Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო აფხაზავამ დედაენის დღე თბილისში, GAU-სთან ერთად აღნიშნა


„მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტმა, ლადო აფხაზავამ სახალისო საჯარო ლექცია ჩაატარა თბილისში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მიერ ორგანიზებული ერთდღიანი ფესტივალის (“GAUზიარე 33 ემოცია“) ფარგლებში. ფესტივალი 14 აპრილს, დედაენის დღეს მიეძღვნა.

ცნობილმა პედაგოგმა „მწერალთა სახლში“ შეკრებილ სტუდენტებსა და არა მხოლოდ სტუდენტებს თამაშით აუხსნა შრომის გადანაწილებისა და გუნდური მუშაობის აუცილებლობა. აფხაზავა ამბობს, რომ ამ ფაქტორების გარეშე მუშაობას შედეგი არ ექნება და ეს მან იქვე, სხვადასხვა სახის სახალისო თამაშებით დაადასტურა.

„მადლიერი ვარ, რომ ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ჩემი მოწვევა ამ მეტად მნიშვნელოვანი დღისადმი, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის... სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათიდან და ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი დღე გამოვიდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლადო აფხაზავამ.

„მწერალთა სახლში“ შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ ასევე საჯარო ლექციების ფორმატში მოესმინათ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძისა და მწერალ დათო ტურაშვილისთვის.

პროგრამაში იყო თემატური თამაშები; წიგნებსა და ანბანთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ბლოგების კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება და მრავალი სხვა აქტივობა. ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ჰიმნით, რომელიც ანსამბლმა „რუსთავმა“ შეასრულა.

ფესტივალის გახსნამდე, მოეწყო მსვლელობა რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნამდე, სადაც სტუდენტებმა ცაში გაუშვეს საჰაერო ბუშტები. ბუშტებზე დატანილი იყო ქართული ანბანის ასოები.

“GAUზიარე 33 ემოცია“ - ფესტივალის ამ სახელწოდებას საფუძვლად დაედო 2018 წელს GAU-ში შექმნილი კრებულის, ანთოლოგიის სახელწოდება („ქართული ანბანი - 33 ემოცია“). ამ კრებულის თავდაპირველი წარდგენა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოხდა. ანთოლოგია ორენოვანია და აერთიანებს 33 ქართველი ავტორის ტექსტებს. ის გაფორმებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით.

ლადო აფხაზავამ თბილისში საჯარო ლექცია ჩაატარა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:21 0:00

​14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში მწვავედ გააპროტესტეს საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება - ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების შესახებ. რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა (უმრავლესობა - სტუდენტები).

1978 წლის საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიწყო და რუსთაველზე გაგრძელდა. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს, დღევანდელი პარლამენტის, შენობის წინ შეკრებილი ხალხი დილიდან ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას. შემდეგ გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომ - სახელმწიფო ენად ქართული ენა დარჩებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG