Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს


"ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს, პარლამენტმა აუცილებლად უნდა განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებები", - თქვა პარლამენტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში მმართველი პარტიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტში ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული. პარლამენტის ყველა შესასვლელი გადაკეტილია აქტივისტების მიერ და პარლამენტარებს არ ეძლევათ შენობაში შესვლის საშუალება.

"თქვენ გახსოვთ, რომ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ ჰქონდათ ბლოკირებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი. ახლა აღარ არის ის დრო. არ არის ის დრო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივცეთ ჩვენ კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირების საშუალება, შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, თუკი ისინი არ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. მთავარი არის კანონის უზრუნველყოფა, კანონის განხორციელება.


ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებას, მაგრამ ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს. კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ბლოკირება ეწინააღმდეგება კანონს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის შენობის პიკეტირებასთან დაკავშირებით განცხადება 18 ნოემბერს გააკეთა სახალხო დამცველმა, რომელმაც თქვა, რომ მართალია, პიკეტირება არაკანონიერია, მაგრამ ის გამოწვეულია საარჩევნო წესის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნით პარლამენტში და, შესაბამისად, პიკეტირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს. სახალხო დამცველის ეს განცხადება ირაკლი კობახიძის კრიტიკის საგანი გახდა. მან თქვა, რომ სახალხო დამცველს, როცა ის აკეთებდა ამ განცხადებას, "დაავიწყდა, რომ ის უკვე არის ომბუდსმენი". ირაკლი კობახიძის აზრით, ომბუდსმენის განცხადება "აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს და არსს".

"არ მაინტერესებს, არ არის მნიშვნელოვანი [ვის ინტერესებს ატარებდა ომბუდსმენი]... მთავარი არის კანონი და მისი უზრუნველყოფა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით.

პარლამენტის შესასვლელებთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG