Accessibility links

ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ წიგნის მოყვარულებს თავს რაჭაში მოუყრის


მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც კონკურსმწიგნობარშიპირველად მივიღე მონაწილეობა. ველოდებოდი, კულტურის სახლის დარბაზში, როდის ამოიკითხავდნენ ჩემს სახელსა და გვარს გამარჯვებულთა შორის. პირველად არ გამიმართლა, დავმარცხდი, მაგრამ ეს იყო სტიმული მომავალში დამემტკიცებინა, რომ გამარჯვება შემეძლო“, - გვიყვება 17 წლის კესო შიშინაშვილი.

კესომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. ლიტერატურულ კონკურს „მწიგნობარში“ მონაწილეობას ახლაც განსაკუთრებული ემოციით იხსენებს და ამბობს, რომ ამ კონკურსმა საკუთარი თავის რწმენა შემატა.

ყველას გვაქვს მომენტი, როდესაც გვიჭირს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ვცდილობთ საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებას. მეც მქონდა ასეთი პერიოდი და ზუსტად ამ დროს, სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ინფორმაციამწიგნობარისშესახებ. გადავწყვიტე, აუცილებლად გამომეცადა საკუთარი თავი“, - უთხრა კესო შიშინაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კესო შიშინაშვილი
კესო შიშინაშვილი

ოქტომბერში, იმ სამი დღის განმავლობაში, როდესაც რაჭაში, ამბროლაურში, ეს ლიტერატურული კონკურსი ტარდება ხოლმე, კესოს თქმით, ქალაქის ქუჩები ახალგაზრდებით ივსება, რაც იქაურობისთვის დიდი იშვიათობაა.

ქალაქი ცოცხლდება. კონკურსანტები კი მაქსიმალურად ვუახლოვდებით ხოლმე ერთმანეთს და საკუთარ შეხედულებებსა და შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. საკონკურსო ტესტს რომ დაასრულებ, მაშინ იწყება ყველაზე დიდი "სტრესი“ - ნეტა როგორ დავწერე, ნეტა გავიმარჯვებ თუ არა... ასეთი ამბები ძალიან გვჭირდება“, - ამბობს კესო.

საკონკურსო ნაწარმოებების კითხვისთვის მოსწავლეებს გარკვეული დრო ეძლევათ - ამ დროს ისინი ერთმანეთს ბიბლიოთეკაში ხვდებიან.

„ასე ცოტათი მაინც ვცვლით ძველი თაობის შეხედულებებს, რომ 21- საუკუნის ახალგაზრდებს სოციალური ქსელის გარდა, თითქოს, არაფერი გვაინტერესებს. დიახ, ჩვენ დავდივართ ბიბლიოთეკაში!“, - გვეუბნება კესო.

ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში, 2017-2018 წლებში, კესო შიშინაშვილმა ორჯერ მოიპოვა გამარჯვებულის ტიტული ნომინაციაში „პოეზია უპირველეს ყოვლისა“. მიუხედავად იმისა, რომ წინ ეროვნული გამოცდები აქვს და დიდი სამუშაო ელოდება, წელს სტუდენტის რანგშიც აპირებს კონკურსში მონაწილეობას.

ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად წელს რაჭაში მცხოვრებ მოსწავლეებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს გააერთიანებს.

გურამ გორდეზიანი
გურამ გორდეზიანი

კონკურსის მონაწილეებს 29 მწერლის 61 ნაწარმოების წაკითხვა მოუწევთ.

წელს პირველად გავდივართ ამბროლაურის ფარგლებს გარეთ. გადავწყვიტეთსაპილოტე გაფრენავეფხისტყაოსნის“ ნომინაციით განგვეხორციელებინა. მთელი საქართველოდან ვეპატიჟებით სტუდენტებს. პირველად გვაქვს ნომინაცია დრამატურგიაშიც“, - ამბობს კონკურსის დამფუძნებელი, პოეტი გურამ გორდეზიანი.

გურამ გორდეზიანის თქმით, კონკურსი რაჭის გამოცოცხლებასა და საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

ამბროლაურის მასშტაბით 220-ზე მეტმა მოსწავლემ უკვე გამოხატა კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი. მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ბავშვებს ბიბლიოთეკიდან გამოაქვთ წიგნები, საკონკურსო პროცესში ერთვებიან მშობლები და პედაგოგები. კონკურსანტებს ვეხმარებით ისეთი ლიტერატურის მოძიებაში, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკებში არ მოიპოვება. აქტიური და ბრუნვადი პროცესია, - ამბობს პოეტი გურამ გორდეზიანი.

ლიტერატურულ კონკურსს 25-27 ოქტომბერს, ამბროლაური უმასპინძლებს. საუკეთესი მკითხველი ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალისტების მიერ შედგენილი ტესტების საფუძველზე, 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება.

ნომინაციებს შორისაა: ისტორიული რომანი, თანამედროვე მწერლობა, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები, საბავშვო მწერლობა, თავისუფალი თემა და ა.შ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ რაჭაში სპეციალურად მიწვეული ცნობილი მწერლები და პოეტები.

ლიტერატურულ კონკურსს „მწიგნობარი 2019“ ამბროლაურის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრი ახორციელებს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ამბროლაურის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკასთან და ამბროლაურის რესურსცენტრთან ერთად.

„მწიგნობარში“ მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა კონკურსის დაწყებამდე შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG