Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ წითელი ხაზები მოლაპარაკებებში - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 მარტს


ფასილიტაციიდან მედიაციამდე: რა (არ) შეიცვალა პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპონტანური ინიციატივით განახლდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩიხში შესული დიალოგი და უფრო მაღალ დონეზეც გადავიდა. პროგრესი ბრიუსელში ორ კვირაში უნდა შეფასდეს, თუმცა მოლაპარაკების მეორე დღესვე მმართველი პარტია ისევ ავლებს „წითელ ხაზებს“, ოპოზიცია კი ხმაურიან საპროტესტო აქციებს განაგრძობს.

მოლაპარაკებების მეორე დღესვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს არის "წითელი ხაზი". ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება“.

თუმცა ეს საკვანძო საკითხი იყო იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელიც პირველ მარტს პრეზიდენტის სასახლეში ორმა დაპირისპირებულმა მხარემ მედიატორის დახმარებით შეადგინა.

ოპოზიციამ კი მოლაპარაკების მეორე დილით ისევ განაგრძო პროტესტი, ამჯერად პარლამენტის შენობის პიკეტირებით.

მოლაპარაკებების გარშემო პროგრესს 2 კვირაში, ბრიუსელში საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. არავინ მოელის, რომ პოლიტიკური კრიზისი ორ კვირაში გადაიჭრება, თუმცა ამ პერიოდში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც შექმნის საფუძველს დიალოგის გასაგრძელებლად.

წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.

ალექსეი ნავალნის გამო აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს

ევროკავშირმა 2 მარტს სანქციები დაუწესა 4 რუს მოხელეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავებისა და მისი შემდგომი დევნის გამო.
ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოში რუსეთის ტერიტორიაზე მოწამლეს, მოსკოვში დაბრუნების შემდგომ, იანვარში აეროპორტშივე დააკავეს და შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიაში მოხდით.

ევროკავშირის სანქციების შესახებ ცნობა გამოქვეყნებულია გაერთიანების ოფიციალურ გამოცემაში. ტექსტში არ არის მითითებული ის პირები, ვისზეც სანქციები გავრცელდება. მაგრამ გერმანული გამოცემების Bild-ისა და Focus-ის თანახმად, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის გვარდიის სარდალი, ვიქტორ ზოლოტოვი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი და რუსეთის გენერალური პროკურორი, იგორ კრასნოვი.

წაიკითხე მეტი.

COVID-ვაქცინის მოლოდინი და პროგნოზები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მოლოდინი აქვს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი მარტში დაიწყება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია გააჟღერა.

"ასტრაზენეკასთან" მიმართებაში გვაქვს მოლოდინი, რომ მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს ჩამოტანა პირველი დოზების და შემდეგ გაგრძელდება. COVAX ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყანაში "ასტრაზენეკა" შემოვა უფრო ადრე, ვიდრე "ფაიზერი". "ფაიზერის" შემოტანის თარიღი დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პირობებზე, რასაც დააყენებს ის. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის დაწყება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კოვაქს-პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა „ასტრაზენეკას“ ვაქცინისთვის, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით უნდა შეიძინოს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხე მეტი.

თუ კერძო სკოლის საფასური ვერ გადაიხადეთ... რის უფლებას იძლევა ახალი კანონი?

თუ აქამდე კერძო სკოლებს საფასურის გადაუხდელობისა და დაგროვილი დავალიანების გამო მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა არ შეეძლოთ, ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ მათ ამის უფლებას მისცემს. თუმცა მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე გარკვეული ვალდებულებები სკოლასაც ექნება. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები ამბობენ, რომ სკოლისადმი არსებული დავალიანება არ შეუშლის ხელს ბავშვის სხვა კერძო ან საჯარო სკოლაში გადაყვანის პროცესში იმ მშობლებს, რომლებიც ვერ ან არ იხდიდნენ საფასურს, ან სულაც სხვა მიზეზის გამო სურდათ სკოლის შეცვლა საკუთარი შვილებისათვის.

დაგეგმილ ცვლილებებს განათლების სპეციალისტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და აფასებს როგორც „ფრაგმენტულსა და არასრულყოფილს“.

რა იქნება კერძო სკოლების ვალდებულება და რა მოხდება მაშინ, თუკი მშობელს აღარ შეუძლია სკოლის გადასახადის გადახდა? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

აფხაზური ოპოზიცია ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას აპროტესტებს

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის უკვე ყოფილი თანაშემწე ბენურ კვირაია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავიდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარების მიზნით. ამას ოკუპირებულ სოხუმში პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით ბენურ კვირაიამ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი კერძო მიზნებს ემსახურებოდა და არ წარმოადგენდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის დავალებას.

ბენურ კვირაია აცხადებს, რომ თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩასვლას გეგმავდა, როგორც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე, რაზეც ასლან ბჟანიამ უარი უთხრა. ამ პასუხის შემდეგ, მან თანამდებობა დატოვა.

„19 თებერვალს მე ჩემი მოწმობა ჩავაბარე. მე ვიმყოფებოდი საქართველოში და კიდევ წავალ, ეს ჩემი კერძო ვიზიტი იყო, წავედი იქ, რათა მოვიზიდო უფრო მეტი ინვესტიცია ჩემი სამშობლოსთვის. მსურს, რომ ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა, ბევრი ფული ჩამოვიტანო აფხაზეთში, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრები ჩემი ხალხი არ იყოს გაღატაკებული, არამედ კარგად ცხოვრობდეს“, - განაცხადა აფხაზმა ბიზნესმენმა ბენურ კვირაიამ „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში.

წაიკითხე მეტი.

როცა ჩინოვნიკი თავის დადგენილ წესს არღვევს და არ ისჯება - სად რა ფასს იხდიან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის

სამ თვეზე მეტია (26 ნოემბრიდან), რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე სახლიდან გასვლა ფაქტობრივად აკრძალულია. გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს კეთდება, ისიც სახელმწიფოს სპეციალური, ერთჯერადი ნებართვით.

„კომენდანტის საათი” მოქმედებდა 2020 წლის გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის დროსაც - მაშინ სახელმწიფომ 10 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმები გამოწერა რეგულაციების დამრღვევ პირებზე.

მკაცრი შეზღუდვების მოქმედების მიუხედავად, პერიოდულად ჟურნალისტები აქვეყნებენ მასალებს, სადაც ჩანს, მთავრობის წარმომადგენლები როგორ მოძრაობენ მანქანებით კომენდანტის საათის დროს, იკრიბებიან, დღესასწაულებს და თავყრილობებს მართავენ. ამგვარი კადრების გასაჯაროების შემდეგ ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას.

ცდუნება, რომ ჩინოვნიკი ძალაუფლებას გამოიყენებს იმ შეზღუდვების დასარღვევად, რომელსაც თავად უწესებს რიგით მოქალაქეს მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სახელით, ძლიერია და ამ ვნების აყოლა არაერთ მაღალი თანამდებობის პირს დაუჯდა სამსახურის დაკარგვისა და რეპუტაციული ზიანის ფასად, თუმცა არა საქართველოში.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

თეა ქამუშაძე რელიგიის მკვლევარია. დღიურებში „პანდემიის ეპოქის” აღწერა მან ჯერ კიდევ დაინფიცირებამდე დაიწყო. გადაცემის სტუმარი გვიამბობს, როგორ გადაიტანა კოვიდი, როგორ იმოქმედა ვირუსმა ადამიანების ურთიერთობაზე, როგორ იცვლებოდა ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პანდემიისადმი - ის, რაც თეა ქამუშაძის ჩანაწერებში გამოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG