Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართა არდაშელია - ჟურნალისტი


მართა არდაშელია
მართა არდაშელია

კვირა

დილის 07:30-ზე გამეღვიძა. ტელეფონში მეგობარი ბლოგერის წერილი დამხვდა:

А в Абхазии такие новости…

ძილბურანში ახალი ამბები შევამოწმე. გვიან ღამით დე ფაქტო მთავრობის მეთაური გენადი გაგულია სირიიდან ბრუნდებოდა, როდესაც მის მანქანას მეორე ავტომობილი შეეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. რა ირონიაა, გავიფიქრე და იმწამსვე ჩემი თავის შემეშინდა. აფხაზეთის გზებზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

წინ რთული დღე გვაქვს - საფეხბურთო მატჩი, რომელიც ქვეყნისთვის მორიგ გამოცდად უნდა იქცეს.

როდესაც მოსკოვში აფხაზეთიდან დევნილი დიდი ოჯახი ერთ ბინაში ვცხოვრობდით, მე და ჩემს ძმას ბაბუა მუდმივად საქართველოზე გვიყვებოდა, გმირებისა და ღირსეული ქალების სამშობლოზე, სადაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავით. ბაბუას სურვილი შევასრულეთ, თუმცა დღემდე მომყვება სევდა, როდესაც ჩემს ქვეყანაზე ბავშვობაში შექმნილი მითები რეალობას ეჯახება.

მეშინია, რომ ბაბუას მოყოლილი ისტორიები ქართველების ტოლერანტობასა და ფეხბურთის გენიოსებზე დღეს არ გამართლდება.

ნაციონალისტები მთელი კვირაა იმუქრებიან. ფეხბურთელ გურამ კაშიას ბოდიშის მოხდას სთხოვენ იმისთვის, რომ ის ფერადი სამკლაურით სტადიონზე გამოვიდა და ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მართა არდაშელია - ჟურნალისტი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:55 0:00

გადავრჩით. მატჩი მშვიდობით და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ბაბუა მართალი იყო. პოლიციას ნაციონალისტების ლიდერები მთელი დღე თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდა, თუმცა ფეხბურთის ნაწილში მაინც გაამართლა -1:0 მოვიგეთ.

ორშაბათი

წელიწადზე მეტია, რაც „იმედის“ საკვირაო გადამეცაში, „’იმედის’ კვირაში“, ვმუშაობ. ეს კი ნიშნავს, რომ ორშაბათი ჩემი დასვენების დღეა. მთელ დღეს ჩემს პატარა შვილს, ნიკოს, ვუთმობ. დღეს ლისზე ველოსიპედებით სეირნობის ამინდია.

„’იმედის’ კვირაში“ ჩემი დებიუტი ცნობილ რუს ჟურნალისტთან ერთად შედგა: ვლადიმირ პოზნერთან, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებდი ხოლმე, ინტერვიუ უნდა ჩამეწერა. ის თბილისში დაბადების დღეს აღნიშნავდა და სტუდიაში კარგ ხასიათზე მოვიდა. არც მე ვიყავი მტრულად განწყობილი.

პოზნერმა წლების განმავლობაში მოახერხა და რუსეთის პირველი არხის მთავარი ანალიტიკური გადაცემის წამყვანის პოზიცია შეინარჩუნა, თანაც ისე, რომ ზოგჯერ კრიტიკული კითხვების დასმასაც ახერხებდა. ის რუსულ ლიბერალურ არხებზე დღემდე სასურველი სტუმარია.

ყველაფერი „ყირიმის ანექსიაზე” კითხვით დაიწყო. ამ ტერმინმა რუსი ჟურნალისტი წყობიდან გამოიყვანა. მერე საკუთარი ინიციატივით წამოსწია საკითხი, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, რომ თითქოს ქართველებს და აფხაზებს ერთად ყოფნა არასდროს გამოსდიოდათ. თურმე მან ეს საკუთარი თვალით ნახა, когда в Гаграх отдыхал.

რა თქმა უნდა, პოზნერს დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მისი არგუმენტები კრემლში დაწერილ მესიჯებს იმეორებდა. მე კი ვუთხარი, რომ დღემდე მამაჩემის აფხაზი მეგობრების შვილებთან ურთიერთობას ვინარჩუნებ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სატელეფონო კოდები აფხაზეთში დაბლოკილია.

ასეთია რუსული ლიბერალიზმი - ყოფილ გუბერნიებზე მისი პრინციპები იშვიათად ვრცელდება.

სამშაბათი

დილით ადრე ადგომა ჩემი ძლიერი მხარე არ არის. მაგრამ მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელსაც ვცდილობ ყოველ წელს დავესწრო.

მსოფლიო დონის პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები თბილისში რამდენიმე დღით თავს იყრიან და ჩვენი ქვეყნის მომავალზე საუბრობენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ოპოზიციონერები სასტუმროს ეზოში არიან შეკრებილნი. ეს ადგილი ჟურნალისტის ოცნებაა.

მომავალი სამი დღე ტელეეკრანებიდან ეს ადამიანები საქართველოს მოსახლეობას რამდენიმე ენაზე გაამხნევებენ, რუსეთის აგრესიას დაგმობენ და კრემლის მიმართ სანქციების გაძლიერებაზე ისაუბრებენ.

მათ არ იციან, რომ ქართველი ერი მსგავსი განცხადებებით განებივრებულია. ბევრს ეს მხარდაჭერა არაფრად მიაჩნია და ზოგი „აღშფოთებულ ევროპასა და ამერიკაზე“ ქილიკობს კიდეც. მსგავსი რიტორიკა ხშირად ისმის რუსულ არხებზეც. არგუმენტი „სად იყო ამერიკა 2008 წელს“ დღემდე ბევრისგან მესმის და ძალიან ვბრაზდები.

აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას მხარი მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოების მიერ გარიყულმა სახელმწიფომ დაუჭირა.

ამაშია ევროპაც და ამერიკაც.

ოთხშაბათი

„რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიასაშუალება“ - ამ სიტყვების გაგონებაზე ადამიანებს სახე ეცვლებათ. კონფერენციის მეორე დღეა და მინდა ჩემი პროექტის შესახებ მეტ ადამიანს გავაგებინო.

სამი წლის წინ ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა რუსული რბილი ძალის საფრთხეზე ისაუბრა. მაშინვე გადავწყვიტე, რომ შემეძლო რუსულენოვანი მედიასაშუალება გამეკეთებინა, რომელიც საქართველოს შესახებ რუსულად დაწერდა. ეს არ უნდა ყოფილიყო კონტრპროპაგანდა. ნამდვილი ჟურნალისტიკა რუსულ ენაზე უტოპიურად ჟღერს ბევრისთვის, მაგრამ მაინც ვცადე. მაშინვე ჩემს რამდენიმე მეგობარს ფეისბუქში მივწერე და ერთ თვეში „Сова“ გაჩნდა.

„როდესაც რუსულენოვან დამოუკიდებელ მედიას ახსენებ, არ სჯერათ შენი. უნდა უთხრა, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძვი“, - მირჩევს ჩემი ოპერატორი ლაშა, რომელიც კონფერენციაზე ჩემთან ერთად მუშაობს...

ვცდილობ ავუხსნა, რომ არ მინდა ვინმეს წინააღმდეგ ვიყო, ასე ხომ „იმათ“ დავემსგავსებით... ლაშას ჩემი არგუმენტი არ ესმის.

ხუთშაბათი

„რა კარგი რუსული გაქვს, დედა გყავს რუსი?“ - ამ კითხვას ხშირად მისვამენ. ჩემმა ოჯახმა აფხაზეთში ომს თავი რუსეთში დააღწია. მშობლებს რუსული განათლება ჰქონდათ მიღებული და გადაწყვეტილება მარტივად მიიღეს.

ასე გახდა რუსეთის დედაქალაქი ადგილი, სადაც მე გავიზარდე და სკოლა დავამთავრე, თუმცა, როგორც ყველა ქართველი, ჩემი მშობლებიც დიდი დაბრუნების გეგმას აწყობდნენ და გადაწყვიტეს, რომ პირველი რეპატრიანტი სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი.

2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი - უშუქობით დათრგუნვილი გოგონა, რომელიც “კარტულად” საერთოდ ვერ ლაპარაკობდა.

დღეს ბროდსკის ლექსებს მიხეილ ბარიშნიკოვი წაიკითხავს თბილისში - ადამიანი, რომლის პირადი ისტორია თანამედროვე საქართველოს ისტორიას ჰგავს. ორივე საბჭოთა კავშირს გაექცა და არც ერთს წარსულში დაბრუნება არ სურს.

Где тиран - не злодей, а посредственность.

პარასკევი

დილით ფეისბუქში თავდაცვის ყოფილი მინისტრის სტატუსი დამხვდა, იმ მინისტრის, რომელმაც „სოვას“ დაარსება შთამაგონა. ის „სოვას“ რუსულ, ანუ კრემლის, მედიას უწოდებდა.

სამი დღეა, რაც ადამიანები „სოვას“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციას აზიარებენ სალომე ზურაბიშვილის შესახებ. მასში ჩანს პრეზიდენტობის კანდიდატის შეხედულება 2008 წლის ომზე, მაგრამ აღშფოთების საგანი არა პოლიტიკოსის განცხადება, არამედ „რუსული მედიაა“, რომელმაც ის გამოაქვეყნა.

„რუსულად უფრო მწარედ ჟღერს“, - წერს ზოგიერთი. ალბათ, ასეა. იმედია, რუსულად წაკითხული ეს პუბლიკაცია მათაც გამოაფხიზლებს, ვინც ქალბატონ სალომეს ამ საკითხში ეთანხმება.

გვიყვარს, როდესაც маленькая, полная талантливых людей Грузия-ს გვიწოდებენ. ასეთ რუსულ პუბლიკაციებს სიხარულით ვაზიარებთ სოციალურ ქსელში.

Нам отсюда прислали хачапури, а какое вино и многоголосье! И давайте не будем обсуждать политику, простых людей она не касается… - ასე მიპასუხებს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი კითხვაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. ის თბილისში გასულ კვირას პრეზიდენტ პუტინის საგრანტო ფონდის დაფინანსებით ჩამოვიდა სკანდალურ მედიაფორუმზე. მას ახალგაზრდა აქტივისტებმა ღვინოც დაახვედრეს, დუდუკიც და საპროტესტო ლოზუნგებიც.

ბატონ ვიშნევეცკის ვეუბნები, რომ თითქმის ნახევარი მილიონი - простые люди - დღეს დევნილია საკუთარ ქვეყანაში. გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილიც простые люди იყვნენ. ისინი რუსეთმა მოკლა.

შაბათი

უკვე ერთი კვირაა, ნიკო დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს. ის ჯერ 4 წლის არ არის.

ამ თემაზე მე და გიორგის ცოტა გვეცინება. თან უკვე ძალიან მოგვენატრა ნიკო.

დაბადებიდან ჩვენს ოთახში ეძინა. ერთი კვირის წინ წაიღო თავისი ბალიში და კარიც მიიხურა. გამოაცხადა, რომ ახლა ამ ოთახში ცხოვრობს.

ნიკოს ბევრ თემაზე უკვე თავისი მოსაზრება აქვს და მეც და მამასაც უამრავ კითხვას გვისვამს.

მინდა, ყველა კითხვაზე პასუხი თვითონ იპოვოს, თვითონ გადაწყვიტოს, ვინ არის კარგი და ცუდი, ვინ - მტერი და ვინ - მეგობარი.

მართა არდაშელია - ჟურნალისტი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:59 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG