Accessibility links

რუსეთის პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი - მითები!


რუსეთის პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი - მითები!
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:45:42 0:00

მტრული ქვეყნის, საქართველოს შემთხვევაში - რუსეთის რბილი ძალა და ბერკეტები გაცილებით ეფექტიანად მუშაობს, როცა ამისთვის მას სამიზნე ქვეყანაში შესაბამისი ნიადაგი ხვდება. „ლიბერალურმა აკადემია თბილისმა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ საქართველოს ორი რეგიონის - კახეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობაში არსებული პოპულისტური და ანტილიბერალური ელემენტები შეისწავლეს. რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა პარალელურად, ერთმანეთთან შეთანხმებით ჩატარდა და ამან კარგი შედეგი გამოიღო, ასე თვლის ლაშა ტუღუში, „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი. რატომ კახეთი და შიდა ქართლი? ამას ავტორები ასე განმარტავენ: შიდა ქართლი იმიტომ, რომ 2008-ში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა და რჩება კონფლიქტის და მისგან გამოწვეული დაძაბულობის, დესტაბილიზაციის კერად. კახეთი კი იმიტომ, რომ მისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი სეგმენტი ეკონომიკურად მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. „დავინტერესდით უფრო მემარჯვენე მიმართულებით. შესაბამისად, გვაინტერესებდა კონსერვატიზმი რადიკალურ ფორმებში. რაც მეტია რადიკალიზმი, მით მეტია პოპულიზმი და ეს გავზომეთ. გვაინტერესებდა ასევე ის, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი ასეთ ვითარებაში სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთან რა პოტენციალი აქვს მას. რა არხები და მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ. გავაანალიზეთ პარტიების პროგრამული ნაწილიც - რამდენად შეიცავს ის მსგავს ტენდენციებს, რასაც ვხედავთ, მაგალითად, ევროპაში პოპულიზმთან მიმართებით. არა მარტო პროგრამა გვაინტერესებდა, მოქმედებებიც გვაინტერესებდა, ჯგუფები გვაინტერესებდა და თამაშის წესები“, - ამბობს ლაშა ტუღუში რადიო თავისუფლების ეთერში. ის განმარტავს რუსეთის პროპაგანდის მთავარ იარაღს: „მთავარი ინსტრუმენტი არის მითი - არა ინფორმაციის ნაკადი, როცა პირდაპირ გეუბნება: „დასავლეთი ცუდია“, არამედ მითი, რადგან ეს არ არის რაციონალური. ის ხშირად მოქმედებს ძალიან ჭკვიან, განვითარებულ ადამიანებზეც. ის ურტყამს არაცნობიერს და ხშირად ეს კოლექტიური არაცნობიერია. არქიტიპებთან დაკავშირებული ღრმა ფესვები აქვს“. ლაშა ტუღუში ამ კონტექსტში განიხილავს დავით-გარეჯთან დაკავშირებით ბოლო ხანს გააქტიურებულ პროცესებს: „ორი ნაწილია: ერთია ტერიტორია და მეორე შენი იდენტობა - რელიგია. ორივე ერთად არის და ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ გყავს მტერი, შეეცდება დეზიმფორმაცია ამ ძაბრში გაატაროს და გააძლიეროს ეფექტი, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამანგრეველი ამ შემთხვევაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ინტერესებზე“. კვლევის შედეგები მრავალგვარი ინტერპრეტაციის, გამოწვევების მრავალი კუთხით დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა უცხოელების მიმართ დამოკიდებულებებს: „უცხოელების მიმართ დამოკიდებულებები ძალიან ჭრელია. ზოგადად ავწერ ვითარებას: ძალიან ნეგატიურია დამოკიდებულება მოქალაქეობის მიცემასთან დაკავშირებით. მაღალია მათი რიცხვი. უფრო მეტია უარყოფა, რომ მისცე უძრავი ქონება, 80%-ზე მეტი. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ“. ასეთ განწყობებს მეტნაკლები წარმატებით იყენებენ ქართველი პოლიტიკოსები. საგულისხმოა მოსახლეობის მოსაზრებები ქვეყნის მთავრობაზე. მოსაზრებას, რომ „ადამიანები ბავშვებივით არიან, მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს საკუთარ შვილზე“ კახეთში 49%, შიდა ქართლში კი 52% ეთანხმება. მოსაზრებას, რომ „მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული, ადამიანები უნდა იქცეოდნენ როგორც უფროსები, უნდა აკონტროლებდნენ მას“ კახეთში 47%, შიდა ქართლში კი 30% ეთანხმება. ამასთან გამოკითხულთა უმრავლესობა - 54% მაინც ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ არჩევნებში გამარჯვებული ძალა ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს. გამოკითხულთა მესამედის აზრით, უკეთესია, თუ ქვეყანას ძლიერი ლიდერი ეყოლება, რომელიც თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ლაშა ტუღუში არასახარბიელოდ აფასებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის მიმართ. ამბობს, რომ კახეთში 50% უყურებს დემოკრატიას, როგორც მმართველობის კარგ ფორმას. „დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ დამატებით გასაანალიზებელია გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიცია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს ეკლესიის პოზიციას.

XS
SM
MD
LG