Accessibility links

logo-print logo-print

ივანიშვილის „ბოლო ინტერვიუ“ - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 იანვარს


პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „პირველ არხს“ ინტერვიუ მისცა

პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ ილაპარაკა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში. მან თქვა, რომ 2012 წლამდე არსებულ ცხოვრების წესს უბრუნდება და მომავალში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც კი აღარ იქნება, ასევე პარტიას არ გაუწევს კონსულტაციებს.

„მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებში ხმის მიცემა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება, - თქვა ივანიშვილმა ინტერვიუში.

მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ პარტიიდან წასვლისას გუნდს სთხოვა, ერთმანეთის მიმართ ოპონირებას მორიდებოდნენ.

„გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ მომდევნო 4 წელი არაფერი ემუქრება. მისი თქმით, მომავალშიც ეს პოლიტიკური გუნდი „ქარაქუცა პარტიებით“ ვერ ჩანაცვლდება.

მან ინტერვიუში თავი აარიდა ქველმოქმედებისა და მისი ქონების საკითხებზე საუბარს, თუმცა თქვა, რომ მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა იყო. ამ კონტექსტში კი შეეხო „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელს.

„მე ვიცი, როგორ მოიპოვა სხვადასხვა ქვეყნიდან რუკები დავით ხიდაშელმა, საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის გარდა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ მე რამე განსაკუთრებული გავაკეთე, ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე“, - თქვა მან.

წაიკითხე მეტი რადიო თავისუფლების ახალ ამბებში

პარლამენტში კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება დაიწყო

საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემოტანის საკითხზე პარლამენტში იმსჯელეს. გუშინ ჯანდაცვის კომიტეტში განიხილეს და მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დასაწყებად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გულისხმობს. შემდეგ ეტაპზე პაკეტს უკვე ბიუროზე გაიტანენ განსახილველად.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ „საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ "კოვაქს" პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში „დიდი რისხვაა“ მისი იმპიჩმენტის გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად გააკეთა კომენტარი წარმომადგენელთა პალატაში მისი იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით და დემოკრატების ეს განზრახვა კვლავ შეადარა „კუდიანებზე ნადირობას“. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გეგმა მრავალი ადამიანის „დიდ რისხვას“ იწვევს.

6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა ჟურნალისტების წინაშე ტეხასის შტატში გამგზავრების წინ, სადაც იგი გეგმავს სასაზღვრო კედლის მშენებლობის დათვალიერებას. ტრამპმა აღნიშნა, რომ მის გამოსვლაში ძალადობისკენ მოწოდება არ ყოფილა და გააკრიტიკა სოციალური ქსელები, რომლებმაც მისი ანგარიშები გააუქმეს.

წაიკითხე მეტი.

MIS-C სინდრომი - COVID-ის გართულებით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვებისა და მოზარდების გარკვეულ ნაწილს იშვიათი სინდრომი გამოუვლინდათ, უცხოურ მედიაში ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე გაჩნდა. ჟურნალისტები ექიმებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, მოგვიანებით კი საფრანგეთში, ამერიკასა და აშშ-ში, კოვიდით ინფიცირებულ ან უკვე კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ მოზარდებს გამოუვლინდათ ე.წ. მისტიკური სინდრომი - მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება, ამ სიმპტომებს თანდართული სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი, გულის ფუნქციონირების დასუსტება. მალევე დაფიქსირდა „მისტიკური სინდრომის“ პირველი მსხვერპლიც. ამ იშვიათი გართულების ნიშნები ძალიან ჰგავდა „კავასაკის სინდრომს“.

დარგის სპეციალისტებმა დაავადების შესწავლა დაიწყეს და მალევე „მისტიკურ სინდრომს“ კონკრეტული სახელი დაერქვა - ახალი პედიატრიული დაავადება, მულტისისტემური ინფლამატორული სინდრომი ბავშვებში (MIS-C). MIS-C სინდრომის დიაგნოზით საქართველოში რამდენიმე ათეული ბავშვი გადის სტაციონარულ მკურნალობას. მხოლოდ იაშვილის კლინიკაში, 12 იანვრის მონაცემებით, ამ დიაგნოზით 12 ბავშვი მკურნალობს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში დაიდგა „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“.

გიორგი თაბაგარს, „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთ ორგანიზატორს, აქტივისტს, კოვიდმა დედა წაართვა. თავადაც დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა, დედას კი ვერ უშველეს.

მაგრამ კოვიდი მარტო ტრაგედია არაა - ჯანდაცვის ჩვენს სისტემას აბსურდიც ახლავს ხოლმე. გიორგი გვიყვება, როგორ გააერთიანა კოვიდმა მისი ცხოვრება ადამიანთან, რომელიც კარგა ხანია, ებრძვის მას და მის თანამოაზრეებს. ისიც ნიშანდობლივია, ალბათ, რომ კოვიდი დაუდასტურდათ ეპისკოპოსებს, რომლებიც თავიანთ ქადაგებებში ამტკიცებდნენ, კორონავირუსი გამოგონილია, სინამდვილეში არ არსებობსო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG