Accessibility links

რას (არ) დაჰპირდა ბუში გორბაჩოვს


ისტორიკოსების აზრით, ისტორიული მოვლენები ციდან არ ვარდება. ალბათ ეს მართალია, თუმცა 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემა ცისარტყელასავით მოულოდნელად გამოეცხადა გერმანელებს. გდრ-ის პოლიტბიუროს წევრ გიუნტერ შაბოვსკის მიერ მიცემული ერთი აბდაუბდა პრესკონფერენციის შედეგად (რომლის დროსაც ის განაცხადებს, რომ გედეერელებისათვის დასავლეთით მოგზაურობის უფლება აღარ იზღუდებოდა), 1989 წლის 9 ნოემბერი იქცა დღედ, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპა.

თუ კედლის დაცემა გდრ-ის მოღრუბლურ ცაზე ცისარტყელასავით გამოჩნდა, დასავლეთის სხვა დედაქალაქებში ის კოკისპირულ წვიმად გადაიქცევა. ეს წვიმა უცბად გამოაღვიძებს ვაშინგტონს, ბონს, ლონდონსა თუ პარიზს. ყველა დაიწყებს ფიქრს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული გერმანიის პირობებში ევროპის უსაფრთხოება... რა ბედი ეწეოდა ვარშავის ხელშეკრულებას და ნატოს? იარსებებდნენ ეს ორგანიზაციები? და როგორი იქნებოდა ევროპა გერმანიის გაერთიანების შემდეგ?დასავლეთის ყველა დედაქალაქს საკუთარი გეგმა ჰქონდა: ზოგი საბჭოთა კაშირის ნატოში გაწევრიანებას, ზოგი კი ნატოს იურისდიქციის მხოლოდ ნახევარ გერმანიაზე შენარჩუნებას ითხოვდა. საოცარი ისაა, რომ დისონანსი არა მარტო დასავლეთის დედაქალაქებს შორის არსებობდა, არამედ თვით ვაშინგტონის ადმინისტრაციასაც არ ჰქონდა საერთო სტრატეგია შემუშავებული. მაგალითად, 1990 წლის 10 თებერვალს ჯორჯ ბუში მოსკოვში მიმავალ ჰელმუტ კოლს გაუგზავნის წერილს,რომელშიც გერმანიის კანცლერს სთხოვდა, გორბაჩოვი გაეფრთხილებინა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე კრემლი ვეტოს ვერ დაადებდა. იმავე დღეს კოლი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერისგან მიიღებს ზუსტად საპირისპირო შინაარსის წერილს, რომელშიც ეს უკანასკნელი წერდა, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ აღმოსავლეთი გერმანია ნატოს გარეთ უნდა დარჩენილიყო... (უცნაური არა მარტო ისაა, რომ ასეთი დისონანსი მეფობდა ამერიკის ადმინისტრაციაში, არამედ ისიც, თუ როგორ წარმოედგინა ჯეიმს ბეიკერს გერმანია ერთი ფეხით ნატოში, ერთით კი ნატოს გარეთ...)

ჯორგ ბუში უფროსი და მიხაილ გორბაჩოვი. 1990 წლის სექტემბერი
ჯორგ ბუში უფროსი და მიხაილ გორბაჩოვი. 1990 წლის სექტემბერი

ალბათ ამ ქაოსურმა მდგომარეობამ შექმნა მითი გორბაჩოვზე, როგორც მეოცე საუკუნის მეფე ლირზე. ამ მითის მიხედვით, ბუშმა და კოლმა (მეფე ლირის ორი უფროსი ქალიშვილი) გორბაჩოვი მოატყუეს, მისცეს რა პირობა, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ნატო აღმოსავლეთით ერთი სანტიმეტრითაც არ გადმოიწეოდა. ჯორჯ ბუშის გარდაცვალებასთან ერთად დასავლურ პრესაში ისევ გაიელვა მითმა მოტყუებული მეფე ლირის შესახებ... არადა, გერმანიამ, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ 2009 წელს გაასაჯაროვეს 1990 წლის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, რის შედეგადაც ისტორიკოსებს საშუალება მიეცათ, დაწვრილებით შეესწავლათ 1990 წლის დიპლომატიური თამაშები.

გასაჯაროვებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ჯერ ვაშინგტონი (ჯორჯ ბეიკერის სახით 1990 წლის 9 თებერვალს) და შემდეგ ჰელმუტ კოლი (1990 წლის 10 თებერვალს) სიტყვიერ პირობას მისცემენ გორბაჩოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. მაშინ, როცა აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი გორბაჩოვს პირობას აძლევდა ნატოს აღმოსავლეთის საზღვრების გაყინვის შესახებ, ვაშინგტონში, ამერიკის პრეზიდენტის უსაფრთხოების საბჭო მოამზადებს დოკუმენტს, რომელიც ბუშს ურჩევდა ამ საკითხის გადახედვას. მოსკოვში შეხვედრებიდან ზუსტად ორ კვირაში (24-25 თებერვალს), კემპ დევიდში, ჯორჯ ბუში შეხვედრას გამართავს ჰელმუტ კოლთან. ამ მოლაპარაკებების დროს ბუში განუცხადებს კოლს, რომ: 1. დამარცხებული ვერ უკარნახებს გამარჯვებულს პირობებს დანატოს საზღვრების გაყინვის საკითხი საერთოდ უნდა მოხსნილიყო დღის წესრიგიდან და 2. საჭიროიყო გორბაჩოვის მოთაფვლა და ვინაიდან დასავლეთი გერმანია საკმარისად მდიდარი იყო, მას უნდა გადაეხადა მოსკოვისათვის „კომპენსაცია“.

ის, რომ გორბაჩოვის მოთაფვლა-მოქრთამვა ძნელი არ იყო - ეს მშვენივრად იცოდა ბუშმა. როგორც ამერიკის ელჩი მეტლოკი იწერებოდა მოსკოვიდან 1990 წლის გაზაფხულზე, „კრიზისის ნიშნებს აქ თვლა არ აქვს: საშინლად გაზრდილია კრიმინალი, ანტისამთავრობო დემონსტრაციები ქვეყნის ყველა კუთხეში იმართება, აქაურობა მოიცვა სეპარატისტულმა მოძრაობამ, ხოლო ეკონომიკის მდგომარეობა კატასტროფულია“.

ჰემლუტ კოლი (მარცხნივ), მიხეილ გორბაჩოვი (მარჯვნივ), ჰანს-დიტრიხ გენშერი (ცენტრში). 1990 წლის ნოემბერი
ჰემლუტ კოლი (მარცხნივ), მიხეილ გორბაჩოვი (მარჯვნივ), ჰანს-დიტრიხ გენშერი (ცენტრში). 1990 წლის ნოემბერი

1990 წლის 16-17 ივლისს სტავროპოლის მხარეში გამართულ შეხვედრაზე გორბაჩოვი და ჰელმუტ კოლი მოილაპარაკებენ თანხის რაოდენობაზე, რომელიც ბონს მოსკოვისთვის უნდა გადაეხადა ნატოს გაფართოების სანაცვლოდ.ფორმალურად გერმანული ქრთამი „იფუთებოდა“, როგორც ფინანსური დახმარება, რომელსაც უნდა დაეფარა გერმანიიდან საბჭოთა სამხედროების გადასახლების ხარჯები.

1990 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც გერმანიის გაერთიანებას გაუხსნის გზას. 13 სექტემბერს კი შევარდნაძე და მისი გერმანელი კოლეგა ჰანს-დიტრიხ გენშერი ორ ქვეყანას შორის 20-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენენ. გერმანიის გაერთიანებამდე სამ კვირაზე, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთ წელზე ცოტა მეტიღა იყო დარჩენილი...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG