Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კითხვები და ვერსიები ვაქცინის 3000 გაუქმებულ ჯავშანზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 აგვისტოს


3000 გაუქმებული ჯავშანი - ანტივაქსერული კამპანია?

ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე რეგისტრირებული 3 000 ადამიანი ვაქცინაციაზე არ მივიდა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა განზრახ მოხდა და ცდილობს, გაარკვიოს, ადგილი ჰქონდა თუ არა „ცრუ ჯავშნებს”.

ჯანდაცვის უწყება ამ ფაქტს სწავლობს. შედეგად უნდა დადგინდეს, ხომ არ იყო ჯგუფურად ორგანიზებული ქმედება ვაქცინაციის პროცესის შესაფერხებლად ქვეყანაში.

ამ ვერსიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს იმის ფონზე, რაც ფეისბუკში გავრცელდა მოწოდება ცრუ ჯავშნების გაკეთებისკენ. ანტივაქსერები საზოგადოებას მოუწოდებდნენ, დაეჯავშნათ ადგილები აცრაზე და ამით შეეშალათ ხელი სხვებისთვის, ვისაც მართლაც სურდა ვაქცინის მიღება.

დაახლოებით 10 დღის წინ, 28 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ ცოტა, რამდენიმე ათეული ჯავშანი უქმდებოდა და ისიც ძირითადად იმიტომ, რომ მოქალაქეები აცრის წინ თავს შეუძლოდ იგრძნობდნენ ხოლმე.

ანტივაქსერები გააქტიურდნენ 13 ივლისის შემდეგ. ამ დღეს საქართველოში “ფაიზერის” წარმოებული ვაქცინები შემოვიდა, რომლის მიმართაც მაღალი მოთხოვნაა საზოგადოებაში. 24 ივლისს ვაქცინაციის წინააღმდეგ აქციაც გაიმართა პარლამენტის წინ და ინტერნეტშიც მეტი შემართებით დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოს აუცრელ ადამიანებს უფრო მძიმე ფორმებში ემართებათ კორონავირუსი, ვიდრე აცრილებს.

ანტივაქსერული კამპანიის გააქტიურების პარალელურად კი ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი, გუშინ ახალი პიკი დაფიქსირდა - 4827 შემთხვევა 24 საათში.

რა ვერსიები აქვს გაუქმებულ ჯავშნებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ფხვნილის რძე ბაღებს - მილიონობით ლარი იმპორტიორებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 60 ათასამდე ბავშვი დადის. მათი კვება 2021-22 წლებში სახელმწიფოს, დაახლოებით, 85 მლნ ლარი უჯდება. ამ თანხის სოლიდური ნაწილი, დაახლოებით, 17 მლნ ლარი, რძეზე დაიხარჯება. ბავშვებისთვის სასმელ რძეს შემოტანილი ფხვნილით ამზადებენ.

მერია ფხვნილზე დამზადებულ რძეში ადგილობრივ საღ რძეზე ძვირს იხდის. იგივე ხდება რეგიონების საბავშვო ბაღების უმრავლესობაში.

თბილისის ბაღებში რძე მთლიანად იმპორტირებული ნედლეულისგან მზადდება. უცხიმო მშრალ რძეში - იმავე რძის ფხვნილში - წყალს ურევენ და 3.2% ცხიმიანობის მისაღწევად ნაღების კარაქს ამატებენ. მცენარეული ცხიმების დამატება აკრძალულია.

რახან თბილისის მერია საქართველოში სასმელი რძის ყველაზე მსხვილი და სტაბილური შემსყიდველია, ლოგიკურია, რომ მას რძე საშუალოზე იაფი უჯდებოდეს, თუმცა ჩვენ საპირისპირო აღმოვაჩინეთ: მერია ბაღებისთვის აღდგენილ რძეს საშუალოზე ძვირად ყიდულობს.

მაგალითად, 2021 წელს ბათუმის საბავშვო ბაღებმა სანტეს 1 ლიტრ რძეში 80 თეთრით იაფი, 3 ლარი, გადაიხადეს. თბილისის მერია თითქმის იმავე მახასიათებლების რძეში 3.80 თეთრს იხდის, ანუ, 80 თეთრით ძვირს. გამოდის, რომ თბილისის მერია, ბათუმის მერიის ფასთან შედარებით, ჯამში, დაახლოებით 2.5 მლნ ლარით მეტს იხდის.

ამ გამოძიებაში რადიო თავისუფლება უპასუხებს კითხვებს, რატომ შეაჩერა ხელისუფლებამ არჩევანი იმპორტირებული ფხვნილის რძეზე, როგორ კონტროლდება ფხვნილის ხარისხი და რატომ ხარჯავს სახელმწიფო მრავალ მილიონს იმპორტზე, როცა შეუძლია ეს ფული ადგილობრივ მეწარმეებს გადაუხადოს. წაიკითხე ვრცლად გიორგი მგელაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

ზურაბიშვილი: ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს

მმართველი პარტიის მხრიდან „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ანულირება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

სალომე ზურაბიშვილი კრიტიკულად აფასებს „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლას და პირობის დარღვევას. „იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს“, - თქვა მან.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა პროცესში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობა.

„მიმაჩნია და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ“, - თქვა ზურაბიშვილმა.

წაიკითხე მეტი.

ერთი დღე ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციამდე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი 5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციას იწყებს. მისი გადაწყვეტილებით შენობა ექსპონატებისგან სრულად დაიცლება. მანამდე უნდა გაირკვეს დროებითი საცავების შესახებ დეტალები, სადაც ექსპონატებს გადაიტანენ.

უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპონატს, ანჩისხატს ეკლესია ითხოვს. პატრიარქის სახელით მთავრობისთვის მიწერილი წერილი გუშინ გავრცელდა.

წერილის ადრესატები პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი არიან. წერილი 2 აგვისტოს არის დაწერილი. ეკლესიას სურს მუზეუმში დაცული ხატი ეკლესიას გადაეცეს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შესაბამისი ვიტრინა უკვე დამზადებულია.

წაიკითხე მეტი.

ლიეტუვა ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს ბელარუსიდან უკანონო მიგრანტთა შესაჩერებლად

ლიეტუვის ხელისუფლების თქმით, სასაზღვრო დაცვას განკარგულება გაეცა, უკან გააბრუნონ მიგრანტები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ მეზობელი ბელარუსიდან.

3 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ძალის გამოყენება გარემოებებზეა დამოკიდებული“ და საჭიროების შემთხვევაში ნებადართული იქნება.

ადგილობრივი ხელისუფლება და ევროკავშირი ბელარუსიდან მიგრანტების - ძირითადად ერაყელების - მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გახშირებაში ბრალს სდებენ ქვეყნის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მცდელობებს, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება.

1 აგვისტოს ღამით ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ბელარუსიდან არალეგალურად გადასული 289 ადამიანი დააკავეს, რაც მიგრანტთა კრიზისის განმავლობაში რეკორდული რიცხვია.

მანამდე ყველაზე მეტმა, 171-მა მიგრანტმა, 27 ივლისს გადაკვეთა ბელარუს-ლიეტუვის საზღვარი არალეგალურად.

ივლისის ბოლოს ევროკავშირმა მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკას, შეწყვიტოს მეზობელ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტად არალეგალი მიგრანტების გამოყენება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ტფილისის უსახელო კრეისერები

XXI საუკუნეში, როცა, დიდი ხანია, მტკვარში აღარ დაცურავენ ტივები, თბილისელთა მეხსიერებაში ტივი შემორჩა როგორც ქეიფისა და დროსტარების ეგზოტიკური საშუალება, რომლის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი თბილისობის თეატრალიზებულმა სანახაობამ: შეგუბებულ მტკვარში მოტივტივე კონსტრუქციაზე კინტაურისა და ბაღდადურის ცეკვამ, დუდუკის ტკბილმა ჰანგებმა და იქვე საპატიო სტუმრებისთვის აშიშხინებულმა ცვრიანმა მწვადმა.

ცხადია, მტკვარზე ტივით ქეიფი უცხო არც ძველ დროში იყო, მაგრამ საუკუნის წინანდელ თბილისში ტივი უფრო მეტად ასოცირდებოდა ყოველდღიურ მძიმე შრომასთან, ვიდრე ქეიფსა და დროსტარებასთან. როგორც აკა მორჩილაძე ამბობს („გაქრები მადათოვზე“), აქ არ იყო საქმე ქეიფისათვის, რადგან „ტივები მოჰყვებოდა ფრონესა, ქსანსა და ლიახვსა, შემოდიოდა მტკვარში, რათა ქცეულიყო ხე-ტყედ ქალაქისათვის. დღემოკლე იყო ამ ქართლის კრეისერთა ცხოვრება – ისინი არსებობდა მხოლოდ წყალზედ, მხოლოდ საგზაო დროით და მერე გახდებოდა ხოლმე კერძი მალაკნის ბირდაბირისა...“

ტივების დაცურება, ტრანსპორტის ეს იაფი და მოხერხებული საშუალება, როგორც ჩანს, საქართველოში უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი, რასაც ხელს უწყობდა ტყეთა მდიდარი მასივებისა და მთის ჩქარი მდინარეების არსებობა.

მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ტივებით ამარაგებდნენ თბილისს ხე-ტყითა და სურსათით, რაზეც წერს კიდეც გერმანელი მეცნიერი იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც საქართველოში XVIII საუკუნის 70-იან წლებში იმოგზაურა:

„8 მაისს გორიდან და მეტეხიდან თბილისში მოვიდნენ სხვადასხვა ტივები. ისინი შესდგებოდნენ 16 ფიჭვის მორისგან, რომელთა სიგრძე იყო 4 საჟენი, სისქე კი - 1-1,5 ფუტი. ტივებს მართავდნენ ორი ნიჩბით, რომლებიც მოთავსებული იყო ტივის ბოლოებზე, ამ ტივებს მოჰქონდათ ხორბალი და ქერი. მარცვლეულის გაყიდვის შემდეგ ყიდდნენ ამ მორებსაც, თითოს 5 აბაზად ანუ 1 მანეთად“.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილ მმართველს, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძეს, ეს მოლოდინი მაშინ გაუჩნდა, როცა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის მოსვლის შემდეგ მუზეუმში მენეჯმენტიც შეიცვალა და კულტურის პოლიტიკაც. ამ ცვლილების ერთ-ერთი პირველი სამიზნე კი, როგორც ეკა ამბობს, სწორედ ეროვნული მუზეუმი აღმოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG