Accessibility links

კორონავირუსის მართვა და პროგნოზები - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 ოქტომბერს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ წარიმართება შინ მკურნალობა უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებში. კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მთავრობასთან შეხვედრაზე სახლში დატოვებული, უსიმპტომო პაციენტებისთვის ანალიზების ჩატარების საკითხზე იმსჯელეს. ცერცვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ შესაძლოა ყველა მათგანს სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთონ და თრომბოემბოლიური კვლევა ჩაუტარონ.

მთავრობა აქცენტს აკეთებს შინ მკურნალობაზე, რის ხარჯზეც მეტი საწოლი ადგილის გათავისუფლება შეიძლება მძიმე პაციენტებისთვის. გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ახალი სლოგანიც გააჟღერა: დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება მკურნალობა!“

ვირუსი ახალ რეკორდებს აღწევს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეს ჯერ პიკი არაა. მისი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის პიკური მაჩვენებელი ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ არის მოსალოდნელი.

განახლებადი ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

წავიდე, არ წავიდე - გადააფიქრებინებს COVID-19 ამომრჩეველს უბანზე მისვლას?

ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება. წინ არჩევნებია. მთავრობა ამბობს, რომ ის არ გადაიდება, თუმცა ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისვლა ჯანმრთელობისთვის სარისკო იქნება.

გუშინ არჩევნების არგადადებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმაც, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას ურჩევს, „დაგუგლოს” და არჩევნების დროს სამხრეთ კორეაში გამოყენებული უსაფრთხოების წესები დანერგოს.

იმოქმედებს თუ არა პანდემია ამომრჩეველთა აქტივობაზე ხმის მიცემის დღეს? - ამის შესახებ წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ბრალდებები "ოცნებიდან" - როდის იკრძალება პარტია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების საჭიროებაზე ლაპარაკობენ. კარტოგრაფების საქმისფონზე, ეს საკითხი თავდაპირველად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წამოჭრა.

მსგავს აქცენტებს სვამენ მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც. როგორ გამოიყურება ასეთი რიტორიკა საპარლამენტო არჩევნების წინ და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ჭრილში? რის საფუძველზე ხდება პოლიტიკური პარტიის გაუქმება? რას ამბობს კონსტიტუცია, კანონი და პარტიების წინასაარჩევნო ქცევის კოდექსი? წაიკითხე მეტი აქ.

პრემიერ-მინისტრი დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერი გიორგი გახარია დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. მან გუშინ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეხვედრაზე კორონავირუსის მეორე ტალღის შესაძლო ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტს შეაფასებენ.

„ვისაუბრებთ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმებზე, ისევე როგორც ვისაუბრებთ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, რომ გაუფრთხილდნენ დასაქმებულებს“, - თქვა გიორგი გახარიამ.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ დღეიდან საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ მუშაობაზე გადადის. საბჭო მთავრობის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს აერთიანებს.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო კონსულტაციებს გამართავს

მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანსა და სომხურ ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება, რომელიც 17 ოქტომბერს გამოცხადდა, საფრთხის ქვეშ იმყოფება. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის განახლებაში.

გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს, 19 ოქტომბერს გამართოს დახურული კონსულტაციები მას მერე, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მიმართა მხარეებს, დაიცვან ზავი და დაგმო სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა.

ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გამოცხადდა 17 ოქტომბერს, მეორე ასეთი შეთანხმებაა მას მერე, რაც 27 სექტემბერს დაიწყო სასტიკი ბრძოლები, რის შედეგადაც ასეულობით სამხედრო დაიღუპა.

საქართველოს ავიაბაზარზე ქართული ბიუჯეტური ავიაკომპანია გამოჩნდა

დღეს ავიაკომპანია "აირ ჯორჯია" (Air Georgia), თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ორ AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავს ჩამოიყვანს. თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი. ავიაკომპანია "აირ ჯორჯია" აღნიშნული თვითმფრინავებით დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით Air Georgia Express-ის ბრენდით განახორციელებს.

ავიაკომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ რეისების განხორციელება 2021 წლიდან იგეგმება, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ყველა შესაბამის ნებართვას მიიღებს.

„თავგატეხილი“ იუბი-ლარი - ეროვნული ვალუტა 25 წლისაა

საქართველოს ეროვნულ ვალუტას 25 წელი შეუსრულდა, თუმცა ამ მრგვალმა საიუბილეო თარიღმა დღესასწაულისათვის დამახასიათებელი ხმაურისა და პომპეზური აღნიშვნის გარეშე ჩაიარა. „ლარს თავი აქვს გატეხილი. არ ექეიფება!“ - ასე აღწერა ლარის დღევანდელი მდგომარეობა ეკონომისტმა რომან გოცირიძემ. და მართლაც, 25 წლისთავზე ლარს იმაზე უფრო მძიმე დღეები უდგას, ვიდრე 1995 წლის 2 ოქტომბერს ედგა, როცა ის ნდობადაკარგული კუპონის ადგილს იკავებდა და ცოტას თუ სჯეროდა მისი სტაბილურობის.

ვიკიპედიის მიხედვით, „ლარი“, ქართული ფულის ერთეულის სახელად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, პოზიცია, რომლის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ. როგორ შემოვიდა ლარი ჩვენს ცხოვრებაში მანეთისა და კუპონის შემდეგ და რა მდგომარეობაშია ის 25 წლის თავზე, - წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

„ანარეკლებში“ ვსაუბრობთ 2004 და 2008 წლების არჩევნებზე საქართველოში და ამავე პერიოდის საპარლამენტო ცხოვრებაზე. 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციამ“ გაიმარჯვა და ახალი არჩევნები დაინიშნა. 2004 წლის არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, „რევოლუციონერების“ ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს, ახალი არჩევნების წინ, რევოლუციის გზით მოსულ ხელისუფლებას კინაღამ თავად მოუხდა რევოლუციის ჩახშობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG