მურზას ადვოკატმა სტივენ რეიდმეიკერმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ იგი აპირებს გაასაჩივროს სასამართლოში 1100 გვერდის გადაცემის შეფერხების საკითხი.

”ძნელია იმის გაგება, როგორ შეიძლება ჩაკარგულიყო ვლადიმირის ტესტის შედეგები სხვა დოკუმენტებში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის უკვე გადმოცემულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ფედერალური ბიუროს დირექტორი რეი პირადად იყო ჩართული საქმეში”, - თქვა რეიდმეიკერმა.

იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას ჯერჯერობით არ უპასუხა კითხვებზე დოკუმენტების გადაცემის საკითხის სტატუსთან დაკავშირებით.

"გეყოფათ ჩვენი გაღიზიანება"

სსრკ–ს კგბ იყენებდა საწამლავებს დისიდენტებისა და დეფექტორების, ე. წ. „პერებეჟჩიკების“ წინააღმდეგ, მაგრამ იმის შესახებ, რომ ეს პრაქტიკა დღემდე გრძელდება, საუბარი დაიწყო 2006 წელს, როდესაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო გარდაიცვალა ბრიტანეთის საავადმყოფოში რადიოაქტიური პოლონიუმ–210–ით მოწამვლის შემდეგ.

2018 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს (GRU) ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩნენ მას შემდეგ, რაც სოლსბერიში უცნობი ნივთიერებით მოიწამლნენ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ისინი ნოვიჩოკის ოჯახის ნერვულ-პარალეტიკური შხამით მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაადანაშაულა რუსეთის სამხედრო დაზვერვა მკვლელობის მცდელობაში. ამას მოჰყვა რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევება დასავლეთის ქვეყნებიდან.

ბრიტანელი გამომძიებლები სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ადგილზე

რუსეთმა, როგორც ადრე მსგავს სიტუაციებში, ოფიციალურად უარყო ყოველგვარი კავშირი სკრიპალების მკვლელობის მცდელობასთან.

ვლადიმირ ყარა-მურზა დარწმუნებულია, რომ ორი ინციდენტი, რომელსაც იგი მოწამვლად მიიჩნევს, არის შურისძიება მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის, კერძოდ, "მაგნიტსკის აქტის" ლობირებისთვის. 2012 წელს აშშ-ის კანონში დაწესდა პერსონალური სანქციები იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებსაც ვაშინგტონში ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილეებად მიიჩნევენ. კანონმა კრემლი განარისხა.

ვინ არის ვლადიმირ ყარა-მურზა?

39 წლის ყარა-მურზა არის ვეტერანი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად არის ჩართული რუსეთის ლიბერალურ-ოპოზიციურ მოძრაობებში გასული 20 წლის წინ განმავლობაში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აღზევების შემდეგ. მამამისი, ცნობილი ჟურნალისტი, ასევე ვლადიმირ ყარა-მურზა, შარშან გარდაიცვალა. უმცროსი ყარა-მურზა RTVI-ს კორესპონდენტი იყო ვაშინგტონში რამდენიმე წლის განმავლობაში და მოგვიანებით მუშაობდა მიხაილ ხოდორკოვსკის, პუტინის ცნობილი მტრის პოლიტიკურ პროექტებზე, რომელმაც ათ წელზე მეტი ციხეში გაატარა და ახლა ევროპაში ცხოვრობს.

ყარა-მურზა იყო 2015 წელს კრემლის სიახლოვეს მოკლული ბორის ნემცოვის ახლო მეგობარი და მისი მთავარი დამხმარე.

ყარა-მურზა მოსკოვსა და შეერთებულ შტატებს შორის ანაწილებს მის დროს, სადაც ვაშინგტონის გარეუბანში, მისი ცოლი და შვილები ცხოვრობენ.

2018 წლის იანვარში, სკრიპალების მოწამვლამდე ორი თვით ადრე, ვაშინგტონში უჩვეულო შეხვედრა შედგა. რუსეთის სამი მთავარი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელები შეხვდნენ ამერიკელ კოლეგებს, მათ შორის CIA- ს მაშინდელ ხელმძღვანელს, მაიკ პომპეოს.

დაზვერვის ამერიკელმა ექსპერტებმა ასეთ შეხვედრას უკიდურესად უჩვეულო და უპრეცედენტო უწოდეს.

თეთრი სახლის ყოფილი ოფიციალური პირის თქმით, ეს შეხვედრები ორგანიზებული იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების სწრაფი გაუარესების დამუხრუჭებისთვის. ურთიერთობების დაძაბვა, რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს დაიწყო, მნიშვნელოვნად დაჩქარდა ტრამპის მიერ მოგებულ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევების ფონზე.

ორი ყოფილი თანამდებობის პირის აზრით, ვლადიმირ ყარა-მურზას იდუმალი ავადმყოფობები საკმარისად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისთვის, საკითხის ამ შეხვედრების დღის წესრიგში შესატანად.

რადიო თავისუფლების განკარგულებაში მოხვედრილ დოკუმენტებს შორის არის ერთი ელექტრონული წერილი, რომლის თანახმად, ვაშინგტონში ჩასულმა ერთმა პიროვნებამ სცადა FBI– ს დირექტორთან, კრისტოფერ რეისთან, შეხვედრა 2018 წლის 25 ან 26 იანვარს. იმავე კვირაში რუსეთის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელები ეწვივნენ შეერთებული შტატების დედაქალაქს.

ამ პიროვნების სახელი დოკუმენტში დაფარულია, მაგრამ შემონახულია წერილის თემა - "ყარა-მურზას საქმის სტატუსი". ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ამ წერილს რუსების ვაშინგტონში ვიზიტთან, უცნობია.

თეთრი სახლის ყოფილმა თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებთან პომპეოს შეხვედრების დეტალური ჩანაწერი არ გაკეთებულა და არც შეხვედრის ოქმები გადაუგზავნიათ ოფიციალური პირებისთვის.

თავად პომპეო, რომელიც გააკრიტიკეს კონგრესის დემოკრატებმა შეხვედრის ორგანიზებისთვის, იმ დროს ამტკიცებდა, რომ რუს კოლეგებთან კონსულტაციები სასარგებლო გამოდგა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, CIA-ს ყოფილი დირექტორი 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე

თეთრი სახლის ყოფილი ჩინოვნიკის თქმით, ამერიკულმა მხარემ დააყენა ყარა-მურზას საქმისა და კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევის საკითხი, რათა რუსეთი იძულებული გაეხადა უარი ეთქვა პროვოკაციულ ქმედებებზე.

”გზავნილი იყო ასეთი: თუ საქმეს სერიოზულად უდგებით, შეწყვიტეთ ჩვენი გაღიზიანება, დაიცხრეთ ვნებები და თავშეკავება გამოიჩინეთ” , - განუცხადა რადიო თავისუფლებას ყოფილმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით.

თუმცა ორიოდე თვის შემდეგ სერგეი სკრიპალი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

”ცხადი იყო, მათ სერიოზულად არ მიიღეს ჩვენი გზავნილი,” - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.

”ყველა გააფთრებული იყო; ამან იანვრის შეხვედრას მთლიანად დაუკარგა ფასი ”, - განაგრძობს ის. - ”ბევრმა დაასკვნა, რომ რუსები კვლავ გააგრძელებდნენ იმავე სულისკვეთებით მოქმედებას და მათ სულაც არ აღელვებდათ საერთაშორისო რეაქცია”.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, შეხვდა თუ არა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ვაშინგტონში ჩასულ რუსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებს და განიხილა თუ არა მათთან ყარა-მურზას საქმე.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დეპარტამენტის ოფიციალური პირები არ ესწრებოდნენ 2018 წლის იანვრის შეხვედრას, მაგრამ ყარა-მურზას საქმე "განმეორებით და სხვადასხვა დონეზე" წამოიჭრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საელჩოსთან ვაშინგტონში.

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს.

ყარა-მურზას სარჩელი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის (FOIA) მიხედვით ინფორმაციის ოფიციალური მოთხოვნიდან ექვსი თვის შემდეგ, ყარა-მურზამ 2020 წლის თებერვალში უჩივლა იუსტიციის დეპარტამენტს აშშ-ს საოლქო სასამართლოში, და მოითხოვა დეპარტამენტისგან FBI-ის იმ დოკუმენტების გადმოცემა,რომლებიც ეხებოდა მის საქმეს.

ყარა-მურზას არგუმენტი იყო ის, რომ დეპარტამენტმა დაარღვია აშშ-ს კანონი, რადგან არ მისცა იმ დოკუმენტებზე წვდომა, რომელიც მას ეხებოდა. 10 აგვისტოს იუსტიციის დეპარტამენტმა შეატყობინა სასამართლოს, რომ მან მოამზადა დაახლოებით 400 გვერდი „საპასუხო დოკუმენტი“ და 15 სექტემბრისთვის აპირებდა პირველად, ხოლო 15 ოქტომბერს კი საბოლოო გახსნას ყარა-მურზასთვის მისაწოდებლად.

გასულ კვირას, ამ 400 გვერდის უმეტესი ნაწილის გაცემამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის დეპარტამენტმა აცნობა ყარა-მურზას ადვოკატებს, რომ FBI– ს ოფიციალურმა პირებმა დამატებით 1100 გვერდიანი დოკუმენტი იპოვნეს, მაგრამ სავარაუდოდ ვერ დაიცავდნენ 15 ოქტომბრისთვის. მიცემულ ვადას და სასამართლოს სთხოვდნენ გადავადებას 15 ნოემბრამდე.

ყარა-მურზას ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის აპირებს იბრძოლოს დოკუმენტების დროულად გადმოცემისთვის.

არასრული დასკვნები

იუსტიციის სამინისტროს მიერ ვლადიმირ ყარა-მურზასთვის გადაცემული და რადიო თავისუფლებისთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტები არ შეიცავს საბოლოო დასკვნებს სავარაუდო მოწამვლის ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით. ყარა-მურზა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, უახლოსი თანამებრძოლი - რუსეთში მუშაობის ორი წლის განმავლობაში ორჯერ მძიმედ დაავადდა და საავადმყოფოში მოხვდა. პირველად ეს მოხდა ნემცოვის მკვლელობიდან სამ თვეში.

A Search For Answers In Kremlin Critic's Mysterious Illness

When Russian opposition activist Vladimir Kara-Murza fell gravely ill in 2015, many suspected that dark forces were at work. The case is still shrouded in mystery, but he and his family believe he became one of the targets in a series of high-profile poisonings of anti-Kremlin figures.

სავარაუდო მოწამვლის ყოვლისმომცველი გამოძიება FBI-მ პირველად დაიწყო მას შემდეგ, რაც 2015 წლის 26 მაისს მოსკოვში გამართული საქმიანი შეხვედრის შემდეგ ყარა-მურზა მოულოდნელად მძიმედ დაავადდა.

FBI ლაბორატორია კვანტიკოში, ვირჯინია

რამდენიმე კვირის შემდეგ მამაკაცმა, რომლის სახელსაც FBI არ ამჟღავნებს, სააგენტოს მიაწოდა ბიოლოგიური მასალების რამდენიმე ნიმუში, რომლებიც, როგორც ირწმუნებოდნენ, აღებული იყო ყარა-მურზასგან - მათ შორის დასვრილი მაისური, ქვედა საცვალი, მოჭრილი თმის ღერები, ფრჩხილების წანაჭრები, ასევე სინჯარა ნივთიერებით, ”რომელიც სისხლი აღმოჩნდა”, - წერია ამერიკის სპეცსამსახურების დოკუმენტებში. ეს ნიმუშები გაგზავნეს FBI–ს ლაბორატორიაში, ვირჯინიის შტატში, კუანტიკოში, „ტოქსიკოლოგიური გამოკვლევისთვის, რათა დაედგინათ, იყო თუ არა მოწამლული ვლადიმირ ყარა-მურზა“, ნათქვამია 2015 წლის 25 ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიწოდებული ნიმუშების მოცულობა მოცულობა "მინიმალურია", რაც ართულებს ანალიზს და ზღუდავს მის შესაძლო შედეგებს.

ამონარიდი ვლადიმირ ყარა-მურზას ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნიდან, რომელიც გააკეთა მოსკოვის საავადმყოფოს ექიმმა მას შემდეგ, რაც იგი 2017 წლის თებერვალში მძიმედ დაავადდა.

ამასთან, FBI- ს მიერ ყარა-მურზასთვის სასამართლოს ძალით გადაცემული დოკუმენტები არ შეიცავს კუანტიკოს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების პასუხებს პირველი, 2015 წლის, სავარაუდო მოწამვლის შემდეგ.

ვლადიმირ ყარა-მურზას მეუღლის, ევგენიას, თქმით, თავიდან ექიმებმა, რომლებიც მას მკურნალობდნენ, ჩათვალეს, რომ დაავადება შეიძლება ასოცირებული ყოფილიყო ციტალოპრამთან, ანტიდეპრესანტთან, რომელსაც ყარა-მურზა იმ დროს იღებდა. ამასთან, ოფიციალურ სამედიცინო დასკვნაში, რომლის ინგლისური თარგმანი FBI– ს დოკუმენტებსაც ერთვის, ნათქვამია, რომ ძირითადი დიაგნოზი იყო ”ორმხრივი პნევმონია” და ”უცნობი ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედება”. ყარა-მურზას მეუღლე განმარტავს, რომ მის მეუღლეს ფილტვების ანთება უკვე საავადმყოფოში განუვითარდა და მას ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ.

როდესაც ვლადიმირ ყარა-მურზა თითქმის ორი წლის შემდეგ კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში ორგანოთა მრავლობითი უკმარისობით, მისი ოფიციალური კლინიკური დიაგნოზი ეხმიანებოდა წინა დიაგნოზს: "დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიკური მოქმედება".

ამჯერად ევგენია ყარა-მურზამ უკვე იცოდა რა უნდა ექნა. მან დაუყოვნებლივ შეაგროვა ქმრის შარდისა და სისხლის ნიმუშები დამოუკიდებელი ანალიზისთვის. თმისა და ქსოვილების ფრაგმენტებთან ერთად ნიმუშები რუსეთიდან გაიტანეს და უცხოურ ლაბორატორიებში გადაგზავნეს.

FBI-ს მიერ გადმოცემული დოკუმენტების თანახმად, უწყების აგენტები შეხვდნენ ევგენია ყარა-მურზას "შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე" და "შესანახად გამოართვეს ჩამოტანილი ნიმუშები". ევგენიამ FBI-სთან კოორდინირებით შეაგროვა ნიმუშები, "აქცენტი გააკეთა სინჯებზე, რომლებიც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე აიღეს".

მოსკოველი ექიმის აღწერით, ”მრავლობითი ორგანოს უკმარისობით”, საავადმყოფოში მოთავსების მომენტიდან სამ კვირაში ვლადიმირ ყარა-მურზამ ძალები საკმარისად მოიკრიფა იმისთვის, რომ ვირჯინიაში დაბრუნებულიყო, სადაც მისი ცოლი და შვილები ცხოვრობენ.

ქიმიური იარაღის ექსპერტის მოსაზრება

რადიო თავისუფლებამ სთხოვა მარკ-მაიკლ ბლუმს, ქიმიური იარაღის ექსპერტს, 2018 წელს ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ ლონდონში განლაგებული OPCW- ის გუნდის ხელმძღვანელს, გადაეხედა სამედიცინო და ლაბორატორიული კვლევების იმ ნაწილისთვის, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტმა ყარა-მურზას გადასცა.

ბლუმმა თქვა, რომ ყარა-მურზას ნიმუშები არ გამოუკვლევიათ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორებზე, რომლებიც გვხვდება არა მხოლოდ ზოგიერთ მედიკამენტსა და მწერების საწინააღმდეგო შხამებში, მაგრამ ასევე ისეთ ქიმიურ იარაღში, როგორიცაა საბჭოთა პერიოდის ნერვული აგენტი ნოვიჩოკი.

გერმანელმა ექიმებმა კრემლის ოპონენტ ალექსეი ნავალნისთან აღმოაჩინეს ქოლინესტერაზის ინჰიბიტორები, რომელიც გერმანიის შარიტეს საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც 20 აგვისტოს ციმბირიდან მოსკოვში ფრენის დროს გახდა ავად. გერმანიის მთავრობამ დაასკვნა, რომ ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით. ნოვიჩოკი დასახელდა სკრიპალის მოწამვლის მიზეზად.

ბლუმმა თქვა, რომ ყარა-მურზას სამედიცინო ჩანაწერებში ასევე მითითებულია, რომ ექიმებს არ გამოუკვლევიათ ორგანოფოსფორის აგენტებზე, კიდევ ერთ ნივთიერებაზე, რომელიც ქიმიურ იარაღში, ასევე პესტიციდებსა და ჰერბიციდებში გვხვდება.

”ჩემი აზრით, რუსი ექიმები ნამდვილად ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ, თუ რაში იყო საქმე, მაგრამ კლასიკური მიდგომა გამოიყენეს”, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს. ”აშშ-ს ლაბორატორიამაც საკმაოდ კონსერვატიული, კლასიკური მიდგომა გამოიყენა".

ამის მიუხედავად, ვლადიმირ ყარა-მურზას მოთხოვნით FBI- ს მიერ მისთვის გადაცემული 241-გვერდიანი დოკუმენტი არ შეიცავს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის დამატებით, რაიმე სახით, მოხსენიებას.

როგორც რადიო თავისუფლებას ლაბორატორიის პრესმდივანმა სტივ ვემპლერმა განუცხადა, მესამე მხარის დაკვეთით გაკეთებული ანალიზების თითქმის ყველა შედეგი შემდგომ გადადის მომხმარებლის საკუთრებაში.

”ეს წესი იგივეა იმ სამუშაოს შედეგებთან მიმართებაში, რომელიც შეგვეძლო გაგვეწია თქვენ მიერ ნახსენებ რუს ოპოზიციონერ აქტივისტთან დაკავშირებით,” - თქვა ვემპლერმა.

”მიზეზი იმისა, რომ ამ ანალიზის შედეგები მინდოდა მქონოდა, იყო სურვილი გამერღვია კრემლის სიმართლეს მიმსგავსებული თავის მართლების კედელი, რომლის უკან იმალებიან ისინი, როგორც კი რაიმე მსგავსი ხდება“, - ამბობს ვლადიმირ ყარა-მურზა.

”ყოველთვის, როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგე, თავისუფალი ჟურნალისტი ან ანტიკორუფციული აქტივისტი, დეფექტორი ან ვინმე სხვა ხდება მოწამვლის მსხვერპლი, რუსეთის ხელისუფლება იწყებს მომხდარის ალტერნატიული ვერსიების გავრცელებას”. - ამბობს ის.

FBI-ს მიერ გადმოცემულ დოკუმენტებს შორის არის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც FBI-ს აგენტი აღწერს მის შეხვედრას ვლადიმირ ყარა-მურზასთან 2017 წლის 9 მარტს. იგი წერს, რომ ყარა-მურზას ესმოდა, ლაბორატორიული ტესტის შედეგები არასრული იყო,, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ FBI მისცემდა მას წერილობით კომენტარს მის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ჩაიწერებოდა, რომ მისი საქმე განიხილებოდა როგორც წინასწარგანზრახვით მოწამვლის შემთხვევა.

გარდა ამისა, ბარათში ნათქვამია, რომ ყარა-მურზა, რომელსაც მხარს უჭერდნენ ამერიკელი კანონმდებლები FBI– ს დოკუმენტებზე წვდომის მოპოვების მცდელობაში, ნათლად აცხადებდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ის გამოიყენებდა თავის კავშირებს სააგენტოზე შემდგომი ზეწოლისთვის.

ვლადიმირ ყარა-მურზა ამბობს: ”ჩემი მთავარი მიზანი იყო ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღება და თუ FBI– მ გადაწყვიტა კონკრეტული ნივთიერების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა, მე ვთხოვდი მათ, რომ ზოგადად მაინც აეხსნათ ჩემთვის ჩემი მოწამვლის მიზეზი”.

აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა

სტივენ რეიდმეიკერი, ვლადიმირ ყარა-მურზას ადვოკატი, აცხადებს, იუსტიციის დეპარტამენტმა მაცნობა, რომ საქმის დამატებითი 1100 გვერდის გადაცემა 15 ნოემბრამდე გადაიდოო. ეს მოხდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე.

ყარა-მურზას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების კანონიერი უფლებით სარგებლობს, მჭიდრო კავშირები აქვს კონგრესის წევრებთან, რომლებიც წლების განმავლობაში იცავდნენ მის ინტერესებს. რამდენიმე კონგრესმენმა - როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან - წერილებითაც კი მიმართეს FBI– ს დირექტორს, კრისტოფერ რეის, და სთხოვეს ჩარეულიყო სიტუაციაში.

2018 წლის დასაწყისში, აშშ-ის დეპუტატებსა და კონგრესის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, FBI– ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ ანალიზის ზოგიერთი ნაწილის გამოქვეყნებას, უთხრეს რადიო თავისუფლებას ამ საკითხში ჩახედულმა ადამიანებმა. მათ ილაპარაკეს ანონიმურობის დაცვის პირობით, რადგან არ ჰქონდათ საჯაროდ საკითხის განხილვის უფლება. მათი თქმით, მოგვიანებით FBI– მ კონგრესის წევრებს, ისე რომ მიზეზები არ დაუზუსტებია, აცნობა, რომ არ გამოაქვეყნებდა ტესტის შედეგებს, რითაც გაანაწყენა ისინი, ვინც თვლიდა, რომ საკითხი გადაუდებელ ყურადღებას იმსახურებს.

ერთ-ერთმა კონგრესმენმა FBI-ს მისამართით გაგზავნილ წერილში ისიც კი მიუთითა, რომ ნივთიერება, რამაც გამოიწვია ყარა-მურზას ავადმყოფობა, შესაძლოა გაესაიდუმლოებინა გამოძიების ფედერალურ სააგენტოს.

ვლადიმირ ყარა-მურზა და ჯონ მაკკეინი აშშ-ის სენატის კომიტეტის მოსმენებზე რუსეთთან დაკავშირებით, 2017 წლის მარტი

სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც 2018 წლის აგვისტოში გარდაიცვალა, კონგრესში რუსი ოპოზიციონერის მოკავშირეებს შორის იყო. ყარა-მურზა იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მის დაკრძალვაზე კუბოს მიასვენებდა. ერთი წლით ადრე, 2017 წლის 22 სექტემბერს, მაკკეინი FBI- ს ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ წერილში, დაინტერესდა ყარა-მურზას საქმის სტატუსით, უკმაყოფილება გამოთქვა ადმინისტრაციული შეფერხებების გამო და მოუწოდა კრისტოფერ რეის ეს გამოძიება პრიორიტეტად ექცია.

მაკკეინმა რეის ასევე მისწერა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ვლადიმირ ყარა-მურზას ორივე მოულოდნელი ავადმყოფობა განზრახ და პოლიტიკურად მოტივირებული მოწამვლა იყო.

“ვლადიმირი ... აშკარად გახდა პუტინის სასტიკი კამპანიის მსხვერპლი მისი ოპონენტების აღმოსაფხვრელად. იმის დადგენა, თუ ვინ და როგორ გააკეთა ეს, დაეხმარება ვლადიმირს მიაღწიოს სამართლიანობას, რომელსაც ის იმსახურებს, და უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის თუნდაც მინიმალურ დაცვას განმეორებითი თავდასხმისგან და ასევე სხვა დისიდენტებისა მათი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობებისაგან”, - წერდა მაკკეინი.