Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ალექსიძე, იმპერატიული ნორმები და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის იმპერატიულობა


ავტორი: თეიმურაზ ანთელავა

ლევან ალექსიძის (05.07.1926-31.07.2019) გარდაცვალება საქართველოს უახლესი ისტორიის კონტექსტში, საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა. დღეს ალბათ არც ისე ბევრ ადამიანს ახსოვს, უკანასკნელად როდის გამოემშვიდობა ჩვენი საზოგადოება საქართველოში ამა თუ იმ სამეცნიერო სკოლის დამაარსებელს. ამ მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც ლევან ალექსიძემ თავისი ხანგრძლივი სამეცნიერო საქმიანობის ათწლეულები შეალია, მეხსიერების ერთგვარი მატარებელია. სწორედ აქ, პირველი კორპუსის ეზოში, თვით ივანე ჯავახიშვილთან ერთად, განისვენებენ სხვადასხვა სამეცნიერო სკოლების დამაარსებლები ¾ ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ჩუბინაშვილი, ანდრია რაზმაძე, გიორგი წერეთელი და სხვები. სწორედ ამ რანგის სამეცნიერო ფიგურა დაკარგა საქართველომ.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე ლევან ალექსიძის მიერ ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის დასაფუძნებლად გადადგმული პირველი ნაბიჯები და მათი შემდგომი განმტკიცება დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში, ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობის შენატანია საქართველოს უახლეს ისტორიაში ვიდრე უბრალოდ იურისპრუდენციის ერთ-ერთი განშტოების საუნივერსიტეტო კურიკულუმში დანერგვა. დასავლური სამართლებრივი სახელმწიფოს ტრადიციის არქონის და საქართველოს კოლონიური ოკუპაციით გამოწვეული რუსული კომუნიზმის დიქტატის პირობებში, საბჭოთა საქართველოში სამართლის სწავლება, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის (1872-1939), თინათინ წერეთლის (1903-1980) და სხვა მცირერიცხოვანი გამონაკლისების გარდა, უმეტესად სამართლებრივი აპარატის (მილიციის, პროკურატურის, სასამართლოს) მეშვეობით საბჭოთა რეჟიმის ინტერესების გატარებას ემსახურებოდა. იურიდიული პროფესია, საქართველოს რუსეთიდან მართვის პირობებში, საზოგადოების თვალში, გარკვეულწილად რუსული მმართველობის და საბჭოთა რეჟიმის მსახურებასთან ასოცირდებოდა. ამ პირობებში, საერთაშორისო სამართალი, საქართველოში დასავლურ სამართლებრივ ტრადიციებთან ზიარების ის ვიწრო ფანჯარა იყო, რომლის მეშვეობითაც თანდათან დაიწყო სამართლის და იურიდიული პროფესიის იმიჯის ტრანსფორმაცია. სწორედ საერთაშორისო სამართლის მეშვეობით შევიტყვეთ პირველად, რომ საბჭოთა მილიციასა და პროკურატურასთან ასოცირების ნაცვლად, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სამართალი ძალიან დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში, თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებში, ადამიანებზე ძალადობრივი ზემოქმედების პრევენციასა და აღმოფხვრაში.

საერთაშორისო სამართლის ეს როლი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, თავისთავად აღნიშნავს საერთაშორისო სამართლის სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლის როლს ამავე პერიოდში. შესაძლოა ამითაც აიხსნება მეცნიერების გარდა, ლევან ალექსიძის უაღრესად აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა დამოუკიდებლობის პირველ წლებში. საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია, რომელიც თავდაპირველი სახით 1995 წელს იქნა მიღებული, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მისი მონაწილებით შეიქმნა. მას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შეიარაღებული კონფლიქტის პირველი ტალღის შემდგომ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იქ განვითარებული მოვლენების ადეკვატურ შეფასებაში. სხვებთან ერთად, ლევან ალექსიძის დიდი ძალისხმევით დამკვიდრდა გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უნიფიცირებული მოხსენიების პრაქტიკა, არა უბრალოდ როგორც „აფხაზეთი“ ან „სამხრეთ ოსეთი“, არამედ როგორც „აფხაზეთი, საქართველო“ და „ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“. რუსეთის მიერ, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეუნიღბავი ხელყოფის შემდეგ, ლევან ალექსიძის მიერ ამ საკითხზე ადრეული ზრუნვის აქტუალობამ, კიდევ უფრო ნათლად იჩინა თავი.

საქართველოს შიგნით დარგის ფუძემდებლობის გარდა, საერთაშორისო სამეცნიერო აღიარების მხრივ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში არაერთი თაობის აღზრდის მიუხედავად, დღემდე, საქართველოს ლევან ალექსიძეზე უფრო ცნობადი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი არ ყოლია. ის ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართველია, რომელსაც ამ სფეროს შიგნით ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარება ¾ ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სალექციო კურსის წაკითვის პატივი ხვდა წილად. ჰააგის აკადემიაში მისი სალექციო კურსი საერთაშორისო სამართლის იმპერატიულ ნორმებზე, ამ საკითხზე უკლებლივ ყველა შემდგომ ინგლისურენოვან ნაშრომში ციტირებული ბიბლიოგრაფიის ნაწილია.

ბატონი ლევანის საერთაშორისო აღიარება ზოგჯერ კურიოზული ფორმითაც კი მჟღავნდებოდა. ბოლო ათწლეულების ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ავტორიტეტულმა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, იტალიელმა ანტონიო კასეზემ (1937-2011), ერთხელ, ბატონი ლევანის შვილიშვილს ¾ თამარ ალექსიძეს, ბატონ ლევანთან დიდი მოკითხვა დააბარა. ბატონმა ლევანმა, რა თქმა უნდა, იცოდა ვინ იყო ანტონიო კასეზე და იცონობდა მის შრომებს. თუმცა, ამ მოკითხვის შემდეგ, კერძო საუბრებში გაკვირვებით აღნიშნავდა: „საიდან ვიცნობ კასეზეს, ვერ ვიხსენებო“. ვიწრო პროფესიულ წრეში, ეს მოარული ხუმრობის საფუძველი გახდა. მისი მოსწავლეები კარგა ხანს გავიძახოდით: „კასეზეს ბატონი ლევანი ახსოვს და ბატონ ლევანს კასეზე არა!“ ბოლოს გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ 1970-იან წლებში, ნიუ-იორკში, რამდენჯერმე ერთდროულად მოუწიათ გაერო-ს სხვადასხვა ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ ასაკობრივი სხვაობის გამო, იმ დროისათვის ბატონი ლევანი უკვე საკმაოდ აღიარებული სპეციალისტი იყო, ანტონიო კასეზე კი ჯერ არა.

ბატონი ლევანის მრავალწლიანი დაინტერესება იმპერატიული ნორმებით შემთხვევითი არ ყოფილა. მასთან დაახლოებით ათი წლის წინ სამეცნიერო მიზნებით ჩაწერილ ინტერვიუში, ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრეთ. ამ საუბრის მოკლე დასკვნა შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს: საქართველოს როგორც პატარა ქვეყანას, მხოლოდ წესებზე და არა ძალაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში შეუძლია მშვიდად არსებობა. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი ყველა, თუნდაც ყველაზე უფრო ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი, ქცევის სავალდებულო წესებისგან (მათ შორის იმპერატიული ნორმებისგან) შედგება. მსოფლიოში ძალაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგიდან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისკენ მიმდინარე გარდატეხა, იმ აუცილებელი წინაპირობის ნაწილია, რომელიც შესაძლებელს ხდის საქართველოს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე არსებობას. ეს გარდატეხის პროცესი, რომელიც დღემდე მრავალი გამოწვევის ფონზე მიმდინარეობს (ასეთი გამოწვევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაა), სხვა, პრაქტიკულ სფეროებში საქმიანობის გარდა, მუდმივ სამეცნიერო ძალისხმევას საჭიროებს მისი ღირებულების დასასაბუთებლად. ბატონ ლევანს ეს კარგად ესმოდა. საქართველო, ამ მხრივ, მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობის ამოსავალი წერტილი იყო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG