Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელების შიში და 1980-იანი წლების ომის მოგონებები


ავტორი: გოლნაზ ესფანდიარი

თეირანსა და ვაშინგტონს შორის სიტყვიერი დაპირისპირების, ეკონომიკური ზეწოლისა და სამხედრო თემის გააქტიურების ფონზე, რიგითი ირანელები ყურადღებით ადევნებენ თვალსპროცესებს და სულ უფრო შეშფოთებული ჩანან აშშ-თან კონფლიქტის საფრთხით.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში აშშ-მა რეგიონში გაგზავნა ავიამზიდების დაჯგუფება სპარსეთის ყურეში „ამერიკის ინტერესებზე თავდასხმის“ „შესაკავებლად“, 15 მაისს ოფიციალურმა პირებმა გასცეს დავალება მეზობელი ერაყიდან აშშ-ის მთავრობის იმ თანამშრომელთა გაყვანის შესახებ, რომელთა ადგილზე ყოფნაც აუცილებელი არ არის. ამას გარდა, ვაშინგტონმა კვლავ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები რეგიონში მგზავრობასთან დაკავშირებით, მიუთითა რა „ტერორიზმზე, მძევლების აყვანასა და შეიარაღებულ კონფლიქტზე“.

პასუხად ირანს პოზიცია არ შეურბილებია, მაგრამ, პრაქტიკულად, ერთი-ერთზე გაიმეორა ვაშინგტონის საჯარო განცხადებები, რომ არ მიისწრაფვის „ომისაკენ“. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ დაგმეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო მანევრები, როგორც „ფსიქოლოგიური საომარი მოქმედებები“. ამავე დროს, ისინი ირწმუნებიან, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ირანი მზად არის ნებისმიერი აგრესიის შესაკავებლად.

ირანის განკარგულებაშია, სავარაუდოდ, 500 ათასამდე აქტიური სამხედრო მოსამსახურე და 250 ათასამდე რეზერვისტი.

თუმცა, ექსპერტების აზრით, მოწინააღმდეგის შესაკავებლად ირანის მთავარ ბერკეტებად უნდა მივიჩნიოთ კიბერ-ოპერაციები, მოკლე და გრძელი რადიუსის ბალისტიკური რაკეტები, მისი მუქარა, რომ გადაკეტავს ნავთობის ტრანსპორტისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტეს სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის და მისი შესაძლო გადაწყვეტილება, განაახლოს ბირთვული პროგრამა, რომელიც, ოპონენტების აზრით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

ბევრი ირანელი სხვადასხვა გზით ცდილობს გვერდი აუაროს მკაცრ ცენზურას და მიიღოს ინფორმაცია საზღვარგარეთ მომზადებული სპარსულენოვანი პროგრამებიდან თუ სოციალური მედიიდან. ისინი, ვინც საკუთარ აზრსაც გამოთქვამს, ხშირად აკრიტიკებენ საომარ რიტორიკას.

ბევრი იხსენებს ირანის ძველი კონფლიქტების მძიმე შედეგებს - ეს ეხება, პირველ რიგში, ერაყთან 1980-1988 წლების ომსა და „მოწამეებად“ წოდებულ ასიათასობით ირანელ მსხვერპლს.

„ემხრობით თუ არა სამხედრო თავდასხმას ისლამურ რესპუბლიკაზე?“ - ასეთი შეკითხვა დაწერა ტვიტერში ირანელმა აქტივისტმა, რომელიც ნიდერლანდში ცხოვრობს. „ასეთი შეკითხვის დასმაც კი არასწორია“... „საერთოდ, იცი, რა არის ომის შედეგები? იცი, რომ ისინი უდანაშაულო ხალხის დახოცვასა და ირანის განადგურებას ნიშნავს?“, ასეთია ერთ-ერთი გამოხმაურება ირანიდან.

ბევრს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ერაყთან 80-იანი წლების ომი, რომელმაც ქალაქები გაანადგურა და ორივე მხარეს ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ზოგმა ომის მსხვერპლისა და ნგრევის ამსახველი სურათები გამოაქვეყნა კონფლიქტის საშინელების შესახსენებლად.

„ოთხი წლის წინ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვზეიმობდით, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდა“, წერს თეირანელი ქალი, ორი შვილის დედა, ფეისბუკში. ის სანქციებსა და ცხოვრების გაძვირებას უჩივის და დასძენს: არ მინდა, ჩემმა შვილებმა ომი გამოსცადონო.

ირანის კულტურის მინისტრმა მოჰამად მათაეიმ 10 მაისს, ცნობების თანახმად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანის ქალაქ ნეიშაბურში თქვა, რომ მილიონობით სტუდენტი მზადაა, თავი შესწიროს სამშობლოს. ამ სიტყვებს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის კრიტიკა თეირანში დაფუძნებული „ბავშვთა დაცვის საზოგადოებისაგან“. ორგანიზაციის განცხადებით, ოფიციალური პირები თავს არ უნდა თვლიდნენ უფლებამოსილად, რომ მილიონობით ახალგაზრდის სახელით ილაპარაკონ.

ერაყთან ომის დროს ირანი ათასობით მცირეწლოვან ჯარისკაცს „მოხალისეებად“ გზავნიდა ფრონტის ხაზზე, ზოგჯერ დანაღმულ ტერიტორიებზე.

ბოლოხანს გავრცელდა ცნობები არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ოთხ ტანკერზე თავდასხმის შესახებ. ანონიმმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ირანი დაასახელეს ეჭვმიტანილად, თუმცა მტკიცებულებებზე მათ საჯაროდ არ უსაუბრიათ.

თავის მხრივ, ირანმა ბოლოხანს გამოაცხადა, რომ უარს ამბობს 2015 წელს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ ზოგ ვალდებულებაზე. გასულ წელს ამ შეთანხმებიდან გავიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

13 მაისს ტრამპმა „ყალბი ცნობები“ უწოდა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას, რომ თეთრი სახლი განიხილავს ახლო აღმოსავლეთში 120 ათასამდე ჯარისკაცის განთავსების შესაძლებლობას, თუ ირანი თავს დაესხმება ამერიკელ სამხედროებს, ან გაააქტიურებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG