Accessibility links

„ჩვენ სულ კრიტიკული ვითარება გვაქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული"


ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია „დილის საუბრებში“ აანალიზებს “ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე საკითხზე, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ასეთი ორგანოს სისტემური და ეფექტიანი მუშაობისთვის.

ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ახალი ორგანოს შექმნის საკითხი აქტუალური გახდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, რის შედაგადაც გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო და საჭირო გახდა ახალი ინსტიტუციის შექმნა.

„ჩვენ სულ კრიტიკული ვითარება გვაქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ერთ-ერთი ფუნქცია უსაფრთხოების საბჭოსი, კრიზისების მართვასთან და შეფასებასთან ერთად, ესეც არის, რომ მუდმივად გააანალიზოს კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება. არ გვაქვს ფუფუნება, რომ წელიწადში ორჯერ შეიკრიბოს ეს საბჭო. მას საკმაოდ ინტენსიური და აქტიური მუშაობა მოუწევს“.

კანონპროექტის ერთ-ერთ ხარვეზად ლიკა საჯაია განიხილავს საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მონაწილეობის განსაზღვრას, რაც არსებული ვერსიით, ასე გამოიყურება:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმირების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, შესაძლოა მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და ნდობით აღჭურვილი პირი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ხაზს უსვამს, რომ ლაპარაკი არ არის პრეზიდენტის პირადად მიწვევაზეც კი:

„პრემიერმინისტრმა შესაძლოა სხდომაზე მოიწვიოს პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი. თვითონ პრეზიდენტის მოწვევაზეც არ არის საუბარი. პრეზიდენტს თავისი ინიციატივით არ აქვს უფლება, რომ მივიდეს და დაესწროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომას.

სახელმწიფოს მეთაურს, რა თქმა უნდა, უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი სურვილით მივიდეს და დაესწროს იმ სხდომას, სადაც წყდება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და სადაც ხდება ანალიზი“.

ლიკა საჯაია საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორებს შეახსენებს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდალია:

„კრიზისული სიტუაციის დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი - პრემიერმინისტრთან შეთანხმებით, აცხადებს საომარ და საგანგებო მდგომარეობას. შესაბამისად, მან რომ რეალურად შეასრულოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები, საჭიროა მისი ინფორმირება და მისი ჩართულობაც ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზის პროცესში. ეს არ არის წმინდად ლეგალისტური საკითხი. უნდა გავცდეთ იურიდიულ ჩარჩოებს და ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული მსგავს კანონზე გადაწყვეტილება“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს საბჭოს მდივნის საკითხზეც. პროექტით განსაზღვრულია, რომ მას საბჭოს მუდმივი წევრებიდან პრემიერმინისტრი არჩევს. ლიკა საჯაია ამბობს, რომ კრიზისულ ვითარებაში მუდმივ წევრებს, რომლებიც მინისტრები და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები არიან, ნაკლებად ექნებათ საბჭოს სხდომების ორგანიზებისა და კოორდინაციის შესაძლებლობა:

„პრობლემური საკითხია ვინ შეიძლება იყოს არჩეული საბჭოს მდივნად. პრემიერმა საბჭოს ერთერთ მუდმივ წევრს უნდა დააკისროს მდივნის ფუნქცია. რატომ არის ეს აუცილებელი? როცა შეიქმნება კრიზისული სიტუაცია, დაორგანიზებას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი. შესაძლოა, თითოეული ეს მინისტრი, ვინც საბჭოშია, იმდენად იყოს თავის სფეროში დაკავებული, რომ მას აღარ ეცალოს შეასრულოს საბჭოს მდივნის ფუნქცია, რომ გაუწიოს ორგანიზება და საბჭოს სხდომებს“.

კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ ბევრ სფეროს მოიცავს და ის არ დაიყვანება საომარ ან საგანგებო მდგომარეობამდე.

„არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საბჭოს მაშინ მოუწევს შეკრება, როცა რუსეთი საზღვრის გადმოწევას გადაწყვიტავს. ამ მხრივაც არის კანონში სიახლე, რომ მაგალითად, ენერგეტიკული უსაფრთხოება სხვაგვარად განიმარტა, შემოვიდა ტერმინი „სამოქალაქო უსაფრთხოება“ და კანონის ხედვა ამ მხრივ დადებითად უნდა შევაფასოთ“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG