პოლიტიკოსები და მათი როლი ომში

ზვიად გამსახურდია

ედუარდ შევარდნაძე

ბორის ელცინი

ვლადისლავ არძინბა

ჯაბა იოსელიანი

თენგიზ კიტოვანი

ისტორიკოსები აფხაზეთის ომზე

პაველ ფელგენგაუერი: "აფხაზეთში ელცინს არ ჰქონდა მკაფიო სტრატეგია"

დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ვერ გრძნობს, რა ხდება კონფლიქტურ ზონებში

ყველაფერი გახლდათ რუსეთის კარგად გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილი.

სტანისლავ ლაკობა: „ელცინს რომ წინააღმდეგობა გაეწია, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა“

მოწმეები ომსა და ომისშემდგომ ცხოვრებაზე

რეჟისორი ანუნა ბუკია სოხუმის სახლზე

„მანანა ანუა, ტყვეობის 52 დღე“

ლილის ომი

მწერალი გურამ ოდიშარია სოხუმის სახლზე

ქართველები და აფხაზები, რომლებმაც ერთმანეთი გადაარჩინეს

ფოტოგალერეა

ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდია (1939-1993), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

რამდენჯერმე დააპატიმრეს თავის მეგობართან და თანამებრძოლთან, მერაბ კოსტავასთან ერთად. გადასახლებული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში.

გამსახურდია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 1989 წლის აპრილში თბილისში გამართული მრავალდღიანი ანტისაბჭოთა მიტინგისა, რომელიც საბჭოთა სამხედროებმა სასტიკად დაარბიეს 9 აპრილს

1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პირველი ალტერნატიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა “მრგვალი მაგიდა”. 1990 წლის 14 ნოემბერს გამსახურდია უზენაესმა საბჭომ თავმჯდომარედ, 1991 წლის მარტში კი - საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. 26 მაისს გამსახურდიას პრეზიდენტობა დადასტურდა პირველ საყოველთაო და პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში.

გამსახურდიას საპრეზიდენტო ვადა ხანმოკლე აღმოჩნდა. იმავე წლის 20 დეკემბერს გამსახურდიამ მოითხოვა ეროვნული გვარდიის დაუყოვნებელი განიარაღება და დაშლა. ამის საპასუხოდ, გვარდია, რომელსაც თენგიზ კიტოვანი ედგა სათავეში, გამსახურდიას აუჯანყდა. თბილისის ცენტრში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შემდეგ, 1992 წლის 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიამ დატოვა თბილისი, შემდეგ კი - საქართველო.

პირველი პრეზიდენტის მომხრეები გამაგრდნენ სამეგრელოში და იქიდან ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში.

იმ მოტივით, რომ სურდათ ზვიადისტების მიერ დაკავებული ვიცე-პრემიერის გათავისუფლება, ასევე რკინიგზაზე კონტროლის აღდგენა, 1992 წლის აგვისტოში ეროვნული გვარდიის შენაერთები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ.

აფხაზეთის ომის შემდეგ ხელში იქნა ჩაგდებული გამსახურდიას შტაბ-ბინა ზუგდიდში, თავად გამსახურდიამ კი თანამებრძოლების ჯგუფთან ერთად თავი შეაფარა დასავლეთ საქართველოს მთიანეთს. 1993 წლის 31 დეკემბერს გამსახურდია ბუნდოვან გარემოებებში დაიღუპა სოფელ ზემო ხიბულაში.

ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე (1928-2014), პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე საქმიანობის 46-წლიანი სტაჟით საბჭოთა პოლიტიკაში და - სსრკ-ის დაშლის შემდეგ - დამოუკიდებელ საქართველოში. ითვლება, რომ სწორედ ედუარდ შევარდნაძეს (სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი 1985-1990 წწ.) მიუძღვის ლომის წილი გერმანიის გაერთიანების საქმეში.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ, შევარდნაძე 1992 წელს დაბრუნდა მოსკოვიდან საქართველოში და სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე გახდა. სამეგრელოს ტერიტორიაზე გამსახურდიას მომხრეებთან შეიარაღებული დაპირისპირებისა და მეტი დამოუკიდებლობის მოსურნე აფხაზეთში მზარდი დაძაბულობის შედეგად, სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა, ჯარები შეეყვანა აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე.

მას შემდეგ, რაც გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან ვერ შეძლო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა. ის 2003 წლის შემოდგომაზე, "ვარდების რევოლუციის" ლიდერებმა აიძულეს გადამდგარიყო.

ომის შემდგომ პერიოდში ედუარდ შევარდნაძე უარყოფდა, რომ იყო აფხაზეთში ომის მომხრე. მისი თქმით, აფხაზეთში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება სახელმწიფო საბჭომ და პირადად თენგიზ კიტოვანმა მიიღეს. 2011 წელს შევარდნაძემ მოულოდნელად მხარი დაუჭირა კავკასიის საკითხების ერთ-ერთი ექსპერტის წინადადებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში შევარდნაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთი უკვე ვეღარასოდეს გახდება საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი და ის დაიკარგება, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი.

ბორის ელცინი

ბორის ელცინი (1931-2007) - რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი (1991-1999). ისტორიაში შევიდა, როგორც რუსეთის პირველი საყოველთაოდ არჩეული მეთაური, რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების რადიკალური რეფორმატორი. გადამწყვეტი როლი ითამაშა მოლაპარაკ დროს. ეს როლი კონფლიქტის მონაწილეებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვადასხვანაირად ფასდება.

სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ასე აფასებს ელცინს:

"პრეზიდენტი ელცინი ისეთივე რუსი იმპერიალისტი იყო, როგორც მისი მთელი გარემოცვა. მისი მთავარი მიზანი იყო, აეძულებინა საქართველოს ინტეგრირება მის მიერ ინიცირებულ პროექტში - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ). ის კი (თანამეგობრობა) განიხილებოდა როგორც საბჭოთა კავშირის შემცვლელი სტრუქტურა."

ვლადისლავ არძინბა

ვლადისლავ არძინბა (1945-2010), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1980 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. 1990 წლიდან აფხაზეთის ავტონომიის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეა. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეროვნული ავტონომიების გაუქმების შესახებ. როდესაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ხელახლა ამოქმედება, ამის საპასუხოდ, აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ არძინბას ხელმძღვანელობით აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება, რომლის მიხედვით, აფხაზეთს მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა სსრკ-ის შემადგენლობაში. აფხაზეთის ომის დროს ის იყო აფხაზეთის არმიის სამხედრო სარდალი.

1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მიიღო ახალი კონსტიტუცია. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვლადისლავ არძინბა არჩეულ იქნა მის პრეზიდენტად. 1999 წელს პირველ პირდაპირ არჩევნებში არძინბა კვლავ აირჩიეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად.

მძიმე ავადმყოფობის გამო არძინბამ 2004 წელს გამოაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას და თავის მემკვიდრედ რაულ ხაჯიმბა დაასახელა, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაგაფშმა გაიმარჯვა.

ჯაბა იოსელიანი

კრიმინალური წარსულის მქონე, ჯაბა იოსელიანი (1926-2003) საქართველოს ერთ-ერთ კოლორიტულ და საკამათო პოლიტიკოსად და საზოგადო მოღვაწედ ითვლება. ყოფილმა "კანონიერმა ქურდმა" ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, დაწერა ორი რომანი.

1989 წელს ჩამოაყალიბა გასამხედროებული დაჯგუფება "მხედრიონი", რომელმაც 1992 წელს დაამხო გამსახურდიას მთავრობა და შემდგომ ხელი შეუწყო ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებას.

აფხაზეთის ომის დროს ჯაბა იოსელიანის "მხედრიონი" და ეროვნული გვარდია თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აქტიურ სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. იოსელიანი და კიტოვანი გახდნენ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები, რომლის თავმჯდომარე იყო ედუარდ შევარდნაძე. 1995 წელს შევარდნაძემ იოსელიანს სამშობლოს ღალატში, პრეზიდენტის წინააღმდეგ თავდასხმის მოწყობასა და რამდენიმე მკვლელობაში დასდო ბრალი. "მხედრიონის" საქმიანობა აიკრძალა.

1998 წლის ნოემბერში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იოსელიანს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ 2000 წელს ის შევარდნაძემ შეიწყალა.

თენგიზ კიტოვანი

თენგიზ კიტოვანი (1938-), პროფესიით მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ მუშაობდა სარეკლამო ბიუროში. ოფიციალურად ცოტა რამ არის ცნობილი მისი პროფესიის ასეთი მკვეთრი ცვლილების შესახებ, მაგრამ 1991 წელს ის უკვე ეროვნული გვარდიის მეთაური იყო. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 1991 წელს ის არ დაემორჩილა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოთხოვნას, განეიარაღებინა ეროვნული გვარდია. გასამხედროებულ დაჯგუფება "მხედრიონთან" ერთად, რომელსაც ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობდა, ალყაში მოაქცია მთავრობის სასახლე, სამხედრო გადატრიალება მოახდინა და განდევნა პრეზიდენტი.

კიტოვანმა იოსელიანთან ერთად უზრუნველყო შევარდნაძის დაბრუნება საქართველოში 1992 წლის გაზაფხულზე. 1992 წლის ივლისში კიტოვანმა გვარდიის ჯარი შეიყვანა აფხაზეთში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე კავსაძის გასათავისუფლებლად, რომელიც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ჰყავდათ გატაცებული.

1995 წლის იანვარში, აფხაზეთის ომის დასრულებიდან წელიწადნახევრის შემდეგ, კიტოვანმა 700-მდე შეიარაღებულ მომხრესთან ერთად, სცადა აფხაზეთის ტერიტორიაზე შეჭრა. მაგრამ ის ქართულმა პოლიციამ დააკავა და მას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ორ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ ის შეიწყალეს და გაემგზავრა მოსკოვში, საიდანაც მხოლოდ 2012 წელს შეძლო საქართველოში დაბრუნება. ცხოვრობს რუსეთში, არის რუსეთის მოქალაქე.

პაველ ფელგენგაუერი: "აფხაზეთში ელცინს არ ჰქონდა მკაფიო სტრატეგია"

25 წელი საკმარისი დროა, რომ ისტორიის შესახებ კავშირებით კილოში ვილაპარაკოთ. ჩვენი სტუმარია სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსი პაველ ფელგენგაუერი, ვისთან ერთადაც ვისაუბრებთ კონფლიქტში მონაწილე მხარეების ლიდერებზე: მათ მოტივებზე, შეცდომებსა და პასუხისმგებლობაზე, მათ შორის იმისთვის პასუხისმგებლობაზეც, რომ ვერ მოახერხეს ან არ მოისურვეს ომის თავიდან აცილება. პაველ ფელგენგაუერს ვადიმ დუბნოვი ესაუბრა



ვადიმ დუბნოვი: აფხაზეთის ომის ახსნა ვარირებს ყველაზე მარტივიდან - თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ავანტიურებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო ომში ჩაეწერა, - რაღაც ფატალურ ახსნამდე, რომ თბილისსა და სოხუმს შორის ომი გარდაუვალი იყო. თქვენი აზრით, სიმართლე უფრო რომელ პოლუსთანაა ახლოს?

პაველ ფელგენგაუერი: ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, ვინაიდან აფხაზებს ძველი და ძალიან მძიმე ისტორია აქვთ - აფხაზებს მთავარი ტრავმა, რა თქმა უნდა, რუსებმა მიაყენეს XIX საუკუნის 70-იან წლებში, როცა აფხაზეთში ფაქტობრივად აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდა იმპერატორ ალექსანდრე II-ის დროს. ამის შედეგად, აფხაზები საკუთარ მიწაზე ეროვნულ უმცირესობად იქცნენ. ეს კი მათი მიწაა, მათ სხვა მიწა არა აქვთ. იქ ქართველები 50 პროცენტამდე იყვნენ და, ფაქტობრივად, აქედან ამოიზარდა ეს ომი: ქართველები ამას საკუთარ მიწად მიიჩნევდნენ, ისინი იქ უკვე თაობების მანძილზე ცხოვრობდნენ, აფხაზები კი საკუთარ მიწად მიიჩნევდნენ. აი, რუსეთის ამ იმპერიული პოლიტიკიდან, რომელმაც გამოიწვია ეს პრობლემა, და მთელი ამ ისტორიიდან მივიღეთ ომი, რომელშიც რუსეთის სამხედროებმა თავიდან მხარი დაუჭირეს ქართველებს და მათ საბჭოთა მემკვიდრეობის დანაწილებისას დიდძალი სამხედრო ტექნიკა მისცეს. კონკრეტულად, 1992 წელს, როცა მთელი ეს „მხედრიონი“, ჯაბა იოსელიანი და სხვები შეიჭრნენ, მათ გადასცეს მძიმე შეიარაღება ახალციხის დივიზიიდან, რომელიც დისლოცირებული იყო ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის საზღვარზე. აი, ყველაფერი ეს გადასცეს მათ და ისინი წავიდნენ [აფხაზეთში].

ვადიმ დუბნოვი: რით აიხსნება ელცინის პოზიცია, რომელიც ასე კეთილგანწყობილი იყო საქართველოს მიმართ და შეიცვალა რამდენიმე თვის შემდეგ?

პაველ ფელგენგაუერი: ეს ელცინი კი არ იყო, ჩემი აზრით, ამით უფრო სამხედროები იყვნენ დაკავებული - ის ასეთ დეტალებში ნაკლებად ერეოდა. მხარს უჭერდნენ იმათ, მხარს უჭერდნენ ამათაც, თავიდან მხარს უჭერდნენ ქართველებს, შემდეგ აფხაზებს ეხმარებოდნენ. რომ გამოგიტყდეთ, ამაში რაიმე დიდი სტრატეგია არ შემინიშნავს მაშინ, როცა ზოგიერთ მათგანთან მქონია ურთიერთობა.

ვადიმ დუბნოვი: მოდით, ვისაუბროთ მაშინდელ ლიდერებზე. მაინც როგორ იცვლებოდა ელცინის პოზიცია?

პაველ ფელგენგაუერი: ერთხელ ვიყავი იქ, როცა სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთში ერთადერთხელ ჩაფრინდა შევარდნაძე, მას და არძინბას 1994 წელს სამიტი ჰქონდათ ახალ ათონში, სტალინის აგარაკზე. ელცინს სურდა მათი რაღაცნაირად შერიგება, აი, რუსეთის ასეთი იმპერიული საგარეო-პოლიტიკური პოზიციიდან: და საერთოდ რა აქვთ ამათ გასაყოფიო? მაგრამ აქედან დიდი არაფერი გამოვიდა. ერთ დროს შევარდნაძემ და ელცინმა მოილაპარაკეს და იყო აფხაზეთზე რუსეთის სერიოზული ზეწოლა, რომ გალის რაიონი მაინც დაებრუნებინათ. კინაღამ ომამდე მივიდა საქმე, უკვე აფხაზებსა და რუსეთის არმიას შორის. იყო ვითარების მკვეთრი გამწვავება, ჩვენებმა იქ სამხედრო ვერტმფრენები გადაისროლეს. მახსოვს, გუდაუთაში ვერტმფრენის ერთ მფრინავთან მქონდა ურთიერთობა. ჩვენ ადრე, ომის დროს, 1993-ში დავფრინავდით, ქართული ჯარის პოზიციებს ვბომბავდით, ვერტმფრენებზე ვარსკვლავებს გადავღებავდით ხოლმე და ვბომბავდითო. ახლა კი სრული საბრძოლო კომპლექტი ჩაგვიტვირთეს და გვითხრეს: „ახლა აფხაზებს დაბომბავთ“, არ მესმის, რა ხდებაო. ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ნაწილი ჩამოვიდა. თითქოს რუსეთის გარნიზონია - რუსულ ფორმებში, რუსეთის დროშებით. მათთან რომ მივედით, სულ ქართველები აღმოჩნდნენო.

ელცინი ამით დიდად არ იყო დაკავებული, სხვა პრობლემები ჰქონდა. კავკასიის საქმეებზე ზრუნვა არ უყვარდა. ამით დაკავებული იყო ხალხი, რომელსაც ეს დროდადრო საინტერესოდ ეჩვენებოდა - ხან სერგეი შახრაი, ხან სერგეი ფილატოვი, ისიც - ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიით, მაგრამ ზოგჯერ სამხრეთითაც. არის ასევე ლობი - არის ქართული ლობი, არის მძლავრი აზერბაიჯანული ლობი, არის კიდევ უფრო მძლავრი სომხური ლობი, რომლებიც გავლენას ახდენდნენ კრემლზე. მათ შორის, არიან მდიდარი ადამიანები, არიან აკადემიკოსები, მოკლედ, ბევრი ვინმე - სომხური, აზერბაიჯანული, ქართული, აფხაზური [ლობი] - აი, ესენი მუშაობდნენ. ამიტომ იმის თქმა, თუ რა სურდა ელცინს... კაცმა რომ თქვას, ჩემი აზრით, იმ დროს ელცინს არავითარი ჩამოყალიბებული სტრატეგია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად შეერიგებინა მხარეები, ესაა და ეს. თუმცა, იყო, რა თქმა უნდა, ერთგვარი იმპერიული იდეა: საჭიროა ისევ გაერთიანება. ეს დღევანდელ რუსეთშია საკმარისად მკაფიოდაა გამოკვეთილი, რომ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ საბჭოთა კავშირის ძველ საზღვრებს დავუბრუნდეთ და უკან დავიბრუნოთ ყველა - მთელი ამიერკავკასია, სამივე რესპუბლიკა, პლუს ის პატარა დე ფაქტო [სახელმწიფოები]. ეს ახლაა, რომ ეს იდეა საკმაოდ მკაფიოდ შეინიშნება. მაშინ კი, კაცმა რომ თქვას, ამას ასეთი მკაფიო ფორმა არ ჰქონდა.

ვადიმ დუბნოვი: ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის თავიდან დახმარების აღმოჩენა განპირობებული იყო სწორედ ამით, რომ საქართველო დაებრუნებინათ საკუთარ ორბიტაზე, ეყიდათ ის აფხაზეთის ფასად. და როცა ეს არ გამოვიდა, მაშინ ეს მიდგომები შეიცვალა საპირისპირო მიმართულებით. და ახლა მას უკვე სჯიდნენ [იმავე] აფხაზეთის მეშვეობით, რათა აეძულებინათ, დაბრუნებულიყო.

პაველ ფელგენგაუერი: გარკვეულწილად ასეა. უბრალოდ, მერე ხშირად აღარ იყო კონტროლის საშუალება იმისა, რაც იქ დარჩა საბჭოთა მემკვიდრეობიდან. ასე რომ, უფრო მარტივი იყო [შეირაღებაზე] მოლაპარაკება, თორემ [ქართველები] ისე წაიღებდნენ.

ვადიმ დუბნოვი: რა არის შევარდნაძის ფაქტორი? აქაც ერთობ ბევრი ვერსიაა - ერთნი მას ლამის იოსელიანისა და კიტოვანის მსხვერპლად მიიჩნევენ. სხვები ფიქრობენ, რომ ეს თავად შევარდნაძის საკმაოდ დახვეწილი თამაშია.

პაველ ფელგენგაუერი: როცა საქართველოში, თბილისში, დაიწყო პირველი სამოქალაქო ომი, ე.წ. საახალწლო, მე მას მაშინ აქ შევხვდი. ყოველივე ეს მას არ მოსწონდა, მაგრამ იქ წასვლა მაინც და მაინც არ უნდოდა. აქ ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა, ამერიკაში ეპატიჟებოდნენ ძვირადღირებული ლექციების წასაკითხად, ვინაიდან მსოფლიოში სახელმოხვეჭილი კაცი იყო. მაგრამ მერე ჩამოვიდა დელეგაცია თბილისიდან და დაარწმუნეს, რომ იქ წასულიყო, სათავეში ჩასდგომოდა სახელმწიფო საბჭოს, როცა კიტოვანსა და ჯაბა იოსელიანს ერთგვარი „თავი“ დასჭირდათ.

ვადიმ დუბნოვი: როგორ გაანაწილებდით აფხაზეთის [ომისთვის] პასუხისმგებლობას ჯაბას, კიტოვანსა და შევარდნაძეს შორის

პაველ ფელგენგაუერი: როცა აფხაზეთში ინტერვენცია დაიწყო, იქ შევარდნაძე პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა - ის მხოლოდ მოსკოვიდან მიიპატიჟეს, ეს არ იყო მისი ომი, ყველაფერი ამათ მოაწყვეს - კიტოვანმა და ჯაბამ. მათ გადაწყვიტეს, რომ რადგანაც ახალციხის სატანკო დივიზიის შეიარაღება მიიღეს, მერე გასეირნებასავით იქნებოდა. კაცმა რომ თქვას, ასეც გამოუვიდათ სოხუმამდე - სოხუმამდე სწრაფად ჩავიდნენ. სოხუმი აიღეს, სოხუმის იქითაც მოინდომეს და აქ ისინი შეაჩერეს, მათ შორის რუსეთის ჯარებმა, რომლებმაც რამდენიმე საარტილერიო დარტყმა მიაყენეს. მაშინ შეიქმნა ფრონტი სოხუმის ჩრდილოეთით და მერე იქ გრძელდებოდა ეს ომი, რომელიც დასრულდა სოხუმის დაცემით და ქართული ჯარების განადგურებით.

ვადიმ დუბნოვი: თქვენ თქვით, რომ ეს არ იყო მისი, შევარდნაძის ომი. საბოლოო ჯამში ომმა ის გააძლიერა თუ პირიქით, გაართულა მისი მდგომარეობა?

პაველ ფელგენგაუერი: იქ კინაღამ დაიღუპა, პირადად ელცინმა გადაარჩინა, ანუ გასცა ბრძანება, რომ ის გამოეყვანათ, ვინაიდან სოხუმი მაშინ უკვე განწირული იყო, შევარდნაძე კი ადგა და სოხუმში ჩავიდა. იყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დაზავება. ორივე მხარემ ჩააბარა მძიმე შეიარაღება, მერე კი ჩვენებმა აფხაზებს დაუბრუნეს მძიმე შეიარაღება. მათ საკმაოდ სწრაფად აიღეს სოხუმი და იქ, ქალაქში, საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. და იმ დროს იქვე იყო შევარდნაძე, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი თვითმფრინავით ჩაფრინდა იქ. მოკლედ, ის ელცინის პირადი ბრძანებით გამოყვანეს. მერე თავიდან მოიშორა ჯაბა და თენგიზი და საკუთარი ხელისუფლება დაამყარა.

ვადიმ დუბნოვი: და ამ ომის უკანასკნელი ფენომენი - არძინბა...

პაველ ფელგენგაუერი: ომი, ფაქტობრივად, რუსმა სამხედროებმა მოიგეს არძინბასთვის. მთელი ხნის განმავლობაში იქ არ უომიათ, მაგრამ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე საერთოდ არაფერი არ გამოვიდოდა. მაგრამ ის ლიდერი იყო, ბელადი. კი, ისინი თავგამოდებით იბრძოდნენ საკუთარ მიწაზე დარჩენისთვის.

დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ვერ გრძნობს, რა ხდება კონფლიქტურ ზონებში

25 წლის წელი გავიდა აფხაზეთის ომის დასრულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა თაობები და პოლიტიკური მოცემულობები, ომი დღემდე რჩება მოუშუშებელ ჭრილობად და ისტორიულ მოვლენად, რომელიც ჯერაც არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და გააზრებული. რა იყო ამ ომის გამომწვევი მიზეზები და როგორ დაიწყო ის? რა შეცდომები იქნა დაშვებული პოლიტიკური ელიტების მიერ წარსულში და რა შეცდომებს უშვებენ ისინი დღეს? როგორ შეიძლება ამ ვითარების შეცვლა? ბიძინა რამიშვილი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ისტორიკოს დავით ჯიშკარიანს.



ბიძინა რამიშვილი: საბაბი გვაქვს, რომ შევეცადოთ დავფიქრდეთ აფხაზეთის ომზე და გავიაზროთ იგი. თქვენი, როგორც ისტორიკოსის გადასახედიდან რას ხედავთ? რატომ მოხდა ეს ომი? წინაპირობები რა იყო? ვილაპარაკოთ იმაზეც, თუ როგორ დაიწყო იგი...

დავით ჯიშკარიანი: სიმართლე გითხრათ, როგორც კი დავიწყე 80-იანი წლების მიწურულის აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესწავლა, ჩემთვის ძალიან ბევრი რამე იყო შემაძრწუნებელი. ის, რაც არის მეხსიერებაში, აღმოჩნდა, რომ ისტორიაში სრულიად სხვანაირად არის. უმთავრესი გაოგნება იყო ის, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც შინაგანი ჯარები შევიდნენ აფხაზეთში, თავიდანვე ჩვენ გვასწავლიან სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომ ჯარები შევიდნენ იმიტომ, რომ მოეხდინათ კონტროლი რკინიგზაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯარების შეყვანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აგრეთვე იყო სამოქალაქო ომის გაგრძელება, როდესაც თბილისში არსებული ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა დასავლეთ საქართველოს და მას უნდოდა ერთი ნაბიჯით ორი კურდღლის დაჭერა: ერთი მხრივ, ეს არის აფხაზების დისციპლინირება და, მეორე მხრივ, ეს არის „ზვიადისტების“ დაქვემდებარება კონტროლისთვის. რასაკვირველია, ძალიან დიდი

მოულოდნელობა იყო აგრეთვე ის, რომ თუ ჩვენთან ნარატივში არის აფხაზი სეპარატისტები, აღმოჩნდა, რომ 1992 წელს ეთნიკურად აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში არ არის კონსენსუსი. აქ არის ვლადისლავ არძინბა, რომელიც არის ძალიან აგრესიული ნაციონალისტი და არიან ცეკას ბიუროკრატები და ნომენკლატურის წარმომადგენლები, - იგივე სერგეი ბაგაფში და ალექსანდრ ანქვაბი, - რომლებიც 14 აგვისტოს ამბობენ, რომ შეტაკება არ უნდა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ომში. გარდა ამისა, ეს ომი, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ 80-იანი წლების შედეგი. ეს არის ომი, რომელიც, შეგვიძლია ვქვათ, 1920-იან წლებში დაიწყო. მისი წინაპირობები ნაციონალურ პოლიტიკაში დევს. ეს არის ნესტორ ლაკობას, ბერიას... უკვე შემდგომში - ხრუშჩოვის და ბრეჟნევის პერიოდში ერი-სახელმწიფოში არსებული პრობლემები, როდესაც ნაციონალური იდენტობის მშენებლობის დროს, უბრალოდ, ქართულ ნაციონალურ იდენტობაში ვერ ჩაჯდა აფხაზური ნარატივი, ვერ ჩაჯდნენ აფხაზები როგორც ერი. აქედან გამომდინარე, ეს ომი ნელ-ნელა მწიფდებოდა და გასაგებია, რომ შეიძლებოდა ალბათ სამხედრო კონფლიქტების თავიდან აცილება, მაგრამ ეს ომი არ არის ერთმნიშვნელოვანი, ეს ომი არ არის მხოლოდ ეთნიკური ომი. ეს ომი არის გარკვეულწილად სამოქალაქო ომის გაგრძელება, რასაც ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი პოლიტიკური ელიტები არ აღიარებენ. და, რასაკვირველია, ეს არ არის ომი „რუსული ოკუპაციის ჩრდილქვეშ“. რუსული ფაქტორი, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ ამის მიღმა არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელზეც ჩვენ, როგორც ერმა, უნდა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ - რა მოხდა, როგორ მოხდა და, ბოლოს და ბოლოს, 1993 წლის შემდგომ რა მოხდა. აფხაზეთის ომი შემდგომში სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ იქნა, როგორც ერის გამთლიანების სიმბოლო. ანუ აფხაზეთის ომმა, როგორც ტრაგედიამ, შეკრა ქართველი ერი, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ იყო ნამდვილად ორად გაყოფილი, თუ უფრო მეტად არა.

ბიძინა რამიშვილი: მაინც რამდენად იყო ეს ომი შემზადებული საბჭოთა რუსეთის და შემდგომ რუსეთის პოლიტიკის ველში?

დავით ჯიშკარიანი: უპირველეს ყოვლისა, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, უნდა გავმიჯნოთ ორი რამ. პირველ რიგში ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელიც იყო 90-იან წლებში, თუ ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირზე, სადაც გარდა რუსებისა პოლიტბიუროში ბევრი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი შედიოდა და, უბრალოდ, მათი სამუშაო კაბინეტები მდებარეობდა მოსკოვში. რა თქმა უნდა, განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის არის თვისებრივად და არსობრივად სრულიად სხვადასხვა. თუ ლაკობას პერიოდში აფხაზები სრულიად იკმაყოფილებდნენ და იმაზე მეტ ნაციონალურ უფლებებს ღებულობდნენ... ცეკას არქივში, რომელიც ძალიან მალე ცუდ დღეში ჩავარდება საქართველოში, არის საოცარი დოკუმენტები, [სადაც] პირდაპირ ჩანს, როგორ დევნას განიცდიდნენ ქართველები; როგორი იყო მცდელობა განსაკუთრებით გალის ქართველების [მიმართ], რომ მათი გააფხაზება მომხდარიყო. მერე გვაქვს ჩვენ რევანში, როდესაც ლავრენტი ბერიამ 1937 წელს აქ საკუთარი ხალხი დანიშნა და დაიწყო აფხაზების გაქართულების პროცესი. და ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც დაიწყო 1953

წლის აგვისტოში, როდესაც აფხაზებმა ხელახლა დაიწყეს რევანში და საერთოდ უარი თქვეს ამ გაქართულების პოლიტიკაზე. უფრო მეტიც, ეს ყველაზე კარგად ჩანს ანბანში: თუ 1937 წლამდე იყო ლათინურ ასოებზე დაფუძნებული ანბანი, მერე შეიქმნა ქართული, 1954 წელს კი შეიქმნა უკვე კირილიცაზე დაფუძნებული აფხაზური ანბანი. ანუ რუსული კულტურული ჰეგემონიის, გავლენის მოპოვება იწყება ზუსტად 1954 წლიდან. ასე რომ, მოსკოვი თბილისსა და სოხუმს შორის გამოდიოდა მედიატორის [როლში]. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ 1954 წლის მერე აფხაზები რამე ფინანსებს, პრივილეგიებს, ტურისტების რაოდენობას, ტექნიკურ საკითხებს - ამას ყველაფერს თბილისთან ურთიერთობაში აგვარებენ. მაგრამ როგორც კი შეიქმნება რაიმე ტიპის ნაციონალური კონფლიქტი, - ეს ძირითადად ისტორიკოსების მიერ დაწერილ წიგნებს ეხება, - მაშინვე საქმეში ერთვებიან მოსკოვიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ამ ნაციონალურ საკითხებს აგვარებენ. ამიტომ, რასაკვირველია, რუსეთს ჰქონდა ამ სივრცეზე როგორც ინფორმაციული, ისევე კულტურული და პოლიტიკური გავლენა. [მაგრამ] აქ პრობლემა დგას სხვანაირად: თბილისი, როგორც პოლიტიკური ცენტრი, არც საბჭოთა პერიოდში იყო მზად იმისთვის, რომ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა ადეკვატურად შეეფასებინა. ყოველთვის გაქვს განცდა ამ საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის დროს, რომ თბილისის პოლიტიკური ელიტა აცდენილია იმ რეალობას, რაც ხდება აფხაზეთში. ის ყველაფერში იგვიანებს. კლასიკური მაგალითი ამისა არის არჩილ თალაკვაძის ინიციატივა: მან თქვა რამდენიმე ტოპონიმზე, მათ შორის „ლესელიძეზე“, გადავარქვათ სახელი და დავუბრუნოთ ძველი აფხაზური სახელებიო. ეს იქნებოდა ფანტასტიკური პოლიტიკური ნაბიჯი დაახლოებით 60-70 წლის წინ. შენ როცა პოლიტიკური პულსის ცემას ჩამორჩები 70 წლით, უბრალოდ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ფასადურად, შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თავის დასახრელად ან საამებლად აკეთებ რაღაცას. მაგრამ ეს არ არის პოლიტიკაზე გათვლილი ნაბიჯი. მთელი პრობლემა პოლიტიკური ელიტის, მათ შორის აფხაზური პოლიტიკური ელიტისა, ზუსტად ეს იყო 80-იან წლებში: ის ხანდახან ცდილობდა, ისეთი ნაბიჯი გადაედგა, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ეამებინა. ქართული, ანუ თბილისის პოლიტიკური ელიტა, ცდილობდა ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომ 80-იან წლებში დისიდენტური მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს არ ეწოდებინა მათთვის „კრემლის აგენტი“, „არაპატრიოტი“, „რუსეთის ფინია“ და ა.შ. თბილისი უბრალოდ ვერ გრძნობდა, ისევე როგორც დღეს ვერ გრძნობს თბილისის პოლიტიკური ელიტა... თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მინისტრს, რომელიც იყო საქართველოში და გრძნობდა ამ კონფლიქტებს, მაგრამ პოლიტიკურ ძალაუფლებას ვერ ფლობდა და ვერც გავლენა ვერ მოახდინა პროცესებზე... დღევანდელი პოლიტიკური ელიტა უბრალოდ ვერ გრძნობს, გარდა იმისა, რომ არ იცის, რა ხდება კონფლიქტურ ზონებში. ყველა ევროპელი მიჰყავთ მავთულხლართებთან, აჩვენებენ დურბინდით, რა მძიმეა რუსული ოკუპაცია, მაგრამ ამის იქით ნაბიჯები არ იდგმება. ეს ყველაფერი არის ფიქცია. ხანდახან გგონია, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში გეგმები ქაღალდზე სრულდებოდა, ისე სრულდება დღეს რაღაც ტიპის გეგმები ამ მიმართულებით.

ბიძინა რამიშვილი: აფხაზურ საზოგადოებაში რა პროცესები მიდის დღეს? იქ რა ფუნქციას ასრულებს ეს ომი - ომი როგორც წარსული, ომი როგორც ისტორია, ომი როგორც ნიშანსვეტი?

დავით ჯიშკარიანი: აფხაზეთის შემთხვევაში ერთ რამეს უნდა გავუსვა ხაზი, რომ ამ კონფლიქტის შემდგომ მე აფხაზეთში არ ვყოფილვარ. ამიტომ ჩემი დაკვირვება არის ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურით და სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროცესების შედეგად მიღებული დასკვნა - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანალიზისას. აფხაზურ ნარატივში ეს ომი არის აფხაზი ერის დიდი ხნის ოცნების [ასრულება], რომ მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა. რასაკვირველია, აფხაზური ნარატივი, ისევე როგორც ქართული ნარატივი, ძალიან ბევრ მითს, ლეგენდას, შეთხზულ გმირს და გამოგონილ ფაქტებს მოიცავს. ქართულ საზოგადოებაში თუ ომისთვის შეიძლება კრიტიკულად შეხედვა და კრიტიკულად რაღაცების გააზრება, - რამდენიმე მარგინალური ჯგუფის გარდა ალბათ საფრთხე ადამიანს არ ექნება ამის თქმის შემდეგ, - აფხაზური საზოგადოებისთვის ეს ომი არის წმიდათა წმიდა. ეს არის ომი, რომელიც სწამთ მათ, რომ არის აფხაზი ერის საუკუნოვანი ოცნებების ასრულება - როდესაც მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა. აფხაზებისთვის ომი ასრულებს პურის, მარილის, ღვინის - ყველაფრის ფუნქციას. ისინი სულდგმულობენ ამ ომით, ომით და ისტორიით. ნებისმიერი სოციალური პრობლემა, ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემა, კორუფცია, რომელიც აფხაზეთში ყვავის - ყველაფერი ებმის ამ ომს. ამბობენ, რომ „ომი რომ არ ყოფილიყო, ეს ასე არ იქნებოდა.“ ან „როგორ შეიძლება ვიცხოვროთ მშვიდად, როცა 25 წლის წინ გვქონდა ომი და დავკარგეთ ამდენი ადამიანი“. ამიტომ აფხაზები უბრალოდ ცხოვრობენ ომის ნარატივში. ის, რაც საქართველომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში შეძლო და ამოვიდა ომის ნარატივიდან და ახალ თაობას დიდად არ უყვარს და აღარ სიამოვნებს ომზე და ტრავმაზე ამდენი საუბარი, აფხაზური საზოგადოება - პირიქით, მიდრეკილია იმისკენ, რომ სულ ილაპარაკოს ომზე და მიუხედავად იმისა, რომ, თუ ომის შედეგს გადავხედავთ, აფხაზურმა საზოგადოებამ უნდა აღნიშნოს გამარჯვება, ისინი ცდილობენ, მაინც ომის შემდგომ უმთავრესი მსხვერპლი თვითონ იყვნენ და მათ ნარატივში თან გამარჯვებული არიან და თან მსხვერპლი. ისინი ასე პოზიციონირებენ.

ბიძინა რამიშვილი: რას უსურვებდით მხარეებს, ორივე საზოგადოებას?

მე ვუსურვებდი ერთ რამეს, რომ მხარეებმა დაიწყონ ერთმანეთში პოლიტიკური დისკუსია. პოლიტიკური დისკუსია გულისხმობს პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე საუბარს. ეს არის გადაადგილების პრობლემა, ეს არის ბევრი ჰუმანიტარული პრობლემა, რომლებიც შეიძლება მარტივად მოგვარდეს, და, რასაკვირველია, პოლიტიკური დისკუსია გულისხმობს საუბარს პოლიტიკურ პერსპექტივაზე, ეკონომიკურ ურთიერობებზე. პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მეორე პოლიტიკურ ელიტას უბიძგოს პოლიტიკური დისკუსიისკენ. ჩვენთან კონფლიქტი დღემდე არის ემოციურ ფაზაში და არ ხდება მისი გააზრება და პ

თუ რამეს ვისურვებდი ამ ეტაპზე, არის ზუსტად ეს - რომ ეს ყველაფერი გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, გადავიდეს პოლიტიკოსებს შორის საუბრის, განხილვის, შეხვედრების [ჭრილში]. და, ბოლოს და ბოლოს, ამ შეხვედრების შემდეგ მიხვდებიან, რომ რაღაც არის გასაკეთებელი. ასე არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ სურვილი არის ერთადერთი რამე - ნამდვილი პოლიტიკური დისკუსიების დაწყება. ეს არ იქნება მარტივი, ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც იმას მიიღებ, რაც შენ გსურს, მაგრამ პოლიტიკური ნაბიჯი და პოლიტიკური ცხოვრება ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს.

ყველაფერი გახლდათ რუსეთის კარგად გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილი.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აფხაზეთის ომის პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო. მას უშუალოდ უწევდა მონაწილეობა ომთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ პრობლემებთან შეხება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მზია ფარესიშვილი მას ესაუბრა ომის დაწყების, მთავარი მოქმედი პირების, ომისშემდგომი პრობლემების შესახებ.

მზია ფარესიშვილი: ოცდახუთი წლის გადასახედიდან, ეს ომი გარდაუვალი იყო თუ შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება?

ირაკლი მენაღარიშვილი: რა თქმა უნდა, ამ ტრაგიკული მოვლენის ერთ-ერთი უმთავრესი განზომილება იყო დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს იყო განუყოფელი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცის ცვლილების ძალიან რთული და მძიმე პროცესისა და, აქედან გამომდინარე, აქ ორი ინტერესი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ესენი იყო საქართველოს მცდელობა, მეოცე საუკუნეში მეორედ დაეწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობა და რუსეთის მცდელობა, შეენარჩუნებინა თავისი იმპერია.

მზია ფარესიშვილი: საინტერესოა მთავარი მოქმედი პირები, პოლიტიკური ფიგურები და კონკრეტულად ედუარდ შევარდნაძე, მისი როლი ამ პროცესებში.

ირაკლი მენაღარიშვილი: რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ქვეყანა ასეთ შეცდომას კოლექტიურად არ უშვებს. ეს მათი შეცდომა იყო, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო და იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომლებიც იქნა მიღებული, და მათი რეალიზაციის პროცესს უზრუნველყოფდა ისე, როგორც უზრუნველყოფდა. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, მაშინ ეს არაერთხელ გამოცხადდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წესრიგი დამყარებულიყო აფხაზეთის რკინიგზაზე, ანუ რკინიგზაზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს, სამხრეთ კავკასიას აკავშირებდა ერთმანეთთან და აფხაზეთზე გადიოდა, და რომელიც მუდმივი თავდასხმის ობიექტი იყო. ეს დავალება მიეცა ეროვნული გვარდიის ნაწილებს, და მათ სათავეში ჩაუყენეს ბატონი კიტოვანი. ეს პრინციპულად ალბათ არასწორი იყო - ასეთი ძალოვანი ოპერაციის ჩატარება სათანადო მომზადებისა და ისეთი დამატებითი აუცილებელი ნაბიჯების გარეშე, რომლებიც გამორიცხავდა ასეთ გართულებებს. [ამას დაემატა] ის, რომ შემდგომ სათანადოდ არ იქნა უზრუნველყოფილი, რაც, თვითმხილველთა თქმით, მაშინ ითქვა, როგორც დავალება - რომ ყველა ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული საიმისოდ, რომ სამხედროები არ მოხვედრილიყვნენ დასახლებულ პუნქტებში, არ მომხდარიყო დაპირისპირება და ა.შ. ეს სიტყვა და დავალება დარჩა სიტყვად და დავალებად. რეალურად, ეროვნულმა გვარდიამ დაიწყო დასახლებული პუნქტების დაკავება. და, როგორც ეტყობა და როგორც შემდგომი ინფორმაციები ადასტურებს, ამგვარი კონფრონტაციისათვის მზად მყოფი აფხაზეთის შეიარაღებული ქვედანაყოფები - რა თქმა უნდა, უკანონო - დაუპირისპირდა მათ. აღმოჩნდა, რომ თურმე კარგა ხანია ამგვარი კონფლიქტისთვის ემზადება ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სწრაფად ჩაერთო ამ საქმეში. საამისოდ სპეციალური სტრუქტურაც კი იყო შექმნილი - თქვენთვის და ჩვენთვის კარგად ცნობილი მთიელ, ან კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია. ძალიან სწრაფად იქნა მობილიზებული ის ძალები, რომლებიც საქართველოს უნდა დაპირისპირებოდა. ხოლო შემდგომ ეტაპზე უკვე პირდაპირ, დაუფარავად, ამ საქმეში ჩაერთო რუსეთის შეიარაღებული ძალები ავიაციისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. ასე იქნა საქართველო ჩათრეული იმ სისხლიან კონფლიქტში, რომლის შედეგი იყო სახელმწიფოებრიობის პრაქტიკული კოლაფსი - 1993 წლის შემოდგომაზე ეს ასე იყო - და ლამის იყო, დამოუკიდებლობადაც დაუჯდა იგი საქართველოს.

მზია ფარესიშვილი: და მაინც, კონკრეტულად ედუარდ შევარდნაძეზე თუ დაამატებდით რამეს, და ასევე ბორის ელცინის და რუსეთის კონკრეტულ როლზე ამ პროცესებში.

ირაკლი მენაღარიშვილი: შევარდნაძეზე რა შეგვიძლია ვთქვათ - ამ პირველი, საბედისწერო ნაბიჯის შემდგომ, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ როგორმე გამოესწორებინა სიტუაცია, მაგრამ ეს უკვე პრაქტიკულად

შეუძლებელი იყო. ის პირად თავგანწირვასაც კი არ მოერიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თავგანწირულ ძალისხმევას უკვე შედეგი ვეღარ მოჰყვებოდა. იმიტომ, რომ რუსეთმა მოახერხა უმთავრესი - დაიღვარა სისხლი აფხაზებსა და ქართველებს შორის. მან დაიკავა ის პოზიცია, რომელიც ჩვეულებრივ ასეთ დროს ეკავა ხოლმე და რომელიც შემდგომ არაერთხელ გაიმეორა. ამიტომაც ვამბობ - რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი საბუთი ჩნდება იმისა, რომ ეს ყველაფერი გახლდათ რუსეთის კარგად გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილი. ასე განვითარდა მოვლენები დნესტრისპირეთში შემდგომ, ახლახან უკრაინაში, და ა.შ. რაც შეეხება ბატონ ელცინს, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობდა რუსეთს - მისი ძირითადი მიზანი იყო საქართველოს იძულება, ჩართულიყო ინტეგრაციის იმ პროცესში, რომელიც მათ მიერ იყო ინიცირებული. ლაპარაკი იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე, რომელიც მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ადგილმონაცვლე სტრუქტურად. ის, რომ ეს თანამეგობრობა არ შედგა, უკვე სხვა მიზეზების ბრალია. ამის შემდგომ ვიცით, რომ ახალი პროექტი იქნა შემუშავებული და ისიც ვიცით, რომ პრინციპში ამ იდეების ავტორები პრაქტიკულად ერთი და იგივე ხალხია რუსეთის ფედერაციაში.

მზია ფარესიშვილი: როგორი იყო ვლადისლავ არძინბას როლი?

ირაკლი მენაღარიშვილი: ბატონ არძინბას შეეძლო ყოფილიყო თავისი ხალხის კეთილი მომავლის მშენებელი, მას საამისო საფუძველი ალბათ ექნებოდა. მაგრამ მან არჩია, ჩამდგარიყო სამსახურში იმ ძალებისა, რომლებიც დღეს სწორედ ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებას აშენებენ. ამიტომაც, იგი, რა თქმა უნდა, ტრაგიკული ფიგურაა, იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთში მას ბევრი გმირად თვლის. ეს მათი საქმეა, თუ როგორ შეაფასებენ მის როლს. მაგრამ ამგვარი ომის ინსპირირებისათვის, რა თქმა უნდა, მან ის მიიღო, რაც მიიღო. ძალიან გულსატკენია, მაგრამ დღეს აფხაზეთი მძიმე დღეშია. თვით აფხაზეთის წამყვანი ფიგურები, პოლიტიკური სპექტრისაც კი, აღიარებენ, რომ მდგომარეობა მეტად რთულია.

მზია ფარესიშვილი: კონკრეტულ პიროვნებებზე მინდა გკითხოთ. მაგალითად, თენგიზ კიტოვანი, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს, ვახსენეთ არძინბა, ასევე შევარდნაძე, ელცინი. როგორ ფიქრობთ, მაინც რა ამოძრავებდა ამ ძირითად ფიგურებს, რომლებიც ყველას ახსოვს? მათ მართლა სწამდათ, რომ სწორად იქცეოდნენ, თუ რაიმე მერკანტილური გათვლები ჰქონდათ ამ, ხშირ შემთხვევაში საბედისწერო, ნაბიჯების გადადგმისას?

ირაკლი მენაღარიშვილი: დიახ, ისინი ყველას ახსოვს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ბატონ კიტოვანს, მე არ ვიცი, ის ახლა როგორ გრძნობს თავს, შეიძლება კარგადაც და კომფორტულადაც იყოს. ვერ გეტყვით, ახლა როგორც ცხოვრობს და რას აკეთებს. მაგრამ ასე ამთავრებს ცხოვრებას ყველა ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოს საწინააღმდეგოდ მტერს მიეყიდება ხოლმე. ისტორიამ ამის უამრავი მაგალითი იცის და შემდგომ მათ სახეებს და სახელებს ის ასეთი ფორმითაც ინახავს ხოლმე.

მზია ფარესიშვილი: აფხაზებს ძალიან მტკივნეულად ახსოვთ შემდგომი ბლოკადის წლები და თუკი საყვედურს იტყვიან რუსეთის თუ ელცინის მიმართ, სწორედ ამას იხსენებენ ხოლმე. თქვენი შეფასებით, რა ვითარება იყო იმ დროს, რამდენად შეეძლო იმ ბლოკადას შედეგის გამოღება?

ირაკლი მენაღარიშვილი: ის, რასაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები "ბლოკადას" უწოდებენ, 1996 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენებია, რადგან სწორედ ამ წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება დსთ-ში, რომელიც, სხვათა შორის აბსოლუტურად არ ეხებოდა არც ერთ ჰუმანიტარულ ტვირთს და, საერთოდ, აფხაზეთის ეკონომიკასთან, სოციალურ სფეროსთან და ა.შ. არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. თუკი ამან რაიმე შეზღუდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ სინდისზეა, ვინც ამ საქმეს აკეთებდა. გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის მასალებს, ტვირთებს და შეიარაღების შეზღუდვას აფხაზეთსა და გარე სამყაროს შორის. დღესაც ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სწორი იყო და მისი განხორციელება ნორმალურად რომ მომხდარიყო, ეს ხელს შეუწყობდა კონფლიქტის მოწესრიგებას. მაშინაც ეჭვს იწვევდა და მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ეს ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა - ესეც მანიპულაციის ინსტრუმენტი გახდა რუსეთის ხელში, რადგან მისი აღსრულება რუსი მესაზღვრეებისა და მებაჟეების საქმე გახლდათ. რაც შეეხება სამედიცინო თვალსაზრისს, აქ, მართალი გითხრათ, ვერაფერს ვხედავ სასაყვედუროს. პირიქით - ის, რაც ქართველმა ექიმებმა იმ წლებში გააკეთეს, გმირობის ტოლფასი იყო. და, სხვათა შორის, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, დღემდე ვერავინ დამისახელა თუნდაც ერთ შემთხვევას, რომ დაჭრილებს, ავადმყოფებს, პაციენტებს შორის განსხვავება გამოკვეთილიყო ეთნიკური, ეროვნული, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით.

მზია ფარესიშვილი: ხომ ვერ გაგვიზიარებდით იმ ომის რაიმე სახეს, რომელიც ამდენი წელია არ გავიწყდებათ?

ირაკლი მენაღარიშვილი: უამრავი იყო ასეთი შემთხვევა, ასეთი, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, სახე, რომელიც შენთან რჩება. ლაპარაკი ტრაგიკულ მოვლენებზეა და, რა თქმა უნდა, ეს სახეებიც ტრაგიკულია. ყველაზე განზოგადებული კი ალბათ იყო მდგომარეობა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი, თითოეული ექიმი არაერთხელ აღმოჩენილა. ეს იყო თვითმფრინავი. მოგეხსენებათ, ჩვენ სოხუმთან კავშირი თვითმფრინავით გვქონდა, იმიტომ, რომ სამეგრელოს მხრიდან რეგიონი მაშინ იზოლირებული იყო ცნობილი, სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენების გამო. ეს არის, ასე ვთქვათ, თვითმფრინავი, სავსე დაჭრილებით, რომლებსაც ყველას ყოველ წუთში დახმარება სჭირდება, იმიტომ, რომ საქმე ეხება მათი სიცოცხლის გადარჩენას. და, ამავე დროს, ის სავსეა შეიარაღებული მებრძოლებით. ასეთი სახით მოძრაობდა ჩვეულებრივი, ნორმალური, სატრანსპორტო მიზნით შექმნილი ეს თვითმფრინავები თბილისსა და ბაბუშერის აეროპორტს შორის. ეს იყო უმძიმესი განცდა, რადგან ყოველ წუთში შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო - მაგალითად, რომელიმე სანახევროდ სამხედრო ფორმირების მებრძოლის ხელში ან ყუმბარა აფეთქებულიყო, ან სხვა რაიმე დაზიანებულიყო. ან რომელიმე დაჭრილი დაღუპულიყო. ეს იყო ყველაზე მძიმე წუთები ალბათ ყველა იმ ექიმისთვის, ვინც ამგვარ რეისებს დაჰყვებოდა ხოლმე.

მზია ფარესიშვილი: სამომავლო პერსპექტივა როგორ გესახებათ?

ირაკლი მენაღარიშვილი: ზოგადად გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლავართ. ამიტომაც და კიდევ იმიტომ, რომ ბევრ სხვა სიმპტომს ვხედავ მოვლენების განვითარებისა ჩვენს ირგვლივ, მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ ეჭვი არ მეპარება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ქართველი და აფხაზი ხალხებიც მოძებნიან საერთო ენას. ბოლოს და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა სწორედ

ქართველთა და აფხაზთა ერთობით დაიწყო და ბაგრატის ტაძარი სწორედ ამის სიმბოლოდ იქნა თავის დროზე აგებული.

სტანისლავ ლაკობა: „ელცინს რომ წინააღმდეგობა გაეწია, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა“

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შესახებ ჰყვება ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი (1991-1996 წ.წ.), უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, რომელსაც ორჯერ ეკავა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი (2005-2009; 2011-2013 წ.წ.) ომის დროს ის დეპუტატი იყო და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საკითხებისა და საპარლამენტთაშორისო კავშირების კომისიას.

ელენა ზავოდსკაია: სტანისლავ, თქვენ 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის მრავალი პოლიტიკური პროცესის მომსწრე და მონაწილე იყავით. ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება და აზრი იმ დროს მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებზე. მოდით, ეს მოვლენები გავიხსენოთ და იქნებ ბორის ელცინით დავიწყოთ.

სტანისლავ ლაკობა: რა თქმა უნდა, იმ პერიოდის განხილვისას პირველ რიგში ელცინის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. ელცინი რომ შეწინააღმდეგებოდა, მაშინ აფხაზეთის ომი არ დაიწყებოდა. ჩემთვის ეს სრულიად აშკარაა. ის ძალიან საკამათო ფიგურა იყო, განსაკუთრებით კი, თუ ვილაპარაკებთ 1992 წელზე, როდესაც გამსახურდიას მერე სათავეში შევარდნაძე მოვიდა გადატრიალების შედეგად, და მისი გამოჩენისთანავე საქართველო 30-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. გამსახურდიას დროს ეს არ ყოფილა. საბოლოო ჯამში გამსახურდია უფრო უპასუხებდა რუსეთის ინტერესებს, ვიდრე შევარდნაძე, მაგრამ მოვლენები სწორედ ასე წარიმართა. თვითონ გამსახურდია უკვე იმ დროისთვის ამბობდა, რომ ეს იყო უპირველეს ყოვლისა ამერიკელების მიერ დაგეგმილი შეთქმულება, რომ მის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი ბეიკერი და ბუში. არც სამხედროების მონაწილეობის გარეშე მოხდებოდა რამე. ჩვენ ვიცით, რომ იმ პერიოდში გრაჩოვს (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი) აქტიური კონტაქტები ჰქონდა კიტოვანთან. კიტოვანი "ეროვნული გვარდიის" მეთაური იყო, შემდეგ კი გამსახურდიას დაუპირისპირდა. თავის დროზე ბეიკერი ამბობდა, რომ იმ პერიოდში (1994 წლამდე) რუსეთის პოლიტიკა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფარვატერში წარმოებდა...

1992 წლის 24 ივნისს დაგომისში შედგა შეხვედრა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს დაიწყო. შევარდნაძეს ხელების დაბანა სურდა, რადგანაც ამ კონფლიქტის წინააღმდეგი იყო და დღის წესრიგში სულ სხვა საკითხები იდგა, ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებში იყო გასაწევრიანებელი. 24 ივნისს დაგომისის შეხვედრაზე ომს ბოლო მოეღო, ორივე მხარე შეთანხმდა, დაესრულებინათ იგი. და ის უნდა დასრულებულიყო, რადგან რუსეთის ხმის გარეშე და საბრძოლო მოქმედებების ფონზე საქართველო გაეროში ვერ გაწევრიანდებოდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იმავე საღამოს ელცინსა და შევარდნაძეს შორის ხელი მოეწერა კომუნიკეს თანამშრომლობის შესახებ. იმის შესახებ, რომ მათი სამართალდამცავი ორგანოები მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე იბრძოლებდნენ ნახევრად ლეგალური და სხვა სახის სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა შედეგად ის, რომ 14 აგვისტოს საქართველომ თავისი ჯარი შეიყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე. დაგომისის ეს შეხვედრა ისტორიაში შევიდა როგორც "დაგომისის შეთქმულება". ფაქტობრივად „მწვანე შუქი“ აუნთეს სამხედრო მოქმედებებს. აფხაზეთის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული.

ელენა ზავოდსკაია: რატომ?

სტანისლავ ლაკობა: იმიტომ, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება - კომუნიკე - წესრიგის დამყარების შესახებ: საქართველოში საქართველოს ჯარები დაამყარებდნენ წესრიგს, რუსეთი კი არ ჩაერეოდა. ამაზეა ლაპარაკი.

ელენა ზავოდსკაია: სტანისლავ, თქვენი აზრით, იმ პერიოდში რა სტრატეგიულ მიზანს ისახავდა ელცინი საქართველოსთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში?

სტანისლავ ლაკობა: ჩემი აზრით, ამ პერიოდში ელცინს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა და როგორ მოხდებოდა. საინტერესოა, რომ იმ დროს საგარეო პოლიტიკის საკითხებს, განსაკუთრებით ახლო საზღვარგარეთში, კავკასიის რეგიონში, უფრო მეტად სამხედრო უწყება იყო დაკავებული, ვიდრე დიპლომატიური, რაც მოვლენებით დასტურდება.

რუსეთის მაშინდელი მთავრობის და ელცინის მთავარი ამოცანა იყო შევარდნაძისგან საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების პირობის მიღება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ის გამსახურდიას ნაცვლად ჩავიდა საქართველოში. თუმცა როგორც კი ის საქართველოში ჩავიდა, შევარდნაძემ სხვანაირად დაიწყო მოქმედება: მან დაივიწყა თავისი ვალდებულებები, აჭიანურებდა მათ შესრულებას, ამბობდა, სუსტები და დაუცველები ვართ, "ზვიადისტებს" ვებრძვით, არმია უნდა გავაძლიეროთ, წესრიგი უნდა დავამყაროთ, შეიარაღება არ გვაქვს, შეიძლება ჩამოგვაგდონ და გამსახურდიას რეჟიმის რესტავრაცია მოხდესო. ის ამით ელცინს თითქოს აშინებდა და თბილისში ტელეცენტრის დაკავების ინსცენირებაც კი მოაწყო. ეს მოხდა 24 ივნისს. დღისით შევარდნაძემ დაასრულა ამ გადატრიალებასთან ბრძოლა და შემდეგ უცებ თქვა: "თამაში დასრულებულია!" საღამოს კი ელცინთან შესახვედრად გაფრინდა. ეტყობა დაარწმუნა ის, რომ შეიარაღება მიეცათ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დსთ-ს წევრი ჯერ არ იყო.

ელენა ზავოდსკაია: დიახ, ცნობილია, რომ ომის დაწყების წინ საქართველოს ხელმძღვანელობას გადაეცა იარაღი, რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე საბჭოთა ბაზებზე. შეგიძლიათ ცოტა დეტალურად გვიამბოთ, რა ტიპის შეიარაღებაზე იყო საუბარი და როგორ მოხდა ეს გადაცემა?

სტანისლავ ლაკობა: მათ გადაეცათ რამდენიმე დივიზია, ტანკები, ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, ვერტმფრენები. ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ჯავშანტექნიკა ბევრი იყო. 11 აგვისტოს შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოში სიტყვით გამოვიდა: "ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ძლიერები, როგორც დღეს, 2-3 დღის წინაც კი არა." არსებობს სერიოზული ანალიტიკოსების სათანადო პუბლიკაციები, რომელთა მიხედვითაც, ეს ყველაფერი ივლისის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში მოხდა. კერძოდ, ახალქალაქში უზარმაზარი ბაზა იყო, გადასცეს მთელი მისი შეიარაღება, შემდეგ მთელი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ფაქტობრივად შევარდნაძეს დაუქვემდებარეს. და ჩვენ ვიცით, რომ ამ ჯავშანტექნიკას, რომელიც აფხაზეთში შევიდა 14 აგვისტოს, მექანიკოს-მძღოლებად ძირითადად ემსახურებოდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები.

ელენა ზავოდსკაია: თქვენ იმის შესახებ წერთ, რომ ელცინი საქართველოს მხარს უჭერდა 1992 წლის 25 სექტემბრამდე. იმ დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შევარდნაძემ უცებ დასავლეთს სთხოვა დახმარება და რუსეთი დაადანაშაულა. რა მოხდა შევარდნაძესა და ელცინს შორის 1992 წლის სექტემბერში? რამ განაპირობა მათი ურთიერთობის გაუარესება, თუ დასაწყისშივე არ იყო მყარი?

სტანისლავ ლაკობა: მოკლედ რომ ვილაპარაკოთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ იყო პირველი ეტაპი, ასეთად მივიჩნიოთ დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის კომუნიკედან 1992 წლის სექტემბრამდე [პერიოდი]. ამ ეტაპზე ელცინი და მისი გარემოცვა მხარს უჭერდნენ საქართველოს, რადგანაც შევარდნაძე მათ დაჰპირდა, რომ იქნებოდა ბლიცკრიგი - ელვისებური ომი, რომელიც 2-3 დღე გაგრძელდებოდა მინიმალური სისხლისღვრით. იქ უბრალოდ რაღაცას შევცვლით, რამდენიმე ადამიანს მოვაშორებთ და მერე კვირას შევხვდებით კრასნაია-პოლიანაშიო. 16-ში კრასნაია-პოლიანაში, სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე, მაგიდები იყო გაშლილი, ელცინი კი სოჭში იმყოფებოდა. ის კი არა, იმ დღეს კრასნაია-პოლიანაში ჩავიდა, მისი ესკორტის მანქანებმა იტრიალეს და წავიდნენ, რადგან ბლიცკრიგი არ შედგა. ელცინმა შევარდნაძეს ყველაფერი მისცა, რაც მას სურდა: შეიარაღებაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიც მხარს უჭერდა მას, დესანტიც გადასხეს, მაგრამ შევარდნაძემ ეს ვერ გამოიყენა. მან ეტყობა სათანადოდ ვერ შეაფასა აფხაზების შესაძლებლობები, ეგონა, რომ ჯავშანტექნიკის დანახვაზე ყველა დაიფანტებოდა, და არავინ ელოდა შეტაკებების დაწყებას. თანაც ოპერაცია შეფერხდა. ისინი გეგმავდნენ დილით ადრე სარკინიგზო პლატფორმიდან გადასხდომას ლესელიძესთან საზღვრით დაწყებული. ქვედანაყოფები ისე უნდა გადამსხდარიყვნენ ჯავშანტექნიკასთან ერთად, რომ დილისთვის ფაქტობრივად [აფხაზეთის] მთელი ტერიტორია ყოფილიყო სამხედროების მიერ ოკუპირებული.

მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ენგურთან ერთ-ერთი ხიდი აფეთქდა. იძულებული გახდნენ, ტანკები პლატფორმებიდან ჩამოეტვირთათ. ისინი საკუთარი სვლით წავიდნენ და მხოლოდ დღისით ჩააღწიეს სოხუმში. პირველი შეტაკებები უკვე 14-ში დაიწყო და ტყვარჩელის მოსახვევთან ტანკს მოარტყეს.

ამ პირველ პერიოდში, როდესაც საქართველოს გადაეცა რამდენიმე დივიზია თავისი შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და ა.შ., ელცინმა ძალიან ბევრი გააკეთა: თვალიც დახუჭა და დახმარებაც აღმოუჩინა. სხვათა შორის, საქართველო გაეროში 31 ივლისს მიიღეს, ორი კვირის შემდგომ კი ომი დაიწყო. ამასთან, გაეროში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩიკვაიძემ, განაცხადა, რომ საქართველოში არ იყო არაქართული მიწა და უკანაკნელ გოჯამდე დავიცავთ ჩვენს მიწასო. აი, რას ლაპარაკობდა ომის დაწყებამდე, ხოლო როცა წარუმატებლობები დაიწყო, შევარდნაძე უცებ გამოვიდა ნიუ-იორკში და რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის არის ხელის შემშლელი, ის გვიბიძგებს მტრობისკენ, მშვიდად ცხოვრებაში გვიშლის ხელსო და ა.შ. ელცინსაც ჰყავდა ოპოზიციური პარლამენტი და სერიოზული ოპოზიცია ქვეყნის შიგნით. ვერ მოასწრო შევრდნაძემ გაეროს ტრიბუნიდან ჩამოსვლა, რომ რუსეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება "მდგომარეობის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", რომელშიც მოითხოვეს ქართული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან. თვითონ შევარდნაძე ნიუ-იორკიდან პირდაპირ მოსკოვში გაემგზავრა და შემდგომ ამბობდა, რომ ელცინი მას ძალიან ცივად შეხვდა.

ელენა ზავოდსკაია: ანუ გაეროში გამოსვლის შემდეგ, სადაც მან წარუმატებლობების გამო რუსეთს დასდო ბრალი, შევარდნაძეს ეგონა, რომ მას მოსკოვში თბილად მიიღებდნენ?

სტანისლავ ლაკობა: არა მგონია, რომ ის განსაკუთრებით თბილ დახვედრას ელოდა, მაგრამ ალბათ არ ფიქრობდა, რომ ასეთი რეაქცია იქნებოდა, იმიტომ რომ მას ბევრ რამეს პატიობდნენ. ეს, ცხადია, მისი შეცდომა იყო. გაღიზიანებულმა ელცინმა მაშინ თქვა: "მას თავი დიდ ვინმედ წარმოუდგენია, თვითონ კი ბანანების რესპუბლიკაც არ აქვს". ეს ელცინის ცნობილი სიტყვებია. ხომ ვამბობ, რომ ყველაფერი მაინც დსთ-ს გარშემო ტრიალებდა. მერე გრაჩოვი დარწმუნდა რომ მისი მეგობარი კიტოვანი და სხვები ვერ შეძლებდნენ საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების საკითხის მოგვარებას, ეს კი მთავარი საკითხი იყო. უფრო მეტიც, დარწმუნდნენ, რომ ისინი ამას საერთოდ არ აპირებდნენ და ამაზე საერთოდ არ ფიქრობდნენ, აი, მაშინ გაუარესდა სიტუაცია.

ელცინიც მიხვდა, რომ დსთ-ში საქართველოს გაწევრიანებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საინტერესოა, რომ ომის წინ ჯაბა იოსელიანმა ურჩია შევარდნაძეს, დსთ-ში შესვლაზე ხელი მოეწერა, შევარდნაძემ კი უპასუხა, ნუ ჩქარობო. ჯაბამ, რომელსაც ენა უჭრიდა, ამაზე მიუგო: „მოსკოვში რომ დააცემინონ, ჩვენ ფილტვების ორმხრივი ანთება დაგვემართება!“ რაზეც შევარდნაძემ უპასუხა, ჯერ აფხაზეთის საკითხი უნდა მოვაგვაროთო. აქედან ჩანს, რომ შევარდნაძეს უნდოდა აფხაზეთში შესულიყო დსთ-ში შეუსვლელად, ის საკუთარ თამაშს თამაშობდა.

ელენა ზავოდსკაია: რაში მდგომარეობდა მისი თამაში?

სტანისლავ ლაკობა: ეს იყო დასავლეთის თამაში, მაგრამ ის ხორციელდებოდა იმ რუსეთის, ელცინისა და მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანის ხელით. თუმცა რუსეთში იყო მოწინააღმდეგე ძალებიც, ვინც აფხაზეთს უჭერდა მხარს: იგივე პარლამენტი, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, კაზაკები, რუსეთის სამხრეთი, ძალიან ბევრი იყო მოხალისე, ვინც აფხაზეთში ჩადიოდა.

ელენა ზავოდსკაია: გთხოვთ, დააკონკრეტეთ, რაში მდგომარეობს შევარდნაძის ამ თამაშის აზრი?

სტანისლავ ლაკობა: აშშ-ში 1992 წლის თებერვლის დამდეგს შევარდნაძემ, მსოფლიოს ფარული ძალების გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საქართველოს ჩაუდგებოდა სათავეში (ის თბილისში 1992 წლის 7 მარტს ჩავიდა და სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა), კომპანია "Brock group LTD"-სთან ხელი მოაწერა ოქმს საქართველოს ეკონომიკური გეოსტრატეგიის შესახებ მომავალი ათწლეულებისთვის. მე გამოვაქვეყნე ეს მასალები. მათ შევარდნაძისნაირი ადამიანი სჭირდებოდათ.

ელენა ზავოდსკაია: რაზე იყო იქ ლაპარაკი?

სტანისლავ ლაკობა: საქმე ეხებოდა ენერგორესურსების ტრანსპორტირებას, ბათუმისა და ფოთის პორტებს. ეს იყო წინასწარი გეგმები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მომავალი გაზსადენისა რუსეთის გვერდის ავლით. ანუ მან იქ, ამერიკაში, 1992 წლის თებერვალში ასევე მიიღო ყველაფერზე თანხმობა.

ელენა ზავოდსკაია: გთხოვთ, დაგვიკონკრეტეთ, რა მიმართულებით მიჰყავდა შევარდნაძეს საქართველო, რა იყო მიზანი?

ტანისლავ ლაკობა: შევარდნაძეს სურდა საქართველოს გაყვანა რუსეთის გავლენიდან, ის არ აპირებდა დსთ-ში შესვლას და პირდაპირი კურსი ჰქონდა აღებული დასავლეთისკენ. მაგრამ მაშინ არ შეიძლებოდა მას ეს გამოსვლოდა. ის ძალიან მიენდო თავის დასავლელ მეგობრებს.

ამ ომის შედეგად, 9 ოქტომბერს საქართველო შევიდა დსთ-ში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოაშორებდნენ შევარდნაძეს და დააბრუნებდნენ გამსახურდიას. მით უმეტეს, გამსახურდია სამეგრელოში იყო და ფოთში ბრძოლები მიმდინარეობდა. გახსოვთ, მაშინ რა მოხდა, როდესაც რუსეთის საზღვაო დესანტი გადასხეს? ისინი შევარდნაძეს დაეხმარნენ და ბლოკადა მოაშორეს რკინიგზას ფოთის, სამტრედიის მიმართულებით, პორტებს და სხვ. ეს ხომ შეთანხმებები იყო. ამის შემდეგ უცებ შეხვედრა მოსკოვში, სადაც შევარდნაძემ 1993 წლის 9 ოქტომბერს, უკვე აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ხელი მოაწერა დსთ-ს შემადგენლობაში შესვლას. აი, ამიტომაც აკრიტიკებს შევარდნაძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი შარაშენიძე. მისი თქმით, ამის გაკეთების საშუალება ადრევე იყო, და ყველაფერი კარგად იქნებოდა, არც აფხაზეთის ომი მოხდებოდა და, საერთოდ, არც არაფერი მოხდებოდა. ამას გარდა, მათ მგონი 20 წლის ვადით გამოყვეს ტერიტორიები საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის, ფოთის პორტი რუსეთს გადასცეს, დააბრუნეს ზოგიერთი კადრი (გიორგაძე, ნადიბაიძე), რომლითაც იყო დაინტერესებული რუსეთის ფედერაცია. და შევარდნაძე დროებით, დაახლოებით 1996 წლამდე, დაბრუნდა რუსული გავლენის ორბიტაზე.

ელენა ზავოდსკაია: სტანისლავ, ელცინისა და შევარდნაძის როლზე უკვე ისაუბრეთ. მოდით, გადავიდეთ ვლადისლავ არძინბას როლზე. ომის დროს, როცა უკვე დაიწყო სამხედრო მოქმედებები, როგორი იყო დამოკიდებულება სამ ლიდერს შორის? დაგვიხასიათეთ ვლადისლავ არძინბა, ვითარებაზე მისი შეხედულებები და მისი მოქმედება?

სტანისლავ ლაკობა: რა თქმა უნდა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი და ელცინი, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ხვდებოდა, უმოქმედოდ არ იქნებოდნენ, რომ რაიმე სახის დახმარებას აღმოუჩენდნენ. ომის პირველ დღეს, 14 აგვისტოს, ის ცდილობდა დაკავშირებოდა ელცინს, რომელიც სოჭში იმყოფებოდა. მაგრამ კორჟაკოვმა რამდენჯერმე უპასუხა: „ბორის ნიკოლაის ძე ზღვაშია...“. ფაქტობრივად, არანაირი კონტაქტი არ იყო. ვხედავდით, როგორ ხდებოდა რუსეთის სამხედროების დაჩქარებულად ევაკუირება.

ვლადისლავ არძინბას ჰქონდა, რა თქმა უნდა, გარკვეული დაბნეულობის მომენტები, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 14 აგვისტოს მან ტელევიზიით განცხადება გააკეთა და ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ ეს აგრესიის აქტი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან იმ დღეს უკიდურესად რთული იყო ორიენტირება. მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს ხელმძღვანელობას და მხარი დაუჭირა იმას, რაც ხდებოდა. ეს მოხდა კოზირევის დროს და, სხვათა შორის, 1992 წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდა „სვობოდნაია გრუზიაში“. მათ მხარი დაუჭირეს ამ აქციას, თქვეს, რომ ეს არის ბრძოლა სეპარატისტებთან, ტერორისტებთან და ა.შ. და იცით, აქ რა ხდებოდა და როგორ ეპყრობოდნენ მრავალეროვან რუსულენოვან მოსახლეობას, რა მოუვიდათ სომხებს, ბერძნებს, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზებზე? იმ დღეებში აქ ნამდვილი გენოციდი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლომინაძეც კი იხსენებდა, რომ: „კიტოვანის გვარდიელები კალიებივით შეესივნენ ქალაქს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ასეთი უსირცხვილოები ვიყავით“. ასე ამბობდა ის უკვე ომის შემდეგ. მან თქვა, რომ „ჩვენ ბევრ რამეში ვართ დამნაშავე“.

ელენა ზავოდსკაია: იმ მძიმე დღეებში როგორ განწყობაზე იყო ვლადისლავ არძინბა? როგორ რეაგირებდა ის სიტუაციაზე არა მარტო როგორც ისტორიული პიროვნება, არამედ როგორც უბრალო ადამიანი?

სტანისლავ ლაკობა: მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რაც მოხდა. იგრძნობოდა, რომ ის აგზნებული ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა, გაერკვია, ტელეფონით დაკავშირებოდა პირველ პირს. ის ხომ შემთხვევით არ ცდილობდა რუსეთის ხელმძღვანელთან დაკავშირებას?! ცხადი იყო, ელცინი წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, არანაირი სამხედრო ავანტიურა არ იქნებოდა. იყო მორიგება, მაგრამ ამაზე ჩვენ მხოლოდ ახლა შეგვიძლია ლაპარაკი, როცა უკვე ვიცნობთ დოკუმენტებს და მასალებს.

კი, დეპუტატების გარკვეული ჯგუფი მაშინ მის გვერდით იმყოფებოდა, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების გამო ის მიუწვდომელი იყო. გვესმოდა, რომ მასზე ნადირობა მიმდინარეობდა, თანაც ღიად ამბობდნენ, რომ „საჭიროა არძინბას საკითხის მოგვარება“. შემდეგ ზოგიერთი წყაროდან ცნობილი გახდა, რომ ადლერის აეროპორტში იმყოფებოდა თვითმფრინავი ტუ-134 თბილისიდან, ქართული სპეცრაზმით. მათ ალბათ ეგონათ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაიქცეოდა და ისინი საზღვარზე დაიჭერდნენ ყველას, ჩასვამდნენ თვითმფრინავში და თბილისში ჩაიყვანდნენ, მათ შორის დეპუტატებსაც. შემდეგ მიმდინარეობდა დესანტის გადმოსხმა რუსეთთან საზღვრის მხრიდან, რომ ჩვენთვის გზა მოეჭრათ რუსეთის საზღვრისკენ. მხოლოდ 17-ში ვნახეთ ვლადისლავი გუდაუთაში. ანუ ეს დღეები კონტაქტი არ გვქონდა, ის თავის დაცვასთან ერთად იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, და ამას ჩვენი დეპუტატებიც იხსენებენ, რომ 17-ში ვლადისლავ არძინბა ტელეფონთან მიიხმო მისი დაცვის წევრმა ვიტალი ბგანბამ - მანქანაში იდგა ტელეფონი - ეს პირველი ზარი იყო მოსკოვიდან, რეკავდა ბურბულისი, რომელიც მაშინ სახელმწიფო მდივანი იყო. საღამოს ვლადისლავი გამოჩნდა და სრულიად სხვა ხასიათზე იყო.

ელენა ზავოდსკაია: როგორ შეიცვალა მისი ხასიათი ამ დღეების განმავლობაში?

სტანისლავ ლაკობა: მისი განწყობილება დღითიდღე უფრო მიზანმიმართული ხდებოდა, ის გამოვიდა გუდაუთაში, მგონი 17-ში, და აივნიდან მოუწოდა ხალხს წინააღმდეგობისაკენ. ამაში საკმაოდ დიდი როლი მიუძღვის პაველ არძინბას, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკლეს ტერაქტის შედეგად. ის გვერდში დაუდგა, მას ჰქონდა შესაძლებლობები, რის საშუალებითაც დაიწყეს შეიარაღებისა და ფორმების შეძენა. ვალერი აიბაც მის გვერდით იყო. ეს ხალხი იყო წინააღმდეგობის ძირითადი ბირთვი. მართალია, დეპუტატებიც იყვნენ, მაგრამ ყველა არა, 14-ოდე ადამიანი. რაც შეეხება დანარჩენებს, ზოგჯერ გაუგებარი იყო, რა როლს თამაშობდნენ ისინი.

მერე ვლადისლავმა ძალის მოკრება დაიწყო. ძალიან რთული იყო ამ სიტუაციის ატანა: ხალხის სიკვდილი, ტრაგედია, დევნილი მოსახლეობა, საჭირო იყო საცხოვრებელი პირობების ორგანიზება მათთვის, ვინც აფხაზეთის ოკუპირებულ ნაწილს დააღწია თავი. არ წყდებოდა კონტაქტები რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. უნდა ითქვას, რომ ყველამ - ლიბერალებმა, დემოკრატებმა, ნაციონალისტებმა - ყველამ დაუჭირა მხარი აფხაზეთს. მაგალითად, მხარი დაუჭირეს ელენა ბონერმა, დეპუტატმა სტაროვოიტოვამ. ისინი იცნობდნენ აფხაზეთს, ესმოდათ, რა ხდებოდა. ისინი ამბობდნენ: „თუკი რუსეთმა თქვენ გაგიშვათ, თქვენ აფხაზეთი გაუშვით. რას აკეთებთ ქართველებო, ბოლოს და ბოლოს?“

რა თქმა უნდა, ელცინზე და რუსეთის პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ ფეხზე დადგა ჩრდილოეთი კავკასია. მათ დაინახეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა თავად რუსეთის უსაფრთხოება. მხედველობაში მაქვს აფხაზეთის დასახმარებლად ჩამოსული მოხალისეები, კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია. ამან ისეთი სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ელცინი და სხვები იძულებული გახდნენ, თავიანთი კურსის კორექტირება მოეხდინათ.

ისინი ხომ ასე ფიქრობდნენ: ჩუმად, უხმოდ მოვუღებთ ბოლოს აფხაზეთს, საქართველოსთან მოვილაპარაკებთ, შევარდნაძე მაინც ჩვენი კაცია, მოსკოვში მუშაობდა, გამსახურდია არ არის ჩვენიანი, თუ შევარდნაძე ჩვენი იქნება, ჩვენი იქნება მთელი ყოფილი საქართველოს სსრ, აფხაზეთის ჩათვლით. მათ არ უნდოდათ პრობლემები და ისინი, ჩემი აზრით, ზედმეტად თავისუფლად განიხილავდნენ ამ თემას, ძალიან ხშირად არც ესმოდათ ის საკითხი, რაზეც საუბრობდნენ. მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საკითხი ესმოდათ, მაგალითად, სერგეი ბაბურინი, რომელმაც შეისწავლა და იცოდა ჩვენი პრობლემა. იყვნენ სხვებით, ჩამოდიოდნენ დეპუტატები და არა მარტო დეპუტატები. ვლადისლავს რომ დავუბრუნდეთ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან მტკიცედ მოიქცა, ძალიან დიდი შემართება გამოიჩინა. ამ პერიოდში მის გარდა ვერავინ იქნებოდა ასეთი ლიდერი. უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან გაბედულად მოიქცა, და როგორც ისტორიკოსს, თავისი როლი კარგად ესმოდა. ფაქტობრივად, არძინბამ იმ დროისთვის შეუძლებელი შეძლო.

თავის მოგონებებში გენერალი ლევან შარაშენიძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პირდაპირ წერს, რომ ომის გაჩაღებაში მთელი ბრალი შევარდნაძეს მიუძღვის. ომის წინ, მაისში, ის შეხვდა არძინბას და არძინბამ უთხრა: „თუ საჭიროა, თბილისშიც კი ჩამოვალ და იქ ვილაპარაკოთ“. ის ამბობს: „მე ყველაფერ ამას მოვახსენებდი შევარდნაძეს“. მაგრამ შევარდნაძე არ რეაგირებდა, მას სურდა უბრალოდ განადგურება, დამცირება, გათელვა... აი, რაზე ფიქრობდა ის.

ელენა ზავოდსკაია: ომისწინა და საომარ ვითარებებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ზვიად გამსახურდია. სტანისლავ, გთხოვთ მოგვიყევით, რა როლი ითამაშა მან ამ სიტუაციებში, იცვლებოდა თუ არა მისი შეხედულებები და როგორ?

სტანისლავ ლაკობა: პირველ წლებში ის ზედმეტად შოვინისტურ განცხადებებს აკეთებდა ბევრი ერის მიმართ, რომლებიც ყოფილი საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 1989 წლის დამდეგს მან გაავრცელა მოწოდება „ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველებისადმი", სადაც ის აფხაზების წინააღმდეგ გამოვიდა, განაცხადა, რომ ისინი თითქოსდა უცხოები იყვნენ და აფხაზეთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. მან ისიც კი მოუწოდა იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, რომ არ ეარათ აფხაზურ ქორწილებსა და დაკრძალვებზე. აი, ასეთი წვრილმანები ხდებოდა 1989 წელს, მაგრამ მათზე იშვიათად ლაპარაკობენ. არადა, 1989 წლის დასაწყისი იყო და, სხვათა შორის, ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ აფხაზურ მოსახლეობაზე, არამედ აფხაზეთის არაქართველ მოსახლეობაზეც და იმ ქართველებზეც კი, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ.

სწორედ ამგვარმა განცხადებებმა მიიყვანა მდგომარეობა 1989 წლის აპრილში ლიხნის მოვლენებამდე, სადაც გაიმართა მრავალათასიანი სახალხო შეკრება, რომელზეც დააყენეს აფხაზეთის რესპუბლიკის 1921 წლის სტატუსის აღდგენის საკითხი. გამსახურდია ასეთ რიტორიკას ინარჩუნებდა დაახლოებით 1991 წლის მარტამდე, იმ მომენტამდე, როცა გაიმართა რეფერენდუმი. რეფერენდუმის შემდეგ აფხაზეთში გადასხეს სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი, მოქმედებდა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, და მან მაშინ დაინახა, რომ კოლოსალური საფრთხე შეიქმნა. ამ დროისთვის ის უკვე სამხრეთ ოსეთში იბრძოდა და იცოდა, რომ ორ ფრონტს ვერ მოერეოდა. და უცებ სულ სხვანაირად დაიწყო ლაპარაკი: განაცხადა, რომ აფხაზები ისეთივე მკვიდრი მოსახლეობაა, როგორც ქართველები, ლაპარაკი დაიწყო ორ აბორიგენ მოსახლეობაზე. და იმაზეც კი დაიწყო ლაპარაკი, რომ საჭიროა პარლამენტის ფორმირება. გამსახურდია ეთნიკური პრინციპით კვოტების დაწესების წინადადებითაც კი გამოვიდა, თუმცა სხვები - კერძოდ, აფხაზი იურისტი ზურაბ აჩბა - ორპალატიან პარლამენტს სთავაზობდნენ: ეროვნებათა პალატას და რესპუბლიკის პალატას, სადაც ყველა ეროვნება იქნებოდა წარმოდგენილი. მაგრამ მას ეს აზრი არ მოეწონა, თქვა, რომ ეს ძალიან სახიფათო ინსტრუმენტი იქნებოდა თავად საქართველოსთვის: მისი აზრით, ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შემთხვევაში, დიდ უმცირესობებს, როგორებიც არიან სომხები და აზერბაიჯანელები, პარლამენტში პრობლემების შექმნა შეეძლოთ. ის გამოვიდა ეთნიკური კვოტების წინადადებით, ანუ 28 აფხაზი დეპუტატი, 26 - ქართველი, და 11 - რუსულენოვანი. ის უფრო შორს წავიდა და დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ურიგო არ იქნებოდა ჩეხოსლოვაკიის მსგავსად აფხაზურ-ქართული ფედერაციის შექმნა. კაცმა რომ თქვას, რამდენადაც მესმის, ის ამით ეცადა, უფსკრულის პირს მოშორებოდა და მიხვდა, რომ ცუდი მშვიდობა ჯობია ომს.

ელენა ზავოდსკაია: პუბლიკაციებში ვხვდებით ასეთ მოსაზრებას, რომ შევარდნაძე არ ყოფილა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ჯარის შეყვანის ინიციატორი. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

სტანისლავ ლაკობა: ამაზე ძალიან საინტერესოა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან შარაშენიძის აზრი, რომელიც წერს, რომ 1992 წელს მას თებერვლიდან მაისამდე ბევრი შეხვედრა ჰქონდა არძინბასთან. არძინბა თანახმა იყო შევარდნაძეს შეხვედროდა, მაგრამ დამნაშავე შევარდნაძეა, ვინაიდან ის არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა.

ელენა ზავოდსკაია: და, თქვენი აზრით, რატომ არ სურდა მას არძინბასთან შეხვედრა?

სტანისლავ ლაკობა: რადგანაც შევარდნაძე ამ საკითხის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისკენ იხრებოდა. კიტოვანისა და იოსელიანის გარემოცვაში მას განსაკუთრებული შესაძლებლობები არ მოეპოვებოდა მანევრირებისთვის. მაგრამ მოსაზრება, რომ შევარდნაძეს არ სურდა ჯარების შეყვანა და ამას სხვები მოითხოვდნენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. წაიკითხეთ, მაგალითად, მისი 11 აგვისტოს გამოსვლა სახელმწიფო საბჭოში. ის ამბობდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წესრიგს დავამყარებთ, ლესელიძიდან დაწყებული, და ჩვენი საზღვრები ხელშეუხებელიაო.

ელენა ზავოდსკაია: ომამდე ბევრს წარმოედგინა, რომ შევარდნაძე საკმარისად ჭკვიანი, გამოცდილი და დიპლომატიური იყო საიმისოდ, რომ ომი არ დაეწყო. თქვენ კი მეუბნებით, რომ მას ბლიცკრიგით აფხაზეთის განადგურებისა და დაპყრობის იმედი ჰქონდა. რატომ არ მოელოდა ის სერიოზულ წინააღმდეგობას?

სტანისლავ ლაკობა: მე კი არ ვამბობ ამას, ეს დოკუმენტებიდან და მასალებიდან ჩანს. მას მართლაც ასე სურდა აფხაზეთის საკითხის სწრაფად გადაწყვეტა. [თბილისი] ხელმძღვანელობდა სამეგრელოს მაგალითით, სადაც შევიდნენ და ყველა უცებ დაიფანტა. დახოცეს ხალხი, აბუჩად აიგდეს იგი და ალბათ ფიქრობდნენ, რომ აფხაზეთშიც იგივე მოხდებოდა. მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

თავისი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე, შევარდნაძისთვის აფხაზეთი იყო ერთგვარი აკვიატება. ის ყოველ თათბირს იწყებდა შეკითხვით: „როგორ არის საქმე აფხაზეთში?“ და ყოველთვის ეშინოდა ამის. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ყველაფრის სხვანაირად გადაწყვეტა. ლევან შარაშენიძეც კი წერს, რომ გაკვირვებული იყო, რომ ასეთი მდიდარი გამოცდილების ადამიანმა, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა არძინბასთან და აფხაზეთთან საერთო ენის გამონახვა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძეს არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

სხვათა შორის, ქართველი ისტორიკოსი, ზურაბ პაპასკირიც წერს, რომ გასაკვირია, როგორ წავიდა ამაზე შევარდნაძე, ასეთი გამოცდილი ადამიანი. ის სოხუმშიც კი უნდა ჩასულიყო და მოლაპარაკებოდა არძინბას, გაერკვია, რა სურდათ აფხაზებს და გვსურდა ჩვენო. ეს ადასტურებს იმას, რასაც შარაშენიძე წერს. როგორც ჩანს, მას სრულიად სხვა მიზანი ჰქონდა, მას სურდა სამხედრო გზით გადაეწყვიტა ეს საკითხი, უცებ გაეკვეთა გორდიას კვანძი, რათა აფხაზებით ზედმეტად არ შეეწუხებინა თავი. ჩემთვის ეს სრულიად აშკარაა.

მაგრამ, ის ამას ძირითადად კიტოვანის ხელით აკეთებდა. მე 1994 წელს ჟენევაში მოლაპარაკებების დროს ვესაუბრე იოსელიანს. ვკითხე: „ჯაბა, როგორ მოხდა ეს?“ მიპასუხა: „იცი, მე საერთოდ ამის წინააღმდეგი ვიყავი. ეს კიტოვანმა და შევარდნაძემ გადაწყვიტეს“. როგორ-მეთქი, ვკითხე. მან მომიგო, რომ ეს საკითხი 11-ში გადაწყდა სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც თვითონ არც კი ესწრებოდა. ასეთი საინტერესო რამეც კი მითხრა: „მერე ვაფრთხილებდი: არ გააკეთოთ ეს. მე ვიცნობ აფხაზებს. რა გგონიათ, ტანკები და თვითმფრინავები მოგცეს და შეგიძლიათ აფხაზებს გადაუაროთ? მე მათთან ერთად ციხეში ვარ ნაჯდომი, ვიცნობ მათ, უპასუხოდ არ დაგტოვებენ“. სიტყვასიტყვით ასე მითხრა. მერე საინტერესოდ დაასრულა თავისი მონოლოგი: „უპასუხოდ არ დაგტოვებენ“, პაუზის შემდეგ დაამატა: „აი, მიიღეს კიდეც“. მე ვეკითხები: „შენ რა, ამ საქმეებთან კავშირი არ გქონდა?“ „მქონდა, მაგრამ უკვე მოგვიანებით“, მიპასუხა. ვეუბნები: „ოჩამჩირის რაიონში როგორ იქცეოდით?“ მან კი მომიგო: „ხომ არ შემიძლია ყოველი ნაძირალისთვის ვაგო პასუხი, თქვენც ხომ გყავთ ნაძირალები?“.

ელენა ზავოდსკაია: როგორი ურთიერთობები იყო ომის დაწყების შემდეგ ვლადისლავ არძინბასა და ბორის ელცინს შორის? ყველას გვახსოვს სატელევიზიო კადრები, როგორ გამოდიან ჟურნალისტების წინაშე ელცინი, არძინბა და შევარდნაძე, და იქმნება რაღაც უცნაური სიტუაცია, როცა ელცინი ცდილობს აიძულოს არძინბა და შევარდნაძე, ხელი ჩამოართვან ერთმანეთს. ის რამდენიმე წამი ძალიან დაძაბულ და ძალიან ტრაგიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ სიტუაციაზე თუ შეგიძლიათ რაიმე კომენტარის გაკეთება?

სტანისლავ ლაკობა: მე ვლაპარაკობდი იმის შესახებ, თუ რა მოხდა 25 სექტემბერს. შევარდნაძე გაემგზავრა შტატებში და გამოსვლაში რუსეთს დასდო ბრალი. ამის შემდეგ რუსულ პოლიტიკაში სრული შემოტრიალება მოხდა. უკვე ოქტომბრის დასაწყისში განთავისუფლებულ იქნა გაგრა და რუსეთთან საზღვარიც გაიხსნა. 3 სექტემბერს კი მოსკოვში წყდებოდა ომისა და მშვიდობის, აფხაზეთის მომავლის საკითხი. ამ შეხვედრას ჩრდილოეთ კავკასიის მრავალი რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და გადაწყდა, რომ შესაძლებელია ამ კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარება. რამდენადაც მესმის, თავიდან წარმოდგენილ იქნა ერთი დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი მხარეც განიხილავდა და მეორე მხარეც. გამოითქვა ზოგიერთი შენიშვნა, მაგრამ მთლიანობაში ის მისაღები იყო. ხოლო შემდგომ, როგორც თვითონ არძინბა ჰყვებოდა, პატარა შესვენება გაიმართა. შევარდნაძე და ელცინი განმარტოვდნენ, ერთად გავიდნენ. შემდეგ ელცინი აშკარად ნასვამი დაბრუნდა და თქვა: „ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, სხვა დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი“. არძინბა ეუბნება: „უნდა განვიხილოთ, ბორის ნოკოლაის ძევ, ასე ბრმად როგორ მოვაწეროთ ხელი?“ „არა, უპასუხა ელცინმა“ - უნდა მოვაწეროთ, ახლა არა გვაქვს ყოველი პუნქტის განხილვის დრო“. იქმნებოდა ასეთი ვითარება: თუკი აფხაზური მხარე ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა, ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით სამშვიდობო დარეგულირებას, ყველაფერს. ყველაფერს აგვკიდებდნენ რასაც მოინდომებდნენ. და, მისი თქმით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქეთ-იქიდან არწმუნებდნენ: „მოაწერე, მოაწერე, მოაწერე“. ამ შეხვედრაზე პარლამენტმა გაგზავნა ვლადისლავ არძინბა და იური ვორონოვი. და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ არძინბა იძულებული გახდა, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის. მასში ლაპარაკი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომ გაყვანილ იქნება არა მთელი ჯარი, არამედ ქართული ჯარების ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩებოდა. იქ უკვე აღარ იყო ნახსენები საქართველოს ფედერაციული მოწყობა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ ახსენეთ: როცა ჟურნალისტებთან გამოვიდნენ, არძინბა არაჩვეულებრივად მოიქცა. მან თავის გამოსვლაში ფაქტობრივად დეზავუირება გაუკეთა ხელმოწერილ დოკუმენტს, როცა თქვა, თქვენი იმედი გვაქვს, ბორის ნიკოლაის ძევ, ამ დოკუმენტს თქვენი პატივისცემის გამო მოვაწერეთ ხელიო. იძულებული ვიყავით, ხელი მოგვეწერაო, ესეც კი თქვა. ამის შემდეგ კი მან შევარდნაძისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა, როგორც გახსოვთ. თუმცა ის ხელს უწვდიდა, მაგრამ ვლადისლავი მაინც არ ართმევდა ხელს. ჩანს კიდევაც, როგორი განრისხებული იყო შევარდნაძე. არავინ ელოდა, რომ ვლადისლავი ასე მოიქცეოდა. ნებისმიერი პოლიტიკოსი აიღეთ, ვფიქრობ, ვერც ერთი ვერ მოიქცეოდა ასე. ჩემი აზრით, ეს ის გარდატეხის მომენტი იყო, რომლის შემდეგაც ელცინმა რაღაცნაირად სხვანაირად შეხედა არძინბას.

ელენა ზავოდსკაია: და რამ გამოიწვია აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულებაში ასეთი ცვლილება ამ შეხვედრისა და არძინბას სიტყვით გამოსვლის მერე? წინააღმდეგობის ნებამ თუ რა? თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ როგორც ისტორიკოსმა.

სტანისლავ ლაკობა: მოკლედ და ყველასთვის გასაგებად ვთქვა? მე ხელებს მიგრეხენ, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ გავაგრძელებთ! - აი, ამას ნიშნავდა ეს. და ყველა ხვდებოდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხვდებოდნენ, რომ, ფაქტობრივად, მარტო იდგა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ვლადისლავმა მოგვიანებით მითხრა, რომ ამ დღის მერე მისთვის ყველა კარი გაიხსნა, ყველა მის საკითხს მთავრობის თავმჯდომარე ეგორ გაიდარი წყვეტდა. იგულისხმება ჰუმანიტარული დახმარება, სურსათის საკითხი, სხვა საქმეები. „იყო ბევრი პრობლემა და ამ პრობლემებს ის ხსნიდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ჩავსულიყავი და მოსაცდელში ვმდგარიყავი და მეცადა“, ამბობდა არძინბა.

ელენა ზავოდსკაია: რახან აფხაზეთის ომის საერთაშორისო კონტექსტს განვიხილავთ, თუ შეიძლება, მოგვიყევით ორი წამყვანი ქართველი ძალოვანის - კიტოვანისა და იოსელიანის - როლზეც.

სტანისლავ ლაკობა: აი, რა მიამბო ერთმა ადამიანმა (არ დავასახელებ მის ვინაობას), რომელიც თბილისში ჩავიდა 1992 წლის იანვრის მოვლენების შემდეგ, როცა გამსახურდია განდევნეს. ჰოდა, როცა თბილისში ჩავიდა, მას ჯაბა იოსელიანი დახვდა. და როცა იოსელიანი მასთან ერთად იჯდა მანქანაში, მას უთხრა: „იცი, თბილისში რას ამბობენ ჩემზე და კიტოვანზე?“ იმან უპასუხა: „არა, არ ვიცი. რას ამბობენ?“ „ამბობენ, - უთხრა იოსელიანმა, - რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ცნობილი კანონიერი ქურდი - ანუ მე, და უცნობი ხელოვანი - ანუ კიტოვანი, მოქანდაკე!“.

ცხადია, ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. რამდენადაც ვიცი, იოსელიანი კიტოვანს ვერ იტანდა. სადღაც ნათქვამი აქვს მასზე, ცხოველიაო. ის კიტოვანს ყასბად, გაუთლელ, ტლანქ ადამიანად მიიჩნევდა. იოსელიანი კი, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი და უფრო ჭკვიანი იყო. ცხადია, ორივე იყო მამოძრავებელი ძალა. კიტოვანი "ეროვნულ გვარდიას" ედგა სათავეში და გამსახუდიას თავგამოდებული მოწინააღმდეგე იყო. მას ახლო, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა გრაჩოვთან. გრაჩოვი ფიქრობდა, რომ კიტოვანის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. უბრალოდ ისე, უანგაროდ ხომ არ დახმარებია მათ შეიარაღებით?! იოსელიანი კი სულ სხვაგვარი ადამიანი იყო.

ელენა ზავოდსკაია: როგორი?

სტანისლავ ლაკობა: მაგალითად, იოსელიანი თვლიდა, რომ საქართველოს სჭირდებოდა შევარდნაძე, კიტოვანი და სიგუა კი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში მის ჩამოყვანას. მას შემდეგ, რაც კიტოვანი ხუთი საათის განმავლობაში ესაუბრა შევარდნაძეს მოსკოვში, კიტოვანი გამოიცვალა, აზრი შეიცვალა. როცა იოსელიანს ვკითხე, შევარდნაძე რისთვის გჭირდებოდათ-მეთქი, მიპასუხა: "ხომ იცი, ვინ ვართ? შირმა გვჭირდება". ვუთხარი, თავს დაიღუპავთ-მეთქი. მაგრამ მას მაინც მიაჩნდა, რომ შევარდნაძე სჭირდებოდათ, როგორც შირმა. მას მსოფლიოში იცნობდნენ, მათ კი არავინ იცნობდა. მითხრა: „შენ ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფია“. აი, ასე განსჯიდა. ნაწილობრივ ეს იყო კრიმინალური ხელისუფლება და იქ კრიმინალური რევოლუცია მოხდა. გამსახურდია, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა წრის ადამიანი იყო, ინტელიგენტური ოჯახიდან იყო, მწერლის შვილი, მაგრამ რომანტიკულმა ნაციონალიზმმა გაიტაცა. მოგვიანებით, როცა რეალობას შეეჩეხა, ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა, თუმცა, ასე მგონია, რომანტიკულ ნაციონალიზმს მაინც არ გაემიჯნა. მასთან იყო გარკვეული კონტაქტები, იყო მომენტი, როცა აფხაზეთისგან დახმარება სურდა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ამტკიცებდა, რომ აფხაზები როგორც ასეთები არ არსებობდნენ, მერე კი უცებ აფხაზურად დაიწყო ლაპარაკი. 1993 წელს ხომ აფხაზურად გამოვიდა მიმართვით, შუა ომის დროს.

ელენა ზავოდსკაია: რაში მდგომარეობდა ამ მიმართვის აზრი?

სტანისლავ ლაკობა: ამბობდა, რომ ჩვენ ძმები ვართ, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ შევარდნაძე - უზურპატორია და ა.შ. რამდენადაც მესმის, მას სთავაზობდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს ფარგლებში, მაგრამ მთელი საქართველო უნდოდა, მთელი საქართველოს მიცემას კი, როგორც ჩანს, არ უპირებდნენ. ხოლო როცა შევარდნაძე მიხვდა, რაში იყო საქმე, დსთ-ში შესვლასაც დათანხმდა, რუსეთის ბაზებსაც. მაშინ მას დახმარება აღმოუჩინეს და ის დსთ-ში შევიდა. ორი წლის შემდეგ, 1996 წელს, რუსეთის პოზიციები დასუსტდა და მან კვლავ გააღწია ამ ორბიტიდან. გახსოვთ მასზე თავდასხმა? მაშინ გიორგაძეს ადანაშაულებდნენ, შემდეგ გიორგაძე წავიდა. იყო კიდევ ნადიბაიძე, თავდაცვის მინისტრი. ორივე პრორუსულად მიიჩნეოდა. მიმდინარეობდა ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის...