Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: შეხვედრაზე #სირცხვილიას ვაშაძე და ბოკერია წარმოადგენდნენ


მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, სადაც ისინი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საარჩევნო წესის ცვლილების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ესწრებოდა, რადგან მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ წარმოადგენდა. მისი თქმით, ეს ერთი პოლიტიკური ძალაა.

„აქტივისტების წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია, უშუალოდ #სირცხვილიას და #გაბედეს წარმომადგენლები იყვნენ ვაშაძე და ბოკერია და მათ დააფიქსირეს თავისი პოზიცია და მათ დააფიქსირეს მათი სახელითაც, ჩვენ ასე მივიღეთ, პოზიცია“, - თქვა კობახიძემ რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვის პასუხად, თუ რატომ არ იყო წარმოდგენილი #სირცხვილიას წევრები შეხვედრაზე.

სასტუმრო „ბილტმორში“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დილის 10 საათიდან დღის 5 საათამდე იმართებოდა და, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, ის შედეგის გარეშე დასრულდა. ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ შეხვედრაზე მათ შეუძლიათ, ოპოზიციას ქუჩაში დარჩენა შესთავაზონ.

შეხვედრაზე განიხილებოდა საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი და არ ესწრებოდნენ #სირცხვილიას და სხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო წესის ცვლილებას მოითხოვენ.

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელმა 30-მდე პარტიამ 29 ნოემბერს ხელი მოაწერა მემორანდუმს იმის დასტურად, რომ მხარს უჭერს ე.წ. გერმანული მოდელის შეჯერებულ პროექტს. პროექტი ახლა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE/ODHIR) გადაეგზავნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG