Accessibility links

ივანიშვილის შეუძლებლობის თეორია - ანუ არჩევნები არჩევანის გარეშე


ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე

საზოგადოებრივი არჩევნის თეორიაში არსებობს “ეროუს შეუძლებლობის თეორია”, იგივე დემოკრატიის პარადოქსი, რომელიც ამერიკელი ნობელიანტი ეკონომისტისა და მათემატიკოსის კენეტ ეროუს მიერ ჩამოყალიბებული მიგნებაა. ეროუ ამბობს, რომ შეუძლებელია იმგვარი საარჩევნო სისტემის შემუშავება, რომელიც საერთო ჯგუფურ პრეფერენციებში იდეალურად ასახავს ინდივიდუალურ არჩევანს. ეს თეორია დასავლური აზროვნების პროდუქტია, სადაც დემოკრატიისა და არჩევნების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს და შესაბამისად, მეტ-ნაკლებად გააზრებულია საარჩევნო სისტემის პროცედურული მნიშვნელობა.

წარმომადგენლობით დემოკრატიაში საარჩევნო პროცედურის ავკარგიანობას წყვეტს ის, თუ რამდენად პასუხობს შერჩეული წარმომადგენლობა, კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემაში არსებულ გამოწვევებს და რამდენად ადეკვატურად არის წარმოდგენილი საზოგადოებაში არსებული ჯგუფების ინტერესები. თუმცა ამ წერილის მიზანი არა საარჩევნო სისტემების შედარებითი ანალიზი ან მათი უპირატესობის განხილვა, არამედ, არჩევანის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე საუბარია, იმ საზოგადოებაში, რომელსაც სთავაზობენ არჩევნებს, რომელშიც არჩევანი არ აქვს.

იმისათვის, რომ არჩევანი რეალურად არსებობდეს, გასათვალისწინებელია რამდენიმე წინაპირობა - ასარჩევი ელემენტების მრავალფეროვნება/რაოდენობა, თავისუფალი ნება და საბოლოოდ გაკეთებული არჩევანის გავლენა შედეგზე. ილუზორულია არჩევანი, როცა არ არსებობს ალტერნატივა, როცა ის არ ეფუძნება თავისუფალ გადაწყვეტილებას ან არ აქვს შესაბამისი ეფექტი შედეგზე. ის რომ ჩვენს საზოგადოებაში ასარჩევი პოლიტიკური სუბიექტების გარკვეული მრავალფეროვნება არსებობს, ჩვენი საბჭოთა წარსულის გათვალისწინებით, შეიძლება, პროგრესულ მოვლენად განვიხილოთ. ხოლო რამდენად თავისუფალია ეს არჩევანი, შეგვიძლია ვკითხოთ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, სამინისტროსა თუ მერიის თანამშრომლებს, საჯარო სკოლის მასწავლებლებს ან ამ ქვეყნის ბევრ სხვა მოქალაქეს, რომლებსაც საარჩევნო ბიულეტენის ფოტოგადაღებას სთხოვენ ხოლმე ხელმძღვანელები.

მიუხედავად ამისა, ამ მოცემულობაშიც კი უმნიშვნელოვანესია ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც ინდივიდუალური არჩევანის სამართლიან დაჯამებას მოახერხებდა. საბოლოო ჯამში ხომ საარჩევნო სისტემა სხვა არაფერია თუ არა მთვლელი მანქანა, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად აჯამებს ხმებს და ინდივიდუალურად გაკეთებულ არჩევანს წარმომადგენლების რაოდენობრივ განაწილებაში თარგმნის. ფორმულის სამართლიანობა აქ გადამწყვეტია!

შეგვიძლია თუ არა სისტემის სამართლიანობაზე დასკვნის გაკეთება იმ პირობებში, როცა მოსახლეობამ არ იცის განსხვავება მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის, როგორც ეს თბილისის მერმა დაუშვა?!

რასაკვირველია, შეგვიძლია. ისევე როგორც ვცნობთ უსამართლობას, როცა გორის გზატკეცილზე შეძენილ ვაშლს, ხელოვნურად გადაკეთებული სასწორით გვიწონიან, რომელიც მეტ წონას უჩვენებს. 2020 წელს შენარჩუნებული ნახევრად-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სწორედ ეს გამრუდებული სასწორია, რომელიც მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ხმებს მეტ წონას უთვლის. ჩვენ კი პოლიფონიის უძველესი ტრადიციის ქვეყანაში ინტუიციითაც კი უნდა ვხვდებოდეთ რა ხდება, როცა ხმებს არაპროპორციული ძალა ენიჭება. ხდება ის, რაც დაემართებოდა ქართულ მრავალხმიან სიმღერას ისეთი მოწყობილობის საშუალებით მოსმენისას, რომელიც თვითნებურად ახშობს ან აძლიერებს რომელიმე ხმას.

მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული ქართული “შეუძლებლობის თეორია”, გულისხმობს ისეთი სისტემის შენარჩუნებას, რომელიც შეუძლებელს გახდის მის დამარცხებას.

ამ პირობებში ყოველმა ჩვენგანმა უნდა დასვას კითხვა - რა აზრი აქვს არჩევნებს, როცა არჩევანი არ გაქვს ან ამ არჩევანის გავლენა ძლიერ შეზღუდულია? ნიშანდობლივია, რომ ცნებებისათვის შინაარსის გამოცლა საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი მოვლენაა - როცა არაფერს აქვს ის მნიშვნელობა, რადაც თავს ასაღებს. საბჭოთა კავშირში იყო მაღაზიები, რომელსაც ერქვა "Мясо" (ხორცი), თუმცა იქ ხორცი არ იყიდებოდა. არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის შესაძლებლობის გარეშე იგივეა, რაც ხორცის მაღაზია ხორცის გარეშე.

1936 წელს მიღებული კონსტიტუციით სტალინმა საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს არჩევნები შემოიღო, როგორც პროგრესული პოლიტიკური სიტემისაკენ დიდსულოვნად გადადგმული ნაბიჯი. (სწორედ იმგვარი დიდსულოვნებით ჩვენ რომ პროპორციულ არჩევნებს გვიბოძებენ ოღონდ “ჯერ არა”.) წყაროების მიხედვით თავდაპირველად საბჭოთა ხელმძღვანელობა ფორმალურად მაინც კონკურენტული არჩევნებისთვის ემზადებოდა, თუმცა როგორც კი ამ დაშვების საფრთხე გაიაზრა მაშინვე უკან დაიხია და არჩევნებზე მისულ საბჭოთა მოქალაქეს ბიულეტენზე მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელი ხვდებოდა.

ამ დღეებში, სავარაუდოდ, ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ბევრ მოქალაქეს გაუჩნდა განცდა, რომ არნახული უტიფრობის მომსწრე გახდა, თუმცა ეს ასე არ არის -არნახული არაფერი ხდება. ამიტომ მათ დასამშვიდებლად დასასრულისთვის მოვიტან 1937 წლის 11 დეკემბერს მოსკოვის დიდ თეატრში ამომრჩევლების წინაშე სტალინის მიერ წარმოთქმული სიტყვის მცირე ნაწყვეტს ქართულად:

“... მომავალი არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები, ამხანაგებო, არამედ ის წარმოადგენს ეროვნულ დღესასწაულს ჩვენი მუშებისთვის, გლეხებისთვის და ჩვენი ინტელიგენციისათვის. მსოფლიოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენად მართლაც თავისუფალი და ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები -- არასოდეს! ისტორიამ არ იცის სხვა ამგვარი მაგალითი... ჩვენი უნივერსალური არჩევნები ჩატარდება როგორც ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული სხვა სახელმწიფოებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით.”

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG