Accessibility links

site logo site logo

ირინა გაჩეჩილაძის საოპერო სპექტაკლის უცხოური წარმატება


კომპოზიტორ ჯან კარლო მენოტის მონოოპერა „ტელეფონი“, საოპერო სპექტაკლად აქცია ქართველმა რეჟისორმა ირინა გაჩეჩილაძემ და ვენისა და ბრატისლავის სცენაზე უჩვენა მაყურებელს.

„ტელეფონის“ პრემიერა ვენის Volkstheater-ის მცირე დარბაზში 1 მარტს გაიმართა. 28 თებერვალს კი სპექტაკლი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოზე, ბრატისლავაში, "ზიჩი პალასში" პირველად ნახა მაყურებელმა.

საპრემიერო ჩვენებებში ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობდნენ. სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე, ბას-ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი მიხეილ მენაბდე, პიანისტი გიორგი კაჩინსკი.

საოპერო სპექტაკლის აფიშის დიზაინიც ქართველ მხატვარს, გელა პატიაშვილს ეკუთვნის.

ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი“ ირინა გაჩეჩილაძემ პირველად ლონდონში დადგა 2015 წელს.

ლონდონური პრემიერის შემდეგ დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა, რომელიც სპექტაკლს ესწრებოდა აღფრთოვანება ვერ დამალა და ემოციები სპექტაკლის დამსწრეებს გაუზიარა. თანამედროვე მწერალმა ბორის აკუნინმა კი ახალგაზრდა რეჟისორს თავისი პიესის „ჰამლეტის“ დადგმაც შესთავაზა.

აკუნინის „ჰამლეტი“ირინა გაჩეჩილაძემ ნიუ-იორკში დადგა 2017 წელს. სპექტაკლის შესახებ სხვა 12 გამოცემასთან ერთად წერდა „ნიუ-იორკ თაიმსიც“.

ირინა გაჩეჩილაძე 5 ფილმისა და რამდენიმე სპექტაკლის ავტორია. მისი სპექტაკლები ნანახი აქვთ დრამატული თეატრის მოყვარულებს. რეჟისორმა განათლება მიიღო ისრაელსა და ნიუ-იორკში, დამთავრებული აქვს მოსკოვის თეატრალური აკადემია (გიტისი) საოპერო და დრამატული რეჟისურის განხრით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG