Accessibility links

კორუფციის აღქმის ინდექსი 2019: საქართველო, ოდნავ გაუარესებული მაჩვენებლით, კვლავ რეგიონის ლიდერია


ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ /Transparency International აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც საჯარო სექტორში კორუფციის აღქმას აფასებს მსოფლიოს 180 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე.

ორგანიზაციის ზოგადი შეფასების თანახმად, 2019 წლის სურათით, ქვეყანათა ორ მესამედზე მეტი, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკების მქონე სახელმწიფოები ან უკან იხევენ, ან უძრაობის ნიშნებს აჩვენებენ თავ-თავიანთ ანტიკორუფციულ ძალისხმევაში.

ანგარიშში გამოყენებულია შკალა ერთიდან ასამდე, რომელზეც ნული ნიშნავს ძალიან კორუმპირებულს, 100 - კორუფციისგან სუფთას. სიის პირველ ადგილზე, საუკეთესო მაჩვენებლით, დანიაა, უკანასკნელზე, ყველაზე ცუდი მონაცემით, - სომალი.

რაც შეეხება საქართველოს, ისევე, როგორც წინა წლებში, ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, თუმცა შარშანდელთან შედარებით ორი ქულით აქვს გაუარესებული მონაცემი. საქართველოს წლევანდელ სიაში 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა, 2018 წელს კი მისი მონაცემი 58 ქულა იყო და ის სიაში 41-ე ადგილს იკავებდა.

TI აღნიშნავს, რომ ამ რეგიონში მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს საშუალოზე მაღალი მონაცემი - საქართველოს - 56 ქულა, ბელარუსს - 45 და მონტენეგროს - 45. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რეგიონში აქვთ თურქმენეთს (19 ქულა), უზბეკეთსა (25 ქულა) და ტაჯიკეთს (25 ქულა). TI აღნიშნავს, რომ ამ რეგიონის ქვეყნებში სათანადოდ არ მუშაობს ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, სახელმწიფო რესურსები ბოროტად გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბუნდოვანია და არის ინტერესთა კონფლიქტის პრაქტიკა.

ამ რეგიონში ორგანიზაცია საყურადღებო სახელმწიფოდ გამოყოფს სომხეთს - მისი მონაცემი 42 ქულაა. მან შარშანდლიდან შვიდი ქულით გაიუმჯობესა მაჩვენებელი. „2018 წლის რევოლუციისა და ახალი პარლამენტის ფორმირების შემდეგ, ქვეყანამ აჩვენა დამაიმედებელი განვითარება ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით“, წერს TI, თუმცა იქვე დასძენს, რომ სომხეთში პრობლემად რჩება ინტერესთა კონფლიქტი და გაუმჭვირვალე, არაანგარიშვალდებული მოქმედებები საჯარო სფეროში.

ზოგადი შედეგები

სახელმწიფოთა ორ მესამედზე მეტის მაჩვენებელი 50-ზე ქვემოთაა, მთელი გამოკვლევის საშუალო მაჩვენებელი კი 43-ს უტოლდება. TI-ს თქმით, 2012 წლიდან მხოლოდ 22-მა ქვეყანამ გააუმჯობესა მნიშვნელოვნად თავისი მაჩვენებელი, მათ შორის ესტონეთმა, საბერძნეთმა და გაიანამ. 21 სახელმწიფოში - ავსტრალიის, კანადისა და ნიკარაგუის ჩათვლით - უკუსვლა აღინიშნა.

დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან მაჩვენებელი ოთხს გაუუარესდა - კანადას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. გერმანიასა და იაპონიაში გაუმჯობესება არ ყოფილა, იტალიამ კი ერთი ქულით გამოასწორა თავისი მონაცემი.

TI აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციულ შკალაზე კარგი მაჩვენებლის ქონა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნებში საარჩევნო კამპანიების მკაცრ რეგულირებას და პოლიტიკური კონსულტაციების ფართო სპექტრს.

TI-ს რეკომენდაციები

კორუფციის დონის შესამცირებლად და პოლიტიკის მიმართ ნდობის აღსადგენად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მთავრობებს ურჩევს:

  1. აკონტროლონ პოლიტიკის ფინანსირება, რათა ფულმა და გავლენებმა გადაჭარბებით არ შეაღწიოს პოლიტიკაში;
  2. ებრძოლონ უსამართლო პრივილეგირებას, რათა უზრუნველყონ ის, რომ ბიუჯეტები და საჯარო სერვისები არ იყოს დაფუძნებული პიროვნულ კონტაქტებზე და არ იყოს მიკერძოებული სპეციფიკური ინტერესებისადმი;
  3. მოახდინონ ინტერესთა კონფლიტების მენეჯმენტი და ყურადღება მიაქციონ ე.წ. „ბრუნვადი კარის“ ფენომენს (როცა ერთი და იგივე პირები მონაცვლეობით მუშაობენ ხან მრეწველობაში, ხანაც ამ მრეწველობაზე გავლენის მომხდენ სამთავრობო სააგენტოებში);
  4. რეგულირება გაუწიონ ლობისტურ საქმიანობას გადაწყვეტილების მიღების პროცესთან ღია და მკაფიო ხელმისაწვდომობის დანერგვით;
  5. გააძლიერონ საარჩევნო პროცესის დაცულობა და შეებრძოლონ დეზინფორმაციულ კამპანიებს;
  6. გააძლიერონ მოქალაქეები, დაიცვან აქტივისტები, ამა თუ იმ უწყებაში მანკიერი პრაქტიკების საჯაროდ გამომტანი პირები, ჟურნალისტები;
  7. გააძლიერონ გაწონასწორებისა და დაბალანსების მექანიზმები და ძალაუფლების დანაწილება ხელისუფლების შტოებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG