Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გაცდა კანონის ჩარჩოებს


"საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გაცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნახეს რა, არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ ქმედებებში გადაზრდა ცადეს" - თქვა კახა კალაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინზე მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული გასასვლელი წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლეს მოქალაქეებისგან, საპროტესტო აქციის 18 მონაწილე დააკავეს და პარლამენტში ბიუროს სხდომა, რომელიც 15 საათზე იყო დანიშნული, დაიწყო.

"მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითიც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი გაფრთხილებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა." - თქვა თბილისის მერმა.

აქციის დაშლამდე სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს და გააკეთეს განცხადებები, სადაც ხელისუფლებას ძალის არ გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ.

რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა დღის 3 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

აქციის დაშლისას დააკავეს რამდენიმე პოლიტიკოსი და აქტივისტი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG