Accessibility links

მამა დავითი (ქვლივიძე): „როდესაც სინოდი დაგდებს ბრალს, შენ ემორჩილები“


ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (ქვლივიძე) მიმდინარე მოვლენებს საჯაროდ გამოეხმაურა „მედიაცენტრ მთავარში“ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ეს ტექსტი მისი დღევანდელი საუბრის მთავარ აქცენტებს ასახავს. იგი განმარტავს საეკლესიო წესებს, რომელითაც, მისი აზრით, უნდა განისაჯოს პეტრე ცაავა.

მამა დავითი (ქვლივიძე): როდისმე გაგიგიათ, პატრიარქს თავი ემართლებინოს?!... არასოდეს. ჩვენც სულ იმას გვეუბნება, მოითმინეთ, მოითმინეთ. მაგრამ გუშინ ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა.

- უნდა მისცემოდა თუ არა მას საშუალება თავისი ბრალდება დაემტკიცებინა?

- ჩვენ ვართ მღვდლები და რჯულის კანონით უნდა ვიხემძღვანელოთ. როდესაც სინოდი დაგდებს ბრალს, შენ ემორჩილები. განგაყენებენ, ემორჩილები ამ განყენებას. ასე მოიქცა მამა გაბრიელ მცხეთელი. ის უსამართლოდ დასაჯეს, მაგრამ მიიღო ეს დასჯა, არ მსახურობდა, მერე შიდა საეკლესიო სასამრთლო მოეწყო. ეს სასამართლო ან გაგამართლებს ან გაგამტყუნებს.

- ანუ, ახლა „შიდა სასამართლო“ უნდა მოეწყოს?

- აუცილებლად. სასამართლოს მსგავსი ორგანო არის ზნეობრივი კომისია საეკლესიო წესი ასეთია, როდესაც ადამიანს რამე ბრალს უყენებ, თუ ვერ დაუმტკიცე, რა სასჯელიც მას უნდა შეფარდებოდა იმით ისჯები შენ. უამრავ მღვდელს აქვს შეჩერებული მსახურება. ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. არ არის საჭირო. ვთქვათ, ვიღაცამ მითხრა აღსარება და არ ვაზიარე. ვალდებული ვარ გამოვაცხადო, რატომ არ ვაზიარე ეს ქალი? იმრუშა, ქმარს უღალატა თუ რატომ? ასევეა ზნეობრივი კომისიაც.

- ვინ არიან ზნეობრივ კომისიაში?

- ეპისკოპოსები.

- აქამდე რატომ არ გამოიძიეს პეტრე ცაავას ბრალდებები?

- ისეთი რამე თქვა, აქამდე არავის უთქვამს და ვერც წარმოედგინა ვინმეს. შეიძლება მღვდელს დააბრალო, ღმერთმა მაპატიოს, რომ ქალებში დადის, ლოთია, ფულს იღებს, მაგრამ ასეთი რამე?! ვის?! ამიტომ, ამ სიტყვებზე პასუხისგება ყველას მოუწევს და თუ ვერ დაამტკიცა, ძალიან ცუდად დამთავრდება.

- როგორ ფიქრობთ, პეტრე ცაავას უკან შეიძლება ვინმე იდგეს?

- ვის უკან ვინ დგას მე რა ვიცი, ამისთვის არის კომისია, რომელიც იმსჯელებს. მაგრამ ამ ეტაპზე, უნდა დავემორჩილოთ სინოდის განჩინებას. ახლა მეუფე პეტრეს შეჩერებული აქვს მღვდელმთავრობა. მას არა აქვს უფლება აკურთხოს ვინმე მღვდლად, წიროს, აკურთხოს ხატი, მონათლოს ბავშვი, არაფრის უფლება არა აქვს. მას შეუნარჩუნეს მიტროპოლიტის წოდება და მისცეს დრო სინანულისთვის. ეს რამდენი ხანი გაგძელდება ამას კომისია გადაწყვეტს. უნდა წავიდეს მონასტერში და ამ ხნის განმავლობაში სხვა არაფერი აკეთოს. იქ იყო განცხადებები, ჩვენ არ დავემორჩილებითო. რას არ დაემორჩილები?! ვის არ დაემორჩილები?! არ დაემორჩილები და განხეთქილებაში ხარ. თუ მეუფე პეტრემ დაარღვია, თუ რამე მსახურება ჩაატარა, მას აუცილებლად განკვეთავენ. მეუფე პეტრეს კეთილისმყოფელები ვინც არიან, ყველამ უნდა ურჩიოს, რომ დაემორჩილოს სინოდს.

- პეტრე ცაავას გარდა კიდევ არის ხალხი, რომელიც იგივეს აცხადებს.

- იცით, რამდენი შემთხვევა მქონდა, როცა მოვიდა მრევლიდან ვინმე და მღვდელზე მითხრა, ასე და ასე იქცევაო. წამომყევი, კიდევ ორი კაცი ნახე და ბოლომდე პირზე დაადექით მეთქი. უკან იხევენ ხოლმე. იქ ვიღაცა დედაო გამოჩნდა. ეს როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან პატრიარქზე მონაზონს?! თუ ეს ვერ დაამტკიცა, მისი საქმეც ძალიან მძიმედ იქნება.

- როგორ უნდა დაამტკიცოს?

- ორი-სამი მოწმე არის საჭირო. ასევე უნდა შემოწმდეს, ეს მოწმეები სანდო ხალხია თუ ცილისმწამებლებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG