Accessibility links

site logo site logo

ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 მაისს


რა ხდება ისრაელში და რას ჰყვებიან იქ მყოფი ადამიანები

გამთენიისას ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის უწყება იტყობინება. "ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ამჟამად ღაზის სექტორს უტევენ", - წერს უწყება ტვიტერზე გაკეთებულ მოკლე განცხადებაში. ამ დრომდე ყველა იერიში ისრაელის მხრიდან მხოლოდ ჰაერიდან ხორციელდებოდა, თუმცა გუშინ 9 ათასი სამხედრო ქვეითის მობილიზაცია გამოაცხადა.

პალესტინაში ეიდ ალ-ფითრის რელიგიური დღესასწაულის პირველმა დღემ ისევ აფეთქებების ფონზე ჩაიარა. ისრაელის მოიერიშეები გუშინ განაგრძობდნენ ღაზის სექტორში მაღალ შენობებსა და სხვა სამიზნეებზე ავიადარტყმებს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაიცვალა 103 ადამიანი, მათგან 27 ბავშვი. 500-ზე მეტი დაშავდა.

ისრაელის მონაცემებით კი მათ მხარეს დაჯგუფება ჰამასის სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვი და სამხედრო მოსამსახურე. 100-მდე დაჭრილია.

დაბომბვა ისრაელში არავის უკვირს, მაგრამ იმის მსგავსი, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება, არც იქაურ მოქალაქეებს უნახავთ და არც საქართველოდან სამუშაოდ ჩასულ ადამიანებს.

დაბომბვას რამდენიმე ქალაქში ემატება ფიზიკური დაპირისპირება მუსლიმ არაბებსა და ებრაელებს შორის, რის გამოც ქალაქ ლოდში კომენდანტის საათიც შემოიღეს. რას უყვებიან რადიო თავისუფლებას ისრაელში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც სიკვდილის საფრთხე ხან შუაღამისას ახსენებს თავს და ხანაც გზაში ეწევა, რა გეგმით მოქმედებენ ისინი ასეთ დროს და რისი იმედი აქვთ? რა ხდება ისრაელში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ლელო", სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი ფრაქციას ქმნიან

საქართველოს პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია იქმნება. ფრაქციას "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერქმევა და მასში "ლელოს" სიით არჩეული დეპუტატების გარდა დამოუკიდებელი დეპუტატებიც იქნებიან. ფრაქციის შექმნაზე ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში გაიმართა.

ფრაქციას შეუერთდნენ "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული სალომე სამადაშვილი და "ევროპული საქართველოს" სიით არჩეული შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი.

ამ ეტაპზე პარლამენტში არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ აპირებს "ევროპული საქართველოს" სიით შესული დავით ბაქრაძე. ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს.

ჯერ უცნობია, რომელ ფრაქციაში შევა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე. გუშინ მან თქვა, რომ გაერთიანდება მხოლოდ ისეთ ფრაქციაში, რომელსაც კონკრეტული მიზნები ექნება.

წაიკითხე მეტი.

"სინოფარმის" მეორე აცრაზე რეგისტრაცია 21-28 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განმარტა, რომ "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება ზუსტად 21-ე დღეს სავალდებულო არაა. მისი თქმით, 20 მაისიდან booking.moh.gov.ge-ზე 21-28 დღის ვადაში რეგისტრაციის შესაძლებლობა გაჩნდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა ტექნიკური ხარვეზის გამო, რომლის დროსაც შეუძლებელი იყო რეგისტრაცია ვაქცინის მეორე დოზაზე.

"ეს დაკავშირებული იყო, დიდი ალბათობით, ტექნიკურ საკითხებთან. უმრავლესობა ამ ტექნიკური ხარვეზების გასწორდა დილის 4 საათისთვის და მოსახლეობას მიეცა აცრაზე რეგისტრაციის საშუალება. დღესაც გრძელდება ხარვეზებზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ პორტალი გამართულად უნდა მუშაობდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

"სინოფარმით" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვინც პირველადი აცრა უკვე გაიკეთა.

გუშინ კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში. გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი 5,56%-ია.

სომხეთი აცხადებს, რომ ვითარება დაძაბულია სიუნიქის რეგიონში, სევის ტბის გარშემო

სომხეთის მთავრობის ცნობით, ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია სომხეთის სიუნიქის რეგიონში მდებარე სევის ტბის გარშემო, სადაც ერთმანეთის მახლობლად იმყოფებიან სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროები. ამის შესახებ, 13 მაისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

2500 მეტრზე მდებარე ტბის მახლობლად კვლავ რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედრო, რომლებმაც, ფაშინიანის თქმით, დაარღვიეს საზღვარი და სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

„ჩვენ საქმე გვაქვს კრიზისთან, რომელსაც შემდგომი განვითარების რამდენიმე სცენარი აქვს. სომხეთის სუვერენული ტერიტორია უნდა იყოს ხელშეუხებელი, ხოლო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ პირვანდელ პოზიციებს, სადაც ისინი 10 მაისის მდგომარეობით იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

წაიკითხე მეტი.

კრემლი აცხადებს, რომ არ გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ შეერთებას

რუსეთი არ აპირებს შთანთქას უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების გავლენის ქვეშ არსებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა სააგენტო „ბლუმბერგის“ იმ ინფორმაციის კომენტირების დროს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების მიმართ ევროკავშირის მიდგომაზეა საუბარი.

„ბლუმბერგის“ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში მომზადდა დოკუმენტი, რომელიც მაისის ბოლოს ბლოკის სამიტზე იქნება განხილული. დოკუმენტის თანახმად, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში არჩევნების ორგანიზება და ასევე რუსეთის მოქალაქის პასპორტების დარიგება „მიმართულია უკრაინის ხელისუფლების კონტროლიდან გასული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში ფაქტობრივი ინტეგრაციისკენ“.

წაიკითხე მეტი.

ნამდვილად გინდათ დარეგისტრირება? - რატომ გაიჭედა აცრის პორტალი

18:54 წუთის მონაცემებით, კოვიდვაქცინაციის პორტალი www.booking.moh.gov.ge კვლავ გათიშულია. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც ღამე გაათენეს და გამთენიისკენ, ვაქცინაციის თარიღიც დაჯავშნეს.

12 მაისის ღამის „ბრძოლის ქრონიკები" სოციალურ ქსელში ასე გამოიყურება:

მაინც დავრეგისტრირდი, ამაზონის ჯუნგლებშიც გავქაჩავ, რო რამე

ყველანი ფრანგი თანამებრძოლები ვიყავით ვატერლოოს ბრძოლაში

ჩვენც და ისრაელიც ღამეს ვათენებთ დღეს

რასაც ჩვენ ანტივაქსერები გვწყევლიან, ნეტა, შუქიც არ ჩაქრებოდეს

„NCDC changed its name to No Sindisi“ (დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სახელი გადაირქვა "არა სინდისი")

„7 ლარიანიდან, 15 ლარიან ჰოსტინგზე მაინც გადადით. გაჭედა ჯავშნის გვერდმა

კიდევ კაი, კორონა შემხვდა/მოვიხადე და ამით ავცდი რეგისტრაციის ცოდვის კალოს

შენ ვერ იცრიდი იმ ღამეს, მერი

ვინაიდან სამინისტრო ვერ მიხვდა, ჩვენ მივხვდეთ და "სინოფარმის" მეორე დოზის ხალხმა ვაცალოთ ასტრაზენეკას პირველი დოზის ხალხს დარეგისტრირება

მგონი, ყველანაირად მზად ვართ ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად!“

ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ პოსტებისა, რომლებსაც 12 მაისის 20:00 საათიდან, სოციალურ ქსელში წერდნენ ის მომხმარებლები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ვაქცინაციის საიტზე www.booking.moh.gov.ge დარეგისტრირებას.

წაიკითხე მეტი.

ნიკა მელია რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ თავად თითქმის უკვე მზად არის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ არ სურს, ეს ეთერიდან გახდეს ცნობილი მისი თანაპარტიელებისთვის. თუმცა ფიქრობს, რომ ამ ინტერვიუს მნახველი შეძლებს ამოიცნოს მისი პოზიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG