Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს


„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, NDI-სა და IRI-ს დაუპირისპირდა. დეპუტატი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ტერორს ადარებს და მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში ირმა ინაშვილმა 20 იანვარს ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც თქვა, რომ „ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება NDI-ს დირექტორის, ლორა თორნტონის წინააღმდეგ და, როგორც აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მოთხოვნას აყენებს.

„NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება“.

დეპუტატის თქმით, ის და მისი პარტია მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და აქციების გამართვასაც აპირებენ, 26 იანვრიდან კი დაიწყებენ „NDI-სა და IRI-ს მამხილებელ კამპანიას“.

ინაშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ ან საერთოდ აიკრძალოს ქვეყანაში ამ ორგანიზაციების საქმიანობა.

„ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს...საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში. ან შეცვალონ მენეჯმენტი და თუ კვლევას ატარებენ, ეს კვლევა სტანდარტს ექვემდებარებოდეს, ან წაბრძანდნენ საქართველოდან“, - განაცხადა მან.

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიას ამომრჩეველთა 3% მისცემს ხმას. სწორედ ამ კვლევას გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, მათ კი აკლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG