თბილისში, საბჭოს მოედანთან, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში თითქმის 10 წელია ფუნქციონირებს დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, რომლის მრევლიც თავს პროტესტანტად თვლის. ეკლესია ნიგერიის ქალაქ ლაგოსში გასულ საუკუნეში დაარსდა, ნელ-ნელა გაფართოვდა და დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მიმდევარი. თბილისელი ნიგერიელებისთვის ეს არის შეკრების მთავარი ადგილი.

წირვა კვირაობით 11 საათზე იწყება და ქრისტიანული მღვდელმსახურებისთვის უჩვეულოდ მხიარული, აქტიური, ინკლუზიური და მუსიკალურია. წირვაზე მღერიან, ცეკვავენ, მსჯელობენ ბიბლიის ცალკეულ ფრაგმენტებზე და, ბოლოს, აქვე საუზმობენ ტრაციდიული აფრიკული ფუნთუშეულით.

ლოცვაში ჩართულია ყველა და ყველაფერი: პასტორთან ერთად ცეკვავენ ქალები და ბავშვები, უკრავს ორკესტრი, მღერიან და მონიტორებზე ციმციმებს ლოცვის ტექსტი, პირველად მისულსაც რომ შეეძლოს ჩართვა.

ნიგერიიდან თბილისში საცხოვრებლად ძირითადად ახალგაზრდები ჩამოდიან. მათი უმეტესობა ამბობს, რომ აქ სწავლა უფრო იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში და უფრო ხარისხიანი, ვიდრე მათ სამშობლოში - ემიგრაციის მთავარი მიზანიც ეს არის. ჩამოსულთა უმეტესობა ცდილობს აქ გაიაროს სწავლის ყველა საფეხური და სამშობლოში უკვე პროფესიით დაბრუნდეს.

2017 წელს მომზადებული საქართველოს მიგრაციის პროფილის მიხედვით, 2006-2016 წლებში საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების ყოველწლიური რაოდენობა მზარდია. ამავე მონაცემებით, 2006-2016 წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, ნიგერიიდან, რუსეთიდან და ერაყიდან იყო.

უცხოელ სტუდენტთა ნახევარი საქართველოში სამედიცინო განათლებას იღებს, მეოთხედი კი - ბიზნესის, ეკონომიკის ან სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. ნიგერიის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სტუდენტების უმეტესობას აქ ჩამოსვლა საკუთარ სამშობლოში არსებულმა სააგენტოებმა ურჩიეს, როგორც უსაფრთხო, ევროპულ ქვეყანაში, და მათ უმეტესობას იმედი არც გასცრუებია.

“დაცული და მშვიდი ქვეყანაა, პოლიცია კარგად მუშაობს, ტრანსპორტის სისტემა გამართულია” - ასე იწყებენ საკუთარი გამოცდილების მოყოლას და იქვე დასძენენ, რომ არც მძაფრი რასისტული განწყობებია მათთვის თვალშისაცემი და შემაწუხებელი. ხანგრძლივი საუბრისას კი ნელ-ნელა იხსენებენ შემთხვევებს, როცა უცნობებმა ქუჩაში მაიმუნი დაუძახეს, სხვებმა თქვეს, რომ ასეთები შვილებს არ უნდა აჩენდნენ და არ მრავლდებოდნენ. არის ქუჩაში მიშტერებები, ხმამაღალი კომენტარები და ბინის ქირაობისას შექმნილი უხერხული მომენტებიც.

“რასისტული განწყობები ყველა ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ უმეტესობა მაინც კეთილგანწყობილია. იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც ჩვენი დანახვა არ სიამოვნებს, დიდი არ არის” - ესეც თბილისში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შედეგად ჩამოყალიბებული აზრია.

მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის საქართველო საცხოვრებლად მიმზიდველი და კარგი ქვეყანაა, არსებობს ბარიერები, რომლებსაც ისინი ხანგრძლივად ცხოვრებისას აწყდებიან. მაგალითად, სტუდენტების უმეტესობა ისე ცხოვრობს წლების განმავლობაში საქართველოში, რომ მათი მშობლები მათ მონახულებას ვერ ახერხებენ. საქართველოს ვიზის ასაღებად მათ ეგვიპტეში მყოფ საკონსულოს უნდა მიმართონ, რაც მათთვის არც ისე მარტივად გადასალახ ბარიერს წარმოადგენს. ისინი კი, ვინც საქართველოში ოჯახს ქმნის და აქვე აჩენს შვილებს, ვერ ახერხებენ დროებით სამშობლოში წასვლას ბავშვებთან ერთად, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ მოქალაქეობის არმქონე ბავშვს უკან დაბრუნებისას საფრთხე შეექმნება.

არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველო მუდმივ საცხოვრებლად აირჩიეს, ენა ისწავლეს, ბიზნესი დაიწყეს და აფრიკულ სამზარეულოს, აფრიკულ ვარცხნილობებს თუ კულტურას სთავაზობენ სხვებს.