Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი: გრძელდება დაკვირვება ირანიდან და ჩინეთიდან ჩამოსულ პირებზე


დღის ბოლოს გახდება ცნობილი, გამოუვლინდება თუ არა კორონავირუსი ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. როგორც კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია აცხადებს, სინჯებს ლუგარის ლაბორატორიაში აუცილებლად გამოიკვლევენ, თუმცა, პირველადი მონაცემებით, პაციენტებს პნევმონია არ აღენიშნებათ.

"ჩვენს ცენტრში მოთავსდა ირანის ოთხი მოქალაქე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ირანის მოქალაქეებზე იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი დღეა, ირანში პირველად დადასტურდა ახალი კორონავირუსის კონფირმაციით დაავადება. ამ სამი დღის განმავლობაში 29 შემთხვევიდან 6 გარდაცვალებით დასრულდა. ამის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილობს. მაინც საჭიროდ ჩაითვალა, რომ ინფიცირებული პირები მოეყვანათ ჩვენთან და შესაბამისი კვლევები ჩატარებოდათ.

კლინიკაში შემოყვანისას ყველას აღენიშნებოდა ცხელება. ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვების ანთება, გამოირიცხა A და B ტიპის ვირუსი, პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით არ დასტურდება ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. დიდი ალბათობით, ჩატარებული კვლევების შედეგად არ დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირება, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც მობრძანდება, აიღებენ ტესტს ახალ კორონავირუსზე და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, პასუხი ნეგატიური იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

პარალელურად, ყურადღების ცენტრში არიან ასევე ჩინეთიდან დაბრუნებული პირები. 34 პირი ამ დრომდე საჩხერეში, სასტუმროში არიან განთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, 34-ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ისინი იზოლირებული არიან და სასტუმროში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

მისივე თქმით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიუხედავად იმისა, რომ ორ პირს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდა, დღეს უკვე ცხელება აღარ გამოვლენილა.

საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში 21 თებერვალს ღამით დაბრუნდა. მათ ამის სურვილი თავად გამოთქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG