Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: მადლობა უფალს, საქართველოში ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა


გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა. და ეს არ მომხდარა აღდგომის ღამითაც.

„ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან“, - ვკითხულობთ სააღდგომო ეპისტოლეში.

პატრიარქი მადლობას უხდის მრევლს, რომელიც, მისი სიტყვებით, „წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას“.

ილია მეორე აღნიშნავს, რომ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, რადგან: „ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში“.

სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეხმიანება კორონავირუსის პანდემიას და წერს,რომ უცნაური ვითარება შეიქმნა:

„ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა.

ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.

უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა“.

ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში მიმართავს და ლოცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ასევე აღდგომას ულოცავს უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეებს

„იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ“.

მილოცვის ადრესატები არიან ბერძნები, უკრაინელები, რუსები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, უდინები, იეზიდები, ქურთები, ინგუშები, ჩერქეზები, ჩეჩნები, ლეკები. ასევე „ყველა ქრისტიანი და ქრისტეს ყველა მადიდებელი“, - წერს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG