Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 აგვისტოს


ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე მოგებულ ოქროს მედალს დღეს "ტოკიო - 2020"-ის ოქრო მიამატა.

პირველი მოძრაობა - ატაცი - ლაშა ტალახაძემ 208-კილოგრამიანი შტანგის აწევით დაიწყო, შემდეგ კი 215 და 223 კილოგრამებიც აიტაცა და მესამე ცდაზე ნაჩვენები შედეგით გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, რომელიც თავადვე ჰქონდა დამყარებული ოთხი თვის წინ. "ტოკიო - 2020"-ზე ქართული დელეგაციის მედროშემ ატაცში უახლოეს მდევარს - ირანელ ალი დავუდის - 23 კილოგრამით გაუსწრო.

ამგვარად, "ტოკიო - 2020"-ის ოლიმპიადაზე საქართველომ რეიტინგში წინ წაიწია და 23-ე ადგილი დაიკავა.

წაიკითხე მეტი.

კვლავ "ანულირებისა" და გაურკვევლობის შესახებ საქართველოში

„ქართული ოცნების“ მიერ ცალმხრივად "ანულირებული" „შარლ მიშელის შეთანხმება“ ისევ ბედის ანაბარა რჩება. მმართველი პარტია უკან დახევას არ აპირებს და პრეზიდენტის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს.

სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“, დიპლომატიურად, მაგრამ ბევრისთვის გასაგებად - საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის გატეხვაში დაადანაშაულა და ისიც მიანიშნა, რომ ასეთი ქმედებები დასავლეთთან დაშორების, ქვეყნის დასუსტების, ნდობის შემცირებისა და იზოლაციის საფრთხეს ქმნის.

„ქართული ოცნება“ 4 აგვისტოს აქტიურად აკრიტიკებდა პრეზიდენტს - დაუბალანსებელი და არაობიექტური შეფასების გამო. მაგალითად, ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სათანადოდ ვერ შეაფასა ოპოზიციის დესტრუქციულობის ხარისხი.

საპასუხო შეტევითა და რეაქციებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას „შარლ მიშელის შეთანხმების“ ანულირებასთან დაკავშირებით. თუმცა წყალი მანამდეც გადაწურული იყო.

რა შეუძლია პრეზიდენტს ასეთ დროს? რა ვიცით მისი მომავალი ნაბიჯების შესახებ? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია დღეს იწყება

ხელოვნების მუზეუმი თანამშრომლებმა და ექსპონატებმა დღეიდან უნდა დატოვონ. ასეთია კულტურის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არაერთი კრიტიკა მოჰყვა.

დღესვე დღის 12 საათიდან მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია პერფორმანსიც - „ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად“.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა გაავრცელა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ პროექტი დაამტკიცა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და „რესპუბლიკის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. პუტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

„მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ სტრუქტურებთან, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“, - წერია დოკუმენტში.

წაიკითხე მეტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსი მიგრანტების დაცვის განკარგულება გამოსცა

უკრაინის სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ბელარუსის იმ მოქალაქეთა დამატებითი დაცვა, რომლებსაც, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის ფონია უკრაინაში მყოფი რიგი აქტივისტების მიმართ არსებული მუქარის თაობაზე უკრაინის სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაცია. საფრთხე განსაკუთრებით გააძლიერა უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსი ემიგრანტის, ვიტალი შიშოვის ტრაგიკულმა დაღუპვამ.

შიშოვი სამშაბათს იპოვეს ჩამოხრჩობილი კიევის ერთ-ერთ პარკში. მის სხეულზე აღმოჩნდა დაშავების კვალი, რაც დაცემისთვის არის დამახასიათებელი.

წაიკითხე მეტი.

თითში ჩხვლეტა უნდა დასრულდეს - რას ითხოვენ დიაბეტიანი ბავშვების მშობლები?

საბა 5 წლისა იყო, როდესაც მას შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დაუდგინდა. დღეს ის უკვე 12 წლისაა და სისხლში გლუკოზის მუდმივი კონტროლის გამო ასობით ჩხვლეტის სიმწარე აქვს გამოცდილი.

საბას დედა, ანა ხელაშვილი გვიამბობს, რომ ამ ტკივილს და მუდმივ დისკომფორტს საქართველოში ასობით ბავშვი იტანს - ეს მაშინ, როცა თითქმის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ წლების წინ იპოვა გამოსავალი - გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის ე.წ. CGM სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ტკივილს არიდებს ბავშვებს თავიდან, არამედ დიაბეტით დაავადებულ პატარებს აძლევს შანსს იცხოვრონ სრულყოფილი ცხოვრებით, იარონ სპორტზე, არ გაიღვიძონ ღამით თითების დასაჩხვლეტად, არ დაიძაბონ სკოლასა თუ ბაღში.

ეს სისტემა ჩხვლეტას გამორიცხავს. ქვეყნების დიდ ნაწილში ეს აპარატურა დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის უფასოა და ამ ხარჯს სახელმწიფო ფარავს.

წლებია ამას მოითხოვენ მშობლები საქართველოშიც. რომ რაც შეიძლება მალე, მათ შვილებსაც შეუმსუბუქდეთ ტკივილი და ჯანდაცვის სამინისტრომ ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ბავშვებს ეს აპარატურა დაუფინანსოს.

საქართველოში დღეს ამ საჭიროების მქონე დაახლოებით 1200 ბავშვია. მშობლები მათთვის გაერთიანდნენ, შექმნეს მშობლების ორგანიზაცია ტიპი 1 დიაბეტისთვის და ბრძოლაც დაიწყო.

რას ცვლის CGM ბავშვების ცხოვრებაში და რატომ ვერ უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემა მის ხელმისაწვდომობას? მშობლების მონათხრობი რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა მოისმინა. წაიკითხე სტატია აქ.

რა უჯდება სახელმწიფოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობა კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში? რა არგუმენტები აქვთ ადამიანებს, რომლებიც არ გამორიცხავენ კოვიდის ფასიან მკურნალობაზე გადასვლას? როგორია ოპოზიციის ტაქტიკა კოვიდთან ბრძოლაში? ამ კითხვებზე გვიპასუხებს ჯანმრთელობის ყოფილი მინისტრი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG