ვინ არ თქვა სიმართლე - ფოტოგრაფმა თუ პატრულ-ინსპექტორებმა?
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ მასალებში, სულ უფრო და უფრო მეტი ცდომილება იკვეთება. საქმის მასალების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ ერთი ვერსია, მეორეს აბათილებს, მეორე მესამეს, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამოძიების მისამართით.
7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც უკანასკნელი დღეებია ჟურნალისტები მიუთითებენ და რაზეც ორ კვირაზე მეტია გამოძიება დუმს. მინისტრის მოადგილის თქმით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ ჩვენებებში „გარკვეული წინააღმდეგობებია“ და თუკი დადასტურდა, რომ რომელიმე მოწმემ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით არასწორი ჩვენება მისცა, ამის შესახებ იმსჯელებენ.
ჩვენებებში არსებულ "გარკვეულ წინააღმდეგობებზე", მთავარი შეკითხვები სწორედ საქმის მთავარი მოწმეების მისამართით ისმის. შეკითხვების ადრესატები არიან ასევე ის პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც 19 ივნისის ღამეს, ინციდენტის ადგილიდან, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ისე წამოიყვანეს, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ.
7 ივლისს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მოწმე იაკობ ბრეგვაძე, ფოტოგრაფი, რომელმაც ინციდენტის ღამეს, მცხეთის მაგისტრალურ გზაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
შსს-მ, 7 ივლისს, ის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისმის, როგორ ატყობინებს ბრეგვაძე 112-ს დანაშაულის შესახებ და რატომ გაუჩნდა მას გამოძახების გაუქმების სურვილი.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- შაქარაშვილის საქმეში, დამწვარი ტერიტორიის ფაქტზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს
- გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს
პროცესი აშშ-ის კონგრესში: ლაპარაკია საქართველოსთვის დახმარების შემცირებაზე
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შესაძლო შემცირებას გულისხმობს. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლასა თუ ბიზნესის მდგომარეობას უკავშირდება.
ვრცელ დოკუმენტში სპეციალური ქვეთავი ეთმობა საქართველოს.
ტექსტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კანონის მიხედვით საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 132 025 000 დოლარი. თუმცა ლაპარაკია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამოსაყოფი თანხის 15%, შესაძლოა, არ გაიცეს - „ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოიკვლევს და არ მოახსენებს ასიგნებების კომიტეტს იმის შესახებ, რომ (საქართველოს) მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს“.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელი ნაბიჯები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეფასდეს:
- დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
- კორუფციასთან ბრძოლა (მათ შორის - ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების დამტკიცება);
- კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა კერძო სექტორში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით;
- უცხო ქვეყნის საწარმოებისთვის ზეწოლისგან თავისუფალი საქმიანობისა და კომერციული მოგების მიღების უზრუნველყოფა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად.
პროტესტი და შეფასებები ცვლილებებზე მაუწყებლობის შესახებ კანონში
დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან მოძრაობა „შეცვალე“ საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც იმ ცვლილებებს გააპროტესტებს რომელიც "მაუწყებლობის შესახებ" კანონსა და "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში უნდა შევიდეს.
მოკლედ კანონპროექტის შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ექნება, სპეციალური მმართველი დანიშნოს, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორ კომპანიაში, ასევე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელში.
საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტით, რომლის ავტორებიც არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განსაზღვრულია, რა შემთვევაში შეუძლია კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა.
პროექტით კანონს შესაძლოა, დაემატოს ახალი, 46-ე პრიმა მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამავე კანონპროექტით, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.
დღეს, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს წარუდგენს თავის მოსაზრებებს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ცვლილებების პაკეტი „გამოხატვის თავისუფლებისთვის რისკის შემცველად“ შეაფასა გუშინ კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის".
ამ თემაზე ასევე ნახე:
TI: საგანგებო მდგომარეობის დროს ტენდერის გარეშე 11 ათასზე მეტი კონტრაქტი დაიდო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც 21 მარტიდან 22 მაისამდე გაგრძელდა, 11 316 კონტრაქტი ტენდერის გამოცხადების გარეშე დაიდო. სახელმწიფომ სულ 127,2 მლნ ლარის მომსახურება შეიძინა, საიდანაც 35 პროცენტი (45 მლნ ლარი) "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.
"მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს. ეს პრობლემა საგანგებო მდგომარეობამდეც აქტუალური იყო", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე პერიოდში 1 495 ტენდერი გამოცხადდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 557 მლნ ლარი იყო.
ინდოევროპული ტელეგრაფის ბოძები სოხუმში და ძმები სიმენსები
ინდოევროპული ტელეგრაფის ბოძებს, რომლებიც სოხუმის პარკში იპოვეს, რესტავრაციას გაუკეთებენ. სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ბოძებს, როგორც კულტურის ძეგლებს, აღადგენენ, შემდეგ კი გადაწყვეტენ, სად განათავსონ.
150 წლის წინანდელი თუჯის ბოძები შემთხვევით მაშინ იპოვეს, როდესაც პარკ „ზღაპარს“ (ყოფილი ორჯონიკიძის სახელობის პარკი) მძიმე ტექნიკით ასუფთავებდნენ. ბოძები შემთხვევით გამვლელმა, არტურ ჩოლოქიანმა, შენიშნა და ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა.
„წარწერა SIEMENS BROS. LONDON ძალიან იშვიათია. ეს წარწერა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შევამჩნიე. ინდოევროპული ტელეგრაფის შესახებ წაკითხული მქონდა. შევადარე ფაქტები და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ბოძებია, რომლებსაც ყველა დაეძებს, მაგრამ ვერც ვიფიქრებდი, რომ მათ შესახებ ამ დონეზე არავინ არაფერი იცოდა. ამიტომ პარკში რემონტის დაწყებას მშვიდად შევხვდი, მაგრამ რომ ვნახე, ბოძებს მიადგნენ, განგაში ავტეხე“, - ამბობს არტურ ჩოლოქიანი „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას.
მიუხედავდ ამისა, პარკში ბოძების დემონტაჟი მაინც გაგრძელდა. მათ ხსნიდნენ და ერთ ადგილას აგროვებდნენ, თუმცა მოგვიანებით სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ ბოძებს რესტავრაციას გაუკეთებენ.
მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ COVID-19 ჰაერით გადადის; ვირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე მისი თავდაპირველი ვარიანტი; გაეროს უშიშროების საბჭო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს პანდემიის პირობებში.
დაწერეთ კომენტარი