Accessibility links

კამერები მამაკაცების გასახდელში - რა დარღვევები ახლავს ვიდეოთვალთვალს


პერსონალური მონაცემებისდაცვის ინსპექტორის აპარატმა შეამოწმა, რამდენად კანონიერად მუშაობს შენობებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემები, და 60 შემთხვევიდან დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა.

ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში ვიდეოთვალი მამაკაცების გასახდელში იყო დამონტაჟებული.ხალხი, რომელიც ტანსაცმელს არა კაბინაში, არამედ უშუალოდ კარადებთან იცვლიდა, ძალაუნებურად კამერის მხედველობის არეში ხვდებოდა.

კანონის თანახმად, ვიდეოთვალთვალი შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის და იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

ვიდეოთვალი სავალდებულოა აფთიაქების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, ავტოგასამართი სადგურების, აზარტული თუ სხვა მომგებიანი თამაშობების პუნქტებისთვის.

მაგრამ რეალურად იყო შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალს იყენებდნენ იმის გასარკვევადაც, თუ როგორ იქცევიან თანამშრომლები ან სხვა პირები. ამასთან, ხშირად შენობაში მყოფმა ადამიანებმა არც იცოდნენ, რომ მათ თავზე ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული. არ ჩანდა გამაფრთხილებელი ნიშანი. დასაქმებულები არავის გაუფრთხილებია წერილობით, რაც სავალდებულოა.

რიგ შემთხვევებში ვიდეოჩანაწერთან ერთად კეთდებოდა აუდიომონიტორინგიც. ხშირად კამერის ხედვის არეალში ხვდებოდა მეზობლის ეზო ან სახლიც. მეზობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაშინ როცა საცხოვრებელი შენობის შესასვლელსა და საერთო სივრცეში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტმა წერილობითი თანხმობა გასცეს. ბინის შესასვლელის ვიდეოთვალთვალისას კანონი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს ბინის მესაკუთრის წერილობით თანხმობას.

ჩანაწერები დაცული არაა

ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიდეოჩანაწერები 30 დღის ნაცვლად წელიწადზე მეტხანს ჰქონდათ შენახული, თანაც, ყოველგვარი საჭიროების გარეშე. ასეთ დროს იზრდება პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საფრთხე.

კანონით განსაზღვრულია მოპოვებული მონაცემების დამუშავების წესებიც. აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევაში ამ პროცესს წერილობით არავინ აღრიცხავდა.გარდა ამისა, სისტემაზე წვდომის უფლების მქონე პირები სარგებლობდნენ საერთო სახელითა („ადმინ“) და პაროლით. შესაბამისად, გაურკვეველი რჩებოდა, ვინ დაამუშავა მონაცემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG