Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარანტინი ლოპოტაზე ანუ „პატიმრები“ კურორტზე


ავტორი: მარიამ ნინიძე

როტერდამში ერასმუსის უნივერსიტეტში პირველი წელია რაც ვსწავლობ, მედია კომუნიკაციების ფაკულტეტზე. 18 წლის ვარ და მარტო ცხოვრებასაც ახლა ვეჩვევი. ჰოდა, იქაურობას რომ შევეჩვიე და თავი კომფორტულად ვიგრძენი, მაშინ მითხრეს წამოდიო, ოღონდ გაურკვეველი ვადით. საბოლოოდ, ეს უბრალოდ ისტორია იქნება, ამბავი, რომელსაც პატარებს მოვუყვებით. ვირუსზე ბევრს იტყვიან, მაგრამ უფრო საინტერესო ფენომენი ადამიანია: როგორ ვუმკლავდებით, რა ხდება ჩვენთვის პრიორიტეტული, რას ვიმსახურებთ და რითი ვართ ცხოველებზე მეტნი? ეს წელი იმაზე დიდ კვალს დატოვებს ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე ახლა ვიაზრებთ. ეს დღე იქიდან იწყება, როცა თბილისში ჩამოვფრინდი ...

21 მარტი, 2020, 6:23pm-12:00am

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი → ლოპოტა

“ალაფურშეტი დაეხვედრებინათ ავტობუსში - ლუარსაბი კარანტინისკენ

აღჭურვილები შორიდან მივლიან და ისე მსინჯავენ, რომ რაღაც მომენტში დავრწმუნდი აუცილებლად ინფიცირებული ვართქო. გამორიცხული არცაა, ჰოდა უბრალოდ მეღიმება და მიხარია, თუ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს უფრთხილდებიან. მაგრამ საინტერესო ისტორია მაშინ იწყება, როცა ვიგებ, რომ კარანტინში უნდა წაგვიყვანონ. უფრო უცნაური კი მაშინ ხდება, როცა ხალხის გადაძახილები მესმის: “ლოპოტაზე მივყავართ.” დაღლილს მარტო ის მინდა ჩემს სახლში შევიდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის გარეშე სიცარიელეში ყოფნა მაშინებს. მაგრამ რა გაეწყობა, გრძელი და დამთრგუნველი პროცედურების შემდეგ ავტობუსში ვსხდებით და დაუსრულებელი მგზავრობაც იწყება. დრო უსაშველოდ იწელება და მგზავრი კაცების მოთმინების ძალიან, ძალიან პატარა ფიალაც ივსება. ამას მოყვება მძღოლთან პირველი ჩხუბი იმიტომ, რომ ტუალეტში უნდა, იმას კი ვერ იაზრებს, რომ ეს ექსკურსია კი არა კარანტინისკენ მიმავალი გზაა. ერთ ჩხუბს მეორე მოყვება, მეორეს არც მესამე დააკლებს და ასე მხიარულად უფრო მეტად იწელება გზა. ადამიანი საინტერესო არსებაა, თვალს ვერ ვაცილებ მგზავრს, რომელიც ნიღაბს კისერზე იწევს, თვალებს კარგად ისრისავს, მერე ცხვირსაც მოიწმენდს, დაახველებს და მხოლოდ შემდეგ იკეთებს უკან. ნეტა, რისთვის ეგონა რომ ეკეთა… მის უკან ერთ-ერთი მოჩხუბარე იმ ხელთათმანს იკეთებს ცოტახნის წინ რომ მოიხსნა. ცოტახანში გაიგებთ როგორ წუწუნებს ერთ-ერთი - “პატიმრები ხომ არ ვართო.” კი, პატიმრები ვართ, რომლებსაც კურორტზე მიგვიყვანენ და განსაკუთრებულ საკანში ჩაგვსვამენ ცალ-ცალკე. ისევ შენი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ამას ვერ ხედავს თვითმარქვია პატიმარი, ახლა მხოლოდ საჭმელი ელანდება და გაისმის საღამოს მარგალიტიც: “ალაფურშეტი დაეხვედრებინათ ავტუბუსში.” ასე იბერებიან ბუშტივით სიბრაზისგან, მერე ხორხოცსაც გაიგონებთ, უკბილო ხუმრობებით რომ ირთობენ თავს. ცოტახანი იჩუტებიან, მაგრამ დროს არ კარგავენ, კუჭს ემონებიან და ჩხუბს აგრძელებენ. “ჭამა არ გვინდა კაცო?!”, რეფრენად მოყვება გზას კაცთა გადაძახილები.

ავტობუსი რომ გაჩერდა, კიდევ საათები ველოდეთ ოთახებში შესვლას და კაცებიც ფანჯრებზე გაუჩერებლად აბრახუნებდნენ, შიოდათ.

ამ დროს გოგოები, რომლებსაც არ ვიცნობდი, ერთმანეთს გაოცებული ვუყურებთ და უსიტყვოდ ვიცით, რასაც ვფიქრობთ. შემდეგ გამოაცხადეს პირველი ქალბატონები გამოუშვითო, ჩვენ გაგვეცინა და კარის გაღებისთანავე გაცვივდნენ მშიერი ლუარსაბები. სანამ ისინი ერთმანეთს ასწრებენ, ჩვენ ბარგის გადმოტანაში ვეხმარებით ერთმანეთს, სიმწრის სიცილს ვერ ვიკავებთ. ტალახში და წვიმაში ველოდებით როდის მოვა ჩვენი რიგი, რომ ოთახის ნომერი მოგვცენ, თან ვუყურებ როგორ გვანათებს დიდი ნათურა სახეზე და როგორი მოშორებით იწერს აღჭურვილი პერსონალი ჩვენს სახელს და გვარს. ფილმის კადრს გავს, არაერთხელ ვიმეორებთ. მერე მეუბნებიან, რომ კიდევ უფრო მოშორებით უნდა დავდგე, სანამ პატარა ფურცელს დამიდებენ ოთახის ნომრით, რომელიც ჩემი ხსნაა და პატარა მანქანით მივყავართ მე და ჩემი ახალი მეგობრები ოთახებისკენ. გზაში ბევრჯერ გადავუხადეთ მადლობა მძღოლს, თითქოს ამით ვცდილობთ ბოდიშიც მოვუხადოთ. ოთახში 12-ზე შემოვედი და თითქოს ყველაფერი მავიწყდება, მხოლოდ თავის ტკივილი არ ქრება, რასაც აბაზანა და ყავა მალე უშველის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG