Accessibility links

ირინა გაბიანის პოსტCOVID არტი 


ავტორი: მაია დარჩია

სამყარო ისე დაპატარავდა… ჩვენი პლანეტა სულ ერთ პატარა ვირუსში განთავსდა, ჩაიკეტა და გაუნძრევლად თვალს ადევნებს ამ ვირუსის ბურთულას ყოველ ზესვლასა და გადაწყვეტილებას.

დიახ, დავპატარავდით, გავერთიანდით შიშისა და გაურკვევლობის ეგიდით.

უამრავი ინფორმაცია, პლანეტის მძლავრთა თუ სუსტთა მდგომარეობა მხოლოდ ამ ერთი პატარა ბურთუკას მოძრაობაზეა დამოკიდებული. მის არსებობასა და არარსებობას შორის ვსუნთქავთ, ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, ვცოცხლობთ და ვარსებობთ.

ამავე დროს იქმნება სულ სხვა რამ, არსებულად და თვისობრივად ახალი. მდგომარეობის გათვალისწინებით თუ გაუთვალისწინებლობით საინტერესოც და იქნებ შიშის მომგვრელიც რომ არა განმეორებადობის უცნაური თავისებურება.

დიახ განმეორებადობა, შიში დაშლის წინ. დაშლა, ელემენტების ცვალებადობა, კვლავ აღდგენა და კვლავ გენეზისი.

ნეტავ რამდენჯერ გადაიარა მეთქი ვფიქრობდი, ამდაგვარი რამ ამ პლანეტამ, მისმა მკვიდრმა ჰუმანოიდებმა თუ “ჰიპერ-ტეროიდებმა”.

და... ამ გასაჭირისა თუ დიდი კატაკლიზმების დროს, უცნაური რამ, არტი, სრულიად ამსახველი მდგომარეობისა და არსებობისა. წარსულის, წამყოსა და მომავლის სინთეზი, იმედი, ხაზთა ზუსტი თუ ქაოსური გადაკვეთა, ფერთა გამის შეხამება თუ შეუხამებლობა. მაგრამ ის, რაც ნამდვილადაა წარსულის აწმყოსა და მომავლის შემაკავშირებელი.

აი ასე ვხედავ მე პირადად ირინა გაბიანის ხელოვნებას და სახელიც იმიტომ დავარქვი ამდაგვარი: “პოსტCOVID არტი”.

თავად განსაჯეთ და დააკვირდით თუ ასე არაა და თუ სხვაგვარად ხედავთ, ამას რა ჯობი ა. განა ერთი ვინმეს აზრია აქსიომა?

მაგრამ მე გავკადნიერდები და ჩემს ხედვას მოგაწვდით.

1.“სუნთქვა უსახელოსი”, 1999

ის რაც ჩვეულია და ამავე დროს რუტინული, თუნდაც სიკვდილი და თუ რუტინულია სიკვდილი და ზოგადად გაქრობა ამაოებაა, ისეთივე როგორიც არსებობაა (სიცოცხლე) ამაოება.

წარმოუდგენელია სირუხეში გადასული რუტინის არსი და არსებობის დროში განვრცობა. თავად სამყაროს კანონებს უნდა ეწინააღმდეგემოდეს შემოქმედებითი კუთხით, თუ არადა ადამიანის არსებობას ნამდვილად ეწინააღმდეგება და აი სწორედ აქ და ეხლა იშლება ეს ძირითადი ბირთვი, იშლება ნაწილებად და მისი სირუხე, ჩუმი, უტყვი კატასტროფის მომასწავაბელ შეგრძნებას გვიტოვებს.

2) “ევას შექმნა”, 2019

და ამ ფონზე, ამ კატასტროფული სცენარის ფონზე, ჯერ კიდევ არსებობს წარსული, წარსული მეტობის მეტობისა.

ადამ და ევადან დაწყებული სურვილი აკრძალულის წვდომის და ამ აკრძალულის მეტობისა.

“ხე აკრძალული ვაშლისა,“თითქოს თავისუფლად განთავსებული სივრცესა და კოსმოსში, მაგრამ აზრობრივად შეზღუდული თავისი ვერტიკალური სტატიკურობის გამო.

ის რასაც დღემდე წარმოადგენდა ადამიანთა საზოგადოება, სურვილი მეტის, სურვილი უსაფუძვლო ამბიციებისა და რაც მთავარია სრული დამაჯერებლობა ამ ყველაფრის მართებულ კუთვნილებაში.

3) სჯობს არა”, 2019

21-ე საუკუნის ოცწლეული. უამრავი კატაკლიზმები, გლობალურ თუ ლოკალურ მასშტაბების რყევანი და იმ მეტობის უცნაური რღვევა და ფორმის ცვალებადობა.

ირღვევა ერთი ფორმა და თითქოს იქვე იქმნება მეორე, რომელსაც ასევე სწრაფად უწერია დაშლა.

მოძრაობა, დინამიკა და სისწრაფე. სწრაფი სიცოცხლე, სწრაფი გადაწყვეტილებანი, სწრაფი წარმავლობა ყველაფერი იმისა, რაც ალბათ ადამიანს მუდმივი და ფასეული ეგონა, იშლება და თანდათან ფერს იკრებს.

რამდენადაც სწრაფია დაშლა, იმდენად ფერადოვანია განცდა და მასთან ერთად, ამ განცდებთან დაკავშირებული სამყარო.

განცდა ამაოების, განცდა შიშის, განცდა წარმავლობის და ყოველივე ამის მთავარი ფიგურა-ადამიანი.

4) “ სამყაროს გაშლა”, 2016

სწორედ დაშლისა და განადგურების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, იწყება უცხო სხეულის ექსპანსია: მწვავე, უეცარი, დინამიური, იარაღის მსგავსი.

თავად ნამუშევარს თუ შეხედავთ, სწორედ ასეთ ასოციაციას იწვევს და იმდენად ძლიერია ეს ექსპანსია, ეს შემოჭრა, რომ სისწრაფის გამანადგურებლობის აღქმის უნარსაც აჩლუნგებს.

აქ და ამ წუთას, გრძნობა რა მირაჟული იყო - კაცობრიობის მიერ დაგროვილი ყველა ტექნიკური თუ ჰუმანიტარული ცოდნა.

რამდენად მოდუნებულია ის, რაც ოდესღაც, ანუ ექსპანსიამდე დინამიური და სწრაფი, აზრიანი და მიზნიანი გვეგონა.

ესაა 21 საუკუნის პირველი 20 წლეულის ძირითადი მოვლენა -ექსპანსია, შემოჭრა.

შემოჭრა ჩვეულებრივ “აზრიან და ადამიანურ” არსში.

შემოჭრა - იმდენად მძლავრი, იმდენად კოსმიური, რომ ყველაფრის გარინდებასა და გაშეშებას იწვევს.

5) “ურთიერთდაკავშირებული სამყარო”, 2007-15

და გარინდების შემდეგ კვლავ აღდგენის პროცესი, სიჩუმისა და სიმშვიდის ჰარმონია.

მელოდიური გამთლიანება, კვლავ დაბრუნება, მაგრამ არა იმისა რაც იყო, არამედ სრულიად ახლებურისა.

არა იმ სირუხისა რაც პირველ ნამუშევარში აღვნიშნეთ, არა იმ ცენტრალური ბირთვისა, არამედ ტოლთა და სწორთა შვიდ სფეროთა ფერადი, სამყაროსეული კანონებითა და წესით აგებული და მშვიდი.

ექსპანსიის შემდგომ მოსული წესი და რიგი, უმაღლესი სამყაროსეული კანონის კოსმიური წესრიგი, დაუსრულებელ წრეში მოტრიალე შვიდეული.

სამყაროსეული ციფრი შვიდი. ექსპანსიის შედეგი - ახლის ქმნა.

6) “ საიდუმლო სიტყვები”, 2004

და ბოლო ეტაპი… ეტაპი სრული სიმშვიდის, სისუფთავის, განწმენდის. არსებობის ახლებური აღქმა, საკუთარი დანიშნულების გააზრების, ბუნებასთან შერწყმისა და ამ შერწყმის შედეგად მიღებული შინაგანი ჰარმონია... და კვლავაც სიმშვიდე. სიმშვიდის სიბრძნე.

ნამუშევრების ნახვის შემდეგ უცნაური განწყობა დამეუფლა, ასე მეგონა თავად მხატვრის ქვეცნობიერება თუ მუშაობდა გლობალურ საკითხებთან კავშირში მეთქი, თუმცა განა რა არის გასაკვირი, ყველა ეპოქაში ყველა ჭეშმარიტი ხელოვანის ინსტინქტი მისგან დამოუკიდებლად მუშაობს ხშირად. ესაა ის, რასაც ხელოვნება უმაღლეს რანგში აჰყავს.

ჩემის აზრით, ასეთი ხელოვანია ირინა გაბიანი, ქართველი მხატვარი, რომელიც ეროვნულობის ფარგლებს ცდება და რომლის ხელოვნება გლობალური ხასიათის მატარებელია.

არის ის, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ - გაბიანის ხელოვნება მომავლის ხელოვნებაა, სამყაროსეული და უნივერსალური.

2020 წლის 31 მარტი—ჟამი კორონობისა

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG