Accessibility links

logo-print logo-print

იუსტიციის საბჭო პარლამენტს კიდევ 6-კაციან სიას გადაუგზავნის


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია. 26 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კანდიდატები საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად შეარჩია და ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი ტყავაძე - 11 ხმა;
  • თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა;
  • ილონა თოდუა - 10 ხმა;
  • პაატა სილაგაძე - 10 ხმა;
  • ნინო სანდოძე - 10 ხმა;
  • გენადი მაკარიძე - 10 ხმა.

სიაში, რომელსაც საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის, ერთი კანდიდატი - პაატა სილაგაძე - 20-კაციანი სიაშიც იყო, თუმცა მან პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

სექტემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა 20-კაციანი სია, რომელიც შედგა საბჭოში 50 კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ. 20-კაციანი სიიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ. შედეგად, 12 დეკემბერს, პარლამენტმა კენჭი უყარა 19 კანდიდატს. მათგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა - 14.

იმის გამო, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათი საჯარო მოსმენა მხოლოდ პარლამენტში გაიმართება.

კანდიდატებს ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ კი, კენჭს უყრიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თუ კანდიდატები პარლამენტისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, იუსტიციის საბჭო კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG