Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატების დებატები: სამი მინუს ერთი


ადგურ არძინბა, ასლან ბჟანია
ადგურ არძინბა, ასლან ბჟანია

ავტორი: ვიტალი შარია

(„ეხო კავკაზა“. იბეჭდება შემოკლებით)

22 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, პარასკევ საღამოს კი სოხუმის ტელევიზიაში გაიმართა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები, რომელსაც მოულოდნელი დასაწყისი ჰქონდა: ტრანსლაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სტუდია დატოვა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლეონიდ ძაპშპამ, რომელმაც ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ არ სურდა ვინმესთვის უხერხულობა შეექმნა სტუდიაში.

„ყველას ვუსურვებ, ყველა ჩვენგანს, წარმატებას. მინდა სწორად გამიგოთ. მე ასლან გიორგევიჩთან (ასლან ბჟანია) უკვე ვყოფილვარ ამ სტუდიაში დებატებზე, მაგრამ ახლა მე და ის არათანაბარ სიტუაციაში ვიმყოფებით... არ მინდა, რომ ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი ამ სტუდიაში, მით უფრო, რომ შეიცვალა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და წარმატებებს. მე ვტოვებ ამ სტუდიას, მაპატიეთ“, - განაცხადა ლეონიდ ძაპშპამ და, წამყვანების გაკვირვებული შეძახილების - „ახ! ვაი!" - ფონზე, დატოვა სტუდია.

„სუფრიდან გაქცეული თამადა“

ამის შემდეგ დებატები დაემსგავსა ორ კანდიდატს - ადგურ არძინბასა და ასლან ბჟანიას - შორის ორთაბრძოლას. სინამდვილეში, მანამდეც ბევრი ფიქრობდა, რომ ეს დებატები სწორედ ამ ორს შორის დე ფაქტო პაექრობას დაემსგავსებოდა.

რაც შეხება ლეონიდ ძაპშპას წასვლას, გავასწრებ მოვლენებს და მოვიყვან რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან:

„გამაგებინეთ, ეს საერთოდ ნორმალურია? ადგე და წახვიდე?! ცხადია, კაცს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, მაგრამ მისი ამომრჩევლები ტელევიზორს მიუსხდნენ, რომ მოესმინათ თავიანთი კანდიდატისთვის, ის კი ადგა და წავიდა!“, - აღშფოთებას ვერ მალავდა ზოგიერთი კომენტატორი.

მაგრამ უფრო მეტი იყო სახუმარო კომენტარი: „თამადამ წინასწარ იცოდა, რომ ვერ გაუძღვებოდა სუფრას, რომ დანარჩენი ორი მეინახე მას დაათრობდა, და დროზე გაასწრო“. ან ასეთი: „ძალიან გონივრული ნაბიჯია. არ სურდა ყოფილიყო „მესამე ზედმეტიას“ როლში“.

დებატებში დარჩენილი ორი კანდიდატი წამყვანების შეკითხვაზე, როგორი იყო მათი სამომავლო გეგმა, აცხადებდა, რომ მათი არჩევის შემთხვევაში გააკეთებენ ყველაფერს, რათა საქმე არ მივიდეს იქამდე, სადამდეც მიდიოდა ბოლო წლებში აფხაზეთში, ანუ ადმინისტრაციული შენობების შტურმამდე, პრეზიდენტების ვადამდელ გადადგომამდე და ასე შემდეგ.

ამ შეკითხვაზე კანდიდატების პასუხები გაიჭიმა 40 წუთს, რადგან თითოეული განსხვავებულად აფასებდა მოვლენებს და არც ერთს არ სურდა, რომ ბოლო სიტყვა ოპონენტს დარჩენოდა.

გრძელი პასაჟი „წარსულის მარწუხებზე“

3 მარტის მოვლენებზე საუბრის დროს, როდესაც, ასლან ბჟანიას „განმეორებითი მოწამვლაზე“ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პოლიტიკოსის ასობით მომხრე შეიკრიბა მინისტრთა კაბინეტის წინ, ადგურ არძინბამ მათ შესახებ დებატებზე ასეთი რამ თქვა:

„ტამიშელები, თქვენი თანასოფლელები, მშვენიერი ხალხია. მე მათთან იმავე დღეს მქონდა ურთიერთობა. გავედი მათთან და ძალიან თბილად ვესაუბრე. და, სხვათა შორის, დავპირდი მათ, რომ აუცილებლად ჩავიდოდი ტამიშში. ვიმედოვნებ, რომ ამას ერთად შევძლებთ. მე მათ არაფერში არ ვადანაშაულებ. მე ვადანაშულებ იმათ, ვინც მათ უკან დგას. საჭიროა პასუხისმგებლობის გამოჩენა. კომენტარი გსურდათ? მე თქვენთან, უბრალოდ, მაქვს შეკითხვა.

- „მსურს გავაგრძელო. წარსულს ჩვენ მარწუხებში ვყავართ მოქცეული და არ გვიშვებს. როგორც ჩანს, მოგვიწევს ყველა მოვლენას მივცეთ სამართლებრივი შეფასება. ალბათ, მოგვიხდება ამის გაკეთება, თუმცა ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა დავკმაყოფილებულიყავით პოლიტიკური შეფასებით. დიდი ხნის წინათ მინდოდა მეხსიერებიდან ბევრი მოვლენის ამოშლა... ვიცოდი, რომ 5 ივლისის (2016 წლის) შესახებ დაისმებოდა შეკითხვა და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დოკუმენტი მოვამზადე. არ არის მთლად კორექტული ლეონიდ იურევიჩის (ძაპშპა) გარეშე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ ვთქვა, იმიტომ რომ... თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ პრეზიდენტ ხაჯიმბას ამ ბრძანების წინ გამოცხადდა სახელმწიფოს მეთაურის ნდობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება. მანამდე ორი კვირით ადრე (5 ივლისს) შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, სადაც მინისტრი პირდაპირი მუქარით გამოვიდა ხელქვეითების წინააღმდეგ. მან თქვა, დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერები და თუ თქვენ მიხვალთ რეფერენდუმზე, სამსახურიდან დაგითხოვთო. სამწუხაროდ, ამას ამბობდა თანამდებობის პირი, რომელსაც, თანამდებობრივი მდგომარეობით, შეეძლო თავისი სიტყვები სისრულეში მოეყვანა. ძალიან სამწუხაროა, ადგურ ამირანოვიჩ, მაგრამ მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლის ქვეშ ექცევა - ესაა საარჩევნო უფლების განხორციელების ან საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა, თანაც დასრულებული დანაშაულის ნიშნებით. ამის შემდეგ, როდესაც ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურდა, სამი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი - ხეცია, ბეია და ლოლუა მივიდნენ ქვეყნის მოქმედ სახელმწიფო მეთაურთან და უთხრეს: აი, ასეთი ვითარებაა. იმისათვისმ რომ სიტუაცია არ გამწვავდეს, ყველა საფუძველი არსებობს, რომ თქვენ იგი გაუშვათ შვებულებაში ან გადააყენოთ თანამდებობიდან რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებამდე. სახელმწიფოს მხრიდან რეაქციის არარსებობამ მოახდინა ამ მოვლენების პროვოცირება (შსს-ს შენობის შტურმის მცდელობა 2016 წლის 5 ივლისს)“.

კიდევ დიდხანს შეიძლება ლაპარაკი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის გამართული მსგავსი ხასიათის პაექრობაზე არა მხოლოდ ბოლო 10 თუ 15-წლიანი მღელვარე პოლიტიკური მოვლენების გარშემო, არამედ აფხაზეთში 2009 წლიდან მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ირგვლივ. ასლან ბჟანია ერთმანეთს ადარებდა 2009-2014 და 2015-2019 წლების ციფრებსა და ფაქტებს, ხოლო ადგურ არძინბა ოპონენტს სთავაზობდა შეედარებინა ეს ყველაფერი 2009-2012 და 2013-2019 წლების პერიოდის მონაცემებთან, რადგან ამ პერიოდში ყველაფერი ძირითადად დამოკიდებული იყო რუსეთის ფედერაციის დახმარების მოცულობაზე.

„ვინ მოკლავს ირემს?“

თავის დამამთავრებელ სიტყვაში არძინბამ შემდეგი განაცხადა: „მსურს საკუთარ თავზე ავიღო გამბედაობა და ამ წინასაარჩევნო კამპანიას ვუწოდო ყველზე უფრო კორექტული ბოლო 15 წლის განმავლობაში. ჩვენ ერთმანეთს არ ვაკრიტიკებდით, არ ვაყენებდით შეურაცხყოფას, ვეპყრობოდით ერთმანეთს დიდი სითბოთი და პატივისცემით“, და ნათქვამის დასადასტურებლად, ასლან ბჟანიამ დებატებზე დამსწრეებს დაურიგა მიხეილ ლაკერბას ნოველების კრებული, სათაურით „ვინც ირემი მოკლა“.

რაც შეეხება ინტერნეტის კომენტატორთა შეფასებებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველას იმ კანდიდატის გამოსვლა მოეწონა, რომლისთვისაც კარგა ხნის წინ აქვს გადაწყვეტილი ხმის მიცემა. აი, რას წერს ერთ-ერთი მათგანი: „ძალიან მომეწონა ადგურ არძინბა. ბრწყინვალე ცოდნა გამოამჟღავნა... პრეზიდენტი, რომელიც კარგად ერკვევა ეკონომიკაში, ქვეყანას ამოათრევს ამ ორმოდან. მე მჯერა მისი და არ მრცხვენია ჩვენი დაკარგული ძმებისა და დების წინაშე ასეთი არჩევანის გაკეთების“.

მეორე კომენტატორი კი მას უპასუხებს: „არძინბას არ მოუხდენია ბრწყინვალე ცოდნის დემონსტრირება. თეორია მან კარგად იცის, მაგრამ - არა ბრწყინვალედ. გამოჩნდა, რომ არასაკმარისად იცნობს სახელმწიფო მართვის წესებს, არ არის ძლიერი იურიდიული ნიუანსების ცოდნაში. ბჟანიამ კი აჩვენა, რომ ეკონომიკაში არათუ არ ჩამორჩება ოპონენტს, არამედ მასზე უკეთაც ერკვევა. მოცემულ ეტაპზე იგი, ყველა მოსაზრებით, მაღლა დგას ადგურ არძინბაზე“.

რა გაეწყობა! ხვალ გავიგებთ, ამ კომენტატორებიდან ვის უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG